პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოგზაური ქალები

ცნობილი და გამოჩენილი მოგზაურების შესახებ ბევრი წიგნი დაწერილა და ფილმი გადაღებულა. მათში კი ყველგან მთავარი მოქმედი გმირები მამაკაცები არიან – სწორედ ისინი სერავდნენ ოკეანის უკიდეგანო სივრცეებს, იპყრობენ მთების მიუვალ მწვერვალებს, აღმოაჩენდნენ ახალ მიწებს და ცხოვრობდნენ ველურ ტომებს შორის. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ერთი მოგზაურის დასახელება მაინც, მაგრამ არა მგონია რომელიმეს ქალი მოგზაური გაგვახსენდეს.

როცა ჩვენ თავგადასავლების მამაც მოყვარულებზე, უშიშარ მოგზაურებსა და ახალი მიწების აღმომჩენებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, მამაკაცები გვყავს მხედველობაში. არადა, გეოგრაფიული აღმოჩენებისა და კვლევების ისტორიაში ცნობილია ქალებიც, რომლებმაც დაარღვიეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრნენ. ყველაზე ცნობილი მოგზაური ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმიტომ მოგზაურობდნენ, რომ თვალსაწიერი გაეფართოვებინათ, ან საყვარელ ადამიანებს მიჰყვებოდნენ, ან სულაც იმიტომ, რომ სახლში ჯდომა აღარ უნდოდათ. გავიცნოთ ზოგიერთი მათგანი.

ჰუდრიდურის, ამ საოცარი ქალის, ისტორია ისლანდიურმა საგამ შემოგვინახა. ჰუდრიდური 980 წელს დაიბადა. თავის მეუღლესთან და მის ვიკინგებთან ერთად მან ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს მიაღწია. მოგვიანებით მან ასევე იმოგზაურა რომში, სადაც თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები თავად რომის პაპს მოუყვა. ამიტომაც ჰუდრიდური სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს პირველ მოგზაურ ქალად.

ბოტანიკოსი და მკვლევარი ანა ბარე, პირველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. 1776 წელს 26 წლის ბარემ ფრანგ ბოტანიკოსთან ფილიბერ კომერსონთან დაიწყო მუშაობა, როგორც მამაკაცმა. მალე კომერსონი ბუჰენვალის ექსპედიციასთან ერთად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა და მამაკაცის სამოსგადაცმული (ქალებს იმხანად გემბანზე არ უშვებდნენ) ანაც თან გაჰყვა. ერთი ვერსიით ბარეს საიდუმლო კუნძულ ტაიტზე გამჟღავნდა. მეორე ვერსიით კი კომერსონმა იმთავითვე იცოდა სიმართლე თავისი თანაშემწის შესახებ და სინამდვილეში ანა მისი სატრფო იყო. იგი ფილიბერთან ერთად მცენარეების ნიმუშებს აგროვებდა და შეისწავლიდა. როცა გამჟღავნდა, რომ ბარე ქალი იყო, იგი კომერსონთან ერთად კუნძულ მავრიკიაზე ჩამოსვეს. საფრანგეთში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და მთავრობამ ბოტანიკაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ბარეს სახელს ატარებს მთები პლუტონზე.

ლედი ესტერ სტენჰოუპი 1776 წელს გრაფ ჩარლზ სტენჰოულის ოჯახში დაიბადა. მოგზაურობის სურვილი ესტერს ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, როცა იგი ნავით შეეცადა საფრანგეთში გადასვლას, მაგრამ მალევე მიაგნეს და სახლში დააბრუნეს. აქტიურმა, დამოუკიდებელმა და ჭკვიანმა გოგონამ 1803 წელს ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის უილიამ პიტ უმცროსის პირად მდივნად დაიწყო მუშაობა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მას პენსია დაენიშნა და სწორედ ამ თანხით მოახერხა მოგზაურობა. ესტერი ჯერ საბერძნეთში, ათენში გაემგზავრა, შემდეგ კი ეგვიპტეში. ქაიროსკენ მიმავალ გზაზე, როდოსთან მათი გემი ძლიერ შტორმში მოჰყვა. ლედი ესტერი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მოგზაურობდა. მან 2 წლის განმავლობაში პალესტინა, სირია და ლიბანი მოიარა. ლედი ესტერი პირველი ევროპელია, რომელმაც აღმოსავლეთის ზოგიერთი ქალაქი მოინახულა.

ცნობილი ამერიკელი ალპინისტი ენი სმიტ პეკი 1850 წელს პროვიდენსში დაიბადა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიპყრო ჩრდილეოთი და სამხრეთი ამერიკის, ასევე ევროპის თითქმის ყველა მწვერვალი. 58 წლის ენი სმიტი ანდების მწევრვალ ჰუასკარანზე (6656 მ), ხოლო 61 წლის ასაკში კოროპუნაზე (6377 მ) ავიდა, ხოლო უკანასკნელი ასვლა ენიმ 82 წლის ასაკში განახორციელა. თავისი მოგზაურობების შთაბეჭდილებების შესახებ ენი ლექციებს კითხულობდა და წიგნებიც დაწერა.

მოგზაურობისა და ბუნების სიყვარული ჰარიერტ ჩალმერს ადამსს მამისგან გადმოეცა, რომელსაც ქალიშვილი ხშირად დაჰყავდა მთებში. უკვე 14 წლის ჰარიეტი მამას ერთწლიან ექსპედიციაში მექსიკაში ახლდა და ლათინური ამერიკით მოიხიბლა. ჰარიეტს არც დაოჯახების შემდეგ შეუწყვეტია მოგზაურობა. მან და მისმა მეუღლემ ფრენკმა სამხრეთი ამერიკა მოიარეს. თავისი მოგზაურობის ამსახველი კადრები და შთაბეჭდილებები ჰარიეტმა წიგნად გამოსცა. მან ასევე იმოგზაურა აზიაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რადგან იმ დროისათვის ქალებს არ შეეძლოთ გამხდარიყვნენ გეოგრაფიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ჰარიეტ ადამსმა „ქალ-გეოგრაფთა საზოგადოება” დააარსა და მისი პირველი თავჯდომარეც გახდა.
ნელი ბლაი, წარსულში ელიზაბეტ კოკრენი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ქალ მოგზაურთა სიაში. ჟურნალისტი ნელი ბლაის მოგზაურობების და თავგადასვლების დიდი ნაწილი გაზეთ „New York World”-ში მის მუშაობას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, ნელიმ დასაბამი მისცა, ე.წ. სენსაციური ჟურნალისტიკის ეპოქას. ნელი ბლაი პირველი და ერთადერთი ქალია, რომელმაც გადაწყვიტა ჟიულ ვერნის რომანის „80 დღე მსოფლიოს გარშემო” გმირის ფილეას ფოგის რეკორდი მოეხსნა. ნელი სამოგზაუროდ 1889 წლის 14 ნოემბერს გაემართა ერთადერთი „კოზირით” – განსაკუთრებული პასპორტით, რომელიც აშშ-ის გენერალური მდივნის მიერ იყო ხელმოწერილი. საფრანგეთში ბლეი ჟიულ ვერნს შეხვდა, რომელიც ფიქრობდა, რომ ნელი მოგზაურობას 79 დღეში დაასრულებდა, და არა 75 დღეში, როგორც თავად ნელი ვარაუდობდა. ბლეიმ გადაცურა რამდენიმე ზღვა, სუეცის არხი, მოიარა კოლომბო და ადენი, ესტუმრა კეთროვანთა კოლონიას ჩინეთში, იყიდა მაიმუნი და ნიუ-იორკში დაბრუნდა, მთელ მოგზაურობას ნელიმ 72 დღე, 6 საათი, 10 წუთი და 11 წამი მოანდომა.

ანნი კოენ კოპჩოვსკი პირველი ქალია, რომელმაც 1894 წელს დედამიწის გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა. თანაც იმ დროს უკვე სამშვილიანი დედა იყო, მაგარმ ამ ფაქტორმაც კი ვერ ააღებინა ხელი განზრახვაზე.
ცნობილი მოგზაურისა და მწერლის ჯორჯ კინგსლის ქალიშვილი მერი კინგსლიც მამის მსგავსად მოგზაურობით იყო გატაცებული. მან აფრიკა გამოიკვლია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მერის ასწავლეს, როგორ უნდა გადაერჩინა თავი ჯუნგლებში, რამაც მას საშუალება მისცა, საკმაოდ სახიფათო და მიუვალ ადგილებში წასულიყო. მან ჩანაწერებში აფრიკის ბევრი ადგილი, მცენარე და ცხოველი აღწერა.

ინგლისელ ქალს ფრეია სტრაკს ნეკროლოგში „უკანასკნელი რომანტიული მოგზაური” უწოდეს და ეს არცაა გასაკვირი. თავისი ხანგრძლივი (ფრეია თითქმის 100 წელი იცოცხლა) და თავგადასავლებით მდიდარი ცხოვრების განმავლობაში მან თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. ბავშვობაში ფრეიას წიგნი „1001 ღამე” აჩუქეს და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, ის აღმოსავლეთით „მოიწამლა”. ფრეიამ ლათინური, არაბული და სპარსული ენები შეისწავლა და 1930 წელს ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის პირველი ევროპელი ქალია, რომელმაც არაბეთის უდაბნოში იმოგზაურა. მან ასევე მოიარა ჩინეთი, თურქეთი, ავღანეთი, გაიარა ალექსანდრე მაკედონელის გზა კილიკიიდან კარიამდე. თავის მეორე წიგნში „ასასინების ხეობა” ფრეია სტარკი აღწერს, როგორ გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც ირანში, ლურისტანში იმოგზაურა და როგორ ნახა პირველად ასასინების დანგრეული ციხე-სიმაგრე. ფრეიამ დაახლოებით 30 წიგნი დაწერა თავისი მოგზაურობების შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველთა შორის. ფრეია სტარკი 1974 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.

„ყინულის ქალი” ასე უწოდეს ამერიკელ ლუიზა ბოიდს. ლუიზა იმითაა ცნობილი, რომ გამოიკვლია გრენლანდია და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში წყალქვეშა მასივი აღმოაჩინა. ლუიზა პირველი ქალია, რომელმაც 1955 წელს თვითმფრინავით ჩრდილოეთ პოლუსს გადაუფრინა.

პოლონელი კრისტინა ჰოინოვსკაია-ლისკევიჩი კი პირველი იახტსმენი ქალია, რომელმაც 1978 წელს თავისი იახტით სახელწოდებით „მაზურკა” მარტომ შემოურა დედამიწას. მან გადაცურა ატლანტის ოკეანე და პანამის არხი, შემდეგ წყნარი ოკეანე და ავსტრალიის ნაპირებს მიაღწია. შემდეგ ინდოეთის ოკეანე გადასერა, შემოურა კეთილი იმედის კონცხს და ისევ ატლანტის ოკეანეში გავიდა და მოგზაურობაც დამთავრა. მოგვიანებით პოლონელმა მოგზაურმა გამოქვეყნა წიგნი „პირველი დედამიწის გარშემო”.

ნორვეგიელი არისტოკრატი, მკვლევარი და მოგზაური ლივ არნესენი არაერთგზის მოუხსენიებიათ ფრაზით „პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც…”. 1991 წელს სკოლის ყოფილი მასწავლებელი ლივ არნესენი პირველი ქალი გახდა მსოფლიოში, რომელმაც დაგეგმა, მოაწყო და უხელმძღვანელა ქალთა პირველ ექსპედიციას გრენლანდიაზე. მართალია, პირველი მცდელობა მარცხით დამთავრდა, მაგრამ შემდეგ წელს ლივმა და მისმა მეგობარმა გრენლანდია 23 დღეში გადაკვეთეს. ამის შემდეგ ლივმა მარტო დაიპყრო სამხრეთი პოლუსი და ამ შემთხვევაშიც პირველი ქალის ტიტული ერგო. ამ მოგზაურობას 50 დღე დასჭირდა. ლივი მინუს 40-გრადუსიან ყინვაში გადაადგილდებოდა და თან 85 კგ-იანი მარხილი და 15 კგ-იანი ზურგჩანთა მიჰქონდა. ლივი ასევე პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსსაც მიაღწია.
ბევრი მამაცი მოგზაური ქალია ჩვენს დროშიც.
ამერიკელმა როზი სუეილ-პოუპმა 2003 წელს 57 წლის ასაკში დაიწყო დედამიწის გარშემო მოგზაურობა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არადა, არც მეტი არც ნაკლები, ფეხით. მან 32 ათასი კმ. გაიარა, რასაც 5 წელი მოანდომა.
ინგლისელ ელენ მაკარტურს „ტალღებზე მორბენალს” უწოდებენ. 34 წლის ელენმა 2005 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა იახტით დედამიწას გარშემო 71 დღეში შემოუარა. მისი საოცარი თავგადასავლის შესახებ ფილმი „The Official Record Breaking Story” ინტერნეტშიც შეგიძლიათ ნახოთ.

ესპანელი ედურნე პასაბანი პირველი ქალია, რომელმაც 8000 მ-იანი 14 მწვერვალი დაიპყრო. მისი რეკორდი ავსტრიელმა ჰერლინდა კალტენბრუნერმა გაიმეორა, თანაც ჟანგბადის ბალონის გარეშე.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სია იმ მამაცი ქალი მოგზაურებისა, რომლებიც არ ეპუებიან პრობლემებს და მიზანმიმართულად მიდიან თავიანთი ოცნებების ასასრულებლად. მათი შემხედვარე კი მართლაც ფიქრობ, რომ ჩვენთვის, ქალებისთვის არაფერია შეუძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი