ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ შევქმნათ შემაჯამებელი დავალება და შესაბამისი ანალიტიკური რუბრიკა

კარგი შემაჯამებელი დავალებისა და შესაბამისი ანალიტიკური რუბრიკის შექმნა ადვილი საქმე არ არის. ეს იტერაციული პროცესია, როდესაც ძირითად, საყრდენ კომპონენტებს – ამოცანას ან აქტივობას, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის სტანდარტებსა და ინდიკატორებს, შეფასების კრიტერიუმებსა და მიღწევის დონეებს – რამდენჯერმე ვუბრუნდებით და გადავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ჩვენ შევეცდებით გამარტივებული, სქემატური სახით აღვწეროთ და წარმოვადგინოთ საბოლოო პროდუქტის – შემაჯამებელი დავალებისა და რუბრიკის შექმნისთვის საჭირო სამუშაოები.

შემაჯამებელი დავალების შექმნა შესაძლებელია ორგვარად დაიწყოს: თუ კარგი ამოცანის ან აქტივობის ჩანასახი, ნიმუში ან იდეა გვაქვს, მაშინ სტანდარტების კრებულიდან უნდა შევარჩიოთ ის ინდიკატორები, რომლებთანაც ეს ამოცანა ან აქტივობა შესაბამისობაშია. მეორე გზა პირიქით, იწყება ინდიკატორების გარკვეული, შეზღუდული პაკეტიდან, როგორც ამოსავალი წერტილიდან, და შესაბამისი ამოცანისა თუ აქტივობის ჩამოყალიბებისკენ მიდის.

პირველ შემთხვევაში საჭიროა გულდასმით გამოვიკვლიოთ, მართლა სრულად და რეალურად ამოწმებს მოცემული აქტივობა სტანდარტებისა თუ ინდიკატორების მონიშნულ კრებულს, თუ არა. ამისთვის ინდიკატორების მონიშნული კრებულიდან დაუნდობლად უნდა მოვაცილოთ ყველა ის ინდიკატორი, რომლებიც დავალებაში მოთხოვნილი მოქმედებებისგან მცირედ მაინც განსხვავებულ კომპონენტებს შეიცავს და მხოლოდ ის ინდიკატორები უნდა დავტოვოთ, რომელთა მიღწევასაც აქტივობაში ნაგულისხმები მოქმედება ადასტურებს. თავის მხრივ, თვით ამოცანა ან აქტივობაც ისე უნდა გადავამუშაოთ, რომ იგი აუცილებლად ამოწმებდეს გადარჩეული სტანდარტებისა და ინდიკატორების  მიღწევას და არ მოიცავდეს სხვა, არასაჭირო მონაცემებს, პირობებსა თუ შეკითხვებს. ასე იქნება მიღწეული შემაჯამებელი დავალების ეფექტურობა – იგი მოიცავს მხოლოდ იმ აუცილებელ კომპონენტებს, რომლებიც სტანდარტების შესაბამისად მოითხოვება.

მეორე შემთხვევაში, როდესაც თვით სტანდარტები ან ინდიკატორებია შემაჯამებელი დავალების შექმნისთვის ამოსავალი წერტილი, უნდა დავეყრდნოთ ინდიკატორებში მოტანილ ზმნებს, ცნებებსა და სხვა ობიექტებს. დავალებაში ყველა იმ მოქმედებების შესრულება უნდა მოვითხოვოთ ყველა იმ ცნებებთან და ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც ინდიკატორებშია დაფიქსირებული. ეს პროცესი კიდევ უფრო იტერაციულია, ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი, რადგან შედეგი ეფექტურია – მიღებული დავალება მორგებულია უშუალოდ იმ სტანდარტებსა თუ ინდიკატორებს, რომლებისგანაც იგი „ამოიზარდა“.

ცხადია, რომელიმე ამ გზით მიღებული შემაჯამებელი დავალება ჯერ კიდევ დასახვეწია. ახლა უკვე იმის დრო მოვიდა, რომ თვალი გადავავლოთ ნამუშევარს, „ზემოდან დავხედოთ“ თითქოს „გაუცხოებულ“ ჩვენს მიერვე შექმნილ პროდუქტს და ერთიანობაში შევაფასოთ იგი. ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ჩვენ თვითონ შევასრულოთ ჩვენ მიერვე შექმნილი დავალება და ჩამოვწეროთ ყველა ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შევაფასებდით – შეასრულა თუ არა მოსწავლემ დავალება და რამდენად სრულყოფილად შეძლო მან ეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ –  როგორ შეიძლებოდა ემოქმედა მოსწავლეს დავალების შესრულებისთვის, რა სახით წარმოადგენდა იგი ნამუშევარს და რა ფაქტები უნდა მოგვეძიებინა მის ნამუშევარში, რომლებიც დაადასტურებდა მოსწავლის არსებულ კომპეტენციებსა და მათი განვითარების დონეს. კარგი იქნება, თუ დაწვრილებით წარმოვიდგენთ დავალების შესრულების განსხვავებულ გზებსა და გამოვლენილი ოსტატობის სხვადასხვა მახასიათებლებს.

გარწმუნებთ, რომ ამგვარი შრომა „წყალში გადაყრილი“ ნამდვილად არ არის: როგორც წესი, ზემოთ აღნიშნულ პროცედურას შედეგად მოსდევს დავალების კორექცია ან იმ ინდიკატორების კრებულის ოპტიმიზაცია, რომელსაც მოცემული დავალება შეესაბამება. გარდა ამისა, რუბრიკის შექმნისთვის შესრულებულია აუცილებელი „შავი სამუშაოები“, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მოსწავლის ოსტატობის დონეზე მიუთითებს.

შემაჯამებელი დავალების შექმნა თითქმის დასრულებულია. დარჩა მნიშვნელოვანი ბოლო სამუშაო – იმის გააზრება და დაფიქსირება ინსტრუქციების სახით, თუ რა მასალები ან დამატებითი ინფორმაციაა საჭირო დავალების შესრულებისთვის, რა დრო დასჭირდება დავალების შესრულებას ან სხვა რა სპეციფიკური პირობებია საჭირო დავალების შესრულებისთვის, რომელიც დავალების თავისებურებებიდან გამომდინარეობს და ხელს შეუწყობს მოსწავლეს დავალების შესრულებაში, ხოლო მასწავლებელს – შესრულების შემოწმება-შეფასებაში.

ახლა გადავიდეთ რუბრიკის დამზადების აღწერაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხელთ უკვე არის შემაჯამებელ დავალებასთან დაკავშირებული სტანდარტები თუ ინდიკატორები, ანუ შემაჯამებელი დავალების ძირითადი ობიექტები და მოქმედებები ამ ობიექტებთან მიმართებაში, მოსწავლეთა მიღწევების შეფასებისთვის აუცილებელი (შესამოწმებელი კომპეტენციების ფლობისა და მათში გაწაფულობის) მტკიცებულებები მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრებში. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ მასალების საფუძველზე შექმნილი რუბრიკა?

  1. მიუხედავად იმისა, რუბრიკა განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენება თუ განმსაზღვრელისთვის, იგი ნებისმიერ შემთხვევაში აგებული უნდა იყოს ისე, რომ მოსწავლემ ამ რუბრიკით იხელმძღვანელოს და გაარკვიოს, რას მოითხოვენ მისგან და რას ნიშნავს დავალების შესრულება ამა თუ იმ დონეზე.
  2. ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების შესაბამისად, რუბრიკა შემაჯამებელი დავალების შესრულების დაწყებამდე მოსწავლეს წინასწარ უნდა წარედგინოს. ეს დამატებით პირობას ადებს რუბრიკის იმ ვერსიას, რომელიც მოსწავლეს უნდა წარედგინოს – რუბრიკა არ უნდა კარნახობდეს მოსწავლეს დავალების შესრულების გზებს თუ სავარაუდო პასუხებს. მაგალითად, რუბრიკა ან დავალების შეფასების სქემა, რომელშიც მოსწავლის მიერ ამოცანის ამოხსნისთვის შესრულებული ნაბიჯების მიხედვით ქულების მინიჭების ნორმებია განსაზღვრული, არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას.
  3. რუბრიკა აგებული უნდა იყოს ისე, რომ მასწავლებელმა იხელმძღვანელოს და გაარკვიოს, როგორია მოსწავლის მიღწევები შესაფასებელ სტანდარტებთან მიმართებაში; გამოიყენოს იგი უკუკავშირის ფორმულირებისთვის, ხოლო განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში – ნიშნის დაწერისთვისაც. ამისათვის შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილების დონეების მკაფიოდ გამიჯვნისთვის ზედმიწევნით დეტალიზებული ფორმულირებებია საჭირო.

მაშასადამე, შესაძლებელია საჭირო გახდეს რუბრიკის ორი ვერსიის დამზადება: ერთი იქნება მასწავლებლის სამუშაო ვერსია, სადაც დეტალურად გაიწერება მოსწავლის ნამუშევარში რომელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ოსტატობის (და შესაბამისად, ქულების) რა დონე მიენიჭება მოსწავლეს. რუბრიკის ეს ვერსია არ იქნება საჯარო. ხოლო მეორე,  მოსწავლეებისთვის წარსადგენი ვერსია იქნება შესაფერისად შეკვეცილი სახით, თუმცა მოსწავლეთა დასაკვალიანებლად მათი კომპეტენციებისადმი წაყენებული მოთხოვნების თვალსაზრისით – საკმაოდ ინფორმაციული.

ზემოთქმულის გათვალისწინებით შევუდგეთ რუბრიკის დამზადების პროცედურების აღწერას. უპირველეს ყოვლისა, სტანდარტებისა თუ ინდიკატორების შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს შეფასების კრიტერიუმები – არაა სავალდებულო კრიტერიუმები სრულიად ემთხვეოდეს ინდიკატორებს. საკმარისია, მათ საფუძველზე ჩამოყალიბდეს მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებშიც დავალების თავისებურებებია გათვალისწინებული. კერძოდ,  ინდიკატორებში მითითებული ობიექტების და მოქმედებების არე შეკვეცილი და შეზღუდულია კონკრეტული დავალების პირობებით.

დარჩა მხოლოდ მოსწავლის მიღწევის დონეების გამოყოფა და გამიჯვნა თითოეული კრიტერიუმისთვის და კონკრეტული ანალიზური რუბრიკაც მზად იქნება. მიზანშეწონილია სამი ან ოთხი დონის გამოყოფა. ეს დონეები შესაძლებელია, მაგალითად, ასე დასათაურდეს: ჯერ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს (ოსტატობის დონე არადამაკმაყოფილებელია); აკმაყოფილებს სტანდარტებს მცირე ხარვეზებით (ოსტატობის დონე დამაკმაყოფილებელია); სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს (ოსტატობის დონე შესანიშნავია).

თუ მოსწავლეებისთვის ქულების მინიჭებას ვაპირებთ, უმჯობესია ქულები ყოველი კრიტერიუმის თითოეულ დონეს ცალ-ცალკე მივუწეროთ – ეს გამორიცხავს ყოველგვარ  გაუგებრობას  ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია, აგრეთვე, სხვადასხვა კრიტერიუმს სხვადასხვა წონაც მივანიჭოთ – ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ კრიტერიუმის მნიშვნელობაზე შესასრულებელ დავალებასთან მიმართებით.

მიღწევის დონეების გამიჯვნისთვის გადამწყვეტი როლი ენიჭება მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარში იყოს დაფიქსირებული. სამუშაოების დასრულებისთვის საჭიროა მტკიცებულებათა დაჯგუფება დადგენილი დონეების შესაბამისად და მოქნილი, განმაზოგადებელი ან გამაერთიანებელი ფორმულირების მოძებნა, რადგან მოსწავლეებისთვის წარსადგენ ვერსიაში დეტალური და კონკრეტული მტკიცებულებები არ უნდა ფიგურირებდეს ზემო აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მტკიცებულებათა ენაზე ჩამოყალიბებული მიღწევის დონეებში მითითებულია არა მოსწავლის მიერ ჩადენილი ან ჩაუდენელი მოქმედებები, არამედ მხოლოდ ფაქტები, რომლებიც მოსწავლის ნამუშევარში დაფიქსირდა და ნამუშევრის კომპონენტებსა და მახასიათებლებს აღწერს. ამიტომ ეს ფორმულირებები ნეიტრალურია მოსწავლის ქცევის მიმართ და სრულიად თავისუფალია მასწავლებლის მოსწავლისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებათა გამოხატულებებისგან.

ასეთი რუბრიკები განმავითარებელი შეფასებისთვისაც გამოდგება და განმსაზღვრელისთვისაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შემაჯამებელი დავალებების შესრულებაში მიღებული ჯამური ქულა ნიშნად უნდა გადავაქციოთ, რისთვისაც ორი გზა არსებობს: 1) შევქმნათ მოსწავლის მიერ დაგროვებულ ჯამურ ქულათა ინტერვალების ნიშნებად კონვერტირების ცხრილი (ნიმუში იხ. ქვემოთ),  ან 2) მოსწავლის მიერ დაგროვებული ჯამური ქულა გავამრავლოთ ათზე, გავყოთ შესაძლო ქულათა მაქსიმუმების ჯამზე და დავამრგვალოთ მოსწავლეებისთვის ცნობილი წესით.

კონვერტაციის ცხრილის მაგალითი 60-ქულიანი შემაჯამებელი დავალებისთვის

ქულათა ინტერვალები პროცენტული ინტერვალები ნიშნები ათბალიან სისტემაში
0-8 0-14 1
9-15 15-25 2
16-21 26-35 3
22-29 36-49 4
30-38 50-64 5
39-44 65-74 6
45-50 75-84 7
51-53 85-89 8
54-57 90-95 9
58-60 96-100 10

იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ შექმნილი რუბრიკის ვარგისიანობაში, საჭიროა მისი გამოყენება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა მანამდეც შესაძლებელია მისი გაუმჯობესება, თუკი გულწრფელად და საქმის ცოდნით ვუპასუხებთ შეკითხვებს:

  1. რამდენად ზუსტად და სრულად აფასებს რუბრიკა დავალების შესრულების შედეგად მოსწავლეთა მიერ გამოვლენილ კომპეტენციებს?
  2. შესაძლებელია თუ არა მოცემული რუბრიკის საშუალებით მოსწავლეებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება?
  3. არის თუ არა შესაძლებელი რუბრიკის საფუძველზე საკორექციო ან კომპეტენციების გასაუმჯობესებელი აქტივობების შეთავაზება მოსწავლეებისთვის?
  4. არის თუ არა რუბრიკა ადვილი გამოსაყენებელი?
  5. არის თუ არა რუბრიკა მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადია?
  6. არის თუ არა რუბრიკა საკმარისად ლაკონური, ცხადი და მოსწავლეებისთვის ასაკობრივად შესაფერისი?
  7. გვეხმარება თუ არა რუბრიკა დასახული მიზნების მიღწევაში?

რუბრიკის დახვეწისთვის შესაძლებელია, აგრეთვე, მისი გამოყენება წინა თაობის მოსწავლეთა ნამუშევრებისთვის, რომლებიც უკვე შეფასებულია ან კოლეგებთან მისი წინასწარ განხილვა. მსგავსი აქტივობები დაგვაზღვევს შესაძლო უხერხული თუ ბუნდოვანების მომცველი ვითარების შექმნისგან მოსწავლეებისთვის შემაჯამებელი დავალებების მიცემისა და მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების დროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი