ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვახუშტი – ისტორიკოსი თუ გეოგრაფი?

ვაკეთებ, რაც მიყვარს და ვწერ, რასაც ვაკეთებ… ეს სტატიაც სიყვარულმა დამაწერინა. ჩემს სიყვარულზე მინდა მოგიყვეთ. მე ვახუშტი მიყვარს… დიახ, ვახუშტი ბაგრატიონი, გეოგრაფიისა და ისტორიის ფუძემდებელი.

„…ხოლო ქვეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. პირველად – საქართველო, მეორედ – ივერია, მესამედ – გეორგია. ხოლო საქართველო არს სახელი ქართლოსის გამო, რომელსა წილად ხვდა ქვეყანა ესე და, სადა აშენა, უწოდა სახელითა თვისითა ქართლი და მის გამო მორჩილთა ანუ წილხდომილთა მისთა ეწოდა საქართველო…
…ხოლო არს მთანი და ტყენი აურაცხელითა ყვავილითა, მწვანითა და სურნელითა აღსავსე, ხენი სხვადასხვა ხითა შვენიერითა ჭალათა და მთათა შინა.

…და მდებარეობს კასპიისა და პონტოს ზღვას შორის. გარნა არს ქვეყანა შვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ, და არა ხელოვნებითა კაცთათა…

ხოლო კაცნი ამის ქვეყნისა არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი… ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თვალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვიათ შავგვრემან და მოყვითან, იშვიათ თვალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშვებული და დაწნული, ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკვეცილნი; წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვიათ სქელნი, მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი… სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა, სტუმართა და უცხოთ მოყვარენი…”

განა შეიძლება, ამ სიტყვების ავტორი არ გიყვარდეს?! თავადაც ხომ სიყვარულით აქვს გადმოცემული საქართველოს აღწერა – „მწვანითა და სურნელითა აღსავსე”…

მაგრამ ვინ იყო ვახუშტი?

– მასწ, ვახუშტი გეოგრაფია თუ ისტორიკოსი? – გამომცდელად მკითხეს საკლასო ოთახში შესულს ჩემმა მეცხრეკლასელებმა.

– რაო, რა გითხრათ თქვენმა ისტორიის მასწავლებელმა? – მივხვდი, ჩემს კოლეგას ესაუბრა მათთან. ვიცი, მასაც უყვარს ვახუშტი.

– ისტორიკოსიაო, – კიდევ უფრო დაძაბეს სიტუაცია.

გამეღიმა. თან იციან, რომ ვმეგობრობთ. აბა, ისე როგორ გამოვა, კათედრის წევრებმა არ ითანამშრომლონ და არ იმეგობრობონ.

– ვინ იყო ვახუშტი, მოდი, მე, თქვენ და თქვენმა ისტორიის მასწავლებელმა ერთად გავარკვიოთ, – ვუთხარი ჩემებს. ესეც კიდევ ერთი ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა.

მართლაცდა, ვინ იყო ვახუშტი? გეოგრაფი? ისტორიკოსი?

ადამიანი, რომელიც საქართველოს ძნელბედობის ჟამს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, არც პირადი განსაცდელი დაჰკლებია ბედისგან, და შექმნა ნაშრომები, რომლებიც 300 წლის შემდეგაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

„ვახუშტის თხზულება… ყოველი მკვლევარისთვის ყოველთვის აუცილებელი წყარო იქნება… იგი მუდამ უკვდავების შარავანდედით იქნება მოსილი და არასდროს მნიშვნელობა არ დაეკარგება…” – წერს ივანე ჯავახიშვილი.

ვახუშტის ნაშრომი საქართველოს კუთხეების გეოგრაფიულ აღწერას შეიცავს. ფიზიკურ-გეოგრაფიულ მონაცემებთან ერთად იგი აღნუსხავს ციხე-ქალაქებს, სოფლებს, ეკლესია-მონასტრებს, სასახლეებს, ხიდებს, არხებს; აღწერს საქართველოს ცალკეული კუთხეების ლანდშაფტს, კლიმატურ ზონებთან შეფარდებულ მეურნეობის დარგებს, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას (როგორც სასოფლო-სამეურნეოს, ასევე ხელოსნურ დარგებსაც).

„ადგილის აღწერაში” თავმოყრილია ისტორიული გეოგრაფიის, ფიზიკური გეოგრაფიისა და ეკონომიკური გეოგრაფიის მონაცემები. ვახუშტიმ დიდი წვლილი შეიტანა ეთნოგრაფიის კვლევის საქმეშიც. მან აღწერა ქართველი ხალხის „ზნეთა” – საყოფაცხოვრებო წესები, გარეგნობა, ჩაცმულობა, ადათები, გავრცელებული დღესასწაულები და რიტუალები, გამოკვეთა ისტორიულ მხარეში მცხოვრებთა ხასიათის თვისებები.

„… სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ… პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს. ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს. სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს…” – ასე ახასიათებს ვახუშტი სვანებს.

ვახუშტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „დასაწყისითგანთა წესთა”, რომლებიც მას ქართველი ხალხისათვის ბუნებრივად მიაჩნია და „შეძინებულ წესებს”, რომლებსაც უცხოელთა ზეგავლენით შეთვისებულად მიიჩნევს. ვახუშტი აღნიშნავს, რომ ხალხის ცხოვრების წესი ცვალებადია და მასში ახალი ელემენტები ჩნდება.
ვახუშტის მეცნიერული თხზულება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” წარმოადგენს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან („დასაბამიდან”, „ქვეყნის შექმნიდან”) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.

ვახუშტიმ პირველმა მოგვცა საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია.

ისტორიის საგანზე მსჯელობისას ვახუშტი ისტორიის ცოდნას განმარტავს. „მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტსა, მატიანე აღამაღლებს კეთილის ქმნულებასა და გმობს უკეთურთ ქმნულებასა. მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არა სცბის, და მოწმობს სხვათა და სხვათა. მატიანე განამხნობს კაცსა და ერთგულ ჰყოფს ქვეყნისად; მატიანე აცნობებს ნათესავთ ჩამომავლობასა. და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის, და მოყვარულ ჰყოფს მოყვასსა მოყუასისა მიმართ”.

ვახუშტის ნაშრომმა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” ახალი ეტაპი შექმნა ქართული შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიულ აზროვნებაში. ძველ ქართველ ისტორიკოსთაგან განსხვავებით, მან პირველმა თავისი ეპოქის მეცნიერული აზრის დონეზე გაიაზრა ისტორიოგრაფიის საგანი, მეთოდი და მისი შემადგენელი დარგები, გააფართოვა წარმოდგენა ისტორიულ წყაროებზე და დაამკვიდრა მათდამი კრიტიკული მიდგომის პრინციპი.

საქართველოს გეოგრაფიული აღწერა, რომელიც მან ისტორიოგრაფიის ნაწილად მოიაზრა, საფუძვლად დაედო საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებას. საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში ვახუშტიმ შეიტანა 800 ქედი, 22 ტბა, 73 კულტურული და 53 ველური მცენარე, 550 დასახლებული პუნქტი, 33 მოქმედი საბადო, აღწერა თბილისის განაშენიანება.

ვახუშტიმ საქართველო დაყო მთისა და ბარის განსხვავების ნიშნით. ბარად იგი მიჩნევდა ტერიტორიებს, სადაც გაბატონებული იყო მევენახეობა-მეხილეობა, ხოლო ტერიტორიებს, სადაც აღნიშნული დარგები არ იყო განვითარებული, მთის ზონას მიაკუთვნებდა.

ვახუშტიმ უზარმაზარი კარტოგრაფიული სამუშაო ჩაატარა – შეადგინა ორი გეოგრაფიული ატლასი (ერთი – ხუთრუკიანი, მეორე – ცხრამეტრუკიანი). ევროპელი კარტოგრაფები კავკასიის რეგიონის აღსაწერად XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის შუა ხანებამდე მხოლოდ ვახუშტის რუკებს ეყრდნობოდნენ. ქართული სკოლებისთვის ვახუშტიმ რუსულიდან თარგმნა „მოკლე პოლიტიკური გეოგრაფია” მსოფლიო ატლასთან ერთად.
ვახუშტიმ პირველმა შეისწავლა ქართული გერბები. ატლასში შეტანილია ერთიანი საქართველოს, ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების – კახეთის, ქართლის, ოდიშის, იმერეთის სამეფო გერბები, სვანეთის, გურიის, აფხაზეთის გერბები და სხვა.
კახეთის სამეფოს გერბიქართლის სამეფოს გერბი
აფხაზეთის გერბი სვანეთის გერბი

აი, ვინ იყო ვახუშტი. მოდი, ახლა გავარკვიოთ, ისტორიკოსია თუ გეოგრაფი.

დებატებისთვის კარგი თემაა. გაკვეთილის მიზანი ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომების გაცნობასთან ერთად იქნება ისიც, რომ მოსწავლეები აზროვნებას ისწავლიან, გაიგებენ, რა არის ისტორიისა და გეოგრაფიის არსი, მეცნიერული ნაშრომის ანალიზსა და შეფასებას შეძლებენ და საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულ დასაბუთებას შეეცდებიან.

კლასი იყოფა ისტორიკოსებად, გეოგრაფებად და სამეცნიერო საბჭოს წევრებად.

ისტორიკოსები და გეოგრაფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც ეცდებიან დაასაბუთონ, შესაბამისად, ვახუშტის გეოგრაფობა ან ისტორიკოსობა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება დებატები.

სამეცნიერო საბჭო შეაფასებს მათ და გადაწყვეტს, ვახუშტი გეოგრაფია თუ ისტორიკოსი.

კიდევ ერთ აქტივობას შემოგთავაზებთ – გაკვეთილ-ვიქტორინას.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი ჯგუფებში ურიგებს ბარათებს მოსწავლეებს. თითოეულ ბარათზე წერია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის სახელი: კახეთი, თუშეთი, აჭარა, იმერეთი, გურია, ქართლი, რაჭა, ხევი, სვანეთი… მოსწავლეებმა ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსადან” უნდა ამოიწერონ ინფორმაცია თავიანთი მხარეების შესახებ, ამ მხარეში მდებარე ქედები, ჰიდროგრაფიული ქსელი, დასახლებული პუნქტები, ფლორა და ფაუნა, მოსახლეობის საქმიანობის სფეროები და სხვ. ჯგუფებმა არ უნდა იცოდნენ ერთმანეთის დავალება. დრო შეიძლება მიეცეთ ერთი კვირა ან 10 დღე.

გაკვეთილზე გაიმართება ვიქტორინა. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ წევრს, რომელიც იქნება ექსპერტთა ჯგუფში. ჯგუფი წარადგენს დავალებას ისე, რომ მხარის დასახელება ამოღებული იქნება ტექსტიდან. დანარჩენი ჯგუფები ეცდებიან გამოიცნონ, რომელ მხარეს ახასიათებს ასე ვახუშტი. ტექსტს ანაწევრებენ, ჯერ კითხულობენ გეოგრაფიულ მდებარეობას, თუ ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გამოიცნო, შემდეგ გადადიან მეორე ნაწილზე და ა. შ. ექსპერტთა ჯგუფი აკეთებს შეფასებას. ისინი აღნუსხავენ ჯგუფების სწორ პასუხებს ეტაპების მიხედვით, ანუ რომელმა ჯგუფმა რა ეტაპზე გამოიცნო ესა თუ ის მხარე.

ორივე ეს აქტივობა ზოგადი განათლების მიზნების მიღწევაშიც და გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითერებაშიც დაგვეხმარება და ვინ იყო ვახუშტი – ისტორიკოსი თუ გეოგრაფი, საზოგადოებრივი მეცნიერებებების ურთიერთკავშირში იპოვიან. ყველა ისტორიული მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ გარემოში მიმდინარეობს, გეოგრაფიული პროცესები და მოვლენები კი – ისტორიულ დროში.
აი, ვინ იყო ვახუშტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი