ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 „გრამატიკის რევიზია იუმორის საშუალებით“

დღევანდელი წერილის სათაური კასელის ვალდორფის სკოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პედადოგიურ სემინარის ერთ-ერთი კურსის სახელდებიდან ვისესხე. სამუშაოს დაწყებამდე ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალეკ ტემპლტონმა, მოკლედ გაგვაცნო  კურსის მიზნები და შემდეგ რამდენიმე კითხვა დაგვისვა. კითხვებიდან ზოგიერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ალეკს აინტერესებდა – როდის ვიცინეთ კლასში მოსწავლეებთან ერთად ბოლოს და რაზე (თუ საიდუმლო არააო, დაამატა), რა მეტსახელით მოგიხსენებენ მოსწავლეები თქვენ ზურგსუკან და თქვენს რომელ თვისებას გამოაჯავრებენ ისინი, თქვენი პაროდია რომ გააკეთონო.

კითხვებიც საინტერესო იყო, პასუხებიც და სამუშაო ჯგუფში ატმოსფეროც მხიარული, უშუალო და, ამავდროულად, საქმიანი შეიქმნა. ვფიქრობ, ამ ღიმილისმომგვრელი კითხვებითა და კიდევ უფრო მეტად ღიმილისმომგვრელი პასუხებით სწორედ იმას მივაღწიეთ, რაც საკლასო ოთახებშიც უნდა განვახორციელოთ.  განსაკუთრებით კი ისეთი მოსაწყენი გაკვეთილის ჩატარებისას, როგორიც გრამატიკის გაკვეთილი შეიძლება იყოს, რადგან თითოეულ გრამატიკულ თემაზე დასასწავლ ათობით წესსა და ენობრივ კანონს ამდენივე გამონაკლისი ახლავს, მოსწავლეებისთვის კი ეს ყველაფერი სახალისო და საინტერესო ნაკლებად არის ხოლმე.

ზოგადად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გრამატიკული წესების გააზრება, დამახსოვრება, ცოდნა ეხმარება  მოსწავლეებს მართლწერისა და მართლმეტყველების ჩვევების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.  ცხადია, აქ არ იგულისხმება წესების გაუაზრებლად დაზეპირება, შემდეგ კი შეცდომის გარეშე, უცვლელად მასწავლებლისთვის „ჩარაკრაკება“ ან დახურულ კითხვებიანი ტიპის ტესტებში ყველა სწორი პასუხის შემოხაზვა. საბედნიეროდ, დღეს  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე  გრამატიკის სისტემური სწავლება უარყოფილია და უპირატესობა ლიტერატურასთან ინტეგრირებულ სწავლებას ენიჭება, თუმცა, არის საკითხები, რომლებიც გარკვეული თეორიული კომპეტენციების დაუფლებასაც მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსაშვები გამოცდების დროს მოსწავლეებს ხშირად უწევთ ენის თეორიიდან კონკრეტულ გრამატიკულ კითხვებზე პასუხების გაცემა. შესაბამისად, რამდენიმე წესისა და გამონაკლისის ცოდნა მათთვის სავალდებულოცაა.

როგორ გავახალისოთ და გავამარტივოთ გრამატიკული წესების ან გამონაკლისების დამახსოვრების პროცესი? წერილში საგაკვეთილო პროცესში გამოცდილ, აპრობირებულ და მოსწავლეთა მიერ „ დადებითად შეფასებულ“ რამდენიმე სავარჯიშოს გთავაზობთ.

 

გამონაკლისების დამახსოვრების სავარჯიშო

სავარჯიშო გამომიყენებია ირიბი ობიექტის ნიშნების შესწავლის დროს. როგორც ცნობილია, ირიბი ობიექტის ნიშნებს დაირთავს ზმნა, რომელიც შეიწყობს ირიბ ობიექტს, თუმცა წესიდან რამდენიმე გამონაკლისიც არსებობს. ეს ის ზმნებია, რომლებსაც ირიბი ობიექტი არ შეეწყობა, მაგრამ ს- და ჰ- პრეფიქსის დართვა მაინც სავალდებულოა.

ეს ზმნებია: გასტანს, გამოსცემს, გასცემს, გასწევს, ასწევს, სჩადის, დასძენს, დაჰყო ( დრო).

გამონაკლისი ზმნების გაცნობის და წესების გააზრების შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ პატარა ამბავი, რომელშიც გამოყენებული იქნება ყველა დასახელებული ზმნა. ისინი შეზღუდულები არ არიან არც ჟანრში, არც თემატიკაში, არც მოცულობაში. ერთადერთი პირობაა, ისეთი ამბის ( სიუჟეტის) მოფიქრება, სადაც ყველა ზმნა „იმონაწილევებს“. შედეგად, საჭირო დროს მოსწავლეებს აუცილებლად გაახსენდებათ თავისივე მოფიქრებული მოთხრობა, ისინი ადვილად აღიდგენენ სიუჟეტის მეშვეობით ზმნებს და უშეცდომოდ გამოიყენებენ დასახელებულ სიტყვებს. უნდა აღვნიშნო, რომ არაერთი საინტერესო, მოულოდნელი და მხატვრულად ღირებული ტექსტი წამიკითხავს ამ ზმნების გამოყენებით.

იგივე სავარჯიშო გამოვიყენე კუმშვად-კვეცადი სახელების დამახსოვრების მიზნითაც. ტექსტები აქაც მრავალფეროვანი იყო, ჟანრობრივი განშლა კი აბსოლუტურად მოულოდნელი, მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დაწერილი მინიმოთხრობა ჰორორისა და იუმორის ელემენტებით ყოველ გახსენებაზე მზაფრავს და ამავდროულად, მაცინებს. ვფიქრობ, ეს ტექსტი არც მე და არ მას არასდროს დაგვავიწყდება.

სავარჯიშო პირობითი სათაურით „კაცი სკვერში“

აპრობირებულია მეტყველების ნაწილების, თანდებულების, მსაზღვრელ-საზღვრულისა და ზედსართავი სახელის შესწავლის პროცესში. საწყის ეტაპზე დაფის შუაში იწერება ორად ორი სიტყვა, ვთქვათ, კაცი მიდის. მოსწავლეები რიგრიგობით იწყებენ კითხვების მოფიქრებას და დასმას. კითხვები კითხვითი სიტყვებისგან უნდა იყოს ნაწარმოები და კითხვითი სიტყვითვე უნდა იწყებოდეს ( სად? როგორ? როგორი? ვინ? როდინდელი? რა? );

არსებული კითხვებისა და პასუხების მიხედვით დაფა ივსება დამატებითი ცნობებით. მაგალითისთვის:

როგორი კაცია? ( მაღალი)

სად მიდის კაცი? ( სკვერში)

რა უჭირავს ხელში კაცს? ( საჭე)

როგორი აგებულებისაა კაცი? ( მოსქო)

ვინ ელოდება სკვერში? ( ხელოსანი)

რა ფერისაა საჭე? ( მომწვანო)

როგორია სკვერი? ( მრგვალი)

და ა.შ.

ამ სახალისო სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი გამოყოფს მოცემული გაკვეთილის თემას ( ვთქვათ, ზედსართავი სახელი და მისი ჯგუფები) და მასალის ახსნის შემდეგ ( მეტყველების რა ნაწილია ზედსართავი? რამდენი ჯგუფი არსებობს? ზედსართავის ხარისხები…) ხაზს უსვამს შესაბამის სიტყვებს. მოსწავლეები კი ავსებენ წინადადებას და ინიშნავენ სამუშაო რვეულებში. ამ შემთხვევაში, მივიღებთ წინადადებას:

მაღალი, მოსქო კაცი მრგვალ სკვერში მიდის. მას  ხელში  მომწვანო საჭე აქვს.

ამოცანის გასართულებლად მოსწავლეებს შეგვიძლია ვთხოვოთ, მთელი ამბის ერთი წინადადებით გადმოცემა:

მაღალი, მოსქო კაცი, ხელში  მომწვანო საჭით, მრგვალ სკვერში მიდის.

რაც უფრო დიდი, მოულოდნელი და სასაცილოა ამბავი, მით უფრო სახალისოა პროცესი.

სავარჯიშო კარგია ასევე სინტაქსური კონსტრუქციების დაუფლების მიზნითაც. შესაძლებელია რთული წინადადებების მარტივად გადაკეთება და პირიქით.

ფაზლი

ფაზლის გამოყენება კარგია ისეთ თემებზე სამუშაოდ, როგორიცაა ფრაზეოლოგიზმები, მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება, სათაურების მართლწერა, ბრუნვის ნიშნები…სამუშაო ჯგუფურადაც შეიძლება შესრულდეს და ინდივიდუალურადაც.

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს. ბარათები ორ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი. თუ გაკვეთილის თემაა, მაგალითად, ფრაზეოლოგიზმები, ბარათის ერთ ნაწილზე იწერება შესიტყვების ერთი შემადგენელი, მეორეზე კი – მეორე. მოსწავლეებმა სწორად უნდა შეაერთონ ნაწილები და მიიღონ შესაბამისი ფრაზეოლოგიზმები, შემდეგ კი მათი გამოყენებით მოიფიქრონ და ჩაინიშნონ წინადადებები.

მაგალითად, ბარათის ერთ ნაწილზე იწერება:

ცამდე;ნამუსი;ურწმუნო;ნავსი;ფეხი;განხეთქილების;იობის;იუდას;აქილევსის;

მეორე ნაწილზე კი:

აიყვანა; შეუნახა; თომა; გატყდა;აითრია;ვაშლი;მოთმინება;ამბორი;ქუსლი;

სავარჯიშო საკმაოდ ხალისიანი და ეფექტიანია. ჯგუფურად შესრულების შემთხვევაში მუშაობს ურთიერთსწავლების ფაქტორიც.

ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის დასახვეწად ძალიან კარგია მცირე, ერთაბზაციანი საწერი დავალებების მიცემა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ახსნის რომელიმე სასვენი ნიშნის დანიშნულებას, მოსწავლეებს მიეცემათ დრო რაიმე თემაზე ერთი აბზაცის დასაწერად(თემის არჩევა მათვე შეგვიძლია მივანდოთ). წერის დასრულების შემდეგ პირველ რიგში თავად არედაქტირებენ ნამუშევარს, შემდეგ კი რვეულებს უცვლიან ერთმანეთს და უსწორებენ პუნქტუაციურ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს. მასწავლებლის მიერ აწითლებული და გამოყოფილი შეცდომები ერთია, თანაკლასელის მიერ აღმოჩენილი და შესწორებული კი – სულ სხვა. ამ სავარჯიშოს პირობითად „შეცდომებზე ნადირობა“ შეიძლება დავარქვათ.

თამაშებისა და მსგავსი სავარჯიშოების გამოყენება გაკვეთილებზე ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ინტერესს შესასრულებელი დავალების მიმართ და აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს. თამაშები და სავარჯიშოები ადვილი შესასრულებელი და სახალისო უნდა იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი