პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

             ახალი სკოლა

ჩხოროწყუს გიმნაზიაში მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან გადავედი, მანამდე ქვედაჩხოროწყუს საშუალო სკოლაში ვსწავლობდი.

   როგორც მახსოვს, მაშინ ახალი შექმნილი იყო გიმნაზია და მასზე ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ საუკეთესო მასწავლებლები ჰყავდათ და მაღალი დონის სწავლება იყო. გიმნაზიაში შვილების შეყვანა პრესტიჟის ამბავი გახდა, ჰოდა,  მე და ჩემი დაც შეგვიყვანეს. გადასახადი ბავშვზე თერთმეტი ლარი იყო, ჯამში – ოცდაორი ლარი (ჩვენს შემთხვევაში), ეს ფული ამ გადასახედიდან შეიძლება სასაცილოდაც ჩანს, მაგრამ მაშინ ოცდაორი ლარისთვის რომ მოეყარა თავი, დედაჩემს თვეში თორმეტი დღე (კვირაში სამი დღე იყო ბაზრობა) უნდა ემუშავა ბაზარში, და მუშაობდა კიდეც. საფასურის გადახდა არასდროს დამიგვიანებია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩემი დის წილს გადავიხდიდი, ხოლო ჩემსას ჯიბეში ჩავიდებდი, რადგან ვიცოდი, გადაუხდელობის შემთხვევაში, გაკვეთილებზე დასწრების უფლებას არ მომცემდნენ. ცოტა თუ მახსოვს ისეთი ბედნიერი წუთები, როცა რაიონის ცენტრში, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად ორმოცდაათიან წლებში აღმართულ მემორიალთან დგახარ, ცენტრში არსებულ ოთხივე სკოლაში (პირველ საშუალოში, მეორე საშუალოში, სკოლა–ინტერნატში და გიმნაზიაში) ბავშვები მერხებს უსხედან, შენ კი, ძმაკაცთან ერთად, გასტრონომის მეორე სართულზე, მუდამ გაყინულ ოთახში, sony-ს კომპიუტერით ფეხბურთის თამაშს აპირებ. ორმოცდაათ თეთრად მთელი საათი ვთამაშობდით ხოლმე.

   მოკლედ, მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან გადავედი. პირველი, რაც არ მომეწონა, შეუხედავი შენობა და მოუწყობელი საკლასო ოთახები იყო, რამაც ისე გამიცრუა იმედი, როგორც კენედის მკვლელს, ლი ჰარვი ოსვალდს, საბჭოთა კავშირმა. მეორე, რაც არ მომეწონა, ინგლისური ენა გახლდათ, რადგან ძველ სკოლაში, მთელი ერთი სემესტრი გერმანულს ვსწავლობდი. არ ვიცი, რომელი ვუნდერკინდი მნახა, მაგრამ ინგლისურის მასწავლებელმა, პირველივე დღეს, ზუსტად იმდენივე დავალება მომცა, რამდენიც ჩემს ახალ კლასელებს. იმ საღამოს მთელი ჩემი უბანი ცდილობდა გარკვევას, თუ რა ეწერა მეხუთე კლასის ინგლისურის სახელმძღვანელოში, სანამ ბებიაჩემს არ გაახსენდა მეზობელუბნელი, ოთხმოცს მიტანებული, სერაპიონ ბაბუა, რომელიც, თურმე, მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნიდან ათ წელიწადში (როგორ და საიდან არ ვიცი) ინგლისურის კარგ მცოდნედ დაბრუნდა და სკოლაშიც ემუშავა მასწავლებლად. არ ღირს იმისი გახსენება, თუ როგორ ცდილობდა სრულიად ყრუ სერაპიონ ბაბუა, ჩემთვის სიტყვების მნიშვნელობა აეხსნა, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეს კოშმარი მთელი სემესტრი გაგრძელდა.

   ახალ სკოლაში ახალგადასულს მესამე, რაც არ მომეწონა, შორ გზაზე სიარული იყო. ჩემი სახლიდან რაიონის ცენტრამდე შვიდი კილომეტრია, სოფლის ცენტრამდე კი – ორი. მე და ჩემი პირველკლასელი და სოფლის ცენტრში სენაკიდან მომავალ ავტობუსს თუ დაველოდებოდით ან ავიდოდით, ან – არა, რადგან სულ გადაჭედილი იყო, ამიტომ ყოველ დილით სკოლაში ფეხით გვიწევდა სიარული. იქიდან, ასე თუ ისე, უფრო ადვილად მოვყვებოდით ხუთის ნახევრიან ავტობუსს.

   გიმნაზიაში მეშვიდე კლასის პირველი სემესტრის ბოლომდე ვისწავლე, მეორე სემესტრში კი ისევ ქვედაჩხოროწყუს სკოლაში გავაგრძელე სწავლა.

***

   პირველი სექტემბერია. დღეიდან უკვე მერვე კლასში ვართ. ბიჭები, ქვედაჩხოროწყუს ცენტრში, სკოლის ჭიშკართან ვართ ჩაცუცქული. ყველას ახალი ტანსაცმელი გვაცვია. ახალი ჩანთები რკინის მესერზე გვაქვს მილაგებული. მე და ჩემი ერთი კლასელი იაპონურ ჯოკერს ვთამაშობთ. მასწავლებლები არ გვეჩხუბებიან, პირველი სექტემბერია. ვთამაშობთ, ტყაპანით ვაგდებთ გაცვეთილ ბანქოს ღორღიანი გუდრონის საფარზე. ბიჭები გვგულშემატკივრობენ. უცებ ძრავის ხმა მესმის. ასეთი ხმა მხოლოდ მას აქვს, მას, რომელსაც ათასჯერ გაუცრუებია ჩემთვის იმედი. ხმა ახლოვდება. ბიჭები ჩემს მზერას თვალს აყოლებენ და ელოდებიან, როდის ჩამოვალ ბანქოს. აი, ისიც: აღმართიდან მძიმედ ამოდის. გაჩერებასთან ჩერდება. ათის ნახევრიანია. ვხედავ: ცოტა ხალხი ზის, დასადგომი კი არა, დასაჯდომი ადგილებიცაა. ყელში მაწვება მთელი ორი წლის მანძილზე, დილით, ფეხით გავლილი კილომეტრების სევდა და სიმძიმე, ჩანთას ვიღებ და გავრბივარ. ქოშინით ავედი წინა კარიდან და მძღოლის კაბინის უკანა სკამზე დავჯექი. დაიძრა. ჩემს კლასელებს ვუახლოვდებით. ღია ფანჯარაში მთელი ტანით გადავეყუდე, ხელში შერჩენილ კარტს ჰაერში ვყრი და მთელი ხმით ვყვირი: “აბა, თქვა გიჩქუნა, ბოშეფი! („აბა, თქვენ იცით, ბიჭებო!)”. ისინი გაკვირვებულები მიყურებენ. მე ხელს ვუქნევ და, რაღაცით ბედნიერი, ვჯდები და ვიღიმი. იმ დღეს ისევ გიმნაზიაში გადავედი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი