სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ანგელოზთა აჯანყება

„- შემიძლია, თავს ნება მივცე და სამართლიანად განვსაჯო, მე მაქვს ამის უფლება, – გადმოსძახა მოხუცმა კიბის სიმაღლიდან, – დელაკრუა ღვთის გმობისა და ურწმუნოების დროში ცხოვრობდა. დეკადანსის მხატვარს არც სიამაყე აკლდა და არც სიდიადე. ის უკეთესი იყო, ვიდრე მისი ეპოქა. მაგრამ რწმენა აკლდა, უზაკველობა და სიწმინდე. ანგელოზები რომ დაინახოს და ხატოს, საამისოდ ანგელოზებრივი, პრიმიტივისტთა მსგავსი სათნოება უნდა მოსდევდეს კაცს. სათნოება და უბიწოება, რომელთაც, ღვთის მადლით, მთელი სიცოცხლე, რაც ძალა შემწევდა, ვემსახურებოდი.

– გაჩუმდი, მიშელ, შენც სხვებივით ღორი ხარ! – შესძახა ზეფირინმა“.

ძალიან მინდა, მხოლოდ ეს დავტოვო გამოსაქვეყნებელ ტექსტად, მაგრამ შესაძლოა, მკითხველთა ნაწილი, რომელსაც ეს წიგნი ჯერ არ გადაუშლია, ვერ მიხვდეს სიტუაციის გემოს.

მოკლედ, ჩვენი გმირი, რომელსაც ხატვა ეხერხება და ხატწერაშიც ბევრს ცდილობს, ძველი ტაძრის ხარაჩოებზე შემდგარა და ფრესკებს რესტავრაციას უკეთებს. ქვემოთ რამდენიმე ადამიანი დგას, რომლებსაც მხატვარი ხელოვნებაზე ესაუბრება, ამ დროს კი ცოლი, ზეფირინი შემოუსწრებს… იშვიათია, ან მე არ წამიკითხავს ასე მოხდენილად მოულოდნელი, მაგრამ დროული და სანტერესო სიტყვები.

მოკლედ, რისი თქმა მინდა: ჩვენ ხშირად ბევრი რამ გვეჩვენება. საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და წესების ურღვევი კედლის მიღმა კომფორტულად ვართ მოკალათებული და საკუთარ თავს და საქმეებს იქიდან ვუყურებთ. მასწავლებლისთვის კი ასეთი ხედვა ნამდვილად არ არის კარგი. და მოსწავლეებმაც სხვა რამ უნდა ისწავლონ.

ჩვენ თითქოს მართლა ხარაჩოებზე ვდგავართ და ანგელოზებს ვხატავთ – ბავშვებს ვზრდით, მაგრამ საინტერესოა, როგორ, რა ტიპის ადამიანები გვინდა ჩვენ გარშემო და ვინ ვართ თავად ჩვენ.

მოსწავლის პიროვნებას აუცილებლად განაპირობებს მისი მასწავლებლის პიროვნების თავისებურებები.

ბავშვები და მოზარდები ძალიან მგრძნობიარეები არიან, რადგან პირადი ცხოვრების დიდი გამოცდილება არ გააჩნიათ. ისინი უფროსებისგან – მისაბაძი ადამიანებისგან იღებენ ქცევის, აზროვნების, ჩვევების, ცხოვრების წესის მაგალითებს. და, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგანაც.

არ მინდა, პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ საინტერესო კითხვაა: ვინ ვარ მე? არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც ადამიანი. მასწავლებელი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო პროფესიონალი, არ იცნობდეს უახლესი მეთოდიკების ნიუანსებს, განათლების სისტემაში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების შედეგებს და ა.შ., მაგრამ თუ იცნობს საკუთარ თავს, თუ პიროვნებაა, მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს ამ მხრივ მაინც მისცემს სწორ მიმართულებას.

რატომ არის, რომ ხშირად ვსაუბრობთ ღირებულებით კრიზისზე, რომ დღევანდელ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნების, სინთეზის უნარები, სხვადასხვა კომპეტენცია, ნაკლებად იცნობენ თავიანთი სოციუმის კულტურულ მახასიათებლებ? „კულტურული რელატივიზმი ამტკიცებს, რომ ერთ კულტურას არ გააჩნია აბსოლუტური კრიტერიუმი სხვა კულტურის ქცევების „ცუდად“ ან „კარგად“ გამოცხადებისთვის, მაგრამ ყველა კულტურას შეუძლია და უნდა განსაჯოს ამ კრიტერიუმებით საკუთარი ქცევა, რადგან მის წევრებს ქცევის როგორც განხორციელება, ისე მასზე დაკვირვება ძალუძთ? (გირტ ჰოფსტედე და გერტ იან ჰოფსტედე, „კულტურები და ორგანიზაციები,   გვ. 15).

ვიდრე ჩვენ ამ ხარაჩოებზე ვდგავართ და გვგონია, რომ ანგელოზებს ვხატავთ – ბავშვებს ვზრდით, შესაძლოა, ანგელოზების მაგივრად სხვა რამ გამოისახოს მათგან, ამიტომ ჯერ ის უნდა გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ, მასწავლებლები, რა ღირებულებები გვაქვს, და ამის შემდეგ დავიწყოთ თუ გავაგრძელოთ საქმიანობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი