ღია სივრცის მეთოდი დემოკრატიული სკოლისათვის

დემოკრატიული  ღირებულების მატარებელი საზოგადოების განვითარების გზა  იმ ,,პატარა სახელმწიფოზე“ რომ გადის, რომელსაც სკოლას ვუწოდებთ, ამაზე შეთანხმებულები ვართ. შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს ,,სახელმწიფო“ თავად უნდა იყოს დემოკრატიული, რომ მომავალ მოქალაქეებს ასეთ გარემოში ყოფნის, მასზე პასუხისმგებლობის გაზიარების პირველი გამოცდილება შესძინოს .  რა მოიაზრება დემოკრატიული სკოლის ნიშნად და მახასიათებლად, რა სტიმული უნდა მიეცეს მასწავლებლებსა და დირექტორებს, რომ საკუთარი ძალაუფლება მოსწავლეებს გადაუნაწილონ,   როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ შეძლონ ამ პასუხისმგებლობასთან გამკლავება და ასე შემდეგ. ეს საკითხები წარმოადგენდა კონფერენციის თემას, რომლის მიზანს დემოკრატიული სკოლის სტანდარტისთვის იდეების შეკრება წარმოადგენდა. კონფერენციის ორგანიზატორმა , ,,მეგობრობის ხიდი _ქართლოსის“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (პოლონეთი) მიერ შექმნილმა კოალიციამ, მუშაობის მეტად საინტერესო, დემოკრატიული ფორმატი შესთავაზა მონაწილეებს. ეს გახლდათ ღია სივრცის ტექნოლოგია.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებას საფუძველი ჩაუყარა ჰარისონ ოუენმა. ,,ღია სივრცე“  ადამიანთა ერთობების  თვითრეგულირების უნარს ემყარება. იგი   პირობას უქმნის მონაწილეებს, გაცნობიერებულად მოახდინონ  თვითორგანიზება და ისინიც თავად ახდენენ პროცესის სტრუქტურირებას.

,,ღია სივრცის“ ტექნოლოგია ეფუძნება ოთხ პრინციპს:

ვინც მოვა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საჭირონი არიან (იმ განწყობის განმტკიცება, რომ გადაწყვეტილების მისაგნებად აუცილებელი მთელი სიბრძნე ამ ოთახშია თავმოყრილი. ჯგუფი არ უნდა შფოთავდეს მათზე, ვინც არ ესწრება. არც პანიკა არის საჭირო იმის გამო, რაც ხდება).

რაც არ უნდა მოხდეს _ ეს ერთადერთია, რაც შეიძლება მოხდეს (ყურადღების გადატანა იმაზე, რომ საუკეთესო  შედეგი დადგება ამჟამად, არ არის საჭირო მღელვარება იმაზე ,,რისი გაკეთება იყო აუცილებელი“).

როცა არ უნდა დაიწყოს _ ეს სწორედ ზუსტი დროა ( შევახსენებთ ადამიანებს, რომ შემოქმედებითი პროცესი უმართავია).

როცა დამთავრდება , მაშინ დამთავრდეს ( წავაქეზოთ მონაწილეები, იმდენ ხანს გააგრძელონ საუბარი, რამდენის აუცილებლობაც  და  ენერგიაც არსებობს. სესია შეიძლება დასრულდეს გათვალისწინებულზე ადრე, ასევე  შეიძლება, გაგრძელდეს გამოყოფილ დროზე დიდხანს).

ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს მუშაობს ,,ორი ფეხის“ კანონი: თუ მიხვდებით, რომ აღმოჩნდით სიტუაციაში, სადაც თქვენ ვერაფერს ისწავლით და ვერანაირ წვლილს ვერ შეიტანთ, თქვენ შეგიძლიათ სხვა სივრცეში, მაგალითად, სხვა ჯგუფში გადაინაცვლოთ.

ყოველთვის პროდუქტიულია პრობლემის ასეთი განხილვა? ყოველთვის მუშაობს თვითორგანიზების შესაძლებლობა და ქაოსი ყოველთვის მართავს საკუთარ თავს?

ჰარისონ ოუენი აღნიშნავს, რომ ,,ღია სივრცეს“ მცირე აუცილებებლი პირობები აქვს: ზუსტად უნდა იყოს  ფორმულირებული თემა, რომლის განხილვითაც  შეხვედრის ყველა მონაწილეა დაინტერესებული. უმჯობესია, თუ ეს თემა ასახავს პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც შეიკრიბა ყველა ეს ადამიანი. აუცილებელია, განხილვისათვის საკმარისი დრო, სივრცე, რომელიც დაიტევს მონაწილეთა საჭირო რაოდენობას და შეხვედრის ლიდერი.

ჰარისონი თავის მოკლე რეკომენდაციებში რამდენიმე საკითხს გამოყოფს:

თემის მიმზიდველად, საინტერესოდ ფორმულირება კრიტიკული პირობაა ,,ღია სივრცეში“პროდუქტიული მუშაობისთვის. თემის გარშემო ხდება დისკუსიის ორგანიზება და აქედან  იღებენ მონაწილეები შთაგონებას. თემა არც ვრცელი უნდა იყოს, და არც _ მშრალი, მხოლოდ მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალი.  ის უნდა იყოს საკმარისად სპეციფიკური, რომ მიანიშნებდეს დისკუსიის მიმართულებას და ამავდროულად, საკმარისად ღია და თავისუფალი  წარმოსახვებისთვის. თემა ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც საინტერესო, მაგრამ დაუსრულებელი ისტორია, რომლის დასასრულიც მონაწილეთა შესაქმნელია. ეს დაუსრულებლობა აღძრავს ინტერესს.

რაც შეეხება ჯგუფს, მონაწილეები უნდა იყვნენ მოტივირებულები, აქტიურები და უნარიანები იტვირთონ პასუხისმგებლობა: მოახდინონ მსჯელობების ინიცირება, შეაჩერონ დისკუსიის არაარსებითი განშტოებები, დაასრულონ დისკუსია და შეაჯამონ შედეგები. უამისოდ ტექნოლოგია არ იმუშავებს. ჩვენ არ შეგვიძლია ძალით შეკრებილი ხალხი დავაინტერესოთ  და ვაიძულოთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებით პროცესში. დაინტერესების და ჩართულობის ერთერთი ხერხია,  არა სავალდებულო მონაწილეობა პროცესში, არამედ სასურველი მონაწილეობა. ასეთ შეკრებაზე საკუთარი სურვილით უნდა მოდიოდნენ. მაგრამ შეხვედრის ადგილზე მისვლამდე მათ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, თუ რა უნდა მოხდეს იქ. რა თქმა უნდა, მათ  ვერ ეცოდინებათ დისკუსიის დეტალები, მაგრამ ორგანიზატორთა ძირითადი განზრახულობების შესახებ უნდა იცოდნენ. ჯგუფის წევრთა რაოდენობას არ აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. უმჯობესია, რომ იყოს 20-ზე მეტი მონაწილე, რათა არ დაიკარგოს მრავალფეროვნების ეფექტი.

სივრცე უნდა იყოს მოხერხებული და იტევდეს მონაწილეთა საჭირო რაოდენობას. მოძრავი სკამები ყველაზე აუცილებელი ფაქტორია შეხვედრის ადგილის ორგანიზებისთვის. აუცილებელია თავისუფალი კედელი, რომელსაც გამოვიყენებთ თემის განრიგის და დისკუსიების ოქმების გამოსაკვრელად.

,,ღია სივრცის“ ტექნოლოგიით შეხვედრის ჩატარებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია იმ შედეგებზე, რომლის მიღწევაც თქვენთვის აუცილებელია. კონფერენცია 2-3 დღე შეიძლება გაგრძელდეს. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია პროცესის უწყვეტობა. ტექნოლოგია დაკარგავს ეფექტურობას, თუ სამუშაო პროცესი იქნება წყვეტილი.

როგორც ოუენი აღნიშნავს, ეს არ არის ტექნოლოგია ყველა შემთხვევისათვის, მისი გამოყენებით მხოლოდ დაინტერესებული და აქტიური ადამიანები  შეძლებენ პრობლემის გადაწყვეტას და მიიღებენ სიამოვნებას.

კონფერენციამ, რომელზე საუბრითაც ჩვენი წერილი დავიწყეთ, დაგვარწმუნა ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებში და მოხერხებულობაში . ამ ორდღიანი თავყრილობის თემა წინასწარ კარგად და საინტერესოდ, კითხვების სახით იყო ფორმულირებული, იქვე მუშაობის მეთოდზეც აწვდიდნენ ინფორმაციას. მსურველებიც თავად აკეთებდნენ არჩევანს და მონაწილეებად რეგისტრირდებოდნენ. ამიტომაც, დარბაზში შეიკრიბა დემოკრატიული სკოლის თემით დაინტერესებული სრულიად მრავალფეროვანი საზოგადოება: მოსწავლეები და მასწავლებლები, დირექტორები და განათლების სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის_  სხვადასხვა რეგიონების და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. სივრცე _ ,,ქორთიარდ მერიოტის“ საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრის ოთახები ნამდვილად მოხერხებული იყო. დროც საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად.

მონაწილეებმა თავიდანვე გამოკვეთეს ქვეთემები,  გამოიყო სამუშაო სივრცე და დრო თითოეული ჯგუფისთვის.  თითოეული ირჩევდა თემას ინტერესის მიხედვით და იმ ჯგუფს უერთდებოდა, თუმცა იყვნენ ,,ორ ფეხს“ მინდობილებიც, რომლებიც ეძებდნენ უფრო საინტერესო დისკუსიას ან ჩემსავით აინტერესებდათ, სად რა ხდებოდა. ,,მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლაში“, ,,გარემო და სასკოლო დემოკრატია“, ,,ჩარჩო დოკუმენტები და სასკოლო დემოკრატია“, ,,ღია სივრცე სკოლაში“ …ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ თემატიკისა, რომელზეც დისკუსიები სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობდა, ყველა დისკუსიას თავისი წარმმართველი ჰყავდა და საბოლოოდ მათ ჯგუფის დასკვნა უნდა გაეკრათ დიდი დარბაზის კედელზე.

ამ ტექნოლოგიამ კარგად იმუშავა და ორი დღის შემდეგ დემოკრატიული სკოლის სტანდარტის მონახაზისთვის კარგ დებულებებსაც მოუყარა თავი, ამ მონახაზის განხილვა-დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჩემი ყურადღება მიიქცია ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების სამუშაო ჯგუფმა თემაზე ,,ღია სივრცე სკოლაში“. ისინი თავად წარმართავდნენ დისკუსიას მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე.  შედეგად  ჩამოაყალიბეს დასკვნა, რომ დემოკრატიულ სკოლაში ყოველთვის უნდა იყოს ,,ღია სივრცე,“ სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლადაც და უფროსებთან ერთადაც იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ. როგორც ვარიანელმა მოსწავლეებმა აღნიშნეს,  სკოლამ მოსწავლეთა თვითმმართველობას მიანდო იმ 1000 ლარის განკარგვა, რომელიც სამინისტროსგან მიიღეს. თვითმმართველობა  კიდევ აპირებს დამატებითი რესურსის მოპოვებას, რათა სკოლის ფოიეში მოაწყოს ,,ღია სივრცე“ თავისუფალი დისკუსიებისთვის.

რაც შეეხება თავად ,,ღია სივრცის ტექნოლოგიას“, ის კარგად მუშაობს საკლასო სივრცეშიც და ცოდნის ათვისება-გაღრმავების პროცესში მოსწავლის როლის გააქტიურებას უწყობს ხელს. ზოგიერთი პედაგოგი წარმატებით იყენებს ამ მეთოდს, ან მის ელემენტებს. როგორც ოუენი აღნიშნავს, ,,კრეატიული სწავლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა  თავისუფლება და პასუხისმგებლობა. თავისუფლება იძლევა საშუალებას ისწავლოს და პროცესში გამოიყენოს ექსპერიმენტები, ხოლო პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს  ამ ორი მიდგომის ჰარმონიულ შერწყმას.”

კომენტარები

comments