ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რატომ არ უნდა შევადაროთ ბავშვები ერთმანეთს

 რამდენიმე კვირის წინ სრულიად მოულოდნელად საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის მოწმე აღმოვჩნდი. ორი პატარა ბავშვით ავტობუსში ამოსულ ქალბატონს ახალგაზრდა მამაკაცმა ადგილი დაუთმო. ქალბატონი სკამზე დაჯდა და 3 წლის გოგონა კალთაში ჩაისვა.  4 წლის ბიჭუნა კი  დედის წინ ფანჯარასთან დადგა და ქუჩაში ყურება დაიწყო. ქალბატონის გვერდით მჯდომმა მგზავრმა წამოდგომა სცადა, რათა პატარა ბიჭუნა დედის გვერდით დაესვა. დედამ უკმაყოფილო სახით შვილს გახედა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს სთხოვა, არ ამდგარიყო: „ნუ შეწუხდებით, ის მაინც არ დაჯდება, ისეთი ჯიუტი და ურჩია, ვერაფერს გააგებინებ“; „აი, ეს კი“, – მიუთითა კალთაში მჯდომ მეორე შვილზე – „ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ბავშვია“. ბიჭუნამ განაწყენებული  სახით შეხედა დედას და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. დედის სიტყვებმა მასში აშკარად აგრესია და სიბრაზე გამოიწვია, რადგანაც დროდადრო ხან დედას გახედავდა უკმაყოფილო სახით და ხან დედის კალთაში მოკალათებულ საკუთარ დაიკოს უყურებდა შურის თვალით. მგზავრებს შეებრალათ „დაჩაგრული“ ბიჭუნა და სიყვარულით სავსე სახეებით უყურებდნენ მას. რამდენიმემ გამოლაპარაკება და მოფერებაც სცადა. თუმცა უცხო ადამიანების ასეთმა  „თანაგრძნობამ“  ბიჭუნას გუნება-განწყობა ვერ შეუცვალა – ის ხომ მისმა უსაყვარლესმა და უახლოესმა ადამიანმა სრულიად უცხო გარემოში ყველას წინაშე  „დაამცირა“.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი მაშინაც, როცა ერთ-ერთი მშობელი საკუთარ შვილებს მაცნობდა – „ეს ისეთი კარგი მყავს“, – მიმითითა მის გვერდით ამაყად და თავმომწონედ მდგომ 7 წლის გოგონაზე – „ამას ენაცვალოს დედა, ჩემი სიამაყეა“; „აი, ეს კი“, – მიმანიშნა დედისგან ოდნავ მოცილებით მდგომ 6 წლის ნინიზე, – „ვერ წარმოიდგენთ რა აუტანელია, მომკლა, გამაჭაღარავა, ნამდვილად ბოლოს მომიღებს“. როგორც შემდეგ გავიგე, პატარა ნინი უცნაურ ხერხს მიმართავდა, რომ დედიკოს თვალში თავის დაზე უკეთესი გამოჩენილიყო და მისგან შექება დაემსახურებინა – დილით ადრიანად დგებოდა, დაიკოს ტანსაცმელს უმალავდა, რომ ის დროულად ვერ მომზადებულიყო სკოლაში წასასვლელად,  თვითონ კი სასწრაფოდ სკოლის ფორმაში გამოეწყობოდა და ჩანთით ხელში, კმაყოფილი სახით კართან დგებოდა იმის ნიშნად, რომ დაიკოზე უფრო ყოჩაღია და დროულად მოემზადა სკოლაში წასასვლელად. თუმცა დედა კარგად ხვდებოდა მის ნამოქმედარს და შექების ნაცვლად კვლავ სჯიდა დაიკოს დაჩაგვრის გამო.

     აღნიშნული სიტუაციები კარგად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბავშვის საკუთარ დასთან ან  ძმასთან შედარებამ. ადვილი შესაძლებელია ასეთი შედარებების საფუძველზე მათ შორის აღმოცენებულმა შუღლმა და მტრობამ მოგვიანებით, დიდობაშიც იჩინოს თავი, რაც მშობლებს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.

     ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომელსაც არასოდეს შეუდარებია საკუთარი შვილი სხვისთვის. ხშირად ის არ შემოიფარგლება და-ძმების ერთმანეთთან შედარებით და საკუთარ შვილს ადარებს თანაკლასელს, მეზობლის ბავშვს – „შეხედე, გიო როგორი აქტიურია! ღონისძიება არ ჩატარდება, რომ სცენაზე არ იდგეს, შენ კი ერთი ლექსიც არ გითქვამს ჯერ“; „რა კარგად ლაპარაკობს ნინი ინგლისურად. შენ კი მთელი წელია გამეცადინებ და ორ წინადადებას ვერ ამბობ უშეცდომოდ“. ბავშვები არცთუ ისე იშვიათად ისმენენ ასეთ საყვედურებს მშობლებისგან, რომელთაც სურთ, რომ ყველაზე უკეთესი და წარმატებული შვილი ჰყავდეთ. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ასეთი შედარებებით ბავშვს გაუღვიძებენ სურვილს, მეტს მიაღწიოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შედეგი არცთუ ისე სასურველი და მისასალმებელია. საინტერესოა, რა ემოციები დაეუფლებოდა დედას, საკუთარ შვილს რომ ის მეგობრის დედისთვის შეედარებინა და ეთქვა – „გიოს დედა ბევრად უფრო კეთილი და გაგებულია, ვიდრე დედაჩემი“. ვფიქრობ, ნებისმიერი დედისთვის შვილისგან ასეთი სიტყვების მოსმენა დამთრგუნველი, საწყენი  და გამანადგურებელი იქნებოდა.  მაშინ რატომ უნდა შეხვდეს ბავშვი თანაკლასელთან, ძმასთან ან მეზობლის ბავშვთან მის შედარებას მშვიდად და უმტკივნეულოდ, მით უმეტეს,  როცა ამას მისთვის უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანი, დედა აკეთებს.

     მშობლების მსგავსად, ხშირად პედაგოგებიც იყენებენ მსგავს შედარებებს. მაგალითად, თუ კლასში რომელიმე ბავშვი ბეჯითი, აქტიური  და მონდომებულია, პედაგოგი ცდილობს, ყველა ბავშვს გაუღვიძოს სურვილი, რომ მას მიბაძონ – „როგორ ვამაყობ, რომ ნიკა ჩემს კლასშია, როგორ მინდა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ასეთი იყოს“. ერთი შეხედვით, პედაგოგის მიზანი ძალიან კეთილშობილურია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში უარყოფით შედეგს ვიღებთ და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ მას მიბაძოს, შეიძლება მასაც დაუქვეითდეს მოტივაცია და სწავლის სურვილი, ვინაიდან ზედმეტი ქების გამო, მასწავლებლის „ფავორიტი“ მოსწავლე თანატოლთა ჯგუფიდან გარიყული აღმოჩნდება ხოლმე.

     ამდენად, ალბათ ღირს დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ბავშვების ერთმანეთთან შედარება, მაშინაც კი, როცა ჩვენი მიზანი ძალიან კეთილშობილურია და ბავშვის „სასიკეთოდ“ არის მიმართული. როგორც წესი, თანატოლებთან მუდმივი შედარებების საფუძველზე ბავშვში შეიმჩნევა შფოთიანობის დონის მომატება, უქვეითდება თვითშეფასება, უჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, იკეტება საკუთარ თავში; ეშინია, რომ არაფერი გამოუვა ისე, როგორც სხვებს; წინასწარ განაწყობს საკუთარ თავს მარცხისა და წარუმატებლობისთვის. არსებობს საფრთხე, რომ დაირღვეს მშობელთან სულიერი კავშირი და ბავშვს დაეკარგოს მის მიმართ ნდობა. ამასთან ერთად, ბავშვს უჩნდება შიში იმისა, რომ ის აღარ ეყვარებათ, თუ არ გახდება ისეთი, როგორიც მის მშობლებს მოსწონთ. ეს კიდევ ერთი დარტყმაა მის თავმოყვარეობასა და თვითშეფასებაზე.

     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ბავშვს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის; არ ვეცდებით დავამსგავსოთ სხვას; გვეყვარება და ვიამაყებთ მისით, განურჩევლად იმისა, მარცხს განიცდის, თუ წარმატებას. გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი, ინდივიდუალური გზა და ვერასოდეს დაემსგავსება სხვას. ამდენად, არ არის საჭირო შევადაროთ სხვას და მოვითხოვოთ მისგან, რომ ის სანიმუშო და მისაბაძ თანატოლს დაემსგავსოს. ეს მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდება, როგორც ბავშვისთვის, ასევე მასთან ჩვენი ურთიერთობისთვისაც. ნუ დავივიწყებთ, რომ აღზრდის საფუძველთა საფუძველი ბავშვის სიყვარულია, რომელსაც ის აუცილებლად უნდა იღებდეს ჩვენგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი