შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

      დაკარგული ბიჭი და სხვა ამბები – თამაში, როგორც სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობა

გგონიათ ცნობილი ამერიკელი მწერლის, თომას ვულფის პროზის განხილვას ვაპირებ, ლიტერატურული წერილი უნდა დავწერო და ამ შესანიშნავი ავტორის წაკითხვისკენ მოგიწოდოთ?  არა, უბრალოდ სათაური დაემთხვა.

მინდა,  მოგიყვეთ იმ რამდენიმე, მხიარული აქტივობის შესახებ, რომელთაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ვიყენებ, ეს ყველაფერი შესაძლოა კიდევ უფრო გამოგადგეთ, თუ კლასში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე გყავთ.

  1. დაკარგული ბიჭი

იყო ერთი ბიჭი, რომელსაც ხან კონცენტრაცია უჭირდა, ხანაც ოცნებებს სულ სხვაგან მიჰყვებოდა ხოლმე, ზოგჯერ კი გონება ეფანტებოდა, ამიტომ გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად იკარგებოდა, ვერც წიგნში იმ მონაკვეთს აგნებდა, რასაც დანარჩენი მოსწავლეები კითხულობდნენ, ვერც კითხვაზე ადეკვატურ პასუხს სცემდა, ზოგჯერ კი ახსნილის გაგებაც უჭირდა. უფრო სწორად, რაღა ერთი, ასეთი ბიჭები და გოგოები ხშირად არიან ხოლმე კლასში.

 ჰოდა, სწორედ მაშინ მოვიფიქრე თამაში, რომელიც ცოტა ხანში მთელი კლასის საყვარელი გასართობი გახდა – თამაში ზღაპრულ და რეალურ შინაარსს ერთნაირად ატარებდა და დაკარგული ბავშვების პოვნა ერქვა.  ვეძებდით დაკარგულ ბავშვებს ყველგან – წიგნში, სიტყვის მიღმა, ცუდად დასმულ შეკითხვაში, არასწორად განაწილებულ აქტივობებში, სხვადასხვა წვრილმანში, რასაც გონების გაფანტვა შეუძლია, ვეძებდით და მერე ვპოულობდით და ვხარობდით.

-ბავშვებო, გიო ( პირობითად) დაიკარგა, მოდით ვიპოვოთ! და ყველა მხიარულად ერთვებოდა, ზოგიერთი წიგნს გადაუშლიდა და იმ კონკრეტულ აბზაცს მიუთითებდა,  სადაც ვკითხულობდით, ზოგი – მასწავლებლის დასმულ შეკითხვას უფრო კარგად, გიოს ენაზე უთარგმნიდა და ასე, ჯადოსნური ზღაპრის საუკეთესო დაბოლოებას ვიღებდით – ბავშვი ნაპოვნი იყო, საკითხი გაგებული, წიგნი – წაკითხული.

  1. ქაჯური ენა

ბავშვობაში არ გქონიათ საიდუმლო ენა, რომლის გაგება მხოლოდ თქვენს დას ან ძმას, მეგობარს ან კლასელს, მოკლედ, თანატოლს შეეძლო? გახსოვთ, როგორ გადასცემდით ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციას ისე, რომ უფროსებს ვერაფერი გაეგოთ?

ჰოდა, ერთ დღესაც ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ეს ჩვენი ბავშვური თამაში კლასში ყურადღების კონცენტარციისთვის გამომეყენებინა? თამაში – ენა, რომლის წესებს თავად ვადგენთ, რომელიც მოსწავლეებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს, თანაც სახალისო გასართობია, თანაც შეიძლება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა აღმოჩნდეს?

სცადეთ თქვენც, როდესაც მოსწავლეები გადაიღლებიან და გინდათ მათი ყურადღება მიიპყროთ, უცებ თქვით – წაბაწავშვეწაბო, წამოწამიწასმიწანეთ! მათი ცნობისმოყვარე მზერა გარანტირებული გაქვთ.  თანაც  ეს საიდუმლო თუ ქაჯური ენა დალაგებული, წინასწარი წესებით შედგენილი ენობრივი სისტემაა, მშვენიერი ლოგიკური სავარჯიშოა, არ მეთანხმებით?

 

  1. სიტყვების შეცვლობანა

ეს მეტყველების სავარჯიშო ჯერ ჩემი შვილისთვის გამოვიგონე, მშვენიერი, მხიარული თამაში გამოგვივიდა კომუნიკაციური ჩაკეტილობის დასაძლევად, ბევრს ვიცინოდით და ვსულელობდით, მერე კი კლასშიც ვცადე.

როგორი თამაშია?

იღებთ რამე სიტყვას და აფუჭებთ, ანუ ცვლით მის ფონეტიკურ შემადგენლობას, ოღონდ ისე, რომ ლოგიკა შეინარჩუნოთ.

მაგალითად, შეგიძლიათ გააჟღეროთ  ყრუ თანხმოვნები, ცვალოთ თანხმოვანთა სამეულები, გადააადგილოთ ხმოვნები:

მაგალითად  – პატარა-პიტირი

იგივე სიტყვა თანხმოვნების შეცვლის შემთხვევაში – პატარა – ბადარა.

 მერე ხსნით წესს, რა რით შეცვალეთ და თქვენ მიერ შემოთავაზებული წესების მიხედვით, ბავშვებმა უნდა გააფუჭონ სხვა სიტყვები. დაღლილ, გონებაგაფანტულ, ჩაძინებულ კლასს ისე უცებ გამოცოცხლებთ, თავადაც ვერ მიხვდებით! აუცილებლად სცადეთ!

 

  1. თამაში – ღიმილის დაბრუნება

ეს ყველაზე მარტივი თამაშია და ყველაზე პოზიტიური. მოსწავლეებს ყოფთ წყვილებად და სვამთ ერთმანეთის პირისპირ,  მათ უბრალოდ უნდა გაცვალონ ღიმილი, გადამდები, გულწრფელი და ლამაზი ღიმილი.

შედეგი გაგაოცებთ, ოთახი განათდება და რთული გაკვეთილების სწავლაც უფრო სასიამოვნო და მხიარული გახდება.

მოიფიქრეთ თქვენი თამაშები,

წარმატებას გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი