მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა

სამსახურის შემდეგ მეგობრებს გავუარე. მაგიდასთან ვსხედვართ, სხვადასხვა სასმელს ვსვამთ და ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რას ვაკეთებთ, რა გეგმები გვაქვს, რა გვაინტერესებს. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების  ღრმა კვლევა დაიწყეს. ასეთი კვლევის ჩატარება მეც მინდოდა.  საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდეგ  საქართველოში გაჩენილი, გამქრალი და დღემდე ცოცხალი კულტურული ინსტიტუციები და ინიციატივები მაინტერესებს. გაქრობისა და გადარჩენის მიზეზების გამოკვეთა მინდა. მგონია, რომ 25-წლიან პერიოდზე დაკვირვებამ შესაძლოა, არა მხოლოდ გვაჩვენოს განვითარების ეტაპები და ამ პროცესებში მონაწილე  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერსონები, რომელთა შესახებაც შესაძლოა ბევრმა არაფერი იცოდეს, არამედ ახსნას ის რეალობა, რომელშიც დღეს არის თანამედროვე ხელოვნება. ასეთი კვლევების არარსებობა და ზედაპირული მსჯელობა ბევრი არასწორი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა და ამიტომ არის ყველაფერი სახელმწიფოს, არტისტების ან ხალხის ბრალი. არადა, ასე მარტივი არ არის ხოლმე ვინმეს ბრალეულობის ამბები და მათ შორის კავშირი, როგორც წესი, არსებობს.  ჩემი მეგობრები უფრო ადრეულ პერიოდს იკვლევენ და ამბობენ, რომ ასეთი კვლევები მართლაც ბევრ რამეზე იძლევა პასუხს, დროში გამოგზაურებს, მსგავსებებს და განსხვავებებს კვეთს და, როგორც წესი, იმ კონკრეტულ პერიოდსა და დღევანდელობას შორის მსგავსება მეტია, ვიდრე განსხვავება. ხელოვნების კონიუნქტურაში მოქცევის ვნება სულ არსებობს, ისევე როგორც სურვილი, ხელოვნებით შეცვალო რეალობა, დასვა მკვეთრი აქცენტები და იყო რეაქტიული.

tullio

ასეთი კვლევები დაინტერესებული ადამიანებისთვის ფუფუნებაა.

თავის სარჩენად საჭირო ფულს ამ გზით ვერ იშოვი, მოხალისეობრივ საწყისებზე დიდხანს და სათანადოდ ვერ იმუშავებ, მგონი ამიტომაც გვაქვს ბევრი შეუსწავლელი სფერო. საჭიროების შემთხვევაში ვერ მოიძიებ ვერცერთ სრულყოფილ ქართულენოვან ონლაინრესურსს, სადაც შეგიძლია ნახო, რა ხდება არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნებაში, არამედ ზოგადად მუსიკაში, ტექნოლოგიებში, ლიტერატურაში, თეატრში, კინოში და ა.შ. ყველაფერი, რაც ამ სფეროებში კეთდება, ფრაგმენტულ კრიტიკებში აისახება, დროთა განმავლობაში უმეტესობა იკარგება და განვითარების ერთი საერთო ხაზის დაჭერა ძალიან რთულია. არადა, სწორი გზის საპოვნელად ძალიან მნიშვნელოვანია შეფასებები და დაგროვილი გამოცდილების გააზრება.

ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი იმედგაცრუება, რაც მახსენდება, უნივერსიტეტში სწავლისას არჩეული საგნის, “თანამედროვე ქართული ლიტერატურის” შინაარსია. საგანი  სრულიად მოულოდნელად  მეოცე საუკუნის დასაწყისში გარდაცვლილი ავტორებით დამთავრდა.  მე კიდევ იმ ხალხის შესახებ მინდოდა მომესმინა ლექციებზე, რომლებიც ქუჩაში მხვდებოდნენ, ეკრანებიდან მელაპარაკებოდნენ და ახლა ცხოვრობდნენ ჩვენ გვერდით, ახლა წერდნენ წიგნებს. სულ ტყუილად. რას წარმოვიდგენდი, თუ თანამედროვეობა 80 წლის წინანდელი ტექსტები იყო. ახლა არ ვიცი, როგორია ამ საგნის შინაარსი, მაგრამ ეჭვი მაქვს, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა.

ისტორიაც ასე არ არის? რაც უფრო დაშორებულია ჩვენგან პერიოდი, თითქოს უფრო გულმოდგინედ გვასწავლიან. გადახვალ მეოცე საუკუნეზე და ბევრი არაფერი. იმიტომაც არ ვიცით კარგად, როგორ მძიმე ტვირთად გვაწევს საბჭოთა მემკვიდრეობა, როგორი ბოროტებაა ოკუპაცია და რამდენად შეუძლებელია ოკუპანტთან მეგობრობა. არა მარტო ეს, უამრავი ისეთი რამ არ ვიცით, რაც მკვეთრად გაგვიმარტივებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ორიენტაციას.

კითხვები ბევრია:

რატომ არ ვიცით საქართველოს ისტორიაზე თუნდაც იმაზე მცირედით მეტი, რაც ძუნწმა და ცენზურის ქვეშ მყოფმა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ შემოგვინახა?

ნუთუ 25 წელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რომელიმე ერთ მოვლენასა თუ დროის პერიოდზე ახალი ცნობები მივიღოთ? რატომ აგვიანებს ასე ეს სიახლეები სკოლის სახელმძღვანელოებში შეღწევას? რატომ სჯერდება ქართული ისტორიოგრაფია მითოსურ, ხშირად ლეგენდების ამარა დარჩენილ მასალას? დავიჯეროთ, თუნდაც ვატიკანისა და კონგრესის ბიბლიოთეკათა საცავებში არ არის შემონახული საინტერესო წყაროები ჩვენი ქვეყნის, მისი წარსულის შესახებ? ამ ბიბლიოთეკების კატალოგები ასეულობით მილიონებით დოკუმენტს ითვლის.  ცხადია, დაინტერესებისა და კვლევის გარეშე ამ ცოდნის ოკეანეში ჩვენს მაგივრად არავინ შეცურავს, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება, ალბათ მსუყე ნადავლის მოპოვება არ გაუჭირდება. თუ ვამბობთ, რომ კულტურული ერი ვართ და ჩვენი მემკვიდრეობით სამყაროს დაინტერესება შეგვიძლია, რატომ ვერ ვხედავთ იმას, რაც ახლა, ჩვენ გვერდით იქმნება და რატომ გვაქვს ფოკუსი მხოლოდ წინა პერიოდის კულტურაზე? ან როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ძველს მაინც ვაფასებთ, მაშინ როდესაც სწორედ ასეთი ძველი და შესანიშნავი ძეგლის, ვარძიის მხატვრობა გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის გამო ჭვარტლით არის დაფარული. იქნებ ზუსტად იმიტომ, რომ კარგად არ ვიაზრებთ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენ ირგვლივ ვითარდება.

კვლევები ძვირი სიამოვნებაა, სახელმძღვანელოების ბედი ჯერაც ბურუსითაა მოცული, თაობები კი იზრდებიან ისე, რომ რას გაიგებენ თანამედროვე სამყაროს შესახებ, ცალკეული მასწავლებლების ინიციატივასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ვინმე შეიძლება ესაუბროს თავის მოსწავლეებს თანამედროვე ქართულ რომანზე, დოკუმენტურ კინოზე ან სულაც ამერიკის არჩევნების შედეგების მნიშვნელობაზე ჩვენნაირი ქვეყნების ცხოვრებაში, ვიღაც გაჰყვება პროგრამაში გაწერილ საკითხებს. ის, ვინც პროგრამას გადაუხვევს ან დამატებით დროს გამონახავს “დამატებითი” თემებისთვის, ყოველთვის უფრო ცოტა იქნება, ვიდრე ის, ვინც გეგმას გაჰყვება. ასე გვრჩება მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა, ასე ვიზრდებით საქართველოში.

კომენტარები

comments