სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

მუსიკოსთა გასაჭირი

ზოგჯერ კომპოზიტორებიც კი საუბრობენ განათლების სისტემის პრობლემების შესახებ. რამდენიმე მათგანისთვის გულდასმით მომისმენია კიდეც. მათი უმრავლესობა ერთ კონკრეტულ სირთულეზე ამახვილებს ყურადღებას. მუსიკოსებს აწუხებთ ის, რომ სკოლასა და კონსერვატორიას შორის დამაკავშირებელი რგოლი ფაქტობრივად არ არსებობს. საბჭოთა ეპოქაში დასახელებულ ორ ინსტიტუტს ერთმანეთთან სამუსიკო სასწავლებლები და მუსიკალური მრავალწლედები აკავშირებდნენ. ევროპული ქვეყნების მრავალ სკოლაში საორკესტრო და საგუნდო წრეების არსებობა და მათზე განსაკუთრებული ზრუნვა ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, კონტინენტურ დასავლეთში მოზარდს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში მოსახვედრად არაორდინარული წინააღმდეგობების გადალახვა არ უწევს. დღევანდელ საქართველოში კი უამრავ მოსწავლეს ეღობება გრიბოედოვის ქუჩისკენ მიმავალი გზა.  მათ არ აქვთ შესაძლებლობა კონსერვატორიაში ჩარიცხვამდე საკუთარი მუსიკალური მონაცემების სრულყოფაზე თავისუფლად იმუშაონ. მუსიკალური მრავალწლედების რაოდენობა და დაფინანსება კატასტროფულად შემცირებულია. ხანდახან ბავშვებს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უწევთ სიარული, რათა სასწავლო დარბაზამდე მიაღწიონ. მშობლებს საუკეთესო გამოსავლად კერძო პედაგოგების დაქირავება ესახებათ. მოკლედ, დღეს სკოლიდან კონსერვატორიაში მოხვედრას მხოლოდ განსაკუთრებული ტალანტები ან რეპეტიტორის მხარდაჭერის საშუალების მქონე პირები ახერხებენ. ჩვენ ირგვლივ კი მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ ჰოროვიცივით ვერ უკრავენ, მაგრამ აქვთ ნიჭი, არ ჰყავთ პერსონალური მასწავლებლები და კონსერვატორიასთან დამაკავშირებელი რგოლის არარსებობის გამო საშემსრულებლო ხელოვნების ნაცვლად ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის ან სისხლის სამართლის სწავლა უწევთ. ბუნებრივია, საყვარელ საქმიანობას მოწყვეტილი პირები მაინცდამაინც ბედნიერად ვერ გრძნობენ თავს და მთელი ცხოვრება აწუხებთ იძულებითი არჩევნის სიმძიმე.

 იშვიათად სასწაულებიც ხდება ხოლმე. როგორც წესი, სასწაული დიდხანს არ გრძელდება. გაელვების შემდეგ საოცარ მოვლენებს კვლავ ძველი წინააღმდეგობები ანაცვლებენ.

წლის დასაწყისში ვერის ბაღში ერთ შესანიშნავ ადამიანს გადავეყარე. მან ჩვენი თანამოქალაქის შესახებ მომიყვა. ბიჭი ჩვენს ქალაქში, მრავალშვილიან და ნაკლებად მდიდარ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. საკუთარი მუსიკალური ტალანტის გამოვლენაში ძირითადად ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. დიდი დავიდარაბის შემდეგ, დამაკავშირებელი რგოლის გარეშე მოსწავლემ სკოლიდან კონსერვატორიაში მოხვედრაც მოახერხა. მისი შრომა და განსაკუთრებული მონაცემები დამკვირვებელთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალე მან გრიბოედოვის ქუჩიდან „მუსიკალურ ჰარვარდად“ აღიარებულ ხელოვნების უნივერსიტეტშიც გადაინაცვლა. რეალური ზღაპარი აქ არ მთავრდება. საერთაშორისო სასწავლებლის მრავალეროვან ჯგუფში ქართველი სტუდენტი ერთ-ერთი მოწინავე მსმენელი გახლავთ და თანაკურსელებს არაფრით ჩამოუვარდება. ალბათ, ბევრი თქვენგანი იკითხავს, თუ სკოლის მერხიდან პრესტიჟულ კონსერვატორიაში ჩარიცხვა შეძლო და საკუთარი ნიჭის გამოვლენასაც ახერხებს, რაღა უნდა აწუხებდეს მას? რაღა უნდა უშლიდეს მას ხელს, რათა მშვიდად განიცადოს სრული ბედნიერება?

„მუსიკალურ ჰარვარდში“ მოხვედრილ თითქმის ყველა სტუდენტს ვიღაც მფარველობს. ზოგიერთი სტუდენტის ძვირადღირებული ინსტრუმენტით მომარაგებაზე სახელმწიფო ზრუნავს. ზოგიერთ ახალგაზრდა მუსიკოსს კი მეცენატები აძლევენ უფლებას, რათა მათი სახელით შეძენილი „სტრადივარიუსებით“ ისარგებლონ. მხოლოდ ჩვენს თანამემამულეს არ ჰყავს სერიოზული მხარდამჭერი. შესაბამისად, მის შესასრულებელ მთავარ პარტიებს სხვები ასრულებენ. შეიძლება ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ თუ ინსტრუმენტი არ გაქვს, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. თურმე, დარვინიზმის პრინციპებს მუსიკალურ სამყაროშიც ჰქონია თავისი სასტიკი გამოვლინებები.

            ამგვარ პრობლემებსა და მოვლენებზე დაკვირვება ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს. თანამედროვე საქართველოში აკადემიური მუსიკალური განათლება ცუდად დაფასებული სფეროა. იმედია, სასტიკი წინააღმდეგობების არსებობის მიუხედავად, ბევრი იდეალისტი მოსწავლე მაინც არ იტყვის უარს საყვარელ საქმიანობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი