რატომ, რისთვის და როგორ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში?

ეროვნული სასწავლო გეგმის როგორც 2011 წლის, ასევე 2017 წლის ვერსიებში მოსწავლეებისთვის ნიშნების დაწერის სისტემა ორ-ორ გვერდს მაინც იკავებს, თუმცა უმეტესი ნაწილი ამ ახსნა-განმარტებებისა იმას უჭირავს, თუ როგორ უნდა გამოითვალოს საშუალო ნიშანი და როგორ დამრგვალდეს იგი უახლოეს მთელამდე. ჩვენ კი ის უფრო გვაინტერესებს, თუ რატომ, რისთვის და როგორ იწერება ნიშნები ტრადიციულ სწავლებაში და რა უნდა შეიცვალოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პირობებში.  დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ეს საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნების საშუალოს გამოთვლა. ამიტომ პრობლემის განხილვას სულ ძირის-ძირიდან დავიწყებთ.

ალბათ, სადაო არ არის ის,  რომ:

  1. ნიშნებში ზუსტად უნდა აისახოს მოწავლეთა მიღწევები. არაზუსტი ნიშნები განაპირობებს არასწორ გადაწყვეტილებებს იმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეს ნიშნები დაუწერეს. მასწავლებლები ცდილობენ ერთი ნიშნით გამოხატონ უამრავი მტკიცებულება მოსწავლის ცოდნის დონის შესახებ და ისე ხდება, რომ მოსწავლეთა ქცევის და მიღწევების აღრევის ან უხარისხო შეფასების, ან მონაცემთა საშუალოს უმართებულოდ გამოყენების შედეგად არაზუსტი საბოლოო ნიშნები იწერება.
  2. ნიშნები გონივრული და აზრიანი უნდა იყოს. მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სწავლის შესახებ. ამისთვის ნიშნები უშუალოდ უნდა ასახავდნენ სწავლება-სწავლის მიზნებს. მაშასადამე, მასწავლებლებმა ნიშნების წერა და მათი აღრიცხვის საშუალებები სტანდარტების საფუძველზე უნდა ააგონ, და არა მექანიკურად შეაჯამონ მრავალი ნიშანი ერთ საბოლოო ნიშანში.
  3. ნიშნები თანმიმდევრული და თავსებადი უნდა იყოს. მოსწავლის ნიშანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე – ეს კონკრეტული მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს თუ სხვა ვინმე. „კარგი“ ყოველთვის „კარგი“ უნდა იყოს ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, რადგან სტანდარტები უცვლელია ერთი სკოლიდან მეორე სკოლის იმავე კლასში გადანაცვლებისას. იმ მოსწავლეებმა, რომელთაც ერთნაირი მიღწევები აქვთ, ერთი და იგივე ნიშანი უნდა მიიღონ მიუხედავად იმისა, რომელ სასწავლო კონტექსტში იმყოფებიან ისინი.
  4. ნიშნები სწავლას უნდა უწყობდეს ხელს. მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ წარმატება სკოლაში საქმის „მოთავებისთვის“ კეთებასა და ქულების დაგროვებას არ ნიშნავს. ნიშნები სწავლის არტეფაქტებია და უნდა ასახავდნენ მოსწავლის მიღწევებს, მისი სწავლის ხარისხს. კარგი სწავლის დაფასებამ სწავლის მოტივაცია უნდა გაუძლიეროს მოსწავლეებს.

სკოლაში ნიშნების წერის დანიშნულება მრავალგვარია – მოსწავლე-მასწავლებლის ან სხვა დაინტერესებულ პირთა შორის კომუნიკაცია, მოსწავლეთა დახარისხება და შერჩევა, მოტივირება და დასჯა. ზოგ შემთხვევაში ეს დანიშნულებანი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, სტანდარტზე ორიენტირებულ გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის ჩვენ ვსაჭიროებთ კომუნიკაციას  იმასთან  დაკავშირებით, რომ ყველა მოსწავლე წარმატებული უნდა იყოს სტანდარტის დაძლევის თვალსაზრისით. ამასთანავე, დახარისხებისა და შერჩევისთვის ჩვენ უნდა დავაჯგუფოთ მოსწავლეები – ზოგი დაბალი მოსწრების კატეგორიას მივაკუთვნოთ, ზოგი კი – მაღალისა. კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის ან განეიტრალებისთვის კომუნიკაციის დროს უნდა გამოიკვეთოს: რა არის უმაღლესი ფასეულობა ნიშნების დაწერისთვის? პასუხი ცალსახაა – მოსწავლეთა მიღწევები მოქმედ სტანდარტებთან მიმართებაში, სწავლის დადგენილ შედეგებთან მიმართებაში.

სანამ იმ დეტალებზე გადავიდოდეთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს ნიშნები, სამი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ:

სამართლიანობა – იგი უფრო მეტად უნდა ნიშნავდეს ყველა მოსწავლისთვის  თანაბარ, ერთნაირ შესაძლებლობებს, ვიდრე ერთგვაროვან, უნიფიცირებულ შეფასებას.  ყველა მოსწავლეს უნდა მოეთხოვებოდეს ერთი და იგივე შეფასებაში მონაწილეობა ერთსა და იმავე დროის განმავლობაში და ნიშნებიც უნდა გამოიყვანებოდეს ერთი და იგივე წესით ერთი და იგივე რაოდენობის შეფასების საფუძველზე.

მოტივაცია – სწავლის მთავარი „ჯილდო“ შინაგანი უნდა იყოს, კერძოდ, წარმატებით გამოწვეული პოზიტიური განცდები. მიზანშეწონილი არ არის ნიშნების გამოყენება გარეგან მოტივატორებად (როგორც ჯილდო მოთხოვნილი ქცევის შესრულებისთვის ან სასჯელი არასასურველი ქცევისთვის).

ობიექტურობა და პროფესიონალური განსჯა – შეფასება თავისთავად სუბიექტურია, რადგან მასწავლებლები თავისი შეხედულებისამებრ  (საკუთარი პროფესიონალური განსჯის საფუძველზე) წყვეტენ, თუ რა უნდა შეფასდეს და როგორ. იმისთვის, რომ მასწავლებლებს დავეხმაროთ უფრო ზუსტად და თანმიმდევრულად შეფასებაში, მათი ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს შესრულების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები და ინდიკატორები) და სასკოლო თუ ცენტრალურ დონეზე იქნას შეთანხმებული ნიშნის განსაზღვრის და დაწერის წესები.

მოცემული სამი საკვანძო საკითხის გადაჭრის მცდელობა იკვეთება როგორც 2011-16 წლების ესგ ვერსიაში, ასევე განახლებულ სასწავლო გეგმაში, თუმცა კი საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, რადგან ამ დოკუმენტებში გაცხადებული პრინციპების რეალიზაციის არანაირი მექანიზმები არ არის შემუშავებული და დანერგილი, გარდა ნიშნების საშუალოს გამოთვლისა, რაც ფრიად სადავო მანიპულაციაა პედაგოგიური თვალსაზრისით (ამის შესახებ იხ. ქვემოთ). საქართველოს მასწავლებლები დღესაც მეტწილად წინა საუკუნის ხერხებსა და საშუალებებს იყენებენ მოსწავლეთა შეფასებისთვის.

მაგალითად, მასწავლებლები ზეპირი გამოკითხვისთვის დაფასთან მორიგეობით გამოიძახებენ დღეში  რამდენიმე მოსწავლეს  და უწერენ ნიშანს ერთმანეთთან შედარების შედეგად იმ ცოდნაში, რაც მათ იმ კონკრეტულ დღეს ჰქონდათ დაგროვილი. სხვა დღეს სხვა მოსწავლეებს იგივე პრინციპით დაეწერებათ ნიშნები, რადგან ნიშნებს ითხოვს ყველა – მშობლებიც, დირექტორიც და უფრო მაღალი ეშელონის ხელმძღვანელებიც („ჟურნალი ხომ უნდა იყოს შევსებული“).

რეალობა კი ისაა, რომ მოსწავლეთა პირველი ჯგუფი სხვა კომპეტენციებში შეფასდა, მეორე ჯგუფი კი – სხვაში. ორივე ჯგუფი არასწორად შეფასდა – ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. გარდა ამისა, შეფასების პროცესი მიჰყვებოდა მხოლოდ  სასწავლო თემატიკაში წინსვლას და არა ესგ შედეგებისკენ წინსვლას (ეს შედეგები მასწავლებელთა დიდი უმრავლესობისთვის დღესაც უცნობია, ისინი უბრალოდ სახელმძღვანელოს „გადიან“ სკოლაში). დაირღვა სამართლიანობისა და ობიექტურობის ზემოთ მოყვანილი პრინციპები.

ამგვარი შეფასების შედეგად სხვადასხვა მოსწავლის მიერ მიღებული ნიშნები  ტოლძალოვნად და მართებულად ითვლება, ნიშნები გაითვალისწინება საშუალოს გამოთვლის დროს და გაურკვეველი რჩება მთავარი – რამდენად ახლოს იყო ესა თუ ის მოსწავლე სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებთან, კერძოდ, რომელთან და კიდევ რა არის გასაკეთებელი მიღწევების გაუმჯობესებისთვის.

ნათელია, რომ ასე შესრულებული შეფასება არ შეესაბამება მოსწავლეზე და შედეგებზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს და დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს უფრო შესაფერისით. გადადგმულია კიდეც კონკრეტული ნაბიჯები – მასწავლებლებს მოეთხოვებათ რუბრიკების შექმნა და გაზიარება მოსწავლეებთან, თუმცა მხოლოდ ეს არ შველის საქმეს და არც რუბრიკების გამოყენებაა პანაცეა, თანაც მასწავლებლებს უჭირთ  ეფექტური რუბრიკის შესაქმნელად მძიმე სამუშაოების შესრულება, არც დრო ჰყოფნით ამისთვის.

 გთავაზობთ რეკომენდაციებს ისეთი შეფასებისთვის და ნიშნების ისე დაწერისთვის, რომელიც უკეთ შეესაბამება მოსწავლეზე და შედეგებზე ორიენტირებული სწავლების პროცესს.

იმისთვის, რომ ნიშნების წერის დროს არ დამახინჯდეს და ადეკვატურად აისახოს მოსწავლეთა მიღწევები:

  1. ნუ გაითვალისწინებთ მოსწავლეთა ქცევას (ძალისხმევა, მონაწილეობა, საკლასო წესებისადმი მორჩილება და სხვა) ნიშნებში. ნიშნები უნდა დაიწეროს მხოლოდ მიღწევების შესაბამისად.
  2. ნუ დააკლებთ ნიშანს დაგვიანებული ნამუშევრისთვის, მხარდაჭერა გამოუცხადეთ მოსწავლეს.
  3. ნუ გამოიყენებთ ბონუს-ქულებს, ეძიეთ მხოლოდ მაღალი მიღწევის დონის მიმანიშნებელი მტკიცებულებები.
  4. აკადემიურ თაღლითობას ნუ დასჯით დაბალი ნიშნით. ამისთვის სხვა საშუალებები გამოიყენეთ და ხელახლა შეაფასეთ მოსწავლე, რათა მიღწევის რეალური დონე განსაზღვროთ.
  5. ნუ გაითვალისწინებთ გაცდენებს ნიშნების წერისას, დასწრება სხვაგვარად ასახეთ  ანგარიშგების დოკუმენტებში.
  6. ნუ გაითვალისწინებთ ჯგუფურ შეფასებებს ნიშნების წერის დროს, მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები გამოიყენეთ.

იმისთვის, რომ  მოსწავლეთა ნამუშევრებიდან შეგროვილი მტკიცებულებები მწირი არ იყოს:

  1. ნუ დააჯგუფებთ შეგროვებულ მტკიცებულებებს შეფასებისას გამოყენებული მეთოდების ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით; მტკიცებულებები მოაწესრიგეთ და ანგარიშგება მოახდინეთ სტანდარტების/სასწავლო მიზნების შესაბამისად.
  2. ნუ დაწერთ ნიშნებს შეუფერებელი ან ბუნდოვანი კრიტერიუმების გამოყენებით; ცხადად და გასაგებად აღწერეთ  მოლოდინები მოსწავლეთა მიღწევების მიმართ.
  3. ნუ დაუწერთ ერთ მოსწავლეს ნიშანს მეორე მოსწავლის პასუხთან შედარების საშუალებით; მოსწავლის პასუხი სტანდარტებსა და ინდიკატორებს შეადარეთ.
  4. ნუ დაეყრდნობით უხარისხოდ ჩატარებული შეფასების დროს შეგროვილ მტკიცებულებებს; დაეყრდენით მხოლოდ ხარისხიანად ჩატარებული შეფასების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს.

იმისთვის, რომ ნიშნების გამოთვლის გზა შეუფერებელი არ იყოს:

  1. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ მონაცემთა საშუალოს; გაითვალისწინეთ ცენტრალური ტენდენციის სხვა საზომებიც (მედიანა და მოდა) და პროფესიონალურად განსაჯეთ.
  2. ნუ დაწერთ 1-ანს იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის ნამუშევარში მტკიცებულებები საერთოდ არ არის  და ნურც მოსწავლის დასჯის მიზნით; უმჯობესია ხელახლა ჩაატაროთ შეფასება ან გამოიყენოთ სპეციალური აღნიშვნა არასრული ან არადამაკმაყოფილებელი მტკიცებულებებისთვის.

იმისთვის, რომ ნიშნების წერამ ხელი შეუწყოს სწავლას:

  1. ნუ გამოიყენებთ განმავითარებელი შეფასებიდან ან სავარჯიშოების შესრულებიდან მიღებულ ინფორმაციას ნიშნის დასაწერად; ნიშანი დაწერეთ მხოლოდ შემაჯამებელი დავალების შესრულების შედეგად მიღებული მტკიცებულებების მიხედვით.
  2. ნუ შეაჯამებთ დროდადრო დაგროვილ მტკიცებულებებს, თუ დროის მსვლელობის კვალობაზე სწავლა გრძელდება მოცემული უნარჩვევების განვითარების მიმართულებით და მოსწავლეებს კიდევ ეძლევათ ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობა; ასეთ შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა მიანიჭეთ უახლეს მტკიცებულებებს.
  3. ნუ უგულებელყოფთ მოსწავლეების მონაწილეობას ნიშნების წერაში; გაზარდეთ მოსწავლეების ჩართულობა შეფასებაში.

მოსწავლეთა შეფასებასთან და ნიშნების წერასთან დაკავშირებით ქართულ რეალობას თუ გადავხედავთ – როგორც მეტისმეტად მწირ ნორმატიულ დოკუმენტებს, ასევე მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ შეფასების კონკრეტულ ტექნიკებს და მასობრივ პრაქტიკას –  დავასკვნით:  აშკარაა შეუსაბამობა რაც უნდა იყოს იმასა და რაც არის იმას შორის და ეს შეუსაბამობა ძირითადად გამოწვეულია სწორედ შეფასების კონკრეტული ტექნიკების განუვითარებლობით.

საქართველოს სკოლებში არცერთი ზემოთმოყვანილი სახელმძღვანელო პრინციპი არ სრულდება მასობრივად და ყოველდღიურად. შედეგიც სახეზეა – სწავლებისა და სწავლის ხარისხი არ მატულობს და ვერც მოიმატებს, თუნდაც ამის ხელშემწყობი ყველა ფაქტორი ერთბაშად ამოქმედდეს, გარდა შეფასებისა. რაგინდ მაღალხარისხოვანი იყოს სწავლების მეთოდები და სასწავლო რესურსები, სწავლების ორგანიზაცია და სასწავლო გარემო, კლასის მართვა და განათლების დაფინანსება, შეფასების მახინჯი სისტემა ამ ყველაფერს წყალს გაატანს, რადგან სწორედ შეფასებაა სასწავლო პროცესის დასკვნითი აქტი.

შეფასების და ნიშნების წერის ასეთი ყოვლისშემძლეობის მიზეზი მარტივია – მოსწავლე და მისი მშობელი ორიენტირებულია არა იმაზე, თუ რას და როგორ ასწავლიან, არამედ იმაზე, თუ რაში და როგორ აფასებენ. ასეთ ვიწრო პრაქტიკულ პრაგმატიზმში ვერავის ვერ დაადანაშაულებთ, ყველგან ასეა, ამიტომ გამოსავალი ერთია – შეფასებისა და ნიშნების წერის რეფორმა.

კომენტარები

comments