შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

მას შემდეგ, რაც სწავლების ახალი მიდგომების ცნებამ განათლების სისტემაში აქტიურად დამკვიდრება დაიწყო, არ წყდება უკმაყოფილების გამომხატველი ფრაზების ნაკადი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების და, უპირველეს ყოვლისა, პედაგოგების მხრიდან. „მაინც რა არის ამაში ახალი, განა ჩვენი პედაგოგები წარსულში ასე არ მუშაობდნენ“? ამ სიტყვების მოსმენა პედაგოგთა წრეებში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ  გავითვალისწინებთ იმას, რომ სწავლების ახალი მიდგომები მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასა და მოსწავლეთა მაქსიმალურ გააქტიურებას მოიაზრებს, ალბათ  ყველა შევძლებთ ჩვენი ბავშვობის პერიოდიდან იმ პედაგოგთა გახსენებას, რომლებიც ამას დიდი ოსტატობითა და ხალისით აკეთებდნენ, და, ამასთან ისე, რომ თავად ვერც კი აცნობიერებდნენ, თუ რამდენად პროგრესული იყო მათ მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები. რომ არა ასეთი პედაგოგები, ჩვენს საზოგადოებას, ყველაფრის მიუხედავად, არ ეყოლებოდა ის ადამიანები, რომელთათვისაც პიროვნული ღირსება ყველაზე დიდი ღირებულებაა. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ როდესაც ჩვენი მოსწავლეობის პერიოდიდან ჩვენთვის საყვარელი და ძვირფასი მასწავლებლის გახსენებას ვცდილობთ, სწორედ ის პედაგოგები გვახსენდება, რომლებიც იმ პერიოდისთვის მეტად უჩვეულო, არატრადიციულ  და არაორდინალურ გაკვეთილებს ატარებდნენ. მათი გაკვეთილების უჩვეულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი ხშირად გვერდს უვლიდნენ იმ დროისათვის მეტად მკაცრად გაწერილ წესებს და მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები დისკუსიების, დებატების და თავისუფალი საუბრების სახეს იღებდა, რითაც  ისინი სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებდნენ საკუთარ პედაგოგიურ საქმიანობას. თუმცა მოსწავლეებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდნენ.

     როდესაც ჩემი სკოლის პერიოდიდან ასეთი პედაგოგის გახსენებას ვცდილობ, პირველი, ვინც მახსენდება და ვისაც ვერასოდეს დავივიწყებ, ეს ჩემი ისტორიის მასწავლებელი აკაკი კივილაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ის სკოლის დირექტორი იყო, საკმაოდ კარგი დირექტორი და უამრავი საქმით დაკავებული ადამიანი, მისთვის ყველაზე სასიამოვნო და საყვარელ საქმეს გაკვეთილის ჩატარება და ბავშვებთან ურთიერთობა წარმოადგენდა. ამას, მაშინ ჩვენ, ბავშვები ძალიან კარგად ვგრძნობდით. ასეთი თბილი, საყვარელი და გულისხმიერი პედაგოგი ბევრისთვის სანატრელი იქნებოდა. ჩვენ მოუთმენლად ველოდით საკლასო ოთახში მის გამოჩენას, რადგან ვიცოდით, რომ წინ სასიამოვნო და მოულოდნელობებით სავსე 45 წუთი გველოდა. ის არასოდეს ატარებდა ჩვეულებრივ გაკვეთილებს, ისეთს, როგორსაც ნებისმიერი სხვა პედაგოგი ჩაატარებდა. მისი გაკვეთილები ყოველთვის დისკუსიების, დებატებისა და თავისუფალი საუბრების სახეს იღებდა, რაც ჩვენ, მოსწავლეებს ძალიან გვსიამოვნებდა და გვახარებდა. ის არა მარტო საინტერესო გაკვეთილებს გვიტარებდა, არამედ იმაშიც გვეხმარებოდა, რომ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება მაქსიმალურად მოგვეხდინა და საკუთარი თავი გვეპოვა ცხოვრებაში. აკაკი მასწავლებელი ყოველთვის წინ უსწრებდა მოვლენებს – ჯერ კიდევ 70-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით ისეთი სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენციები ტარდებოდა, რომლის მსგავსი, ვფიქრობ რესპუბლიკური კონფერენციაც კი არ ჩატარებულა. სწორედ ამ კონფერენციებმა გაგვიადვილა მეც და ძალიან ბევრ ჩემს თანატოლს ჩვენი მომავალი პროფესიის არჩევა.

     ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩვენი საყვარელი აკაკი მასწავლებელი, ძალიან ბევრი სხვა პედაგოგის მსგავსად, უკმაყოფილო შეხვდა სწავლების ახალი მიდგომების დანერგვას. იცოდა რა, რომ მე, როგორც ტრენერს, სასკოლო რეფორმის ფარგლებში, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგების ჩატარება მიწევდა, ის შეეცადა, ჩემთან გამოეხატა უკმაყოფილება და ჩემგანვე მიეღო პასუხი იმ საჭირბოროტო კითხვაზე, რომელიც, როგორც მაშინ მომეჩვენა, მას ძალიან აწუხებდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩვენ შორის საინტერესო საუბარი გაიმართა. „მაინც რა მოიგონეთ ეს ახალი მიდგომები, ახლებური გაკვეთილები, განა ცუდ გაკვეთილებს გიტარებდით?“ – არ მოერიდა ჩემი საყვარელი აკაკი მასწავლებელი თავის ყოფილ მოსწავლესთან საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვას. „იცით, თქვენ წლების წინ სწორედ იმ მეთოდებით გვიტარებდით გაკვეთილებს, რაც დღეს ახალი მეთოდების სახელით მოიხსენიება“,  – მეც პირდაპირ შევეცადე მისთვის ჩემი მოსაზრების გადაცემას, რამაც მრავლისმნახველ და მრავალჭირგამოვლილ პედაგოგში ცოტა გაოცება გამოიწვია. „კი მაგრამ, მე თუ ამ მეთოდებით ათეული წლის წინ გაკვეთილებს ვატარებდი, დღეს ისინი ახლებურად როგორ ითვლება?!“ „ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია“, – ვუპასუხე სასიამოვნოდ გაოცებულ აკაკი მასწავლებელს, რომელიც ყველა დროში თანამედროვე პედაგოგად დარჩება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მე მასთან, როგორც სკოლის ხელმძღვანელთანაც მომიწია ურთიერთობა, ვინაიდან უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ სკოლის ფსიქოლოგად მუშაობა სწორედ იმ სკოლაში დავიწყე, სადაც ვსწავლობდი და რომელსაც ჩემი საყვარელი მასწავლებელი აკაკი კივილაძე ხელმძღვანელობდა. უნდა ითქვას, რომ ის ისეთივე კარგი ხელმძღვანელი აღმოჩნდა, როგორი მასწავლებელიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საუბრები ამა თუ იმ საკითხზე ხშირად მწვავე კამათის სახეს იღებდა და ბევრ რამეში ვერც ვთანხმდებოდით, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა არასოდეს დაგვიკარგავს. მართალია, უახლოეს წარსულში, აკაკი კივილაძის მსგავსი პედაგოგები ძალიან ბევრი თუ არა,  მაინც საკმაოდ იყვნენ,  ისინი იმ ეპოქის საგანმანათლებლო პოლიტიკას ვერანაირად შეცვლიდნენ. ბევრი სკოლადამთავრებული ახალგაზრდა იმ პერიოდში ინფორმირებულობითა და ცოდნით გამოირჩეოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოკლებული იყო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. ალბათ ბევრს ნახავდით ისეთ მოსწავლეს, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტს უცხო ენაზე ზეპირად ჩაგაბარებდათ, მაგრამ ქუჩაში შემხვედრ უცხოელს ორ-სამ ფრაზას ვერ ეტყოდა ნასწავლ ენაზე. ან, თუნდაც ფიზიკის კანონების შესანიშნავად მცოდნე ახალგაზრდა ვერაფერს მოუხერხებდა გადამწვარ ელექტროხელსაწყოს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამას შესანიშნავად ახერხებენ. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღევანდელი სკოლის მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა, მუშაობის სწორად წარმართვის შემთხვევაში, ჩვენს დროში პედაგოგს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ეძლევა, აღზარდოს არა მხოლოდ გარკვეული ცოდნის მქონე, არამედ პრაქტიკული საქმიანობისა და ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება.

     დაბოლოს, ვფიქრობ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვერც ყველაფერი ძველის უარყოფით და განადგურებით და ვერც სიახლეებზე უარის თქმით, ჩვენ ძლიერ სკოლას ვერ შევქმნით. მხოლოდ წარსული გამოცდილების გაანალიზებისა და მასზე ახლის დაშენებით შეიძლება ისეთი სკოლის შექმნა, რომელიც ღირსეული პიროვნებების აღზრდის და განათლების საშუალებას მოგვცემს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი