შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რა გავიგეთ, რით გავიხარეთ?

სულ ვფიქრობ, რა ვისწავლე მე ჩემი თავისგან, სხვებისგან, სხვამ რა ისწავლა ჩემგან და საკუთარი გამოცდილებისგან. ერი და საზოგადოებებიც ასეა, რაღაც უნდა დაიტოვონ საკუთარი თუ სხვა ქვეყნების ისტორიიდან, როგორც მაგალითები, სიტუაციები და შემთხვევები, ასევე ადამიანებისგან, თავიანთი მწერლების, მხატვრების, მეცნიერების, მასწავლებლების, დიახ, მგონი პირველ რიგში მასწავლებელი უნდა დამეწერა, პოლიტიკოსების ქმედებებიდან, ნააზრევიდან.

საქართველოში გამოკითხვა, კვლევა რომ ჩაატარო ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწედ ალბათ ილია ჭავჭავაძე დასახელდება, თუმცა ზედაპირულობას რომ მოვეშვათ, რა ვისწავლეთ ჩვენ – საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის აზრებიდან, ხედვებიდან პატრიოტიზმის, სახელმწიფო მოწყობის, მოქალაქეობრივი ვალდებულებებისა და თავისუფლებების, ადამიანის პიროვნული განვითარების, რელიგიისა და სახელმწიფოს, რელიგიისა და ადამიანის კავშირებზე?.. ალბათ, ბევრი არაფერი გვისწავლია, სამწუხაროდ.

რაღაც ირონიით, ახალი წელი ახლოვდება და თემაც დაემთხვა. ჰგავს კი საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც პეტრეს, რომელიც არ არის უაზროდ გულუბრყვილო, სულელი, რომელიც აცდენილია ცხოვრების რეალობას (თუმცა ერთი შეხედვით შესაძლოა ეს ასეც მოგვეჩვენოს)? პეტრე კეთილი და შემწყნარებელი ადამიანია. საოცარი მომენტია, როცა ის დგას ჩამოსახჩობი ადამიანის წინ, დგას ბრბოში და უყურებს, თუ როგორ გამოჰყავთ მსჯავრდებული და ეს ყველაფერი წარმოდგენა, თეატრალური დადგმა ჰგონია. საკუთარ თავთან დიალოგიც კი აქვს, ასე კარგად როგორ თამაშობენ როლებს, მაყურებლებშიც კი თავისიანები ჰყოლიათო.

პეტრე არაა სულელი. პირიქით, ის ძალიან შეგნებულადაც კი დგას თავის პოზიციაზე იმ გაურკვევლობის მომენტშიც, როცა ვერ მიმხვდარა, თუ რა ხდება. მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანი, თუნდაც დამნაშავე ასე დასაჯო – ჩამოახრჩო და თან ხალხის წინაშე, საჯაროდ, ისე, რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს, როგორც სანახაობას, ისე მოელოდეს. მათთვის არ იყოს ამაში რამე ადამიანური თუ სოციალური ტრაგედია.

“ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ თავგადასხმული.

უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდხანს იქნია საწყალმა ფეხები.

— დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ, — ამბობდა თავისთავად პეტრე.

ხალხი, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაშა ნახა. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ აღარავინ რჩება აქ. ჯარიც წამოვიდა, მარტო ორი ყარაული-ღა დარჩა სარჩობელასთან. იმ წითელპერანგა კაცმაც გადიცვა რაღაც სხვა ტანისამოსი და გამოსწია. სარჩობელაზედ დარჩა უძრავად დაკიდებული ის უბედურის შვილი. პეტრე გაოცდა.

— ბიჭოს, ეს იყო! — სთქვა თავისთავად, — ვერაფერი თამაშა იყო”.

რაღაც ფუნქციონალისტის მოწოდების მსგავსად გამომივა, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება ადამიანები გარშემო, რომელთა პოზიციაც იქნება აბსოლიტურად გარიდებული ყოველგვარი ძალადობისა და მჩაგვრელობისაგან. ამ ყველაფერს კი ადამიანი პირველ რიგში სკოლაში უნდა სწავლობდეს; შემწყნარებლობას, სხვათა აზრის, ცხოვრების, რელიგიის, სქესის პატივისცემას.

როგორ ჩაიარა ამ წელმა, რას გვეტყოდა წელს ილია? სისულელეა ახლა ეს შეკითხვა და თუ მაინც დავსვამთ, არ მგონია რამე კარგი ეთქვა. მთავარია, რას ვეუბნებით ჩვენ საკუთარ თავს, რას ვეუბნებით ერთმანეთს. ათობით მოკლული ქალის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, სოციალური სიდუხჭირით გზასაცდენილი მამების კიდევ ერთი მორიგი წლის ბოლოს, რა მიგვაქვს შემდეგში, მომავალში?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი