შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კარჩაკეტილობა ანუ როცა მოზარდებს არაფერი არ უნდათ

კატერინა დემინა ფსიქოლოგი კონსულტანტია, ბავშვებთან მუშაობს. თავისი სტატიით ის დაეხმარება მშობლებსა და მასწავლებლებს, გაიგონ, რატომ „არაფერი უნდათ“ მოზარდებს. ფსიქოლოგის აზრით, არაფრის კეთების სურვილი ახალგაზრდებში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მომძლავრდა. მათ არ აქვთ საკუთარი ჯიბის ფული, არც აწყობილი პირადი ცხოვრება. ისინი დღე და ღამე უსხედან „კომპებს“ ან მობილურ ტელეფონებში არიან თავჩარგულები. ბიჭები ნაკლებად ინტერესდებიან გოგონებით. ბევრი არ ფიქრობს იმაზე, თუ რა მომავალი ელის, რა პროფესიას აირჩევს. მშობლების თბილ და საიმედო კალთას გამოკერილი მოზარდები ნაადრევად იწყებენ სიგარეტის მოწევას და ლუდის დაგემოვნებას.

„ალექსანდრე კონსულტაციაზე დედამ მომიყვანა. ის 15 წლისაა, ნებისმიერი გოგოსთვის საოცნებო რაინდი. სპორტული აღნაგობა აქვს, არ უზრდელობს, სიტყვებს არ კარგავს, გამართულად მეტყველებს, თამაშობს ჩოგბურთს, უკრავს გიტარაზე. დედა კი უკმაყოფილოა და ჩივის, რომ მას არაფერი აინტერესებს.

„რას ნიშნავს „არაფერი აინტერესებს?“ – ვეძიები დედას. – სულ არაფერი? ნუთუ არც ჭამა, არც ძილი, სეირნობა, თამაში, ფილმის ყურებაც არ უნდა?“

თურმე, ალექსანდრეს არ სურს მოზარდისთვის „ნორმალური“ საქმეების კეთება. ესაა სწავლა, მუშაობა, კურსებზე სიარული, გოგონებთან პაემნები, საოჯახო საქმეებში დახმარების გაწევა და შვებულების დროს დედასთან ერთად დასვენება.

ამის გამო დედა სევდიანი და სასოწარკვეთილია. აი, მან ჯანმრთელი ბიჭი გაზარდა, ხეირი კი არ არის. დედა მის გამო ყველაფერს აკეთებს, ოღონდ შვილი კარგად ჰყავდეს – საკუთარი თავი უკანა პლანზე გადაწია, ყველანაირ სამსახურსაა გამოკიდებული, რომ ორიოდე ზედმეტი კაპიკი იშოვოს… შვილი წრეებზე დაჰყავდა, ძვირადღირებულ სპორტზე, უცხო ენების გასაძლიერებლად საზღვარგარეთ ბანაკებში უშვებდა. და რა?.. ბიჭს სადილამდე სძინავს, მერე იღვიძებს, კომპიუტერთან ჯდება და გვიანობამდე უაზროდ თამაშობს. დედას იმედი ჰქონდა, რომ შვილი გაიზრდებოდა და მას დაეხმარებოდა.

ალექსანდრეს დედას ვეკითხები: „რამდენი წევრი ხართ ოჯახში? ფულს რით შოულობთ? ვის რა ფუნქცია აქვს?“ ის მპასუხობს, რომ დიდი ხანია ქმარს გასცილდა, მაშინ შვილი ხუთი წლის ჰყავდა. „მამამისიც ასეთი უქნარა იყო. იქნებ სიზარმაცე გენეტიკურია?“ ქალი ბევრს მუშაობს, იღლება. მას ალექსანდრეს გარდა, ხანდაზმული დედაც ჰყავს შესანახი. სამსახურიდან ძალიან დაქანცული ბრუნდება… საოჯახო საქმეებს კი ბებია უძღვება. ალექსანდრესაც ის აქცევს ყურადღებას, მაგრამ ბიჭი აღარ უჯერებს. ბებიას აღარც ეპასუხება, მის ლაპარაკს „ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს“. სკოლაში ალექსანდრე მაშინ დადის, როცა მოესურვება. სულაც არ ირჯება საიმისოდ, რომ ოდნავ უკეთესად ისწავლოს. თუმცა ყველა მასწავლებელი ერთხმად აცხადებს, რომ აქვს ამის პოტენციალი.

ალექსანდრე ელიტარულ სკოლაში დადის და იქიდან რომ არ გააგდონ, იძულებულია ძირითად საგნებში რეპეტიტორებთან მოემზადოს. სახლში კი უქნარობს. საკუთარ ჭიქასაც კი არ რეცხავს. ბაზარში ბებია დადის. მძიმე ჩანთებს ატარებს. საჭმელი ალექსანდრესთვის კომპიუტერთან მოაქვთ.

დედა ლამის ტირის: „კი მაგრამ, რა სჭირს ამ ჩემ ბიჭს, მე ხომ მას მთელი ცხოვრება შევწირე?“

შემდეგ ჯერზე ალექსანდრეს მარტო ვიბარებ. მართლაც, რა კარგი ბიჭია, სიმპათიური, მოდურად ჩაცმული, ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ თითქოს სიცოცხლე აკლია, სიხალისე. გოგონების ჟურნალში ჩახატულ ბიჭუნას ჰგავს, გლამურულ პრინცს, რომელსაც შუბლზე არცერთი მოზარდული მუწუკი არ აქვს.

ჩემთან მიმართებაში ის საკმაოდ მეგობრულია, თავაზიანი, მთელი თავისი არსით მაჩვენებს, რომ ღიაა და მზად არის თანამშრომლობისთვის. მე საკუთარ თავს ამერიკული ფილმის რომელიღაც პერსონაჟად აღვიქვამ: მთავარი გმირი ფსიქოანალიტიკოსთანაა მოსული.

ძალიან უცნაურია, მაგრამ ბიჭი დედამისის ტექსტით მელაპარაკება და ამბობს, რომ ის ძალიან ზარმაცია, სიზარმაცე წარმატების მიღწევაში ხელს უშლის. ამბობს, რომ თავმოუბმელია. შეუძლია დიდხანს იჯდეს ერთ წერტილს მიჩერებული.

„შენ თვითონ რამე გინდა?“ – ვეკითხები. მპასუხობს, რომ არც არაფერი. სკოლაში მოწყენილობაა, გაკვეთილები ერთფეროვანია, თუმცა კარგი მასწავლებლები ასწავლიან. მეგობრები ბევრი არ ჰყავს, არც შეყვარებული. გეგმები არ აქვს.

ანუ ალექსანდრეს არ სურს კაცობრიობის გაბედნიერება, არ გეგმავს იქცეს მეგავარსკვლავად, მას არ სჭირდება სიმდიდრე, კარიერული ზრდა და მიღწევები. მას უბრალოდ არაფერი სჭირდება. მას ისედაც ყველაფერი აქვს.

ნელ-ნელა ფსიქოლოგიური სურათი იკვეთება: დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ალექსანდრე მეცადინეობს. ჯერ სკოლისთვის ამზადებდნენ, დაჰყავდათ ცურვასა და ინგლისურზე. მერე სკოლაში წავიდა და ცხენოსნობაც დაემატა. დღეს მათემატიკურ ლიცეუმში სწავლის გარდა, ინგლისური ენის კურსებზე დადის, ორ სპორტულ სექციაშია გაწევრიანებული, მეცადინეობს რეპეტიტორთან. ეზოში არ ჩადის, არ სეირნობს, ტელევიზორს არ უყურებს, არ სცალია. კომპიუტერზე მხოლოდ არდადეგების პერიოდში თამაშობს და ისიც არაყოველდღიურად.

რატომ არაფერი უნდა?

როდესაც ალექსანდრეს ვეკითხები, რით დაკავდებოდა სწავლა რომ არ უშლიდეს ხელს, ამბობს გიტარაზე დაკვრითო. გიტარაზე დაკვრა – აი, ეს სიტყვა დაიმახსოვრეთ.

იცით, ამ მესიჯით – „მოზარდ ვაჟს არაფრის კეთება უნდა“ (13-19 წლის ასაკში). სამჯერ მაინც მომმართავენ. სიუჟეტი არ იცვლება: მომჩივანი აქტიური, ენერგიული, ამბიციური დედაა. მამა ოჯახში არ არის, სახლში ბებია ან ძიძაა. ოჯახის სქემა დამახინჯებულია: დედას მამის როლი შეუთავსებია. ისაა ფულის შემომტანი, ის იღებს გადაწყვეტილებებს, კონტაქტობს გარე სამყაროსთან და იცავს ვინმეს, თუ ამის საჭიროება არსებობს. ანუ დედა სახლში არ არის, დედა ველადაა გაჭრილი და ნადირობს. ოჯახში ბებიაა, მაგრამ ის ვერ მართავს ბავშვს, ამის სადავეები ბებიობის სტატუსის გამო არ გააჩნია. ოჯახში დედ-მამას ერთად რომ ეცხოვრა, საღამოს სამსახურიდან მოსულ მამას დედა შესჩივლებდა და ვაჟის ქცევაზე რამენაირი რეაქცია მაინც იქნებოდა, მაგრამ უმამობის ჟამს ეს შეუძლებელია. პირიქით, დედა ცდილობს ბავშვს ყველაზე საუკეთესო მისცეს: მოდური გართობა, საჩუქრები. შვილი კი სულაც არ არის ბედნიერი. მას „არაფერი უნდა“. და როგორ უნდა მოუნდეს, თუ მის მაგივრად დედამ ყველაფერი უკვე დაგეგმა და განახორციელა?..

წარმოვიდგინოთ, რომ 5 წლის ბავშვი სახლში ზის და ხალიჩაზე პატარა მანქანას აგორავებს. იმ მომენტისთვის მას სურვილები უჩნდება, მაგალითად, უფრო დიდ მანქანაზე იწყებს ოცნებას. შემდეგ, ამ ოცნებას დედას უზიარებს. დედა ეუბნება, რომ დიდ მანქანას საახალწლოდ აჩუქებს. ბავშვი ელის საჩუქარს. ძილის წინ ის ოცნებობს დიდ სათამაშო მანქანაზე, დეტალურად წარმოიდგენს ხოლმე სანატრელ ნივთს. ამ გზით ბავშვი სწავლობს კონტაქტირებას თავის შინაგან სამყაროსთან სურვილების მიმართულებით.

ალექსანდრესთან კი რა ხდებოდა? მანქანას თუ მოისურვებდა, დედას შეტყობინებას გაუგზავნიდა და საღამოსვე დიდი მანქანა უკვე მის ხელთ იყო. ალექასანდრესნაირ ბიჭებს ყველაფერი აქვთ: უახლესი სმარტფონები, ძვირადღირებული ჯინსები, ევროპაში მოგზაურობა. მათ არ სჭირდებათ ფიქრი, გადაწყვეტილების მიღება, ოცნება. მათ ნაცვლად ყველაფერს დედა აგვარებს.

პირველად გავიგე, რომ ბევრ მოზარდ ბიჭს დედა სკოლაში დაჰყვება. მეგონა, დედა შვილს მაქსიმუმ მესამე კლასამდე დაყვებოდა სკოლაში, მაგრამ საქმე სხვაგვარად ყოფილა. შიში და შვილის გადაჭარბებული სიყვარული სიგიჟეს გაკეთებინებს. იქნებ, ბავშვს სადმე ცუდი ბიჭები უსაფრდებიან, ანდა ნარკოტიკების მოხმარებაში ითრევენ, იქნებ, რამეს ისეთს ასწავლიან, რომ დაღუპონ? ჩვენ ხომ ასეთ რთულ დროში ვცხოვრობთ…

მე კი ვფიქრობ, რომ დრო ყოველთვის ერთნაირია.

ჩემს დროს გოგონები უკაცრიელ ადგილებში სიარულს ერიდებოდნენ. მაშინ სექსუალური მანიაკებიც იყვნენ და ყაჩაღებიც. არ იყო თავისუფალი პრესა. ამიტომ კრიმინალური ამბები ცოცხლად ვრცელდებოდა. რაც უფრო ბევრი ადამიანი გადაღეჭავდა ისტორიას მანიაკის შესახებ, მით უფრო და უფრო საშიში დეტალები ემატებოდა მას.

ადამიანის ფსიქიკა არ არის ჩვეული სიკვდილის ყოველდღიურ დაკვირვებას, განსაკუთრებით ძალადობრივი სიკვდილის. ეს ადამიანისთვის დიდი ტრავმაა, თავდაცვა კი მას არ ეხერხება.

ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ ცინიკურები ვართ, მეორე მხრივ, ბავშვებს ეზოში სათამაშოდ არ ვუშვებთ, გვეშინია. ყველაზე ხშირად უსუსური ბავშვები იმ მშობლებს ეზრდებათ, ვინც ადრეული ბავშვობიდან დამოუკიდებლები იყვნენ, ზედმეტად პასუხისმგებლიანები; ვისაც ყელზე თოკზე ასხმულ სახლის გასაღებს ჰკიდებდნენ, გაკვეთილებს თვითონ სწავლობდნენ, საჭმელსაც თვითონ იცხელებდნენ; ვინც ზაფხულობით ბანაკში ან ბებიასთან სოფელში მიდიოდა, სადაც თავის ჭკუაზე ატარებდა დროს. შემდეგ ეს ბავშვები გაიზარდნენ და გარდაქმნაც დაიწყო. ყველაფერი შეიცვალა: ცხოვრების წესი, ღირებულებები, ორიენტირები. თაობა ადაპტირდა, მაგრამ შფოთვა დარჩა. სწორედ ამ შფოთვის მსხვერპლი არიან ჩვენი შვილები.. .

„იმ ასაკში უკვე ვიცოდი, რა მინდოდა, ეს კი მეათე კლასში თამაშებს თამაშობს. მე მესამე კლასიდან თვითონ ვმეცადინეობდი, ეს კი მაგიდასთან ვერ დავსვი. ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ რანაირი მათემატიკის პროგრამა გვქონდა, მე კიდე ამასთან ერთად მიწევს ამოცანების ამოხსნა“, – ამას მშობლები ტრაგიკული ინტონაციით ჰყვებიან და აუცილებლად ამატებენ – „როგორ გადაგვარდა სამყარო!“

სამყარო გადაგვარდა?.. და რატომ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი შვილები მაინცდამაინც მშობლებისნაირად?

ამ დროს მშობლებს ვეკითხები ხოლმე – რას ელიან შვილებისგან. ჩამონათვალის სია სახალისო გამოდის, თითქოსდა ისინი იდეალური მამაკაცის პორტრეტს აღწერდნენ: ბავშვმა ყველაფერი თვითონ უნდა აკეთოს, უსიტყვოდ დაემორჩილოს, გამოიჩინოს ინიციატივა, იაროს წრეებზე, რომელიც ცხოვრებაში გამოადგება, იყოს მზრუნველი და არაეგოისტი, იყოს გამტანი და ცოტა თავხედი. ამ ჩამონათვალის გაჟღერებისას მშობელი ხვდება, რომ ბავშვისგან ბევრს მოითხოვს. მაგრამ სინამდვილეში ან სიმღერა უნდა ვარჩიოთ, ან ცეკვა. თქვენი შვილი ან ფრიადოსანი ბოტანიკოსი იქნება ან ენერგიული, ინიციატივიანი ცელქი. ის ან თანაგიგრძნობთ და დაგეხმარებათ, ან თავს დაგიქნევთ და თავისას გააკეთებს.

ბევრ ბიჭს გამოტოვებული აქვს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი – თანატოლებთან თამაში. ისინი არ იგონებენ თავიანთ თამაშებს, არ ჩხუბობენ, არ იძიებენ ახალ ტერიტორიებს ეზოს სიახლოვეს, არ ეხერხებათ თავის გარშემო გუნდის შეკრება.

ვამჩნევ, რომ თანამედროვე მოზარდები ცუდად მეტყველებენ მშობლიურ ენაზე, არ აქვთ სიტყვების მარაგი. მშობელი კი ამაყად აცხადებს, რომ შვილი უცხო ენებზე დაჰყავს და ის ძალიან დატვირთულია.

რას ამბობენ ბავშვები 

„მე არავინ მისმენს. მინდა სკოლიდან სხვა ბავშვებთან ერთად გამოვიდე და არა ძიძასთან ერთად.  არ მაქვს დრო ტელევიზორის საყურებლად. არ მაქვს კომპიუტერით გართობის დრო. დიდი ხანია არ ვყოფილვარ კინოში მეგობრებთან ერთად. არ მიშვებენ სტუმრად და ჩემთანაც არავინ მოდის. დედაჩემი მიმოწმებს ჩანთას, ჯიბეებს, ტელეფონს. თუ სკოლიდან გამოსვლა ხუთი წუთით დამაგვიანდა, ეგრევე მირეკავენ“. ამას ამბობენ არა პირველკლასელები, არამედ მეცხრეკლასელები!

მათი ჩივილი შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: საზღვრის დარღვევა („მიმოწმებს ჩანთას. არ მაძლევს უფლებას ის ჩავიცვა, რაც მინდა“) და პირობითად, ძალადობა პიროვნებაზე („არაფერი არ შეიძლება“). რჩება შთაბეჭდილება, რომ მშობლებმა ჯერ ვერ შენიშნეს შვილების გაზრდა. 14 წლის ასაკის მოზარდის ოთახში ფორმალური კაკუნით შესვლა მისი პიროვნების პატივისცემას ნიშნავს. თუმცა ვერ გეტყვით, რას ნიშნავს მოზარდის ტელეფონში ძრომიალი… მოზარდის ვარცხნილობის კრიტიკა და შეხსენება „წადი, იბანავე, რაღაც ცუდი სუნი გდის“, თბილი ქურთუკის ჩაცმის მოთხოვნა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ მოზარდი ისევ ბავშვად მიაჩნიათ და მიუთითებენ, რომ მშობლებს უნდა დაემორჩილოს, მათ გადაწყვეტილებას დანებდეს.

არა მგონია ქვეყნად არსებობდეს მშობელი, რომელმაც არ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის თანატოლებთან ურთიერთობა. დიახ, მოზარდი გამოდის მშობლების კონტროლის არეალიდან, მშობლები მისთვის ჭეშმარიტების ერთადერთ ინსტანციას აღარ წარმოადგენენ.

რაც შეეხება პასუხს შეკითხვაზე: რატომ არ უნდა მოზარდს არაფერი? თუკი ბავშვის შემოქმედებითი ენერგია იმთავითვე იბლოკება და მოზარდს ეკრძალება ის, რაც სურს, საბოლოოდ, ის უარს აცხადებს ყველა სურვილზე. მას აღარაფერი უნდა. ეს მართლა საშინელებაა, მაგრამ ბუნებრივია – რატომ უნდა უნდოდეს რამე, თუკი ამას მაინც აუკრძალავენ და დაუსაბუთებენ, რომ ეს მისთვის საზიანო და არაფრის მომცემია („წადი და გაკვეთილებს მიხედე, ეგ ჯობია“)?!

ჩვენი სამყარო შორსაა იდეალისგან. ის არ არის უსაფრთხო, მასში ქაოსი და ბოროტებაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ არსებობას, სიყვარულს, ვიცვლით სამსახურებსა და საცხოვრებელ ადგილებს, გადაგვაქვს შინაგანი და გარეგანი კრიზისები. რატომ არ ვაძლევთ ჩვენს შვილებს იმის საშუალებას, რომ მათაც გაიგონ, რა არის ეს? მესმის, რომ ოჯახებში, სადაც ეს პრობლემები არსებობს და სტრესის ხარისხი ორგანიზმის ადაპტაციის შესაძლებლობებს აჭარბებს, მშობლებს სურთ შვილმა სიმშვიდესა და ჰარმონიაში იცხოვროს, შვილს კი ეს არ სურს! მას მოსწონს ქარიშხალი, თავგადასავლები და როდესაც ამის შანს უქრობენ, დივანზე წვება და არაფერი აღარ უნდა.

როგორ მოვიქცეთ

როგორც ყოველთვის, უნდა ვიმსჯელოთ, შევადგინოთ გეგმა და მივყვეთ მას. გაიხსენეთ, რას გთხოვდათ ადრე ბავშვი და ახლა რას აღარ გთხოვთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოზარდმა ყოველდღიურად ერთი საათი მაინც თანატოლებთან ერთად უნდა გაატაროს. ეს აუცილებელი პირობაა მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგჯერ მოზარდმა უაზრო თამაშებიც უნდა ითამაშოს და გასართობ არხებსაც უყუროს. ამ დროს მათ ტრანსის მაგვარი შეგრძნებები ეუფლებათ, მედიტაციასთან მიახლოებული სულიერი მდგომარეობა, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობენ. იმავეს ვიტყოდი სოციალურ ქსელებზე, სატელეფონო ლაქლაქზე. ეს ყველაფერი თქვენ კი გაღიზიანებთ, მაგრამ უნდა მოითმინოთ. შეიძლება მოზარდი შეზღუდოთ, დაუწესოთ ჩარჩო, მაგრამ ტოტალურად არ აუკრძალოთ შინაგანი ცხოვრება, თორემ ზრდასრულობაში ადამიანს დაეტყობა, რომ რომელიღაც თამაშით გული ვერ იჯერა, ქუჩა-ქუჩა ტყუილად არ უხეტიალია, არ უცინია სულელურ კომედიებზე.

ერთ მოზარდ ბიჭს ვიცნობდი, რომელიც თავის მშობლებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დივანზე კოტრიალით აგიჟებდა, თან მონოტონურად კედელს ჩოგბურთის ბურთს ურტყამდა. მშობლებს ჭკუიდან ბურთის ხმა კი არ შლიდა, არამედ ის, რომ მათი შვილი არაფერს აკეთებდა. დღეს ეს ბიჭი 30 წლისაა. ნორმალური კაცი დადგა, ცოლი მოიყვანა, მუშაობს. უბრალოდ, 15 წლის ასაკში მას თავის ნაჭუჭში ყოფნა სჭირდებოდა.

მეორე მხრივ, ასეთ ბავშვები კატასტროფულად განიცდიან ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების დეფიციტს. ისინი მხოლოდ სწავლაზე იხარჯებიან. არ დადიან პროდუქტების საყიდლად, არ წმენდენ იატაკს, არ უკირკიტებენ გაფუჭებული ტექნიკას.

პირადად მე მათ მეტ შინაგან თავისუფლებას მივცემდი, მაგრამ გარეგან შეზღუდვებს დავუწესებდი, ანუ მოზარდს თვითონ გადავაწყვეტინებდი, რა უნდა ჩაიცვას და რით სურს დაკავდეს სწავლის გარდა, მაგრამ ამავე დროს სავალდებულო საშინაო საქმეების სიასაც მივცემდი. სხვათა შორის, ბიჭები ძალიან კარგად ამზადებენ საჭმელს და აუთოვებენ. ნამდვილად!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი