სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

         თეიმურაზ ხევისთავის დასაცავად

მიხეილ ჯავახიშვილი წერს `ჯაყოს ხიზნებში~: `ქართული კალამი ორეულია  გოლგოთის ჯვრისა,  ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს~. ეს მწერლის დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა,  ამიტომაც არის `ჯაყოს ხიზნები~ მწერლის  თვითგვემა, თვითმხილება. მიხეილ ჯავახიშვილი ჯვარს აცვა საბჭოურმა რეჟიმმა. `ჯაყოს ხიზნებს~ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. `ჯაყო~ გმინვაა ჩემი სულის~, _ ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა თავის უბის წიგნაკში ჩაწერა. ძნელია ამაზე უკეთესად `ჯაყოს ხიზნების~ შეფასება. ეს რომანი, მართლაც, გმინვაა, ოღონდ არა მხოლოდ მწერლის, არამედ ერის სულისა. 1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისათვის და სისხლის ნიაღვარში ჩაიხრჩო. ამ სისხლმა გაუყუჩებელი ტკივილი დაუტოვა მწერალს.

1923 წ. ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის წევრები დააპატიმრეს, მათ შორის,  მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ორთაჭალის ციხეში 6 თვე იჯდა. დაპატიმრებულთაგან ბევრი დახვრიტეს. მიხეილ ჯავახიშვილსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ პავლე ინგოროყვას, ნიკოლოზ ყიფშიძესა და კიდევ რამდენიმეს სერგო ორჯონიკიძისათვის უთხოვიათ, რომ მწერალი არ დაესაჯათ. მართლაც 1923 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი აქტიურად შეუდგა წერას და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა სიტყვით, მხატვრული შემოქმედებით, ნელი მოქმედების, მაგრამ ყველაზე მძლავრი იარაღით.

მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობებითა და რომანებით ამხელდა საბჭოთა რეჟიმს. ქართულ მწერლობაში ასეთი გამბედაობა მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა. მართლაც, ბევრი რამ ანათესავებს ამ ორ მწერალს: ერის ბედისა თუ მხატვრული სიტყვისადმი დამოკიდებულება _ მხილების პათოსი, გროტესკი, ძარღვიანი ქართული.

მიხეილ ჯავახიშვილი იგონებს, როგორ შეხვდა ყმაწვილობაში, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის მოსწავლე, ილიას მისსავე დღეობაზე. იქ მას რუსული აქცენტით წაუკითხავს ბარათაშვილის ლექსი. ილიას შეუქია. ვიღაცას უთქვამს, მწერლობას აპირებსო. `მაშინ მწერლობა აზრადაც არ მქონია~, _ იგონებს მიხეილ ჯავახიშვილი. 1907 წელს კი ილიას სისხლით მოსვრილ ბალიშზეც ედო თავი. სწორედ მაშინ მიიღო ალბათ მისტიკური ნათლობა _ ტანჯვით გზის გავლისა და ჯვარცმისათვის. მის საარქივო ჩანაწერებში ერთი ასეთი სამომავლო თემაა მონიშნული: `ბნელ ღამეს მამადავითის სასაფლაოზე ავედი. ლანდი მომეჩვენა, ილია ჭავჭავაძე გაცოცხლებულიყო. წამომყვა. საქართველო დავატარე. ყველაფერი ნახა. მესაუბრა~.

უცხო კალთას შეფარებული, უპატრონოდ მიგდებული, გაუქმებული ტაძარივით მივიწყებული, გაპარტახებული მამულის ბედი იყო მწერლის მთავარი საფიქრალი. უბის წიგნაკში ჩაუწერია: `ჩვენი ეპოქა _ რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაგედიაა… სჯობდა, სჯობდა უფრო ადრე გავჩენილიყავი ან უფრო გვიან~.

`ჯაყოს ხიზნებში~ – ერთგვარი თვითგამოტირებაც იყო _ თვითდასჯა იმის გამო, რომ ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და ერი მგელს, საბჭოურ რეჟიმს, შეატოვა ხელში. `ჯაყოს ხიზნებმა~ გამოქვეყნებისთანავე (დაიბეჭდა ჟურნალ `მნათობში~ 1924 წელს) ყურადღება მიიქცია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჭარბობდა იმგვარი კრიტიკული წერილები, რომლებშიც მწერალს ბრალს სდებდნენ ინტელიგენციის შეურაცხყოფასა და არაობიექტურობაში. მწერალზე თავდასხმებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იდეოლოგიზებული პროლეტარი მწერლები.

1925 წ. 17 მაისს რუსთაველის თეატრში `ჯაყოს ხიზნების~ გმირების გასამართლებაც კი მოეწყო. ამის თაობაზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა წერილი (ანონიმი ავტორი სერგო კლდიაშვილი იყო). ნიკა აგიაშვილი იგონებს: `დისპუტს დავესწარი. საზოგადოება აღშფოთებული იყო რომანით. ერთმა უთხრა მიხეილს: რაღა ოსი დაგვასვი თავზეო. მიხეილი ადგა და უპასუხა: `ჯაყოს ხიზნები~ საბჭოთა სინამდვილემ დამაწერინაო. მაშინ ყველა გაჩუმდა~.

მიხეილ ჯავახიშვილის არქივში შემონახულია ამ დროს  გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილი ჩანაწერებით. ვ. ხუროძის (1924 წ. #5,6.  `მნათობი~) ვრცელი წერილის იმ ადგილას, სადაც წერია, რომ ჯაყოს მსგავსი ტიპი შემთხვევითიაო, მიხეილ ჯავახიშვილს მოუნიშნავს: `კომუნისტური გაზეთებიც კი სავსეა ჯაყოსებური ტიპებით და ამბებით~. ხოლო სადაც ეწერა, რომ მწერალი აღტაცებულია ჯაყოთი, მინაწერია: `ეგრე რამ გაგასულელა?~

ასეთი გასულელება კი, სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდა. ყველასათვის ცნობილია 1979 წ. გამართული სატელევიზიო დისკუსია თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული `ჯაყოს ხიზნების~ სატელევიზიო სპექტაკლის გამო. საზოგადოების ერთი ნაწილი ისევ აღშფოთდა, ისევ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. შიშველი მხილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა (სახარებისეული დირეს დანახვას რომ გულისხმობს საკუთარ თვალში) კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა.

ი. გომართელის წერილის (1925 წ. ჟურნალი `ახალი გზა~; #17) იმ ადგილას, სადაც წერია: `ფსიქოლოგიის გაშუქებაში მიხეილ ჯავახიშვილი დიდი ხელოვანი და იშვიათი ოსტატია. ასეთი ანალიზი ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სულიერი ავადმყოფობისა ჯერ არავის მოუცია ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში~ _ მწერალი შენიშნავს: `ავტორის გლოვა თეიმურაზის ბედისა არ გესმის?~

თეიმურაზ ხევისთავი კერძო, კონკრეტული ადამიანის სახეცაა და, იმავდროულად, სიმბოლურიც. ხიზნობა კი უნებობაა, ტყვეობაა, საკუთარ უფლებებზე უარის თქმაა, თავისუფალი არჩევნის ღვთით მომადლებული ნიჭის დაკარგვაა, უსასოობაა, ეშმაკისკენ მიდრეკა და მასთან უნებური გარიგებაა, ღვთის გზიდან აცდენაა… ამიტომაც რომანი შეიძლება რამდენიმე ასპექტით გავიაზროთ და მთავარი გმირის სახეში სხვადასხვა სიღრმის სააზროვნო შრეები მოვინიშნოთ:

თეიმურაზის, როგორც კერძო კაცის ბედი კონკრეტულ საზოგადოებაში;

თეიმურაზის, როგორც ერის გარკვეული ისტორიულ-კულტურული რაგვარობის, არსებობის პრობლემა;

თეიმურაზის, როგორც საზოგადო, უნივერსალური ადამიანის, სულიერი სამყაროს კანონზომიერებანის გარკვევა და შემეცნება. ამ შემთხვევაში, `გარეთ~ დატრიალებული დრამა არქეტიპულ საწყისებს (სულიერი, მშვინვიერი, ხორციელი) შორის კონფლიქტად გავიაზროთ. ამგვარად, თეიმურაზიც, მარგოცა და ჯაყოც პერსონიფიცირებულ ვნებებად წარმოდგებიან, რომელთა საშუალებით მწერალი თვითშემეცნებას მიესწრაფვის, რათა ამ გზით სამყაროს ჭეშმარიტებას ეზიაროს.

რომანი თეიმურაზ ხევისთავის ჯაყოსთან შეხვედრით იწყება და ამას მოჰყვება დიდი გამოცდა _ ტანჯვა-წამებით აღსავსე. ეს თვითონ ცხოვრებაა _ წუთისოფელი _ თავისი ულმობელი კანონებით, ამიტომაც ჭარბობს რომანში ბნელი ფერები. რომანტიკული და ამაღლებული აქ თითქმის არ არის, რადგან არც უმწიკვლობა და უმანკოებაა, რომელმაც სინათლე უნდა დაბადოს. რომანში ადამიანის დაცემა, მისი გულიდან სასუფევლის განდევნა და ჯოჯოხეთის დამკვიდრება ნიუანსური სიზუსტითაა წარმოდგენილი. სწორედ ეს ნიუანსები ამხელს მიხეილ ჯავახიშვილის მწერლურ ოსტატობას, რომლის გზითაც მან მკითხველს ადამიანის სულის უჩინარი უფსკრულების მოხილვის საშუალება მისცა. რომანი ლოცვით მთავრდება _ მწყემსი უცილობლად იპოვის თავის დაკარგულ, გზააბნეულ ცხვარს, ოღონდაც ლოცვის ძალას ნუ დაკარგავს ბნელიდან სინათლის მხმობელი.

ცხოვრების ხიზნობა (სამოთხიდან გამოდევნა) გარდაუვალია, როგორც უფლის ნებით დაშვებული გამოცდა (ტანჯვის გზით სულის გამოსაწრთობად), მაგრამ მისგან თავდახსნა ადამიანის თავისუფალი ნების არჩევანია. მწერალს სურს, რომ მკითხველმა დაიჯეროს _ თეიმურაზი ამ არჩევანს გააკეთებს.

ზნეობრივი დაცემისა და არარაობად ქცევის პროცესში რწმენის დაკარგვის უდიდეს მნიშვნელობას კარგად იცნობს ქართული ლიტერატურული ტრადიცია. მიხეილ ჯავახიშვილი რომანში წარმოაჩენს, თუ როგორ შლის და ანგრევს ადამიანის მთლიანობას, სიმტკიცესა და ნებას ურწმუნოება. ძველი და ახალი აღთქმიდან მოყვანილი ციტატები (ლოცვები, იგავები, მცნებები) ადამიანის ღვთისკენ მისწრაფებას ამხელენ. მწერალი მიგვადევნინებს თვალს, თუ რა ცვლილებებს იწვევს რწმენა კაცში, როგორ განწმენდს და აამაღლებს. თეიმურაზისთვის რწმენის განახლება `ამოძრავების~ წყარო გახდა (თუმცა, მისი `საქმე~ წარმოსახვას არ გასცილდა, მაგრამ მოვლენების საღი შეფასების უნარი მიანიჭა). ბიბლიიდან მოყვანილი ყოველი იგავი თუ სტრიქონი გმირის გარკვეული სულიერი მდგომარეობის რაგვარობის გამომხატველია.

თეიმურაზის დადანაშაულება ნიშნავს, დაადანაშაულო თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი. თეიმურაზი ხომ მისი ალტერ-ეგოა. მწერალმა ამ რომანით კიდევაც დაიდანაშაულა თავი და თუ რამ ცოდვა ჰქონდა, თავისი მოწამეობრივი აღსასრულით  გამოისყიდა.

რა ვერ შეძლო და რა შეძლო თეიმურაზმა? ანუ როგორ დამარცხდა ხორციელად  და როგორ გაიმარჯვა სულიერად?

  1. მან ვერ შეძლო არსებულ ძალადობრივ რეჟიმთან შეგუება. სამოღვაწეო ასპარეზს გაეცალა. თავისი საქმე გააგრძელა, როგორც შეეძლო. ისევ ძველ-სიგელ-გუჯრებს დასტრიალებდა, კითხულობდა, ფიქრობდა. თავის ქვეყანაში ემიგრანტად იქცა. მისთვის ეს იყო დროებითი გაცლა ბრძოლის ველიდან, მოლოდინი. ჟამი ქვათა შეკრებისა. ძალების მოკრებისა. ნახუცარ ივანეს ეუბნება: `ბავშვებს იმას არ ვასწავლი, რისაც თვითონ არ მწამსო~. ეს კი დასტური იყო სიბრძნისა: `საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან~.
  2. მან ფიზიკური გადარჩენისთვის არაფერი დათმო, ნახუცარ  ივანესავით `წვერი არ გაიკრიჭა~ და დარჩა თავისი შეხედულებების ერთგული.
  3. მან გადაწყვიტა სულიერად გადარჩენილიყო და დალოდებოდა თავის დროს. ამგვარად, იგი აღასრულებს ქრისტიანულ მცნებებს _ ითმენს დამცირებასა და შეურაცხყოფას. მარჯვენაში რომ არტყამენ, მარცხენას მიუშვერს, სამოსს რომ ართმევენ, პერანგსაც აძლევს.
  4. მან ჯაყოს ძალადობას ძალადობით არ უპასუხა. ქრისტიანული მორალი დაიცვა, რადგან კარგად იცოდა სახარებისეული სწავლება, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე განიგმირება.
  5. იგი არ იქცა კაცის მკვლელად. მას შეეძლო ჯაყოს მოკვლა, როდესაც მოულოდნელად მძინარეს დაადგა თავზე. ამგვარად, შეასრულა ქრისტიანული მცნება `არა კაც-ჰკლა~.
  6. მან თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობის ცოდვა არ ჩაიდინა (ჰქონდა ამის მცდელობა). ღვთის შექმნილის ბედი ღმერთსვე მიანდო.
  7. მას საერთოდ არ შეუძლია სისხლის დაღვრა, ქათამსაც კი ვერ დაკლავს.
  8. იგი თავისი უმწეობით იქცა ვაჟა-ფშაველასეულ იდეალის გამოხატულებად: `ბალახი ვიყო სათიბი,/არა მწადიან ცელობა,/ ცხვრადვე მამყოფე ისევა,/ოღონდ ამშორდეს მგელობა~ `ჩემი ვედრება~). ეს ერთგვარი იდეალისტური მსოფლმხედველობა  მან პრაქტიკულად განახორციელა. ის დარჩა ბალახად და არ იქცა ცელად, დარჩა ცხვრად და არ იქცა მგლად. მსხვერპლად ყოფნა არჩია ჯალათობას.
  9. ის უარს ამბობს მგლური კანონებით ცხოვრებაზე. ერთ ეპიზოდში თეიმურაზი თითქოს მიხვდება ფეხზე წამოდგომის წუთისოფლისეულ პირობას, საკუთარ სულში ძალების მოკრებას მგლური კანონების აღსასრულებლად. ამიტომაც შეატრიალდა კიდევაც ქრისტიანული მცნებები და გადაწყვიტა, მიჰყოლოდა შეგონებებს, რომლებითაც ცხოვრება წვრთნიდა თავის `რჩეულებს~: 1. მგლებთან მგლობა და ცხვრებთანაც მგლობა; 2. ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად და შესაჭმელად გაუჩენია; 3. ვინც ღილი მოგწყვიტოს, ის თავით-ფეხებამდე გაატიტვლე, ხოლო ვინც არაფერი დაგიშავოს, ის გაატყავე; 4. ცხოვრების მდინარეში პირაღმა ცურაობა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს; 5. ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძრე, ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე, ვისაც არაფერი არა აქვს, ათი წააძრე; 6. მადლს ნურავის უზამ, თორემ დამადლებულ მადლობას არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაგიხდის; 7. სიკეთეს ნუ დათესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.

ამ ამაზრზენ `კანონებს~ როცა ისმენს ნახუცარი ივანე, კი არ შეცბუნდება და შეშფოთდება, არამედ კვერს უკრავს თეიმურაზს და ემოწმება, რომ, მართლაც, ყველაფერი ასეა ცხოვრებაში. თვითონაც თავისი გამოცდილებით დარწმუნდა მათს ჭეშმარიტებაში. თეიმურაზმა, საბედნიეროდ, ვერ შეძლო ამ `კანონების~ მიყოლა, რადგან ასე ადამიანობას დაკარგავდა და ჯაყოს დაემსგავსებოდა.

მწერალი თითქოს ჩიხში ემწყვდევა. რა ქნას? მგელს მხოლოდ მგელი თუ დაამარცხებს, ამიტომ იქნებ სჯობდეს, რომ ცხვარი მგლად გადაიქცეს? მაგრამ არა, მიხეილ ჯავახიშვილს სჯერა, ღმერთი არ მიატოვებს თავის შექმნილს, ამიტომაც არის, რომ რომანი ლოცვითა და დიდი მოლოდინით მთავრდება. კოშკში დამწყვდეული მარგო თავის გამომხსნელს მოელის, თეიმურაზი ფეხზე უნდა წამოდგეს ჭირს დავდაღწეული რაინდივით და ღვთის სახელითა და შემწეობით მოიპოვოს დაკარგული საუნჯე.

  1. მან არ იძია შური ჯაყოზე, ეს საქმე ღმერთს მიანდო. `ჩემი არს შურისგება და მე მივაგო~ (პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, 10, 30).
  2. მან შეასრულა მცნებები: `არა იპარო~, „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა“.
  3. მან იპოვა ძალა საკუთარ თავში და არ მისცა გვარი ჯაყოს შვილს _ არ თქვა თავის არსსა და მეობაზე  უარი. ერთგან ამბობს: `მე მომღუნეს, მაგრამ ვერასოდეს დამიმორჩილებენ~.
  4. მან აპატია მარგოს ღალატი, რადგან მიხვდა, რომ თვითონ დაარღვია სახარებისეული სწავლება: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“. მართალია, მასში იფეთქა ადამიანისათვის ბუნებრივმა სხვისი განკითხვის სურვილმა, მაგრამ გაახსენდა სახარებისეული `არა განიკითხოთ~, ან `პირველმა იმან ესროლოს ქვა, ვინც თვითონ უცოდველია~, ან `რატომ ხედავ ბეწვს  სხვის თვალში, როდესაც შენს თვალში დირე ვერ შეგიმჩნევია~. მან თვითონაც სთხოვა პატიება მარგოს. ის დაემსგავსა ჯვარცმულ მაცხოვარს, რომელმაც ღმერთს შეავედრა ჯვარმცმელები: ღმერთო შეუნდე, რადგან არ იციან, რას იქმანო.
  5. მწერალმა ის დაყუდებულ შიო მღვიმელს შეადარა _ წმინდანს, რომელმაც 7 წელი ორმოში გაატარა. თეიმურაზისთვისაც ჯაყოსთან გატარებული დრო, ხიზნობაა, ორმოა, საიდანაც განწმენდილი ამოდის. ეს ის დროა, როდესაც ის კითხულობს სახარებებს, ფსალმუნებს, ბიბლიის სხვა წიგნებსაც და სულიერად ძლიერდება. ხვდება, რომ მთავარია, ადამიანი სულიერად გადარჩეს. მხოლოდ რწმენაა ნამდვილი იარაღი და ფარი ხილული თუ უხილავი მტრის წინააღმდეგ. მხოლოდ რწმენა შეაძლებინებს შიშველი ხელებით ბოროტების დამარცხებას, როგორც დავითმა შურდულით სძლია გოლიათს. რომანის ბოლოს, ის ზანდუკიდან იღებს ხატს და ლოცულობს. სინათლისა და სიკეთის რწმენით მთავრდება რომანი. ამ სინათლისა და სიკეთის მატარებელი კი თეიმურაზია. ის დარჩა გულით წმინდად და როგორც 9 ნეტარებაშია: `ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ~. რომანის ბოლო ეპიზოდი ამას ადასტურებს. ის დევნილია, შეურაცხყოფილი და დამდაბლებულია, მაგრამ არ ბოროტდება.
  6. თეიმურაზმა გააკეთა არჩევანი სიკეთის, სიყვარულის, რწმენის, მოთმინების, მიმტევებლობის სასარგებლოდ. ის ამ უმწეობამ, ტანჯვამ სულიერად გაზარდა და აამაღლა. ეს ჩანს ბოლო ეპიზოდში. თეიმურაზი: კიდობნიდან ამოღებულ ძველ `ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი: – წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო.

კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი. ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი. იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი. ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს: აღარსად სჩანან ძაღლის მძორები. აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს. ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი~.

 ეს იყო ჯავახიშვილის რწმენა, რომ საკუთარ თავში იპოვიდა ძალას და   წინააღმდეგობას გააგრძელებდა სულის ამოხდომამდე, რაც გააკეთა კიდევაც თავისი მხატვრული შემოქმედებით. ამ რომანის დაწერის, 1924 წლის შემდეგ კიდევ ბევრი იღვაწა, სანამ  ჯვარს აცვეს_ 1937 წელს მწერალი დახვრიტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი