ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება – აშშ-ის გამოცდილება

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი შეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. „სახელმწიფოს” ცნებაში საჯარო სკოლაც იგულისხმება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვით ყველა ადამიანს შეუძლია ამ უფლებით სარგებლობა, მათ შორის, საჯარო სკოლის მასწავლებელსაც. როგორც ერთ-ერთმა მოსამართლემ განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მცირეა მსმენელთა რაოდენობა – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას: სასულიერო პირს, მშობელს, მასწავლებელს…

 აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საჯარო სკოლაში სიტყვისა და აზრის თავისუფლებას „იდეების ბაზარი” უწოდა. მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი, მას უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი, რადგან სხვა შემთხვევაში სკოლა დაკარგავს იდეების გენერირებისა და გავრცელების ფუნქციას.

   აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, კონგრესი არ არის უფლებამოსილი, მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. კონსტიტუცია იცავს ყველა ადამიანის თავისუფლებას, გამოთქვას თავისი აზრი, მათ შორის, საჯარო სკოლის მასწავლებლის უფლებასაც.

 მასწავლებელს სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს როგორც საჯარო სკოლის ფარგლებს გარეთ, ასევე მის ფარგლებში.

  ამ კუთხით, საინტერესოა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დადგენილი პრინციპების განხილვა:

  1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სკოლის ფარგლებს გარეთ.

Pickering v. Board of Education საქმის მიხედვით, მასწავლებელი საჯარო სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ მან ადგილობრივ ჟურნალში გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი განათლების ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, მასწავლებლის მიერ სიტყვის თავისუფლებით სარგებლობა და საჯარო მნიშვნელობის თემაზე მსჯელობა არ შეიძლება გახდეს მისი საჯარო სკოლიდან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული წერილი ეხებოდა საჯარო მნიშვნელობის საკითხს და არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ამ კრიტიკული წერილის გამოქვეყნება შეუშლიდა  მას  ვალდებულებების შესრულებაში ან ნეგატიურ გავლენას მოახდენდა სკოლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. სასამართლოს აზრით, მასწავლებლის უფლებები არ განსხვავდება საზოგადოების სხვა წევრების უფლებებისგან.

  1. 2. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სკოლაში.

სკოლაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაამკვიდრა ორი სტანდარტი. Tinker v. Des Moines საქმის მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სკოლის ხელმძღვანელობის მიერ მოსწავლეთა ჯგუფისთვის შავი ფერის სამაჯურების აკრძალვა, რომლითაც ისინი ვიეტნამის ომს აპროტესტებდნენ, უკანონო იყო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, სკოლის ფარგლებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებით სარგებლობა (1) არსებითად ეწინააღმდეგება სკოლაში დისციპლინის დაცვის მოთხოვნებს ან (2) არღვევს სხვის უფლებებს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მხოლოდ დარღვევის შიში არ არის საკმარისი საფუძველი უფლებით სარგებლობის შეზღუდვისთვის. გარდა ამისა, სკოლის ოფიციალური პირები არ არიან უფლებამოსილი აკრძალონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდონ „დისკომფორტი და უსიამოვნება”. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე უშუალოდ მოსწავლეთა გამოხატვის თავისუფლებას ეხება, იგივე პრინციპი არაპირდაპირ სასამართლომ მასწავლებლებთან მიმართებაშიც გაავრცელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი