პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დრო ბავშვებისთვის

ლიზი პატარა გოგონაა, რომელიც ზაფხულის გასატარებლად მამასთან ერთად სოფლად, მდელოზე მდებარე სახლში დადის. მამა მეცნიერია – პეპლებს იკვლევს და უნდა ისეთი ჯიშის პეპელა ნახოს, რომელიც მისი აღმოჩენა იქნება, რომელსაც ლონდონში კოლეგებთან წაიღებს და სახელს მოიხვეჭს. სოფლადაც მაგ მიზნით ჩამოვიდა. ლიზის ფერიების სჯერა. მათთვის მინიატურულ სახლებს აშენებს, ყველა ქაღალდზე ფერიებს ხატავს. სჯერა, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და ოდესმე მასაც ესტუმრებიან. მეცნიერი მამა კი ამბობს, რომ ის ილუზიებში ცხოვრობს და რომ მხოლოდ იმის შეიძლება გჯეროდეს, რასაც ნამდვილად ნახავ, რაც ნამდვილად არსებობს, ფერიები კი არ არსებობენ, ისინი არავის უნახავს.

ლიზიც და მეცნიერი მამამისიც დისნეის ერთ-ერთი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის პერსონაჟები არიან და ისინი ჩემი შვილის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გავიცანი. მაროსაც, ისევე როგორც ლიზის, ფერიების, პრინცესებისა და ჯადოსნური ამბების სჯერა და ლიზისავით მონდომებული ცდილობს ხოლმე, ჩვენი, ანუ უფროსების ყურადღება მიიპყროს მათზე სალაპარაკოდ. ამ ფილმიდან, რომელმაც ჩემი შვილი ფერიების გამჭვირვალე ფრთებმა და ჯადოსნურმა ფხვნილმა მოხიბლა, ადამიანებს ფრენის უნარს რომ აძლევს, ყველაზე დიდხანს ალბათ ზუსტად ის მემახსოვრება, როგორ იშორებს მამა თავიდან შვილს იმ მიზეზით, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ყოველ ჯერზე სხვა დროისთვის გადადებს მასთან საუბარს. მეც გამიკეთებია ასე და პირობას ვერ დავდებ, რომ აღარასოდეს გავაკეთებ. ზოგჯერ საქმეები მართლაც სასწრაფოა, მაგრამ ერთხელ მაინც თუ ამოწევ თავს  შენი საქმიდან და დაინახავ თვალებს, რომელიც შენს ყურადღებას ელოდება, გაგიჭირდება თქმა, რომ ახლა არ გცალია. ასე დამემართა ერთხელ და იმის მერე სულ ვცდილობ სახლში სამსახურის საქმეები არ გავიყოლო, საღამოობით ტელეფონი ჩემგან მოშორებით დავდო, ლეპტოპი ჩანთიდან არ ამოვიღო და შაბათ-კვირას მხოლოდ ბავშვებთან ერთად ვიყო. ამას მხოლოდ  ბავშვების გამო არ ვაკეთებ, მივხვდი, რომ იშვითად მანიჭებს რაიმე ისეთ დიდ სიამოვნებას, როგორც ბედნიერი შვილის დანახვაა და ეს მეც მჭირდება. თავს მნიშვნელოვან ადამიანად ვგრძნობ და ამის შემდეგ საქმეებსაც უფრო კარგად ვაკეთებ.

ფილმებს ხშირად არ ვუყურებთ. ვცდილობ, რომ შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვეს და ერთი ამბის ნიუანსები გარკვეული დროის განმავლობაში განვიხილოთ, ან კონკრეტული ამბების ალტერნატიული გაგრძელებები მოვიგონოთ და ასე გავერთოთ. ახალ ფილმს მაშინ ვეძებთ ხოლმე, როცა ვხვდები, რომ უკვე ნანახზე სალაპარაკო აღარაფერი დაგვრჩა. საერთოდ, ბავშვები კარგ იმპულსს გვაძლევენ ფანტაზიის გასავარჯიშებლად და ახალი უნარების აღმოსაჩენად. როგორია, მოიფიქრო ყოველდღე რაიმე ისეთი, რაც მათთვის იქნება საინტერესო, რაც მათ გაამხიარულებს, რასაც დაიმახსოვრებენ. სულაც არ არის მარტივი და როცა ჩემი ფანტაზია იწურება ხოლმე, მეგობრებს ვეკითხები, როგორ ართობენ თავიანთ შვილებს და ამ გამოკითხვის პასუხებიდან რამდენიმეს გამოვარჩევ.

ასე, მაგალითად, ვიცი, რომ თუ მსოფლიოს დიდ რუკას გაშლი იატაკზე, ათასი რამ შეგიძლია მოუყვე ბავშვს. დაწყებული სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში გავრცელებული ცხოველებითა და ფრინველებით, დამთავრებული მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით. შეგიძლია სხვადასხვა ქვეყნის შესახებ სხვადასხვა ხალხების ზღაპრები მოჰყვე, ოკეანეების კვეთისას მოგზაურობების ამბები გაიხსენო, მეზობლების ურთიერთობები განიხილო, სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივებზე ისაუბრო – ყველაფერი შენ მონდომებასა და ბავშვის ინტერესებზეა დამოკიდებული.

საღამოს სასეირნოდ გასვლისას შეგიძლიათ ჯიბეში ფერადი ცარცები ჩაიდოთ და ბავშვებთან ერთად რომელიმე კედლის ნახატებით გალამაზება სცადოთ. რამდენიმე დღეში თუ ისევ ამ ადგილს ჩაუვლით, მათ ძალიან გაუხარდებათ საკუთარი ნახატის ქუჩაში ნახვა.

თუ ცუდი ამინდია და გარეთ ვერ გადიხართ, სახლის რომელიმე მიკარგულ კუთხეში რაიმე საინტერესო ნივთი დამალეთ, სახლის გეგმა დახაზეთ და ამ გეგმაზე დამალული ნივთის მდებარეობა მონიშნეთ. თუ ნახაზი ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელი, დამალული ნივთი კი  მიმზიდველი იქნება, შეიძლება საათზე მეტიც კი გაატაროს მის ძებნაში.

აიღეთ ცარიელი სახატავი რვეული, მარტივი ფორმებით ბავშვებისთვის საინტერესო საგნები, ცხოველები, პერსონაჟები, სიტუაციები დახატეთ და საწოლის გვერდით ერთ რომელიმე დილას დაახვედრეთ. სთხოვეთ გააფერადოს ნახატები და თითოეულ ნახატს რაიმე ისტორია მოუფიქროს. თუ ბავშვი პროცესმა ჩაითრია, მას პირველი საკუთარი ხელით გაკეთებული ილუსტრირებული წიგნი ექნება.

დღის ბოლოს, როცა დასაძინებლად დააწვენთ, ჰკითხეთ რა მოეწონა და რა არ მოეწონა დღეს ყველაზე მეტად. ასე ბუნებრივად, გულისგამაწვრილებელი კითხვების გარეშე გაიგებთ, რა აწუხებს, რა ახარებს, რაზე ოცნებობს, რა უჩუყებს გულს, ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს ბავშვს და ეს ინფორმაცია შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს ჩვენს წარმოდგენებს.

რუტინიდან თავის დასაღწევად თვეში ერთხელ ან წელიწადში რამდენჯერმე მოაწყვეთ ყველა სურვილის ასრულების დღე. ასეთი დღეები, გარდა იმისა, რომ ეს თქვენი შვილებისთვის სასურველ ადგილზე წასვლის, ტკბილეულების ათვისების და სათამაშოების მიღების კარგი საშუალება იქნება, ასწავლის მათ თავიანთ სურვილებზე ფიქრს და დროთა განმავლობაში ადვილად გამიჯნავს ნამდვილ სურვილებს უბრალო ახირებებისგან.

ნასტასია არაბული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი