პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მუსიკა… რამდენი რამ ჟღერს ამ ხმაში

ველით თუ არა, იმედითა და სიკეთით სავსე ახალი წელი მაინც მოდის, თანაც უკითხავად. ეს არის დრო, როცა შეგვიძლია, საქმეს ცოტა ხნით თავი მივანებოთ და დავისვენოთ. გამონათქვამი „საქმე არ იცდის“ ახალი წლის დღეებში აზრს კარგავს. ამ დღეებში თვით საქმეც ისვენებს.

და რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ არსებობს ზამთრის არდადეგების საინტერესოდ გატარების მოკრძალებული გზა – წიგნის კითხვა. საახალწლო საჩუქრადაც წიგნია საუკეთესო. ტკბილეული თუ შემოგვეჭმევა, ყველაზე ფასეული რამ, წიგნისგან მოგვრილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, სამუდამოდ დაგვრჩება. კითხვა ისედაც დღესასწაულია, ახალი წლის უქმეებზე კი ეს შეგრძნება ორმაგდება. რა მაგარია!

ზღაპრული სიუჟეტები დიდსა თუ პატარას იზიდავს. პატარებს დაუჯერებელი ამბებიც სჯერათ. ალბათ შეგვიმჩნევია, რომ ახალი წლის დღეებში ბავშვობა ჩვენშიც იღვიძებს და მცირე ხნით ზღაპარში გადაგვისვრის.

მზე ყინულის წინააღმდეგ

ვიხსენებ ბავშვობის მულტიპლიკაციურ ფილმებს და მათ შორის ყველაზე საყვარელს – ანდერსენის ზღაპრის მიხედვით გადაღებულ „თოვლის დედოფალს“. ყოველი ზღაპარი ბავშვებს სიბრძნესთან ერთად ერთ ციცქნა სიკეთეს მაინც უწილადებს. ამ ზღაპარში კაი და გერდა მზის სხივებით ტკბებიან, მღერიან, ვარდებს ჰკოცნიან და ესაუბრებიან… ეჩვენებათ, რომ სურნელოვანი ყვავილები მუდამ იხარებენ. გავა რამდენიმე დღე და უშიშარი გოგონა გერდა გატაცებული მეგობრის დასაბრუნებლად წარმოუდგენელ თავგადასავლებში ეხვევა. ახლაც კი მაფრთხობს იმის გაფიქრება, რა მოხდებოდა, ყინულის ნამსხვრევი კაის სამუდამოდ რომ ჩარჩენოდა გულში…

რა კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. ამ უკვდავ ზღაპარშიც გერდას სიყვარული, სიკეთე და თავგანწირვა იმარჯვებს.

გაკვეთილი

ლექსი, რომელსაც „გაკვეთილი მეორე“ ჰქვია, ეკა ქევანიშვილისაა. გაკვეთილი უწინარესად შვილისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მკითხველებისთვისაც, ვინაიდან პოეტური კრებული ყველა იმ ადამიანის საკუთრებაა, ვინც მას გადაშლის და წაიკითხავს. ეკას „ყინულის ლექსიდან“, რომლის „ბექგრაუნდი“ ცეცხლია, მხოლოდ ამ შვიდ სტრიქონს გთავაზობთ – სანახაობრივია და ზამთრის ამინდს უხდება.

„ზაფხულიდან თუ გამომხედავ,

ბოლო სართულის აივანზე შემდგარი

ეს თორმეტი ქანდაკება, ყინულის

– მე ვარ.

ზუსტად ამდენჯერ დავაპირე დაშვება და წამში გამყინა.

არ მიშვებს სუსხი. რამდენჯერაც ამოვისუნთქე,

ფილტვების ეს ხმა გამჭვირვალე ეშვივით შემრჩა…“

რა მოხდებოდა, რომ…

მუსიკალურ ბილიკს, რომელსაც ერთ კეთილ და თბილ საშობაო ფილმამდე მივყავართ, სასიამოვნო კადრების ფონზე მელოდიური სიმღერის გამო გთავაზობთ. უქმე დღეებში ფილმის ყურებაში დროის გატარება, წესით, დიდი დანაშაული არ უნდა იყოს, თუმცა თავად გადაწყვიტეთ, ჩემ მიერ, ორი სიტყვით, მოთხრობილი ამბის ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ თუ არა.

ალბათ, ერთხელ მაინც გაგივლიათ გულში: რა მოხდებოდა, რომ…

ალბათ, თქვენც დაიბნეოდით, მოულოდნელად ახალ რეალობაში რომ გაგღვიძებოდათ.

შობის ღამეს მთავარ პერსონაჟს შანსი ეძლევა, ოდესღაც დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ის ცხოვრება გამოსცადოს, რომელზეც თავის დროზე უარი თქვა. არჩევანის გაკეთება ყოველთვის ძნელია, რადგან ამ დროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დათმობა გვიწევს. ყოველი გადაწყვეტილებით ჩვენში ათობით ალტერნატივას ვკლავთ და ვეღარასოდეს გავიგებთ, რომელი იყო მათ შორის უკეთესი, თუმცა საბოლოოდ იმ გზას ვირჩევთ, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიგვიწევს გული.

ამბობენ, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, უკეთესის საწინდარიაო. არავინ იცის, რამდენად ამართლებს ეს გამოთქმა. და მაინც, ამ შობა-ახალი წლიდან უკეთესობის იმედი ვიქონიოთ.

მუსიკის ანგელოზი

ფრანგი მწერლის გასტონ ლერუს იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი მიუზიკლი „ოპერის აჩრდილი“ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბრიტანული მუსიკალური თეატრის ერთ-ერთ მიღწევად  მიიჩნევა. ლონდონსა და ნიუ–იორკში მთელი მსოფლიოდან ჩასული ათასობით ტურისტისთვის ეს სპექტაკლი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სანახაობაა.

პარიზის ოპერის მიწისქვეშეთში მობინადრე იდუმალი არსების ბნელით მოცული და რომანტიკული ისტორია არაერთხელ ყოფილა ეკრანიზებული. მიუხედავად ამისა, ის მაინც ენდრიუ ლოიდ უებერის შესანიშნავ მიუზიკლთან ასოცირდება.

ლეგენდა 1984 წელს დაიბადა, როდესაც მიუზიკლების „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“, „ევიტა“, „კატები“ ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ უებერი, ახალგაზრდა მომღერალსა და მსახიობ სარა ბრაიტმანზე დაქორწინდა. სარას მაღალი და წკრიალა სოპრანოსთვის უებერმა „რეკვიემი“ შექმნა, თუმცა მას სურდა, მეუღლის ტალანტი უფრო მასშტაბურად წარმოეჩინა და შექმნა კიდეც მიუზიკლი „ოპერის აჩრდილი“, რომელშიც ბრაიტმანმა იდეალურად შეასრულა მთავარი გმირის კრისტინ დაეს როლი. მას ღირსეულ პარტნიორობას უწევდა აჩრდილის როლის შემსრულებელი მაიკლ კროუფორდი.

რომანტიკულმა ისტორიამ, სევდიანი ფინალის მიუხედავად, ელვის სისწრაფით დაიპყრო მსოფლიო. „ოპერის აჩრდილი“ აუდიტორიის ერთ-ერთ უსაყვარლეს ნაწარმოებად იქცა. მას მიღებული აქვს ლოურენს ოლივიეს სახელობის ჯილდო ნომინაციაში „ყველაზე პოპულარული მიუზიკლი“ და პრემია „ტონი“.

უესტ-ენდსა და ბროდვეიზე სპექტაკლი 10.000-ჯერ მაინც დაიდგა, ამერიკის საზღვრებს გარეთ კი წარმოდგენილ იქნა 25 ქვეყნის 149 ქალაქში, სადაც ის 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მიუზიკლი დღესაც ავსებს დარბაზებს.

სცენაზე აჩრდილის იდუმალი, პირქუში სამყარო ადამიანების მოუსვენარ რეალობას უპირისპირდება. „ოპერის აჩრდილი“ მოგვითხრობს ნიჭიერი ახალბედა მომღერლის ქრისტინ დაეს შესახებ, რომელმაც მარტოობას შეჩვეულ ოპერის აჩრდილს მოსვენება დაუკარგა.

აჩრდილის ნიღაბქვეშ რთული პიროვნება იმალება. გენიალური ილუზიონისტი, ინჟინერი, არქიტექტორი, კომპოზიტორი და მომღერალი, თანდაყოლილი სიმახინჯის გამო იძულებულია, სამუდამოდ გაერიყოს საზოგადოებას. ერიკი ოპერის მიწისქვეშეთში სახლდება და მას საკუთარ იმპერიად აქცევს. ის თავს თეატრის ბატონ–პატრონად მიიჩნევს.

ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, ერიკს გრძნობების მიმიკით გამოხატვა არ შეუძლია, ვინაიდან იძულებულია, მუდამ ნიღაბი ეკეთოს. სამაგიეროდ, მას აქვს ხმა – მომაჯადოებელი, ჭეშმარიტად მომნუსხველი. ხმა აჩრდილის ემოციების მთელ სპექტრს გადმოსცემს.

ერიკის ხმა მისი სულია.

ლეგენდის თანახმად, მუსიკის ანგელოზი უმანკო ბავშვებს ევლინება, ხოლო ბიწიერ ადამიანებს სიახლოვესაც არ ეკარება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: სიკვდილის წინ ქრისტინეს მამა დაჰპირდა, რომ აუცილებლად მოუვლენდა „მუსიკის ანგელოზს“.

გავიდა დრო. ობოლი კრისტინი ოპერის თეატრის მომღერალი გახდა. მუსიკალური ცხოვრება კი სულაც არ ჰგავს ლამაზ ზღაპარს. აქაური რეალობა მკაცრია და არსებობისთვის, მთავარი როლებისა და მდიდარი მფარველების მოსაპოვებლად მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ნიჭიერ, მაგრამ უცნობ კრისტინს არავინ მისცემს მთავარ როლს. სწორედ ამ დროს მოევლინება მას „მამის დაპირებული“ „მუსიკის ანგელოზი“ ერიკი – შემწედ, მფარველად და მასწავლებლად.

ერიკის სიცოცხლე კრისტინის ხელშია. აჩრდილი, რომელიც ძრწოლას ჰგვრის პარიზს, მხოლოდ კრისტინის წინაშეა უძლური.

მაგრამ აჩრდილის კეთილშობილურ ნაბიჯს მოგვიანებით  არასასიამოვნო მოვლენების მთელი ჯაჭვი მოჰყვება.

ფინალი ერიკისთვის ტრაგიკულია: უპასუხო სიყვარულმა ის თავგანწირვამდე მიიყვანა.

მიუზიკლის სიუჟეტი მაყურებელს ჭეშმარიტი სიყვარულის ძალას აჩვენებს- სიყვარულს შეუძლია, ფიზიკური ნაკლის გამო გულქვად ჩამოყალიბებული ადამიანი კეთილშობილ პიროვნებად აქციოს.

გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებითა და შესანიშნავი ქართული საშობაო სიმღერით.

ბედნიერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი