ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„ბონსაი“, ანუ ნუ დაუწესებ ოცნებას საზღვრებს

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები (სავარჯიშო)

 

 თუ ენას (როგორც სისტემას) სამი ძირითადი ფუნქციით განვსაზღვრავთ (ურთიერთგაგებინების, ექსპრესიული და დანაწევრების), მეტყველებას კიდევ უფრო მეტი  ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი უმთავრესი მეტყველების ფუნქციებს შორის ის არის, რომ აზრის ვერბალიზაციით ჩვენ გამოვიხატებით.

ფრანგი მწერალი, ფრანსის პონჟი, ამგვარ თვითგამოხატვას წონასწორობას უწოდებს: როდესაც აზრის ვერბალიზაცია ხდება _ შინაგანი გამოდის გარეთ… „ჩვენ რომ მხოლოდ სხეული ვიყოთ, ადვილად მივაღწევდით ბუნებასთან წონასწორობას, მაგრამ ჩვენს მხარეზეა სული: მძიმე თუ მსუბუქი _ ვინ იცის? მას ამძიმებს: ხსოვნა, წარმოსახვა, განცდები… მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტყვები _ თითოეული წარმოთქმული სიტყვა გვამსუბუქებს… ხოლო წერას რაც შეეხება, საერთოდ სხვა მხარეს გადავყავართ…” (ფრანსის პონჟი, „საგანთა მიღმა“).

თუ მეტყველებას ვაქცევთ მშრალ საკომუნიკაციო პროცესად, მაშინ ის ვერც ჩვენ გამოგვხატავს, ვერც მსმენელზე მოახდენს გავლენას და ჰარმონიასაც ვერ მოვიპოვებთ ამგვარი გამოთქმით.

რიტორიკული უნარების განსავითარებლად ერთ-ერთი საინტერესო სავარჯიშოა – მეტაფორების შექმნა. როცა სტუდენტებს ამგვარ დავალებას ვაძლევ, ისინი ბევრს ფიქრობენ ჯერ იმაზე, რისი თქმა უნდათ, შემდეგ იმაზე, რისი თქმაც უნდათ, როგორი და რომელი მეტაფორით შეიძლება გამოხატონ და როგორ თქვან საბოლოოდ. ასეთი სიტყვა ყოველთვის ცოცხალია, ფსიქოლოგიურია და მოსასმენადაც საინტერესო. მეტაფორად ყველაფერი შეიძლება გამოდგეს: მთემატიკიდან – პოეზიამდე. ამჯერად კი პოეზიით ინსპირირებულ Speech-ზე გესაუბრებით.

ასეთი ვარჯიშის დროს რიტორიკის ჯგუფის ერთმა სტუდენტმა, მარიამ საყვარელიძემ, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება აღწერა თეა თოფურიას ლექსით „ბონსაი“. სათაური კი თავის გამოსვლას ასე დაარქვა: „ბონსაი, ანუ ნუ დაუწესებ ოცნებას საზღვრებს“.

პირდაპირი მნიშვნელობით ბონსაი – ეს არის დაჯუჯავებული ხე, „ბონსაის ხელოვნება ჩინეთსა და იაპონიაში, მრავალწლიან ისტორიას ითვლის. თავიდან ბონსაით ბუდისტი ბერები ყოფილან დაკავებული, ხოლო მოგვიანებით ბონსაი ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარა”.

დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება ამ პროცესს. ხშირად სწორედ ასე ექცევა ადამიანი საკუთარ თავს: იწყებს ტოტების შეჩეხვით და და მერე აზარტში შედის… მარიამის გამოსვლა სწორედ ამას ეძღვნებოდა. გამოსვლის მთავარი იდეა გახლდათ იგივე, რაც თეა თოფურიას ლექსის მთავრი იდეა, აქ უბრალოდ, განსხვავებული შინაარსები იყო. მეტაფორული გადმოცემის გზით მარიამის ეს შინაარსი გახდა შთამბეჭდავი, რადგან მან უბრალოდ კი არ თქვა, რომ „რა ცუდია, როცა შენს ოცნებებზე უარს ამბობ“, არამედ მთელი შინაგანი ძალისხმევა, ემოცია ჩადო ამ გადმოცემაში. რიტორიკული უნარიც ეს არის – კი არ მოატყუო მსმენელი ყალბი პათეტიკით (რაც შესაძლებელია), არამედ ესაუბრო იმაზე, რაც მართლა განიცადე და, ამავე დროს, ესაუბრო ხატოვნად. ინფორმაცია მაშინ ახდენს მსმენელზე ძლიერ ზეგავლენას, როდესაც გულწრფელი ემოციითაა გადმოცემული. მეტაფორებიც იმ შემთხვევაში იქმნება, როდესაც ის დაკავშირებულია ღრმა შინაგან განცდებთან.

შეიძლება, მარიამის ისტორია: როგორ აირჩია თავიდან პრაგმატული პროფესია და როგორ შეძლო, ხელი აეღო მაღალანაზღაურებად სამსახურზე იმის გამო, რომ მას სიამოვნება არ მოჰქონდა, – მეორე დღეს ყველას დავიწყებოდა, მაგრამ მომდევნო კვირაში როცა აუდიტორიას ვკითხე, რომელი მეტაფორა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად: ერთ-ერთი იყო – ბონსაი… ამ მეტაფორასთან კი დაკავშირებული იყო იდეა: ნუ შეუკვეცავ ოცნებას ფრთებს!

მარიამის Speech-ის მიზანი მიღწეული იყო იმით, რომ თავისი გამოსვლის მთავარი მესიჯი მეტაფორის შექმნით და საკუთარ გამოცდილებაზე  საუბრით გახადა დასამახსოვრებელი!

ეს იდეა თეა თოფურიამ ლექსში „ბონსაი“ასე გამოხატა:  „მთელი ხელოვნებაა ბონსაი, აქციო დიდი პატარად…“

შეგიძლიათ წაიკითხოთ თეა თოფურიას ლექსი „ბონსაი“, მოუსმინოთ მარიამის Speech-ს, რომელიც მეგობარმა ტელეფონით გადაიღო… და დაფიქრდეთ იმაზე, თქვენც ხომ არ აკეთებთ საკუთარი თავისგან „ბონსაის“?

თეა თოფურია

ბონსაი

მთელი ხელოვნებაა ბონსაი
აქციო დიდი პატარად,
ჩამოიყვანო სიყვარული მეგობრობამდე.
ჯერ ხელებს დააჭრი ძირში,
რომ ვერ მოგეფეროს,
მერე მოაწყურებ,
არ აყვავდეს გაზაფხულზე დიდი ყვავილებით.
წლები უნდა, თორემ ისე,
გამოცდილია,
უსათუოდ გახდება ჯუჯა.
გავა დრო და
გექნება ბაღი ჯუჯა ხეების,
სადაც ბევრმა დაივიწყა,
ახლა კი მორიგი ნერგი ივიწყებს,
როგორი იყო აფრიკაში ბაობაბი,
დიდი ხე, დიდი სივრცის პირას,
იმის იქით სიცარიელე,
მორიგი ნერგი ივიწყებს ამას…
მერე კი,
როცა ბაღის თავზე აგვისტო მოვა,
როცა მოგშივდება, იმდენად
რომ წყალსაც შეჭამდი,
როცა მიხვდები,
რომ ბონსაის არა აქვს ხილი და ჩრდილი
შენ გაიხსენებ,
იმას, რასაც ის ივიწყებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი