პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წერილი მასწავლებელს- ბარბიანის სკოლის გაკვეთილები

მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს იტალიაში ბესტსელერად იქცა წიგნი, რომელიც ფლორენციის ერთი პატარა სოფლის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს. „წერილი მასწავლებელს“ განათლების სისტემის ცოცხალი და მწვავე კრიტიკაა, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. რვა მოზარდი წერს იმაზე, როგორი უნდა იყოს იდეალთან მიახლოებული სკოლა, როგორ უნდა ავითარებდეს დამოუკიდებელ აზროვნებას, ასწავლიდეს აზრის ფორმირებას და სტერეოტიპებისადმი კრიტიკულ მიდგომას, როგორ უნდა გეხმარებოდეს თავისუფლების მოპოვებაში.

სწორედ ასეთი, თითქმის იდეალური, იყო მათი სკოლა. მას სათავეში ედგა ლორენცო მილანი – კათოლიკე მღვდელი და პედაგოგი, რომელსაც „ეკლესიასა და პაპზე მეტად თავისი მოსწავლეები და მრევლი უყვარდა“. ლორენცო მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელი გახლდათ, მაგრამ ცხოვრება თანასწორობისთვის ბრძოლას მიუძღვნა – ეს ესახებოდა პედაგოგიკის მთავარ მიზნად. მისი სკოლა ბარბიანში 1954-1967 წლებში მუშაობდა და დღემდე მიიჩნევა კრიტიკული პედაგოგიკის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად.

მილანის თქმით, ყველაფერი ასე დაიწყო: „მე ამ სოფლის მოძღვარი ვიყავი. თავდაპირველად აქ მხოლოდ დაწყებითი სკოლა იყო. ხუთივე კლასი ერთ ოთახში მეცადინეობდა. მეხუთე კლასის შემდეგ ნახევრად განათლებული ბავშვები სამუშაოდ მიდიოდნენ. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, სოფლის მოძღვრის ცხოვრება სულიერებასთან ერთად მათ სამოქალაქო განათლებაზე ზრუნვისთვისაც მიმეძღვნა“.

ბარბიანში, ისევე როგორც მთელ ოლქში, უმთავრესად გლეხები და ფაბრიკის მუშები ცხოვრობდნენ. რასაკვირველია, უნდოდათ, მათ შვილებს განათლება მიეღოთ და „ძროხის ფუნიდან ამომძვრალიყვნენ“, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ გააჩნდა. იმ დროს რვაწლიანი განათლება იტალიაში უფასო და სავალდებულო იყო, მაგრამ მოსწავლეებს ხშირად რიცხავდნენ სკოლიდან გაცდენისა და დაბალი აკადემიური მოსწრების გამო. სოფლელი ბავშვების რეალურ ცხოვრებასთან სწავლას არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

მილანისთან ბავშვები შორეული სოფლებიდანაც დადიოდნენ. მთელ ოლქში ეს ერთადერთი სკოლა იყო, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს საშუალო ან უმაღლესი განათლების მიღება შეეძლო. ბავშვები სკოლაში თორმეტ საათს ატარებდნენ. ბევრს აკვირვებდა ასეთი დატვირთვა, მაგრამ მოსწავლეები იხსენებენ, რომ სასწავლო პროცესი ისე იყო აწყობილი, არავინ იღლებოდა.

სწავლა დილის რვა საათზე იწყებოდა და საღამოს მთავრდებოდა. მოსწავლეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. დილით უფროსები უმცროსებს ამეცადინებდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას. ამის წყალობით ბავშვები თავიდანვე აცნობიერებდნენ, რომ მათ ერთნაირი პრობლემები და ინტერესები ჰქონდათ. ერთად ისინი გაცილებით სწრაფად და იოლად აგვარებდნენ ყველაფერს, ვიდრე ცალ-ცალკე.

წიგნში „წერილი მასწავლებელს“ ნათქვამია: „ერთი წლის შემდეგ მე მასწავლებელი გავხდი. უფრო სწორად, კვირაში სამჯერ ნახევარ-ნახევარი დღე ვმასწავლებლობდი. ატლასის გადასაშლელად ან წილადების ასახსნელად უმაღლესი განათლება არ მჭირდებოდა. თუ რამეს ვერ გავიგებდით, პასუხს წიგნებში ერთად ვეძებდით. გაკვეთილები მშვიდად მიმდინარეობდა, შიშისა და დაძალების გარეშე“.

სკოლაში გოგონები თითქმის არ იყვნენ. საზოგადოდ, მახლობელ სოფლებში ისინი ბიჭებზე იშვიათად იბადებოდნენ. თანაც, ბევრი მშობლის წარმოდგენით, გოგონებისთვის სწავლა ზედმეტი იყო. „წერილში“ ნათქვამია, რომ „ქალს ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ განათლება მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს“.

სასწავლო პროცესი სტანდარტულ საგნებთან ერთად მოიცავდა სკოლაში მისული წერილებისა და ახალი გაზეთების კითხვას. მილანის სწამდა, რომ ყველა ბავშვს უნდა სცოდნოდა, როგორ იყო მოწყობილი თანამედროვე სამყარო, ამიტომ ხშირად მსჯელობდნენ პოლიტიკაზე – თემაზე, რომის განხილვასაც სხვა სკოლებში თავს არიდებდნენ.

ზოგჯერ ბარბიანში სტუმრებიც ჩადიოდნენ. თუ სტუმარს ბავშვებისთვის რამის მოყოლა შეეძლო, გაკვეთილი წყდებოდა და დრო ამას ეთმობოდა. მილანის ესმოდა, რაოდენ იყო მოწყვეტილი ადგილობრივი მოსახლეობა გარე სამყაროს და როგორ ავიწროებდა ეს მის თვალთახედვას, ამიტომ ხელიდან არ უშვებდა მოსწავლეებისთვის იმის ჩვენების შანსს, რომ ადამიანის არსებობა ძროხების მოვლითა და ყანაში მძიმე შრომით არ შემოიფარგლება.

რამდენიმე ხნის განმავლობაში მოსწავლეები დამოუკიდებლად მეცადინეობდნენ. ინტელექტუალურ სავარჯიშოებს ფიზიკური ენაცვლებოდა (ზაფხულში – ცურვა, ზამთარში – თხილამურებით სრიალი), თუმცა მილანის სპორტი დროის უაზრო კარგვად მიაჩნდა. ამით ის კარდინალურად განსხვავდებოდა სხვა სკოლების მასწავლებლებისგან, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს საფეხბურთო მატჩებს უმართავდნენ და ტელევიზორების ყიდვისკენ მოუწოდებდნენ.

მილანი წერს, რომ ბარბიანის სკოლა არ ჰგავდა ტიპურ სკოლას. მოსწავლეები კლასში თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ, მასწავლებლის ძალაუფლების ყოველგვარი სიმბოლო: კათედრა, დაფა, მაგიდა და ჟურნალი, – უარყოფილი იყო. იდგა მხოლოდ რამდენიმე მაგიდა და სავარძელი, ზოგი ბავშვი წიგნს კითხულობდა, ზოგს კი ჯგუფებად მოეყარა თავი და რაღაცაზე მსჯელობდა. სკოლა კი არა, სასტუმრო ოთახი გეგონებოდათ.

სკოლაში უქმეები არ იყო. მთელი კვირა დღე ეთმობოდა სახარების კითხვას და მის განხილვას, თუმცაღა მილანი ბავშვებს კათოლიციზმისკენ არ უბიძგებდა.

ბევრი დრო ეთმობოდა უცხო ენების სწავლას. არა ლათინურისას, რომელსაც ბევრგან ასწავლიდნენ, არამედ ცოცხალი ენებისას – ამ ენებზე საუბარიც შეიძლებოდა და რადიოს მოსმენაც. უცხო ენის ცოდნა ბავშვებს საშუალებას აძლევდა, გაერღვიათ თავიანთი ვიწრო სამყარო და დაენახათ, რომ ამქვეყნად მარტონი არ იყვნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები რამდენიმე თვით სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ. ეს მათი ნებისყოფისა და შესაძლებლობების ნამდვილი გამოცდა იყო. მოგზაურობის მთავარი პირობა ის გახლდათ, რომ ახალგაზრდას აუცილებლად გაეგრძელებინა სწავლა და სამსახური ეპოვა.

„წერილი მასწავლებელს“ ყველაზე მეტად სოციალურ უთანასწორობას აკრიტიკებს, რომლის ხელშემწყობიცაა განათლების ტრადიციული სისტემა. წიგნის ორი პერსონაჟი სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელია: პიერინო ექიმის შვილია და სწავლაში არაფერი უშლის ხელს, ჯანინი კი გლეხის შვილია და სკოლაში გაუცხოებასა და გულგრილობას აწყდება. მოწადინების მიუხედავად, მას არ შეუძლია წინსვლა, მისგან ამას არც არავინ ელის.

„წერილი“ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია. ღარიბს დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზით სკოლიდან აგდებენ, ნაცვლად იმისა, რომ განათლების არსი და მისი ღირებულება განუმარტონ, მაშინ როდესაც მდიდარი მოსწავლე პრივილეგიებით სარგებლობს. ეს განსხვავება თვალსაჩინოა და მისი დაძლევა აუცილებელია.

კრიტიკამ მიაგნო თავის ადრესატს – ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი წიგნის ავტორებს სწერს: „გემადლიერებით იმის გამო, რომ ბოლო ხანს სხვა თვალით შევხედე ყველაზე სუსტ და უიმედო მოსწავლეებს. არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ მათ მიმართ უსაზღვრო სიმპათიას განვიცდი“.

თავისთავად, „წერილის“ მომზადება აღმზრდელობითი პროცესი იყო. ისიც კი, ვინც მათემატიკაში მოისუსტებდა, მუშაობდა რთულ სტატისტიკურ მონაცემებთან, რათა თავისი პროტესტი ფაქტებით გაემყარებინა. ნაკლებად თავდაჯერებულ მოსწავლეებს მიეცათ შანსი, გამოეთქვათ თავიანთი გულისტკივილი და რაღაც მნიშვნელოვანი გაეკეთებინათ.

სკოლის ერთ-ერთი ოთახის კარზე ბარბიანელების დევიზი ეკიდა: „ჩემთვის სულერთია“. ყველას შუძლია სამყაროს შეცვლა, თუ ცოდნითა და კრიტიკული აზროვნებით შეირაღდება. მილანის პედაგოგიკა მიმართულია უთანასწორობის და ჩაგვრის წინააღმდეგ. თანაბარი განათლებისთვის პოლიტიკური ლოზუნგებით ბრძოლა კი არა, არამედ თვითშეგნებისა და „რეალობის შეცნობის ხარისხის“ ამაღლებაა საჭირო.

მილანი პედაგოგიკას მოწოდებად მიიჩნევს და არა პროფესიად. მისი აზრით, მასწავლებელს რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან მიმართებით განსაღვრული პოზიცია უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს მტკიცე და, თუ საჭიროა, მკაცრიც. გულწრფელად უნდა უნდოდეს სხვისი დახმარება და განათლება. მასწავლებლის წარმატების საიდუმლო თავისი საქმის რწმენაა.

ასევე ფიქრობენ მილანის მოსწავლეებიც, რასაც „წერილის“ ერთ-ერთი პასაჟი ადასტურებს: „თუ გულგრილსა და თავის პროფესიაზე გაგიჟებულ მასწავლებელს შორის არჩევანზე მიდგა საქმე, მეორე ჯობს, ის, ვისაც აქვს საკუთარი აზრი და ჰყავს საყვარელი ფილოსოფოსი. დაე, სამი წლის განმავლობაში მხოლოდ მასზე ისაუბროს, დაე, მისი გამონათქვამებით ტვინი გაგვიბურღოს. სამაგიეროდ, სკოლიდან რომ წავალთ, წარმოდგენა გვექნება იმაზე, თუ როგორ დაიპყრო ადამიანის ცხოვრება ფილოსოფიამ“.

პედაგოგიკამ სწავლის სურვილი არ უნდა ჩაკლას. მასწავლებელმა მოსწავლეს არჩევანის გაკეთება უნდა ასწავლოს. მოსწავლემ ზურგი არ უნდა შეაქციოს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. მილანის მოულოდნელი, სასულიერო პირისთვის უჩვეულო დასკვნა გამოაქვს: „ყველაზე მნიშვნელოვან ზნეობრივ გაკვეთილად შეიძლება იქცეს სიამაყის და არა მორჩილების განცდა“.

არ არსებობს პედაგოგიკის პრინციპები, რომლებიც ყველასათვის მისაღები იქნება და ყოველგვარ სიტუაციას მოერგება. და რომც არსებობდეს, ისინი ყოველდღე უნდა აღმოვაჩინოთ, რადგან არც ერთი მოსწავლე არ ჰგავს სხვას და ყველა ამოცანაც გადაჭრის სხვადასხვა გზას მოითხოვს.

„სიტყვის ფლობა არა პროფესიული უნარი, არამედ ცხოვრებისეული აუცილებლობაა“, – მიაჩნია მილანის. მისი თვალთახედვით, სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ენის ცოდნაა – სხვისი ნათქვამის გაგებისა და გააზრების, საკუთარი მოსაზრების ნათლად გამოხატვის უნარი. ამაში მისი მოსწავლეები ყოველდღე ვარჯიშობდნენ – ტექსტების კითხვა და განხილვა მათ მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა.

ლორენცო მილანი წიგნის დაბეჭდვიდან მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა ლიმფომით. თავად მას არაფერი დაუწერია. წერაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც მიხვდა, რომ თანამემამულეების უმეტესობა ვერ გაუგებდა, თუმცა ცხოვრების უმთავრეს საქმედ აზროვნების უნარის სწავლება გაიხადა. მისი სკოლა მოსწავლეებს სირთულეებით აღსავსე რეალობისთვის ამზადებდა, საკუთარ თავსა და საქციელზე პასუხისგებას ასწავლიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი