პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიმორცხვე ბავშვებში და მისი დაძლევის გზები

ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი

ვფიქრობ, ძნელია ისეთი აღმზრდელის პოვნა, რომელსაც მორცხვი ბავშვი არ შეხვედრია და არ იცის, როგორ იქცევა ის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისთვის უცხო გარემოში ხვდება. თუმცა ბევრი ადამიანი ბავშვის სიმორცხვეს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ალბათ ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მორცხვი ბავშვი აღმზრდელს სერიოზულ პრობლემებს ნამდვილად არ უქმნის. ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ სიმორცხვის გამო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს.

პატარა სანდროს შემთხვევა ამ ფაქტის შესანიშნავ დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს. 6 წლის სანდრო პირველი კლასის მოსწავლეა, მშვიდი, წყნარი, აუღელვებელი, გაკვეთილზე მასწავლებელს ყურადღებით უსმენს, თუმცა, დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სანდრო გონებრივი განვითარების საკმაოდ მაღალი დონით ხასიათდება. ცოდნაც საკმარისი აქვს იმისათვის, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაუჭირდეს, თუმცა, ხელს არასოდეს იწევს, პასუხის გაცემის და ცოდნის გამომჟღავნების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს. ხოლო, როცა მასწავლებელი მას პირადად მიმართავს, ის მორცხვად, თავჩაღუნული დგას და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არაფერი იცის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შევეცადე სანდროს ღირსებებზე მისი თანაკლასელების თანდასწრებით მესაუბრა – “სანდრო ისეთი ჭკვიანი და გონიერი ბიჭია, ისეთი დავალებების შესრულება შეუძლია, რომელსაც ზოგი მასზე უფროსი ბავშვიც კი ვერ ასრულებს”. (ასეთი შესაძლებლობები ბავშვმა ნამდვილად გამოამჟღავნა ჩვენი პირველივე შეხვედრის დროს). ამ სიტყვების მოსმენისას სანდრომ თავი ასწია, გაეღიმა და მასწავლებლის შეკითხვას უპრობლემოდ უპასუხა. მორცხვი ბავშვები ხშირად ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და იმ სირთულეების გამო, რომლებსაც განიცდიან თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას, ისინი პოზიციებს იმათ უთმობენ, ვინც შესაძლოა ნაკლებად ნიჭიერი, თუმცა უფრო აქტიურია.

სიმორცხვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება, შფოთვის მაღალი დონე, უინიციატივობა, ჩაკეტილობა, შებოჭილობა, დაბალი ხმით საუბარი, შიში, საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, დაძაბულობა, მოუხერხებლობა, საუბრის დაწყების შიში. მორცხვ ბავშვს ძალიან უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, საუბრისას თავდახრილია და გაურბის თანამოსაუბრისთვის თვალებში შეხედვას, უპირატესობას ანიჭებს მშვიდ თამაშებს. როგორც წესი, თამაშისას ან მეორეხარისხოვან როლს ირჩევს ან საერთოდ არ იღებს მასში მონაწილეობას. ცდილობს იყოს შეუმჩნეველი თანატოლთა შორის. ურჩევნია დარჩეს ჩრდილში. გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. არ უყვარს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რადგან ამ დროს ხშირად იბნევა, ავიწყდება სიტყვები. ის დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მხოლოდ მისკენაა მიმართული, და, რომ ეს ყურადღება აუცილებლად ნეგატიურია, რომ გარშემომყოფები კრიტიკულად აფასებენ მის გარეგნობას, ქცევას, ხედავენ ყველა მის ნაკლს და ა.შ. მორცხვი ადამიანი მწვავედ განიცდის საკუთარ ნაკლს, საკუთარ დადებით თვისებებს ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს. ეშინია, რომ სხვის თვალში სულელად გამოჩნდება, ნებისმიერი კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, არ შეუძლია თავის დაცვა, მუდმივად განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. როგორ წესი, სიმორცხვის თანმხლებია ისეთი სომატური გამოვლინებებიც, როგორიცაა: პულსის გახშირება, სისხლის წნევის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, სახის გაწითლება, არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში, მთელი სხეულის დაჭიმულობა. ადრეულ ბავშვობაში თითქმის ყველა პატარა გადის სიმორცხვის პერიოდს. ამის შემჩნევა არც ისე ძნელია – ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან შეხვედრისას მორცხვი ბავშვი, როგოც წესი, დედის ზურგს უკან იმალება, წითლდება და გაურბის ურთიერთობას. ამ ასაკში ბავშვმა სიმორცხვე შეიძლება უახლოეს ადამიანებთანაც კი გამოამჟღავნოს. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში, ბავშვი ახერხებს სიმორცხვის დაძლევას. თუმცა ზოგიერთ ბავშვს სიმორცხვე ხასიათის თვისებად უყალიბდება და ის შეიძლება მოზრდილობის პერიოდშიც შენარჩუნდეს. ზღვარგადასული სიმორცხვე კი, როგორც წესი, პიროვნების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. ამდენად სასურველია, რომ სიმორცხვის დაძლევაზე ბავშვის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ვიზრუნოთ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოვახერხოთ, უნდა ვიცოდეთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სიმორცხვის გამომწვევი მიზეზი.

სიმორცხვის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·ბიოლოგიური, გენეტიკური განპირობებულობა, ნერვული სისტემის ტიპი. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, მორცხვი ბავშვის მშობლებიდან ხშირ შემთხვევაში ერთი მაინც ხასიათდება სიმორცხვით. როგორც წესი, ბავშვი მშობლის ქცევის იმიტაციას მიმართავს. ამდენად, თუ მშობელი მორცხვობს, დიდი ალბათობით ბავშვიც მორცხვი იქნება;

·სტრესული სიტუაცია – თუ ბავშვი უცხო სიტუაციაში დაამცირეს სხვების თანდასწრებით, შეიძლება მას გაუჩნდეს უნდობლობა ადამიანების მიმართ ურთიერთობის შიში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ასევე სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, სხვა სკოლაში გადასვლამ, მშობლების დაცილებამ, დაუცველობის გრძნობამ, უსაფრთხოების არარსებობამ;

·მშობლების დამოკიდებულება შვილთან – მკაცრი, კრიტიკულად განწყობილი ავტორიტარი მშობლების შვილები, როგორც წესი, საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და მორცხვობენ. თუ ბავშვი მხოლოდ საყვედურებს და კრიტიკას ისმენს მშობლისგან, დიდი ალბათობაა, რომ ის მორცხვი გახდეს. ზედმეტი კრიტიკის გამო, ბავშვს ხშირად ეშინია შეცდომის დაშვება და სწორედ ეს იწვევს სიმორცხვეს. ამ გზით ის კრიტიკისაგან „თავის დაცვას ახერხებს”. მშობლების მხრიდან უყურადღებობა ან პირიქით, ზედმეტი ყურადღება და ჰიპერმზრუნველობაც შეიძლება სიმორცხვის გამომწვევ მიზეზად იქცეს.

უნდა ითქვას, რომ დროებითი სიმორცხვე არ საჭიროებს კორექციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როცა ვხედავთ, რომ სიმორცხვე ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია. სიმორცხვის დაძლევა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ, სანამ ის ხასიათისა და ქცევის მყარ თვისებად არ ჩამოყალიბებულა.

რეკომენდაციები სიმორცხვის დასაძლევად:

·მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში, ყველა თავისი ღირსებითა და ნაკლით, ყველა თავისი პიროვნული თვისებით;

·ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებს: „შეხედე, როგორი თამამი და გაბედული გოგონაა ნინი, რა კარგად გამოვიდა სცენაზე ამდენი ხალხის წინაშე. როგორ მინდა, შენც ასეთი იყო”.

·ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის წარუმატებლობაზე, პირიქით, შეეცადეთ არ გამოგრჩეთ მისი სულ უმნიშვნელო მიღწევაც კი და შეაქეთ წარმატებისთვის (ზემოაღწერილ შემთხვევაში სანდროს ქცევამ კარგად დაგვანახა, როგორ მოქმედებს ბავშვზე მისი, თუნდაც სულ უმნიშვნელო წარმატების აღნიშვნა, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით);

·ნუ მიაკერებთ ბავშვს მორიდებულის და მორცხვის იარლიყს. ნუ ისაუბრებთ სიმორცხვეზე მისი თანდასწრებით;

·არ დაუშვათ, რომ ადამიანებმა დასცინონ და შეარცხვინონ ბავშვი მორიდებულობის, სიმხდალისა და მარცხის გამო;

·შეეცადეთ განუმტკიცოთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა კომენტარებით – „ყველაფერი გამოგივა”, „კარგად ხარ მომზადებული” და ა.შ.

·ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეზე (მაგ. სხვა ადამიანის გრძნობის გაგების უნარი, თავშეკავება, სიფრთხილე) და არა სიმორცხვეზე. ნუ გამოვიყენებთ ბავშვის დასახასიათებლად ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: მორცხვი, მორიდებული, მხდალი და ა.შ.

·ნუ მოითხოვთ ასეთი ბავშვისგან, რომ იყოს თამამი, გაბედული. თქვენი მოთხოვნები ამ შემთხვევაში შედეგს ვერ გამოიღებს. მორცხვი ბავშვისკენ მიმართული სიტყვები – „აქ არაფერია საშიში” – ხშირად ვერაფერს ცვლის. უკეთესი იქნება ისეთი პირობების შექმნა, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. შიშის გაფანტვის საუკეთესო საშუალება დედასთან სიახლოვე, მისი ალერსია. ნუ ვუყვირებთ ნურც ბავშვს და ნურც სხვას ბავშვის თანდასწრებით;

·ნუ შეგვაშინებს ის, რომ განვითარებისთვის კომფორტული პირობების შექმნით და ნეგატიურის თავიდან აცილებით ჩვენ ბავშვს „სათბურის” პირობებს შევუქმნით, რის გამოც მომავალში შეიძლება მას ძალიან გაუჭირდეს მკაცრ რეალობასთან შეგუება. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული მზრუნველობა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელის შეშველება შეიძლება მართლაც ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. საჭიროა მისთვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნა, რომელიც მას საკუთარი თავის რწმენასა და დამოუკიდებლობას შეჰმატებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივცეთ გარკვეული თავისუფლება, იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და გადაჭრას პრობლემა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არ დავტოვოთ ის მარტო იმ სირთულეების პირისპირ, რომლისთვისაც ჯერ მზად არ არის.

გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თავისთავად სიმორცხვე ტრაგედია არ არის. თუმცა უყურადღებოდ დატოვებისა და დაუძლევლობის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, ის სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს და განვითარების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორადაც მოგვევლინოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი