ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვითამაშოთ…  

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დიდი მადლობა, რომ ჩამოსვლა  არ გადაიფიქრეთ.

ასე, ათათურქის აეროპორტში პასპორტის კონტროლის ოფიცრები თითოეულ მგზავრს ესალმებიან. ხომ კარგად ვიცი,  პიარის ნაწილია, მაგრამ მაინც კეთილად მოქმედებს.

ეს ახლა ხდება… ერთი დღით ადრე კი, ამ დროს, სამზადისში ვარ. სადმე წასასვლელად მომზადება ბავშვობიდან მიყვარს, იმაზე ღელვაც, რამე არ დამრჩეს. ვალაგებ, თან ტელევიზორში ახალ ამბებს შევცქერი და ვხედავ, რომ იქ სადაც მივფრინავ, მორიგი აფეთქება მომხდარა. კადრში არეულობაა, აღელვებული სახეები, ვინ საით გარბის თვითონაც არ იცის, ამდენი გარდაცვლილია, იმდენი დაჭრილია…

ჰმ… და ამაღამ იქ მივფრინავ?…

თუმცა, მაშინვე არაკი მახსენდება, ვაჭარზე და სიკვდილზე. სიკვდილმა ვაჭარს შეუთვალა, ხვალ შინ დამხვდი, შენთან მოვდივარ და ვითამაშოთო. ვაჭარს სიკვდილთან თამაში არ უნდოდა, იფიქრა, ამას როგორ ვერ უნდა ვაჯობოო, ადგა და ბადახშანში (დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი)  გაემგზავრა. იქ, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, სახლი არ ჰქონდა და იფიქრა სიკვდილი „შინ“ ვეღარ მომაკითხავსო. საღამოს სასტუმროში გულის არეში ტკივილი იგრძნო, დამძიმდა და სუნთქვა გაუჭირდა. გაიხედა და საწოლთან სიკვდილი არ ზის? ხომ შეგპირდი,  „შინ“ მოგაკითხავო, ჰოდა, ეს სასტუმრო ამ წუთას შენთვის „შინ“ არისო, მეც აქ ვარო. არაკი იმის თქმას ცდილობს, რომ რაც გიწერია, ის ყველგან მოგეწევა, თბილისშიც, სტამბულშიც და ბადახშანშიც.

ჰოდა, წყნარად გავაგრძელე ჩემოდნის ჩალაგება.

ახლა კი აქ ვარ და ჩემოდანს უკვე აეროპორტის გასასვლელისკენ მივაგორებ.

ქალაქში ისეთი სიმშვიდეა, თითქოს გუშინ არაფერიც არ მომხდარა. თვალში რაც მოგხვდება, ქუჩები  ხალხით არის სავსე და ყველა სამსახურისკენ გარბის. პოლიციელების რაოდენობაც გაზრდილია და მეტროს სადგურებშიც გჩხრეკენ, მაგრამ ამას ისე დელიკატურად აკეთებენ, მგონი კმაყოფილიც კი რჩები, რომ გაგჩხრიკეს და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ იზრუნონ.

სასტუმროში ოდნავ ვისვენებ და სასეირნოდ გავდივარ. ფაქტიურად სასეირნოდ მგზავრობის დღეები მაქვს, დანარჩენი დრო უნივერსიტეტში უნდა ვიყო.

ამინდში არ მიმართლებს. წვიმა დამალობანას მეთამაშება. წამოიწყებს, გაჩერდება.. ისევ და ისევ… დაიწყებს თუ არა, სადმე ჩაიხანაში ვაფარებ თავს, გადაიღებს, გარეთ გავდივარ. ვთამაშობთ მე და წვიმა.

ჩაიხანაში ჩაი მოაქვთ, დროულია, ცივა ცოტა. ვსვამ და თან ინტერიერს ვათვალიერებ. უცებ ვგრძნობ, რომ გვერდით ვიღაც მიჯდება. ვიხედები და ვეფხვივით შეფერილი კატა მრჩება ხელში. გრძელი თეთრი წარბები და ულვაშები აქვს, ჭროღა თვალებით დაკვირვებით მიმზერს და კატური ენით მესაუბრება. მიმტანმა მაშინვე დამამშვიდა, ნუ გეშინიათ, ჩვენი კატაა და „ბუქალემუნი“ ქვიაო.

-„ბუქალემუნი“? ეს ხომ ქამელეონს ნიშნავს,-მიკვირს…

-ჰო,   თვალების ფერს იცვლის ხოლმე,-იცინის მიმტანი.

-„ბუქალემუნ“, მოდი ვითამაშოთ, ამასაც თითქოს ქართული ესმისო, თათს მიღერებს, რომ ხელი თათზე მივარტყათ.

წვიმამ გადაიღო, ქამელეონთან თამაში კარგია, მაგრამ, სანამ არ წვიმს, ისევ გარეთ უნდა გავიდე. ჩაიხანადან ოდნავ ქვემოთ დავეშვები, იქ გულჰანეს (ვარდების) ბაღი მეგულება, სწორედ კარგი სასეირნოა. ეს ბაღი ზუსტად თოპ ქაფის სასახლის ქვემოთაა, ადრე აქ სულთნის ცოლები სეირნობდნენ (ალბათ ზედამხედველების თანდასწრებით). ახლა კი, მხოლოდ პოლიციაა და კატები. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, კატები ყველგან არიან და რა პატივში არიან, ნეტა იცოდეთ. კიდევ მეც ვარ, მათ გარდა სხვა ვინმემაც ხომ უნდა ისეირნოს?

გულჰანეს ბაღში ისლამური მეცნიერების ისტორიის მუზეუმია, თან ღიაა, როგორ შეიძლება, აქ ვიყო და არ შევიდე? დამთვალიერებელი მხოლოდ მე ვარ, დანარჩენები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც მეცნიერების ისტორიის მიმართულებით სწავლობენ და ლექციების ნაწილი სწორედ მუზეუმში უტარდებათ.

ყურადღებას შესასვლელშივე იპყრობს პტოლემეუსის მიერ შედგენილი რუკების მიხედვით შექმნილი  გლობუსი. გლობუსი სამნაირია, ერთი -ხმელეთის და ზღვების, მეორე -ვარსკვლავების, მესამე  ფაქტიურად იგივეს იმეორებს, ოღონდ რომელიღაც სულთნის მიერ შექმნილი დიზაინით არის გაფორმებული. ესენი ასლებია, ორიგინალები სადღაც სხვაგან ინახება.

ბაღის ნაწილი სამკურნალო მცენარეებს აქვს დათმობილი. აქ ყველა ის მცენარეა, რომელიც იბნ სინას, იგივე ავიცენას თავის წიგნში „Canon of Medicine“ აქვს აღწერილი. მეთორმეტე საუკუნეში ეს წიგნი ლათინურად ითარგმნა და მაშინდელი ევროპული მედიცინის ფუნდამენტად იქცა.

ალქიმიკოსები მხოლოდ ალქიმიით არ იყვნენ დაკავებული. მათი ნაწილი ალქიმიკოს-ექიმი იყო, მეორე ნაწილი კი ალქიმიკოს-მინეროლოგი. ყველანი ელექსირს, ანუ ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ, მაგრამ აქ მთავარი მიზანი იყო. ანუ, რა მიზნისთვის ეძებდნენ? ერთნი ფიქრობდნენ, რომ ელექსირით ოქროს ტრანსმუტაციას შეძლებდნენ, სხვებს  კი მისი გამოყენება მედიცინისთვის სურდათ. იბნ სინაც სწორედ მედიცინას ემსახურებოდა და შესაძლებელია სამედიცინო მიზნებისთვის მცენარეებს იყენებდა. მის წიგნში საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი მცენარე Nigella sativa L. რომლის თოთხმეტი ქვესახეობა არსებობს.

ქართულად სოინჯი ქვია. გურიაში შავკაკალას ეძახიან, აჭარაში ფიქრობენ, რომ სისამი, იგივე ცისამია;  სამეგრელოში-უჩა კაკალი; სულხან-საბა ორბელიანი და დავით ჩუბინაშვილი-იკვლივს უწოდებდნენ; რაფიელ ერისთავი-სურიჯას; ივანე ჯავახიშვილი კი -ჩიტისთვალას, სონიჯს ან სოლინჯს.

ფარულთესლოვნების კლასს, ორლებნიანებს  და ბაიასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ჩვენთან ისეთ მცენარეებს ენათესავება, როგორიცაა ფრინტა, კატაბარდა, ცხვირსატეხელა.

აქ  ეს მცენარე უფრო ფიტოქიმიური კუთხით გვაინტერესებს. გულჰანეს 2016 წლის კვლევებში მასზე საკმაოდ საინტერესო ჩანაწერებია. მცენარის თესლის ქიმიური იდენტიფიკაცია  ბოლომდე არც არის გამოკვლეული. თუმცა, თანამედროვე კვლევებში შემდეგი იკითხება: ეთერზეთები (0.5-1.6%), ცხიმი (35,6-41, 6%), ცილები (22.7%) და ამინო მჟავები, მათ შორის შეუცვლელიც. აქვეა  უხეში ბოჭკოები, რკინა, ნატრიუმი, სპილენძი, თუთია, კალიუმი, კალციუმი, ვიტამინები. შეიცავს პროვიტამინ კაროტინსაც, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად უპრობლემოდ გარდაიქმნება, რადგან თესლი საკმარისი რაოდენობის ცხიმსაც შეიცავს.  მათ შორის, ისეთ უჯერ ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა ლინოლენის და ოლეინის მჟავები.

ავიცენა ამ მცენარისგან ზეთს ხდიდა, რომლის მთავარი მოქმედი ინგრედიენტი თიმოქინონი (TQ), დითიმოქინონი (DTQ), თიმოჰიდროქინონი (THQ) და თიმოლი (THY) იყო. ექსტრაქტი ცივი გამოწურვის წესით უნდა დამზადებულიყო და იყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ზეთს სალათებისთვის, ან წყალთან და თაფლთან ერთად მიირთმევდნენ.

ასეთი მდიდარი ქიმიური შემადგენლობით Nigella sativa L. რას აღარ განკურნავს?! მაგალითად, ანტი-ალერგიული ეფექტი აქვს და იმუნოპროტექტორია. ძალიან ეფექტური ყოფილა ბრონქიალური ასთმის პრევენციისთვის. მისგან გამოხდილი ზეთისთვის  ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც შეუმჩნევიათ. ავიცენა Nigella sativa L.-ს სპირტხსნარს ფსორიაზის სამკურნალოდაც იყენებდა. თუმცა, ძალიან შორს წასული პროცესი არ უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ და სილამაზისთვის (ანუ, კოსმეტიკისთვის) განკუთვნილ ნელსაცხებლებსაც უმატებდა, რადგან მისი აზრით, კანი სუფთავდებოდა და ახალგაზრდობას ინარჩუნებდა.

Nigella sativa L.-ს თესლის ექსტრაქტს სისხლში შაქრის დოზის შემცირებაც შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ დიაბეტის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.

თირკმელებში კენჭების ჩამოყალიბება ახლაც აქტუალურია და მაშინაც ასე ყოფილა.  კენჭოვანი წარმონაქმნის 80%  კალციუმის ოქსალატი და ფოსფატი გახლავთ. Nigella sativa L.-ის ექსტრაქტის სპირტხსნარი კალციუმის ოქსალატის ნაშთებს ამცირებს.

ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია კვლევის შედეგადაა მიღებული და ამაზე სამეცნიერო სტატიების ის  რაოდენობა მოწმობს, რაც  Nigella sativa L.-ის თვისებების კვლევის შედეგებზეა გამოქვეყნებული.

თავად ავიცენა კი წიგნში აღნიშნავდა, რომ ეს მცენარე შესაძლებელია განხილული ყოფილიყო, როგორც ერთ-ერთი ელექსირთაგანი, რადგან ფილოსოფიური ქვის დანიშნულება, მისი აზრით, იყო-ჯანმრთელი ადამიანი.

მუზეუმიდან გამოსულს მხარზე წვიმა მიკაკუნებს…ვითამაშოთ… წვიმასთან თამაში არ მინდა, არ მიყვარს. წვიმას ძალიან ვუყვარვარ, ყველგან ცდილობს წამომეწიოს და ჩემთან ითამაშოს. თამაშის წესები ასეთია, მე გავრბივარ, წვიმა  დასასველებლად მომდევს. ახლაც გავიქეცი და რომელიღაც საოჯახო კაფეში შევასწარი. რაღაცნაირი ძველებური ხალხური დიზაინით მოეწყოთ, გვერდზე კუთხეში  თეთრებში გამოწყობილი ქალები დიდ მრგვალ ფიცრებზე ცომს ძალიან თხლად აბრტყელებდნენ. სანამ მათ ვუყურებდი, მიმტანი შემეგება, აქეთ მობრძანდითო, ნამდვილი ქაიზერული მანტის სახლში ხართ, ძალიან გაგიმართლათო.

მანტი ჩვენებური ხინკლის მსგავსია, ოღონდ ძალიან პატარებად არის მოხვეული და  თეფშზე ბევრი ეტევა, ზემოდან არაჟნის მსგავს მასას ასხამენ და ათასნაირ სუნელს აყრიან. მიმტანი მიწვევს, აქეთ შეგიძლიათ „ოტომანურ“ სტილში ფეხმორთხული დაჯდეთ და ისე მიირთვათო.

რატომაც არა, დავჯდები ფეხმორთხმით, მანტისაც შევექცევი და სტატიაში რა თემაზე დავწერო, გულჰანეს წლევანდელი კვლევების კრებულის წიგნიდან ავარჩევ.

აჰა, მშვენიერია…დეტლევ ქუინტერნი, დემეტ თაპშინარი, „Nigella sativa L.-ის იბნ-სინასეული ისტორიული მიმოხილვა და მასზე დაფუძნებული სამედიცინო ცოდნა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი