პირთა საძიებელი

კურტ ვონეგუტს აქვს, თუ არ ვცდები, ერთი ძალიან უცნაური მოთხრობა თუ წერილი. ესაა იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია, ვინც რაღაცით დამახსოვრებია. აი ასე, პირდაპირ, მიყოლებით – ჩამოთვლილია ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ საერთოდ უცნობი ადამიანების გვარ-სახელები.

წლების წინ, „ცისკარში“ წავიკითხე მიხო მოსულიშვილის მიერ მომზადებული ეს პუბლიკაცია და ძალიან მომეწონა. ისე, რა კარგი იქნება, ყველა რომ ასეთ პირად საძიებელს აკეთებდეს, რაღაც სულის მოსათქმელი და ტკბილ-მწარედ გასახსენებელი ამბებიც მეტი დაგროვდებოდა და ნიჰილისტებს რომ მთლად უდაბნოდ წარმოუდგენიათ ჩვენი ცხოვრება/მწერლობა, მთლად ეგეთი უდაბნოც არ იქნებოდა.

1

ნესტან ფიფიასთვის უთქვამს ერთ ნაცნობ შვილმკვდარ ქალს:

– ორ რამეზე არ უნდა იტირო: რასაც ეშველება და რასაც არაფერი არ ეშველება.

2

არ არსებობს დანაშაული, რომლის ჩადენაც მე არ შემძლებოდაო, – გოეთეს ეს სიტყვები რეზო კვესელავამ გამახსენა ამ რამდენიმე წლის წინ, 90-იანი წლების ამბებზე რომ შევყევით საუბარს. – თომას მანს აქვს ეს ციტატა ერთგან დამოწმებული და იქვე უკეთებს კომენტარს, ეს ღრმა ფსიქოლოგის სიტყვებიაო.

მთელი დღეები მეფიქრებოდა, მზარავდა და მტანჯავდა მისი ნათქვამი.

3

ზაურ გერგედავა იყო ამასწინათ გამომცემლობაში. ძნელად ვმუშაობ, მიჭირს ჩაჯდომა. თან შვილიშვილი დამყავს სკოლაში ყოველდღე და მთელი ყურადღება მასზე მაქვს გადატანილიო. მერე ჩაიღიმა, თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა და უცებ მეუბნება: „ლერსის უჯგუ მოთა (ლექსს ჯობია/მირჩევნია შვილიშვილი)“.

4

მარგომ დამირეკა, – ბები, ამ სიბერეში ენაღა შემრჩა მარტოო, – მერე ეტყობა გაახსენდა ამ სიტყვების პირველწყარო და დაამატა, – როგორც შურა მაჭავარიანი იტყოდა, ამ სიბერეში ენაღა შემრჩაო.

5

ვინც ანაიდა ბოსტანჯიანს არ იცნობდა, ალბათ ვერ წარმოიდგენს, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა დაიტიოს უზარმაზარი ენერგია (დილიდან შუაღამემდე შეეძლო შეუსვენებლად ემუშავა), ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი და უამრავი სასიკეთო ჩანაფიქრი.

სწორედ მაშინ, როცა ასეთი ნაპერწკლების გაღვივებაა საჭირო, ისინი სამუდამოდ ქრებიან.

6

– ამ ტემპში თუ იცხოვრე, ვერ გაქაჩავ! – მეუბნება მამაჩემი. როგორც ყოველთვის, პირდაპირია, შვილებისთვის კეთილი სიტყვის თქმა და მოფერება არასდროს გამოსდიოდა.

კი, ალბათ სწორია. რაც უფრო იზრდება, მით უფრო ცვდება ადამიანი: ოსტატობა და გამოცდილება კი ემატება ასაკთან ერთად, მაგრამ სისწრაფეს და გამძლეობას კარგავს. ასაკში შესული ფეხბურთელები როგორც არიან – კარგ პასს გააკეთებენ, მაგარ საჯარიმოს დაარტყამენ, ერთი-ორ ეფექტიან მანევრსაც გაჩითავენ, მაგრამ მთელი მატჩი სირბილი უკვე არ შეუძლიათ, ბევრ შავ სამუშაოს ვერ იღებენ საკუთარ თავზე. ამ დროს სწორედ ეს დაუღალავობა და შავი სამუშაოს შესრულებაა ცხოვრების დიდი წილი.

7

ლეილა ბეროშვილი – ვნანობ, რომ ეს უძვირფასესი ადამიანი პირადად ვერ გავიცანი. ტელეფონით ვსაუბრობდით და სულ მეგონა, რომ ერთხელაც მოვა დრო, როცა შევხვდებით და ვეტყვი თუ როგორ მომწონს მისი მოთხრობები, ჩანაწერები, მისი პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიცია. ძალიან, ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, ეს დრო აღარასდროს დადგება, ახლა უკვე გვიანია.

8

მე მგონი ბიძაჩემმა, თემურ კვარაცხელიამ დამსვა ბოლოს საჭესთან. ხუთი წლის ვიყავი. მის მუხლებზე მჯდომი საჭეს ვაკონტროლებდი და ვცდილობდი პედლებისკენაც გამეპარებინა ფეხი. უბედნიერესი წუთები იყო.

როცა სამეგრელოში მხედრიონი შემოვიდა, ის მანქანა – თეთრი „ჟიგული“ 06 – თხილნარში გადავიყვანეთ და ჩალით დავფარეთ. რამდენიმე თვის შემდეგ ვიღაცას მიჰყიდა ბაბუაჩემმა, ის ფული კი თავის შვილებს მისცა უკრაინაში ბიზნესის ასაწყობად. ჰო, კიდევ სამი დიდი ტომარა შაქარი ვიყიდეთ.

9

ნინო ჩხიკვიშვილის ბიოგრაფიული რომანის „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ (კოლაუ ნადირაძე) წარდგენაზე კულტურის სამინისტროში ნონა კუპრეიშვილმა სხვათა შორის აღნიშნა, – ქალბატონ ნინოს ვეხუმრებოდით კიდეც, კოლაუს უკანასკნელი სიყვარული ხარო. ხალხი გახალისდა.

და სანამ მიკროფონს წიგნის ავტორს გადავულოცავდი, უცებ ნონა კუპრეიშვილს დავესესხე და:

 – ახლა კი უკანასკნელი ცისფერყანწელის უკანასკნელ სიყვარულს ვთხოვოთ სიტყვა.

კომენტარები

comments