ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

შეიძლება ითქვას, რომ ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან ახალ ზელანდიამდე კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი.

ეს საოცარი ქვეყანა – ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand; მაორი.– Aotearoa) წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ და მათ ერთმანეთისგან კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა ახალი ზელანდიის შემადგენლობაში კიდევ 700–მდე პატარა კუნძულია, რომელთა უმრავლესობა დაუსახლებელია. მათ შორის ყველაზე დიდებია: კუნძული სტიუარტი, ანტიპოდის, ოკლენდის, ბაუნტის, კემპბელის, ჩატემის და კერმადეკის კუნძულები. ქვეყნის საერთო ფართობი 268 680 კმ²-ია. ამ მონაცემით იგი ცოტათი პატარაა იტალიასა და იაპონიაზე, და ცოტათი დიდია დიდ ბრიტანეთზე. ახალი ზელანდიის სანაპირო ზოლის სიგრძე 15 134 კმ–ია. ახალი ზელანდია ორ სასაათო სარტყელში მდებარეობს.
წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 370 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ კუნძულები დასახლებული იყო. თუ საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი, ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.

ახალი ზელანდიის აბორიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ მცხოვრებთა ბელადს ვინმე კუპეს შეუმჩნევია, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა – ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა. მან გადაწყვიტა ეპოვა ის ადგილი, სადაც კოხოპეროა ბინადრობდა. კუპე ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი – ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მათ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აოტეაროა უწოდა, რაც „გრძელ, თეთრ ღრუბლებს” ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში, კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე „მოცურავე” ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.
მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.

ევროპელებზე უფრო მეტად ალბათ მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე ახალი ზელანდიის სანაპიროები აღნიშნა, მაგრამ თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა არ გაუმხელია. ამიტომაც ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეშინებიათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა. ახალი ზელანდია ოფიციალურად მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის ქვეყანაში მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული. 1901 წლამდე ავსტრალია და ახალი ზელანდია ერთი ქვეყანა იყო. კუნძულოვანმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა 1907 წელს მოიპოვა. ამჟამად ახალი ზელანდია ტოკელაუსთან, ანტარქტიკულ როსის ტერიტორიასთან და თავისუფალ ასოციაციაში მყოფ სახელმწიფოებთან, ასევე კუკის კუნძულებთან და ნიუესთან ერთად ახალი ზელანდიის სამეფოს ქმნის.
ახალი ზელანდია უნიტარული სახელმწიფოა, რომელიც დაფუძნებულია კონსტიტუციური მონარქიის პრინციპებსა და საპარლამენტო დემოკრატიაზე. აქ არ არსებობს კოდიფიცირებული კონსტიტუცია, მაგრამ არსებობს მთელი რიგი კონსტიტუციური ბრძანებულებები, რომელთაგან პირველი 1846 წელს, ხოლო უკანასკნელი 1986 წელსაა მიღებული. სახელმწიფო წყობის ძირითად პრინციპებს კონსტიტუციური ბრძანებულებები, კონსტიტუციური ჩვევები და სხვა საკანონმდებლო აქტები ადგენენ. ქვეყანაში ორი ჰიმნია მიჩნეული სახელმწიფო ჰიმნად — «ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია» (ინგლ. God, Defend New Zealand) და «ღმერთო, დაიცავი დედოფალი» (ინგლ. God, Save the Queen). ორივეს თანაბარი სტატუსი აქვს, თუმცა «ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია» უფრო მიღებულია.

ქვეყნის კლიმატი ჩრდილოეთი კუნძულის ჩრდილოეთში თბილი სუბტროპიკულია, ხოლო სამხრეთით – გრილი ზომიერი. თანაც, ოკეანის სიახლოვის გამო ახალ ზელანდიაში ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის სხვაობა 10 გრადუსს არ აღემატება. კუნძულებზე მრავალფეროვანი ლანდშაფტებია. აქ გვხვდება სამხრეთ ალპების მთები, რომელიც, სხვათა შორის, უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთის, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპები ერთად, ასევე ვულკანები, ფიორდები, მყინვარები, გეიზერები, ტბები, ტყეები და ვრცელი ბალახით დაფარული დაბლობები.

ქალაქი როტორუა მუდამ ორთქლშია გახვეული იქ არსებული მრავალრიცხოვანი გეიზერების გამო
ახალი ზელანდიის მთავარი სიმბოლოა მისი მწვანე და სუფთა იმიჯი. აქ არ არის ატომური და თბოელექტროსადგურები, სამაგიეროდ მრავლადაა ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც ბუნებას ზიანს არ აყენებს. ასევე არაა მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ხოლო ტერიტორიის 25% ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებს უკავიათ. ქვეყანაში შექმნილია 14 ეროვნული პარკი, 4 საზღვაო პარკი, 21 საზღვაო და სანაპირო ნაკრძალი და 3000-ზე მეტი რეზერვატი.
ახალი ზელანდიის მოსახლეობა 2013 წლის მონაცემებით 4 242 048–ს შეადგენს. მათ შორის 75% ევროპელია, 15% – მაორები, დანარჩენი კი ემიგრანტები, ძირითადად, ჩინეთიდან, ფიჯისა და სამოას კუნძულებიდან. ქვეყანაში სამი სახელმწიფო ენაა: ინგლისური, ახალზელანდიური ნიშნების ენა და მაორების ენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ახალი ზელანდიისა, აბორიგენების ენა არ არის სახელმწიფო ენად აღიარებული. ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის 1893 წელს პირველად სწორედ ახალ ზელანდიაში იქნა აღიარებული ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობა და ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა” განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ კი მეცხოველეობა. იგი აწარმოებს დიდი რაოდენობით მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება) და ლიდერია რძის პროდუქტების ექსპორტით.

ტურიზმი და ტურისტული ინდუსტრია ახალი ზელანდიის ეკონომიკის მთავარი ელემენტი ხდება, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის ადგილმდებარეობა და მისი ბუნების სილამაზე, ასევე მაღალი დონის სერვისი, მოხერხებული სატრანსპორტო სტრუქტურა და ტურისტების ქვეყანაში მოზიდვის აქტიური პროგრამის განვითარება. დღეისათვის ტურიზმი ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის არანაკლებ 10%-ს ქმნის. ტურიზმის სფეროში დაკავებულია თითქმის 18 000 საწარმო და ისინი ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაახლოებით 10%-ს ქმნიან. 2006 წელს ქვეყანა თავის ისტორიაში ტურისტების რეკორდულმა რაოდენობამ – 2 422 000 ადამიანმა მოინახულა.
ახალ ზელანდიაში ძალიან ბევრი ავტომობილია – თითქმის 2,5 მლნ 4.2 მლნ ადამიანზე. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1% სარგებლობს მატარებლით და 2% – ავტობუსით. გზებს აქ მარილს არ აყრიან, ამიტომ მანქანები ნაკლებად იჟანგება. შესაბამისად ავტომობილების 2/3–ის ასაკი 7–16 წელია. 2005 წელს ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც შემოიღეს ბეგარა ნახშირორჟანგზე, ანუ ატმოსფეროში გამონაბოლქვზე.

ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, რომლის მოსახლეობა 431400–ს შეადგენს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ქალაქში ბარებისა და რესტორნების რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე ბევრად აჭარბებს ნიუ–იორკის ბარებისა და რესტორნების რიცხვს.

ახალ ზელანდიაში ძალიან პოპულარულია სპორტი, განსაკუთრებით კი რაგბი. ქვეყნის ეროვნულ გუნდს All Blacks–ს თამაშების 73% –ზე მეტი აქვს მოგებული.

ზელანდიელებმა მოიგონეს ბანჯი–ჯამპინგი.

დაბოლოს, სტატისტიკის თანახმად, ჩვენი პლანეტის ყოველი მესამე მცხოვრები ახალ ზელანდიას საცხოვრებლად ყველაზე კარგ ადგილად თვლის და ოცნებობს მის მონახულებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი