ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ზოგიერთი უზუსტობის შესახებ-ფიქრები ქართული ენისა და გეოგრაფიის გაკვეთილების ინტეგრირებაზე

როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, მის შესახებ საუბარი არავისთან, ოჯახის არცერთ წევრთან, არც დედაჩემთან, არც ჩემს დასთან, არც ჩემს შვილებთან და არც არავისთან, ახლობელ თუ შორეულ ადამიანთან არ მსურდა. სიტყვები, ჩემი ღრმა რწმენით, ვერ იტევდა ვერც იმას, რასაც მე მამის მიმართ ვგრძნობდი და ვერც იმას, როგორ ადამიანადაც მე მიმაჩნდა მამაჩემი. მეგონა, რომ სიტყვები ამცირებდა მამაჩემის ღირსებებს, იმაზე მცირედ წარმოაჩენდა ყველაფერს, რითაც მე ახლაც ვამაყობ და რის გამოც მე მამაჩემი მიყვარს. დღემდე ასეა. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრის მამაც გარდაიცვლა. ჩემი მეგობარი ავსტრიაში ცხოვრობს და ფეისბუქზე მომწერა, როგორ გამიკვირდა, როცა მაშინ, როდესაც მამაშენზე მინდოდა დაგლაპარაკებოდიო, გამაჩუმე და მითხარი, არ მინდა ლაპარაკი, სიტყვები მაინც ვერ მიშველისო. მან მამამისის კოლეგისა და უახლოესი მეგობრის დაწერილი მოგონება გამომიგზავნა, მაგრამ, ჩემი აზრით, ის სიტყვები, ნამდვილად კეთილი და თბილი სიტყვები, მაინც ვერ გამოხატავს ჩემი მეგობრის მამის კეთილშობილებას, პროფესიონალიზმს და სხვა უამრავ საუკეთესო თვისებას… ეს პრობლემა უამრავ ადამიანს შეუნიშნავს და მასზე ბევრიც დაუწერიათ. მაგალითად თუკიდიდეს „პელოპონესის ომში“ პერიკლეს ცნობილი სამგლოვიარო სიტყვა ასე იწყება: მართლაც ძნელია იპოვო შესაფერისი სიტყვები იქ, სადაც რთულია, მსმენელი ნათქვამისადმი ნდობით განაწყო. მოვლენებში გარკვეულ და თანაგრძნობით განწყობილ ათენელს სიტყვა სუსტად მოევენება იმასთან შედარებით, რაც იცის და რისი მოსმენაც სურს. უცხო კი, როცა იმას მოისმენს, რასაც თვითონ ვერ ჩაიდენდა, შურით აღივსება და გმირობას გადაჭარბებულად მიიჩნევს (ლ. გორდეზიანის თარგმანი).

რაზეც ამ შესავალში ვსაუბრობ, იმედია, ჩემი მკითხველისთვისაც ნაცნობი შეგრძნებაა და ამიტომაც ადვილად გასაგები. დიდი მოაზროვნეები კი იმ მოვლენას, როდესაც სიტყვები, არცერთი სიტყვა, არ ემთხვევა გამოსახატავ საგანსა და მოვლენას, რუკისა და ტერიტორიის ურთიერთმიმართების პრობლემას ადარებენ, რასაც გეოგრაფები კარტოგრაფიის პარადოქსს უწოდებენ. რუკებიც, სიტყვების მსგავსად, არასოდეს არ თანხვდება ტერიტორიას. რაც უფრო სრულყოფილია რუკა, მით უფრო ძნელად მოსახმარია იგი, ხოლო, რაც უფრო იოლად მოსახმარია რუკა, მით უფრო მეტი უზუსტობა დაიძებნება მასში (აქ არ იგულისხმება გუგლის რუკა, რომელიც არცაა კლასიკური გაგებით რუკა, თუმცა მან ჩაანაცვლა კლასიკური რუკები და იმდენად საჭირო და აუცილებელი გახდა, რომ მათზე მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება). ნებისმიერ რუკას თავისი ნაკლოვანებები გააჩნია. ჩვენ, ევროპაცენტრულ რუკებს შევაჩვიეთ თვალი და ნებისმიერი რუკა, სადაც ევროპა რუკის ცენტრალურ ნაწილში არ იქნება განთავსებული, თვალს მოგვჭრის. არადა, დედამიწა სულაც არაა სიბრტყეზე გადაჭიმული და არავის უთქვამს, რომ მის ცენტრში ევროპაა, რომ ესა თუ ის ქვეყანა აუცილებლად ზევით უნდა იყოს, ხოლო ქვეყნების ნაწილი – ქვევით. დედამიწაზე ხომ ვერსად ვერ ვნახავთ მიმართულების ისარს, რომელიც გვეტყვის, რომ ანტარქტიდა ქვევითაა. ყველა ქვეყანას თავისი საყვარელი რუკა აქვს (აქ იმას ვგულისხმობ, რომ, მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანას მისაღები და პოპულარული რუკა აქვს, რომელსაც სასწავლო პროცესში გამოიყენებენ. ფილოსოფია, რაც რუკების შერჩევისას დგას, მარტივად რომ ვთქვათ, შემდეგია: დაბალი განედების ასასახად ცილინდრული პროექცია გამოიყენება, შუა განედებისთვის – კონუსური, პოლარული რეგიონებისთვის კი – აზიმუტური. ამ შემთხვევაში ფოკუსში მოქცეული ტერიტორიებისთვის რუკაზე დამახინჯებები ნაკლებია და, როგორც წესი, ამ საყვარელი რუკის ცენტრალურ ნაწილში მისი ქვეყანაა აღბეჭდილი, ამ შემთხვევაში ფოკუსში მოქცეული ტერიტორიისთვის დამახინჯებები ნაკლებია). მერკატორის პროექციის რუკა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ გაკვეთილზე, ბევრად უფრო ნაკლოვანია, ვიდრე – ჰობო-დაიერის რუკა, რომელიც თავდაპირველად მოსწავლეს აყირავებულ რუკად მოეჩვენება. არადა, სინამდვილეში არ არსებობს ცნება „აყირავებული“ დედამიწა, რადგან მისი ფორმა ამ სიტყვის გამოყენების საშუალებას არ იძლევა. ყოველთვის გააჩნია, რომელი რაკურსით შევხედავთ დედამიწის შემცირებულ მოდელს. ასევეა რუკაც, გააჩნია, ვინ და რა მიზნით მოიხმარს მას. თუკი ვთხოვთ მოსწავლეებს, უცბად დახატონ საკლასო ოთახის გეგმა თავიანთი მოგონილი პირობითი ნიშნებით და მასშტაბით, ნახაზის ანალიზისას აღმოაჩენენ, რომ მათ მიერ დახატული საკლასო კლასის გეგმა არც ისე სრულყოფილია და მათ აუცილებლად გამორჩენილი ექნებათ მცირე დეტალები, რომლებიც საკლასო ოთახშია.

goodesho

კარტოგრაფიის პარადოქსის, ანუ რუკისა და ტერიტორიის პრობლემა, ლიტერატურაში პირველად ლუის კეროლმა დასვა ერთ-ერთ ნაწარმოებში. ამ რუკის მასშტაბი ერთი ერთთან იყო და ამიტომაც მისი მოხმარებისას პრაქტიკული სიძნელეები წარმოიშვებოდა, „ჩვენ კი ვსარგებლობთ თავად ქვეყნით, როგორც საკუთარი თავის რუკით და გარწმუნებთ, ის ისეთივე კარგია“. ამ პრობლემას შეეხო ხორხე ლუის ბორხესიც თავის პატარა მოთხრობაში „სიზუსტე მეცნიერებაში“. მოთხრობა წარმოადგენს ე.წ. ლიტერატურულ მისტიფიკაციას, ლიტერატურულ ნაყალბევს (literary forgery). მოთხრობა თითქოს მეჩვიდმეტე საუკუნეში დაწერილი ნაწარმოების მეოთხე წიგნის ორმოცდამეხუთე თავის ფრაგმენტია. ამ ფრაგმენტიდან ნათელი ხდება, რომ ერთ-ერთ იმპერიაში იმდენად გაიწაფნენ კარტოგრაფიის ხელოვნებაში, რომ კარტოგრაფებმა შექმნეს ისეთი რუკა, რომლის ზომაც იმპერიის ზომას თანხვდებოდა. მომდევნო თაობებმა ვეღარ გამოიყენეს ეს რუკა და დღეს უკვე მის ნაგლეჯებში ბინადრობენ ცხოველები და თავს აფარებენ მათხოვრები.

Pericoli-Borges

რუკისა და ტერიტორიის პრობლემა, როგორც მეტაფორა, რომელიც სიტყვისა და საგნის/მოვლენის მიმართებას ასახავს, კარგადაა განმარტებული რამდენიმე ავტორთან. უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ პოსტ სკრიპტუმის ერთი წინადადება ასე ჟღერს: stat rosa pristina nomine; nomine nuda tenemus. ამ ფრაზის მიახლოებითი შინაარსი შემდეგნაირად ითარგმნება: ის, რაც ადრე ვარდი იყო, სახელში გაცხადდა; ახლა კი შიშველი სახელი შემოგვრჩა. მართლაც, წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც დროის შემდეგ ქვეყანაზე აღარ იქნება არცერთი ვარდი, მის ნაცვლად კი შემორჩენილი იქნება მხოლოდ ვარდის სახელი, გვეცოდინება რაიმე ვარდის შესახებ? მეტაფორა „ვარდი“ ლიტერატურაში ხომ უამრავ რაღაცას აღნიშნავს! თუნდაც მხატვრობამ ან ფოტოგრაფიამ შემოგვინახოს ვარდის გამოსახულება, ესეც არ იქნება საკმარისი, რადგან ვარდი არც მარტო ფორმაა, მას ხომ სურნელიც ახლავს. უმბერტო ეკო, როგორც პოსტმოდერნისტი, გვთავაზობს, მთავარი პერსონაჟების სახელებით, უილიამითა (ინლისელი დეტექტივი) და ხორხეთი (რომელიც ბრმა ბიბლიოთეკარიცაა), გავიხსენოთ ორი უდიდესი მწერალი, არგენტინის ბიბლიოთეკის ბრმა დირექტორი ხორხე ლუის ბორხესი და ინგლისელი მწერალი უილიამ შექსპირი. ორივე ავტორი წერდა რუკისა და ტერიტორიის მიმართებაზე. ერთის შესახებ ზემოთ ვისაუბრე. უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტაში“ ჯულიეტას შემდეგ სიტყვებს ათქმევინებს: „ან კი რას ნიშნავს ეს მონტეგი? ის არც ხელია, არც ფეხია, არც მკლავია და არცა სახე, არც სხვა ნაწილია რაიმე ადამიანის. გემუდარები, შეიცვალე შენი სახელი. ხომ სულერთია, ვარდს რომ ვარდი აღარ უწოდო, ტკბილსურნელება იმგვარივე იქნება მაინც. და რომეოსაც თუნდ რომეო არ დაუძახო, თავისი ძველი ბრწყინვალება მაინც შერჩება…“ (ვ. ჭელიძის თარგმანი). მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, ის ისევე ნეიტრალურია საგნის/მოვლენის მიმართ, როგორც ასო/გრაფემა ნეიტრალურია ბგერის/ფონემის მიმართ. არა აქვს მნიშვნელობა ასოს მოხაზულობას, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ბგერების დაჯგუფებით აღვწერთ აღსაწერ საგანს/მოვლენას. სხვადასხვა ენაში სხვადასხვა სიტყვები გამოხატავენ ერთსადაიმავე საგნებს/მოვლენებს და ეს არ უცვლის არსს ამ საგანს/მოვლენას. სიტყვებს „ვარდსა“ ან „ყვავს“ რომ ადგილები შევუცვალოთ, ამით არც ვარდი დაკარგავს სურნელს და არ გაშავდება და არც ყვავი შეიძენს ვარდის სურნელს და ვარდის შეფერილობას არ მიიღებს.

ed69055060771.5602117fc754a

ლიტერატურაში ენისა და რუკის პრობლემაზე მიშელ უელბეკიც საუბრობს თავის რომანში „რუკა და ტერიტორია“. მწერალი კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის გმირს აღმოაჩენინა, რომ ხანდახან რუკა ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე თავად ტერიტორია. ამ აღმოჩენაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩემი წერილის ბოლოს კი მხატვრობას გავიხსენებ, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რუკა-ტერიტორია კავშირზე საუბარი. ბელგიელი სიურრეალისტი მხატვარი რენე მაგრიტი ცნობილია თავისი ნამუშევრით (The Treason of Images),

245769_0

რომელზეც გამოსახულია ჩიბუხი, წარწერა კი გვეუბნება, რომ ეს არ არის ჩიბუხი. დამთავლიერებლის პირველი რეაქციაა, შეედავოს მხატვარს, თუმცა მალევე ვხვდებით, რომ საქმე ნამდვილ ჩიბუხთან კი არა, მის გამოსახულებასთან გვაქვს.

Covers

სწორედ ეს ყველაფერი იგულისხმება მეტაფორაში რუკა-ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ცნებები გეოგრაფიის საკუთრებაა, ის გადავიდა ხელოვნებაში და, ლიტერატურისა და მხატვრობის დახმარებით, ბევრად უფრო გასაგები გახადა ენის უზუსტობა.

ეს ფიქრები, როგორ უნდა ჩატარდეს გეოგრაფიისა და ენის ინტეგრირებული გაკვეთილები, რიჩარდ ვან დე ლაგემაატის წიგნის წაკითხვისას დამებადა. რა თქმა უნდა, გაკვეთილის დაგეგმისას ნებისმიერი მასწავლებელი თავისუფალია, რომელ მაგალითებს აირჩევს. წერილში მოხმობილი მაგალითები არაა ერთადერთი და მისი ჩანაცვლება ძალიან ადვილად შეიძლება. რა თქმა უნდა, გეოგრაფიის მასწავლებელი თავისუფალია, შესაბამისი რუკების ნიმუშები უჩვენოს თუ არ უჩვენოს გაკვეთილის მსვლელობის ფარგლებში. რაც შეეხება ენას, სხვა უზუსტობების შესახებ მორიგ წერილში ვისაუბრებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი