პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გულქანი და ეთერო

მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ უფრო ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი და მეშვიდე ან მერვე კლასელებს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას სახელმძღვანელოებში შეტანილი ბიოგრაფიებით არ ვასწავლიდი. ტყუილი შრომაა – გონებაში მხოლოდ ფაქტები და თარიღები შედის და სტატისტიკურ მარაგს უფრო ამდიდრებს, ვიდრე წარმოსახვას.

ცხოვრება ადამიანის ვნებები, მიწყდომ-მოწყდომა, სიხარული, გამარჯვება და მარცხია – და ეს რომ სკოლის ასაკიდანვე ვიცოდეთ, მგონი, აჯობებდა, მით უმეტეს, დიდი კაცის კვალს და საქმეს ადევნებულებმა.

ჩვენში ბევრი კარგი ბიოგრაფიული წიგნი დაწერილა, ახლაც იწერება, მაგრამ ის ერთი, რომელსაც ძალიან უჩვეულო და მშობლიური სახელი ჰქვია, ფორმითაც და მნიშვნელობითაც გამორჩეულია.

eter tataraidze

1987 წელია, ივლისის თვე და ჩარგალში ჩასულ ეთერ თათარაიძეს გულქან რაზიკაშვილი ეუბნება:

„სიღარიბე, შვილწვრილობა და ძალიან, ძალიან მაკვირვებს, ის ფიქრი საიდანღა ჰქონდა მამასა, შვლის ნუკრზე საფიქრლად ნეტა როდის დაჯდა ჩემი მამა, სუ აღელვებული, სუ დაღალული…

მამაჩემსავით მე რას გამოვიყვან, ან რას გიამბობ, ჩემო ქალო, მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი!“

ვაჟა-ფშაველას ცხოვრება-შემოქმედების გასაღებიც მგონი ეს არის – გენიოსის შვილის მონათხრობი, რომელსაც მამა ღმერთის ტოლად უცნია და არათუ გადმოცემით, საკუთარი თვალით ახსოვს. მისი წასვლიდან დიდი ხნის შემდეგ კი უცებ ის სიტყვები აღმოხდება, რასაც ალბათ მთელი ცხოვრება ინახავდა.

დიდი ადამიანის შვილობა, ერთდროულად მადლიცა და ტვირთიც, გულში ჰქონდა გამოტარებული გულქან რაზიკაშვილს, ბევრი ისეთი ამბავი გადაენახა ამ გულის კუნჭულებში საიდუმლოდ, რომელიც სამუდამოდ დაგვეკარგებოდა, ეთერ თათარაიძე რომ არა.

ამირან არაბული იხსენებს, გულქანთან ჩემი სტუდენტობისდროინდელი შეხვედრის ჩანაწერები რომ წაიკითხა უბის წიგნაკში, არ მომეშვა ეთერო, საშველი და მოსვენება არ მომცა, სანამ ჩარგალში არ წავიყვანე, და იმ დღიდან სულიერი ერთობის, თანაზიარობისა და ლამის ნათესაური ბილიკი გაიკვალა ჩვენ შორისო.

„მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ ბევრი რამ მიზეზით საჭირო და სასარგებლო წიგნია. ჯერ ერთი და მთავარი, ვაჟა-ფშაველას შესახებ არსებული ალბათ ყველაზე სანდო წყაროა: აქ კარგად ჩანს ვაჟას ხასიათი, ყოფა, ოჯახი, ურთიერთობები სოფელთან („ბარემ იკვეთეს მამაჩემი, მაგრამა ღმერთმა და ქვეყანამ არ მაიკვეთა“); პირად თემებსაც ეხება გულქანი („ვაჟას ქალები უყვარდაო!… სადა სცალოდა წაწლობისა და ქალებისთვინა; მე არ ვიცოდი, მამაი რაი იყო, მაშ, ფიი!.. რომელი მწერალია, რო ქალებზე არა სწერდეს!.. ფეთებას შეიყრიდა, ქალი რასა ჰქვიანო, განა ქალს არ ახსენებდა, ქვეყანა ლამაზიც არი და უშნოცა, თვალების ჭკვაზე უნდა იაროს კაცმაო?.. გულის ხმაზე უნდა იაროს, გულის ჭკვაზედაო, – იცოდა…“).

კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების რეალურ პროტოტიპებზეც გვაძლევს ინფორმაციას. თუნდაც ეს ფრაგმენტი: „ბუები“ არ წაგიკითხავ, ეთერო? ეგეც თავის ობლებზე აქვ დაწერილი ბეჩავ მამასა. „ვერ მოჰხელეო“. – რამდენჯერ ვეძახდით ობოლ-ოხრები ერთმანეთსა დაკარგულ საქონზედა შავშუაღამესა. ეეე!..“ ან ეს: „ხმელი წიფელი? როგორ არ მახსონ! აი, ზენ სადამ იყო ხმელი წიფელი, ახუნის გორ. საქონი დამიდიოდა, რას არ მახსონ… ჩემ გულს რა შედრეკდა…“.

კიდევ ის, რომ ამბებით მდიდარი წიგნია. ეტყობა, ეთერ თათარაიძემ ბოლომდე გახსნა გულქან რაზიკაშვილი და თითქმის ყველაფერზე ალაპარაკა: აკაკისგან ნათქვამი „ენას გიწუნებ, ფშაველოს“ ვაჟასეული გამოხმაურება ოჯახში (მისი ლექსი „აკაკის პასუხად“ ყველამ ვიცით); დედინაცვალისა და გერების ურთიერთობა; „სტილნი“ მწერლებთან ქალამნიანი პოეტის შეხვედრები; ბიძის – თედოსა და ძმის –  ლევანის ტრაგიკული აღსასრულის ნამდვილი ვერსიები; ჩარგლიდან შორს – დიდუბეში დამარხული მამის მონატრება…

ქართულ დოკუმენტურ ლიტერატურაში, ბიოგრაფიულ რომანებში იშვიათად მოიძებნება ასეთი მარგალიტი, ტკივილიანი, ემოციურად სრულყოფილი და დამაჯერებელი, ისეთი, ეს ადგილი რომაა:

„ისე მივდივარ სამარეში, მამის სამარე არ მინახავ. რო დამიწყებენ, განახვებთო, ვატყუებ, ვყოფილვარო, ზოგთა. ეთერო, შენ იცოდე სიმართლე, რო მე მამის სამარე არ მინახავ, არა, ქალო, არ შემიძლავ იმის საფლავის ნახვა, არა. მე ვინც მიყვარდა, იმის საფლავს რა მანახვებს. არა ვნახავ იმის სამარესა, არა. წარმოვიდგენ, რო ძვლებიღაა და რანაირათ უნდა ავიტანო, იქავ გავთავდები, იქავა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი