სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

როდის ცდება ხალხი?

„ვინ არის ნაპოლეონზე, ვოლტერზე, აქამდე მოქმედ და მომავალში დასანიშნ მინისტრებზე უფრო გამჭრიახი? ყველაზე დიდი სიბრძნის აღმოჩენა საზოგადოებრივ აზრში, ხალხის დამოკიდებულებაშია შესაძლებელი“. ხალხი ყველა სწავლულზე უფრო შორსმჭვრეტელად ტალეირანს, ისტორიაში ყველაზე ცბიერ ავანტიურისტს მიაჩნდა. იგი ფიქრობდა, რომ საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ჭეშმარიტებისკენ არის მიდრეკილი. ტალეირანის აღნიშნული თეზისის მეც მწამს. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნად უამრავი გამონაკლისიც არსებობს. თეზისი ყველა სიტუაციაში, ყველა შემთხვევაში არ დასტურდება.

2016 წელს ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მოიპოვა. პრეზიდენტ სანტოსს კოლუმბიის ჯუნგლებში გახიზნულ მარქსისტ პარტიზანებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება დაუფასდა. უკანასკნელი 52 წლის განმავლობაში „ფარკის“ წარმომადგენლები კოლუმბიის მთავრობასთან ომს აწარმოებდნენ. ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ სახელისუფლებო ორგანოებს, არ აღიარებდნენ ქვეყანაში დადგენილ კანონებს, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე. „ფარკის“ წევრები ძალადობრივი რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში მოსვლას თავიანთ უპირველეს და უმთავრეს ამოცანად მიიჩნევდნენ. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთავრობასა და აჯანყებულ პარტიზანებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას 270 000-მდე კოლუმბიელის სიცოცხლე შეეწირა, ექვს მილიონამდე ადამიანი კი დაზარალდა. დაზარალებულთა ნაწილი სამუდამოდ დაავადდა, ნაწილმა მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა, ბევრი მათგანი დევნილად იქცა. მრავალწლიანი წინააღმდეგობის განმავლობაში „ფარკის“ წევრებმა არალეგალური შემოსავლების მოპოვების არაერთი წყაროს გამოძებნაც მოახერხეს. ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღის ბიზნესი, ტრეფიკინგი კონფლიქტის ზონაში დამატებითი რესურსების მობილიზების მთავარ გზად იქცა. აჯანყებულებსა და ოფიციალურ ხელისუფლებას შორის მიმდინარე ბრძოლებმა ქვეყანა არასტაბილურობის მუდმივ კერად ჩამოაყალიბა. ტერორისტული თავდასხმები და ადამიანთა გატაცებები კოლუმბიის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების მოპოვების პრეტენზიის მქონე ნებისმიერი პარტია იძულებული იყო, რომ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში აგრესიული მილიტარისტული პუნქტი ჩაედო. თუ პარტია ხალხს პარტიზანების წინააღმდეგ ომის გაგრძელებას არ დაჰპირდებოდა, ის საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსსაც კი დაკარგავდა. 2010 წელს ხუან მანუელ სანტოსმაც ომის რიტორიკით მოახერხა ამომრჩეველთა უმრავლესობის გულის მოგება. პოლიტიკოსის პრეზიდენტად არჩევა მისმა წარსულმა საქმიანობამაც განაპირობა. საუკუნის დასაწყისში სანტოსი ჯერ ვაჭრობის მინისტრი გახლდათ, მოგვიანებით კი თავდაცვის უწყება ჩაიბარა. ეკონომიკურ სფეროში საქმიანობის დროს მომავალი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა აჯანყებულთა სამეურნეო ბლოკადაში მოქცევისათვის, „ფარკი“ ხშირად პირველადი მოხმარების რესურსების დეფიციტსაც კი განიცდიდა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი სანტოსმა ყველაზე დაუნდობელი და შეურიგებელი საჯარო ფიგურის სახელი დაიმკვიდრა. იგი არაერთხელ ხელმძღვანელობდა პარტიზანების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლიან ოპერაციებს.

მიუხედავად წარსულის გამოცდილებისა, ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების დაუოკებელი სურვილისა სანტოსმა მშვიდობისკენ მაინც გადადგა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მან უარი თქვა კონფლიქტის ომით დარეგულირების შესაძლებლობაზე და მოსისხლე მტრებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა. მრავალწლიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დაგვირგვინდა – „ფარკმა“ უარი თქვა სისხლისზღვრაზე და არჩევნებში მონაწილეობაც კი გადაწყვიტა. ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში პირველად კოლუმბიაში გაჩნდა იმის შანსი, რომ ომში მონაწილეობის გამოცდილების არმქონე თაობა დაიბადოს.

როგორ შეხვდა ხალხი სანტოსის მიღწევას?

„ფარკთან“ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება სახალხო გამოკითხვის, პლებისციტის საშუალებით შეფასდა. მოქალაქეებმა საარჩევნო ურნებთან მისვლით მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის ინიციატივას. დევნილებმა, ომის ვეტერანებმა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ხმა შურისძიების ბოლომდე მიყვანას, „ფარკის“ მიწასთან გასწორებას დაუჭირეს. პრეზიდენტი სანტოსი დადგა საფრთხის წინაშე, მას შეიძლებოდა მშვიდობისთვის საკუთარი ბრძოლის განახლების მოტივაცია დაეკარგა. ის კინაღამ შეეწირა თავის სამშვიდობო ინიციატივებს. მას მოტივაცია ნობელის კომიტეტმა შეუნარჩუნა. კომიტეტის წევრებმა ასე იციან, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიმღებ მშვიდობის მაძიებლებს მთელ მსოფლიოს აცნობენ ხოლმე და ხალხებს რიგი მოქალაქეების დაფასებისკენ მოუწოდებენ. სამშვიდობო პროცესი პლებისციტმა ჩააგდო, ნობელის პრემიამ კი სანტოსს ნახევარსაუკუნოვანი ტერორის დასრულების (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე) ლეგიტიმაცია შესძინა.

როდის ცდება ხალხი?

საყოველთაო გადაწყვეტილებები ხშირად მაშინ არის ხოლმე მცდარი, როდესაც ადამიანებს პატიება არ შეუძლიათ და შურისძიების სურვილი ამოძრავებთ. ალბათ, საინტერესო იქნება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე კოლუმბიელი ხალხის უმრავლესობასა და ნობელის კომიტეტს შორის არსებული კონფლიქტის განხილვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი