შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გამჭვირვალე წიგნები

წიგნი სარკეა. ასე ჯიუტი და რიტორიკული ფრაზით ვიწყებ ჩემი ბლოგის წერას და მინდა, რომ დაგაჯეროთ ან შეგახსენოთ ეს სიმართლე. რისთვის ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას? ზოგი იმისთვის, რომ შემდგომ თქვას, ესა და ეს წაკითხული აქვს და იცის პერსონაჟები, სიუჟეტი და განათლებული, ნაკითხი ადამიანია; ზოგი ესთეტიკურ სიამოვნებას იღებს მხოლოდ; ზოგი რაიმე ფილოსოფიურ აზრებს, იდეებს, შეკითხვებსა და პასუხებს ეძებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეცნობიერად თუ ცნობიერად წიგნებში ვეძებთ იმ სახეებს, მოვლენებს, რაც გვინდოდა ვყოფილიყავით და როგორც გვინდოდა ჩვენი ცხოვრება მოწყობილიყო.

დაწყებითი კლასის მასწავლებლები დავაკვირდეთ, როგორ ისმენენ პატარები იმ ზღაპრებსა და მოთხრობებს, რომელსაც ვუკითხავთ, როგორ შედიან როლებში და კამათობენ. ჩემთან მოდიან ხოლმე ჩემი მეორე კლასის მოსწავლეები და აგრძელებენ ამბებს ზღაპრებიდან თავიანთი წარმოსახვით, ფანტაზიით, რეალობაში გადმოაქვთ და, უფრო მეტიც, იმთავითვე, კითხვის პროცესშივე რეალობად აღიქვამენ ამ ტექსტებს. ეს არაა თავის მოტყუება, ეს გამოცდილებების გათავისებაა, ისეთივე, როგორც მეგობრისგან რჩევის მიღება, – ზუსტად ასე, – წიგნში მცხოვრები პერსონაჟები რაღაც მნიშვნელოვანს გვასწავლიან ხოლმე.

მწერლები, ლიტერატურის ისტორიის განვითარების მოთხოვნილებათა მიხედვით, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, გამომხატველობითი რეალობის გავლენით სხვადასხვა ჟანრის, ტიპის, სათქმელის ტექსტებს წერდნენ, თუმცა კარგი მკითხველი მათში ყოველთვის ეძებდა თავის თავს.

ოთხი საუკუნის წინ გაჩენილი დონ კიხოტი და სანჩო პანსა განა ორი სარკე არ არის?!. და ზოგჯერ, როცა ამაზე დავფიქრდები, მიკვირს ხოლმე, როგორ ხდება, რომ დღეს, აბსოლუტურად სხვა სამყაროს ადამიანი მათში საკუთარ თავს ვხედავ და განა მარტო საკუთარ თავს, საკუთარი მეგობრის, მასწავლებლის, მოსწავლის და შენსასაც, ამის მკითხველო.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ჩატარებულ ცდებს. რას მატებს მოსწავლის მიერ ჩატარებული ცდა მის ცოდნას? ჯერ ერთი, კომპეტენციას, რომ მას შეუძლია მიღებული ცოდნა გამოიყენოს, შემდეგ კი ამის მთავარი აზრი ისაა, რომ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ნასწავლი უკეთესად დამახსოვრებადი, გასაგები და ახლობელია მოსწავლისთვის.

მხატვრული ტექსტების სწავლებისასაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა ტექსტისაგან მოსწავლის დაშორება. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ რაღაც სხვადასხვა მავნე გავლენებისაგან განზე გამდგარმა და დისტანცირებულმა ბავშვმა განიხილოს, გაარჩიოს მხატვრული ტექსტი, თუმცა ემოციურ დონეზე მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი სიახლოვე ნაწარმოებებთან. სხვა შემთხვევაში, მხატვრული ტექსტი მისთვის იქნება მხოლოდ რიგითი ვალდებულება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ტანჯვა. პირადი გამოცდილებები კი ყოველთვის საინტერესოა, მას ყველაზე ნაკლებმოტივირებული ბავშვიც ვერ აუვლის გვერდს და აუცილებლად ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესში.

როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის მიერ, ერთი მხრივ, სხვადასხვა ჭრილიდან, განყენებული პოზიციიდან ნაწარმოების თავისებურებების დანახვა და ამასთანავე ტექსტთან ემოციური სიახლოვის შენარჩუნება? ეს არის უმთავრესი დილემა და თუ მასწავლებელმა ამის გადაჭრა მოახერხა, წარმატება და მიზნის მიღწევა გარანტირებული აქვს. მთავარია, რომ, პირველ რიგში, ბავშვს დავანახოთ საჭიროება იმისა, თუ რატომ უნდა წაიკითხოს, გააანალიზოს ეს ტექსტი. შემდგომ მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს მხატვრული ნაწარმოების ან მისი ავტორის თავისი შეფასებებისაგან, მანამდე მაინც, ვიდრე ამას მოსწავლეები არ გააკეთებენ. მასწავლებლის პოზიცია ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეზე და ნაწილობრივ თრგუნავს ბავშვის იდეებსა და აზრებს. ამიტომ, აცადეთ ბავშვებს გამოთქვან თავიანთი აზრები ტექსტის, პერსონაჟების, ავტორის პოზიციის შესახებ და შემდგომ ჩაერთეთ პოლემიკაში, კამათსა და საუბარში.

წიგნი სარკეა და ჩვენ – ადამიანებს, ძალიან ბევრგან ძალიან ბევრი სარკე გვჭიდება, რომ შეგვხსენდეს საკუთარი თავი და მისი თავისებურებები, თან ისე, რომ ამ სარკეებს ვენდობოდეთ და ვიცოდეთ, რომ ისინი სწორად არიან ჩვენ წინ და არა გამრუდებულები, რომ ჩვენ კარგად გავიგეთ, გავიაზრეთ ტექსტები.

ერთხელ ჩემი მეორე კლასის მოსწავლე, საღამოს, გაკვეთილების ბოლოს, დიდხანს მარტო და დაფიქრებული ჯდომის მერე, წამოდგა, მოვიდა და მითხრა:

– თორნიკე, „კალის  ჯარისკაცი“ რო წავიკითხეთ, მოვიწყინე.
– ეს ჰო ზღაპარია. შემდეგში მხიარულ რამეს ავარჩევ.
– მერე რა რო ზღაპარია. შემეცოდა, რო დადნა და მოკვდა.
– არაუშავს, ის ჰო კალის იყო. დადნა, მარა შეიძლება მერე აიღეს და იმ კალით ისევ გააკეთეს ისეთად, როგორიც იყო.
– არააა.
– რატომ?
– იმიტო, რო ორჯერ არავინ იბადება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი