ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროექტზე ორიენტირებული გაკვეთილი

დეფინიცია

სიტყვა პროექტი ლათინური სიტყვაა და  განზრახვას, გეგმას ნიშნავს. პროექტგაკვეთილზე მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივ მიზანს ისახავენ, რომლის მიღწევაც განსაზღვრულ დროში სურთ. პროექტი გულისხმობს პროცესს ერთობლივი დაგეგმვის ფაზიდან მიღებული შედეგების პრეზენტაციამდე. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს არა რაიმე ცალკეულ მეთოდს, არამედ სხვადასხვა მეთოდების ერთობლიობას, სადაც ტრადიციულმა ფრონტალურმა გაკვეთილმაც კი შეიძლება გარკვეული ადგილი დაიკავოს. პროექტგაკვეთილს სხვა სასწავლო ფორმებისგან უპირველეს ყოვლის პედაგოგის  სახეცვლილი როლი განასხვავებს. მასწავლებელი იქცევა მოსწავლეთა გუნდის წევრად. სასწავლო პროცესის ორგანიზებაში ის აღარ არის მონოპოლისტი და ახდენს კლასის ინტეგრირებას  დაგეგმვისა და მსვლელობის ყველა ფაზაში, თუმცა ამავდროულად  ინარჩუნებს ხელმძღვანელის ფუნქციასაც, მაგრამ გადაწყვეტილებებს გაკვეთილის დაგეგმვის შესახებ ჯგუფთან მოლაპარაკების შემდეგ იღებს. პროექტგაკვეთილი უნდა ჩატარდეს საკუთარ კლასში ან ჯგუფში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის საპროექტო კვირის ფარგლებში იმართება,  მისი წევრობა, როგორც წესი, ნებაყოფლობითია. პროექტის დასასრულ  (ჩვეულებრივ) იქმნება პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს გაკვეთილის ღია ფორმას, ვინაიდან გადაწყვეტილებების მიღება სასწავლო პროცესის განმავლობაში ხდება, პროექტის შედეგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა და მისი ამოსავალი წერტილიც საგაკვეთილო პროცესია.

თვალსაჩინოებისთვის ერთერთი ევროპული სკოლის პრაქტიკიდან წარმოგიდგენთ მაგალითს:

 

რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ფეხბურთის ტურნირის ჩასატარებლად სკოლებს (კენჭისყრის საშუალებით) სხვადასხვა ქვეყნის სახელი მიანიჭეს, რათა შემდგომ მოსწავლეთა გუნდები იმ ქვეყნის ნაციონალური გუნდის სახელით გამოსულიყვნენ, რომლის სახელსაც ყუთიდან ამოიღებდნენ. ერთ-ერთ სკოლას ეკვატორული გვინეის გუნდი ხვდა წილად. გეოგრაფიის გაკვეთილზე გაირკვა, რომ ამ ქვეყნის შესახებ მოსწავლეებს ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ასე წარმოიშვა ეკვატორული გვინეის შესახებ პროექტის დაგეგმვის იდეა და დაისვა პირველი შეკითხვაც – რა შეიძლება გაკეთდეს ტექსტების კითხვისა და სურათების თვალიერების გარდა? ერთ-ერთ გუნდი შემოვიდა წინადადებით, შეექმნათ სამოგზაურო გზამკვლევი, მეორე ჯგუფმა განავრცო ეს აზრი და კლასს ტურისტულ კომპანიად გადაქცევა შესთავაზა, რომელიც მსურველებს ეკვატორულ გვინეაში სათავგადასავლო ტურებით უმასპინძლებდა. პროექტის მსვლელობისას უნდა შექმნილიყო კატალოგი, რომელიც შემუშავებული მარშრუტების გარდა, ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შემცველიც იქნებოდა. მოსწავლეები ტურისტული სააგენტოს –  „სათავგადასავლო მოგზაურობა ეკვატორულ გვინეაში“ – თანამშრომლებს განასახიერებენ. მასწავლებელმა ფირმის ხელმძღვანელის როლი მოირგო. Google Earth-ის საშუალებით ჯერ ყველა მალიბუს აეროპორტამდე გაემგზავრა, შემდეგ კი ერთობლივად განიხილეს, რა უნდა შესულიყო ტურისტულ კატალოგში და როგორ უნდა გამხდარიყო ის მიმზიდველი კლიენტებისთვის. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა დავალება დაურიგდათ შესასრულებლად:

1. სამოგზაურო მარშრუტები,  განთავსების პირობები და ფასები,  ხარჯები;

2. ქვეყნის პორტრეტი;

3. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის აღწერა.

დასასრულს კლასმა მოაწყო ტურისტული სააგენტოს გახსნის ცერემონიალი  და მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეაჯამეს, თუ რა ისწავლეს მათ ამ პროექტიდან.

 

ზემოთ მოტანილი მაგალითიდან იკვეთება შემდეგი ფაზები, რომლებიც ზოგადად ყველა პროექტისთვის არის დამახასიათებელი:

  • მიზეზი პრობლემა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა პროექტგაკვეთილის ჩატარება და რომელიც ასევე კავშირშია მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნასთან;
  • იდეების შეგროვება;
  • იდეების განხილვა/შეფასება, თუ რამდენად რეალისტურია ისინი.
  • გადაწყვეტილებების მიღება;
  • გადაწყვეტილების მიღება, თუ რა სახის პროდუქტი უნდა შეიქმნას დასასრულს;
  • დავალებების განაწილება;
  • სამოქმედო გეგმის გაწერა;
  • რეალიზებაზე მუშაობა;
  • პირველადი შედეგების განხილვა;
  • მათი ერთობლივ პროდუქტად თავმოყრა;
  • შედეგების პრეზენტაცია;
  • რეფლექსია.

პროექტგაკვეთილის უპირატესობები

პროექტგაკვეთილს ყველა სხვა საგაკვეთილო ფორმაზე მეტად შეუძლია მოსწავლეთა ინტერესების ინტეგრირება და მათი მოტივაციის ამაღლება.

პროექტგაკვეთილი ერთგვარად აკმაყოფილებს მოსწავლეთა პრაქტიკული ქმედების სურვილს. აქედან გამომდინარე უფრო ღრმადაც ილექება მეხსიერებაში.

პროექტგაკვეთილი აკავშირებს კოოპერატიულ სწავლას ინდივიდუალიზების შანსთან. ყველა მონაწილეს შეუძლია წვლილი შეიტანოს წარმატებაში თავისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

შესაძლო პრობლემები

პროექტგაკვეთილის თითქმის ერთადერთ უარყოფით მხარედ შეიძლება ქაოსისადმი შიში დასახელდეს. ამის თავიდან ასაცილებლად პროექტში მონაწილე მოსწავლეები კარგად უნდა ფლობდნენ მეთოდებსა და სამუშაო ტექნიკას. შემდეგი საშიშროება ის გახლავთ, რომ პროექტი შესაძლოა ცალმხრივად აქტიური  გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ თამაშზე, ხელგარჯილობაზე (გამოჭრა, დაწებება…) იქნება ორიენტირებული.

კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას, ვისაც არ შეუძლია რუკის წაკითხვა, მარშრუტსაც ვერ დაგეგმავს. მას კი,  ვისაც  უშეცდომოდ ანგარიში უჭირს, არ უნდა ვანდოთ ხარჯთაღრიცხვა.  ერთობლივი დაგეგმვის ფაზაში უნდა მოხდეს იმის თემატიზება, თუ რა კომპეტენციებია საჭირო პროექტის განსახორციელებლად და როგორ უნდა მოხდეს მათი გავარჯიშება.

პრეზენტაციის ფორმები და პროდუქტები

  • გამოფენები;
  • პლაკატები;
  • კედლის გაზეთები;
  • გამოკითხვის შედეგები;
  • კვლევის შედეგები;
  • შემოქმედებითი პროდუქტები;
  • მოსწავლეთა ექსპერიმენტების დოკუმენტაცია;
  • ფოტორეპორტაჟები;
  • მოსწავლეების მიერ განხორციელებული საინფორმაციო ღონისძიებები;
  • ელექტრონული პრეზენტაციები;
  • ფილმი;
  • გამოქვეყნებები (ბროშურები, დოკუმენტაციები, რეცეპტების კრებული);
  • სასწავლო თამაშები;
  • ხელნაკეთი ნივთები;
  • ხელოვნების ნიმუშები;
  • გასალამაზებელი ღონისძიებები (კლასი, სკოლის ეზო, შენობა);
  • საინფორმაციო დაფა, სკოლის ბაღი;
  • ღონისძიებები გარემოს დაცვის კუთხით.

სასცენო პრეზენტაციები

  • სპექტაკლი/სკეტჩი;
  • როლური თამაში;
  • კაბარე;
  • თოქშოუ;
  • პანტომიმა;
  • ცეკვა, მუსიკა;
  • მოდების ჩვენება (პოდიუმი);
  • სპორტი;
  • კადრი (უსიტყვო და უძრავი სცენა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი