ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა მუზეუმით

კასპის რაიონის ხსენების დროს ბევრს ცემენტის ქარხანა ახსენდება. ჩემს მშობლებსაც სამშენებლო საწარმო და იქ დასაქმებული მუშები მოაგონდათ, როდესაც მათ ქალაქგარეთ გამგზავრების შესახებ შევატყობინე. არადა, შიდა ქართლის ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტი უამრავი კულტურული ცენტრითა თუ ძეგლით არის გამორჩეული. კასპთან ახლოს მდებარეობს სამთავისის მონასტერი, რკონის კომპლექსი, ქვათახევი, მეტეხის ეკლესია, ნოსტე. კასპის რაიონს ეკუთვნის ივანე ჯავახიშვილისა და გენერალ მაზნიაშვილის მშობლიური სოფლები. ორივე სოფელში, ხოვლეშიც და სასირეთშიც გახსნილია შესაბამისი სახლ-მუზეუმები. ჩამოთვლილი ადგილების უმრავლესობა ფეხით მაქვს შემოვლილი. აქედან გამომდინარე, გამეღიმა და ძალიან გამიკვირდა, როდესაც პროფესორმა კახა ურიადმყოფელმა და ცნობილმა ანტისტალინელმა არინა თავაქარაშვილმა კასპში დამპატიჟეს და განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობის მონახულება შემომთავაზეს. არ გავჯიუტებულვარ და ინტერესით დავყაბულდი უფროსი მეგობრების წინადადებას.

კახამ და არინამ GAU-ს სტუდენტებთან ერთად ქალაქ კასპის ცენტრში მდებარე მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში ჩამიყვანეს. სკოლა-გიმნაზია უცნაურ შენობაშია განთავსებული. რამდენიმე წლის წინ სასწავლებლის ხელმძღვანელებს მილიციის ყოფილი შენობა შეუძენიათ. სკოლად გადაკეთებულ მილიციაში სამოქალაქო განათლებისა და ფრანგული ენის მასწავლებელი ნინო ნიპარიშვილი დაგვხვდა და შესანიშნავი ისტორია გვიამბო.

სკოლის სარდაფის მოწესრიგების დროს კასპელებმა „ენკავედეს“ საიდუმლო ოთახები, საკნები და ჩეკისტთა სათათბირო დარბაზი აღმოაჩინეს. ცხადია, იზოლატორებში საკლასო ოთახების მოწყობის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა, მაგრამ არც სივრცის აუთვისებლად დატოვება სურდათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. სასკოლო საზოგადოებამ შესანიშნავი გამოსავალი მოძებნა. სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და მისმა მსმენელებმა სპეციალური პროექტი შეიმუშავეს. პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს, დაახარისხეს საარქივო დოკუმენტები და ყოფილი მილიციის განყოფილების სარდაფში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი მოაწყვეს. პრეზიდენტის ფონდის დახმარებით მუზეუმი ტექნიკურადაც შესანიშნავად არის აღჭურვილი.

თბილისის ოკუპაციის მუზეუმი ძალიან არ მომწონს და საშინლად არ მიყვარს, რადგან ამ სივრცეში ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ უამრავ ღირსეულ ადამიანს  კუთვნილი ადგილი რატომღაც იდეოლოგიური ნიშნით  ჩამოართვეს. კასპის მუზეუმის კონცეფცია კი სამართლიანი და მიუკერძოებელია.

სკოლის ნულოვან სართულზე გახსნილი დაწესებულება, კასპელი მოქალაქეების მაგალითზე, შესანიშნავად აღწერს იმას, თუ ვის და რატომ ებრძოდნენ ბოლშევიკები გასული საუკუნის პირველ ნახევარში. გიმნაზიის მუზეუმი ამომწურავ პასუხს სცემს კითხვას: რომელი ჯგუფების განადგურება სცადა საქართველოს საოკუპაციო მთავრობამ?

მუზეუმის კედელზე შეგიძლიათ იხილოთ მიხეილ ლაშქარაშვილის ფოტო. ლაშქარაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მაღალჩინოსანი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. გასაბჭოების შემდეგ კი ანტიკომუნისტურ პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა. მისი რაზმი მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. დამარცხების შემდეგ ლაშქარაშვილი ქვეყნიდან გაიქცა და ემიგრაციაში აღესრულა. კასპელ მოსწავლეებს, კასპელი ჯარისკაცის მაგალითზე, ხშირად უყვებიან, როგორ ცდილობდა „ენკავედე“ არაბოლშევიკური  პარტიების მიუმხრობელ წარმომადგენელთა სრულად განადგურებას.

ლაშქარაშვილის ბანერის სიახლოვეს შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პოსტერი, რომელსაც გრიგოლ სიდამონიძის სახელი აწერია. კასპელი სიდამონიძე 27 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და მალევე მოიპოვა  ადგილი საქართველოს ეკლესიის იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იგი საქართველოს პატრიარქი ეფრემ მეორე გახდა. თუმცა, პატრიარქად აღსაყდრებამდე მან უმძიმესი გზა გამოიარა. სხვა უამრავი სასულიერო პირის მსგავსად, თბილისის ტროიკის გადაწყვეტილებით, ეფრემ მეორესაც მოუწია რვა უმძიმესი წლის (1937-1944) ციმბირში გატარება. რა თქმა უნდა, ბოლშევიკები ოპოზიციური პარტიების გარდა გავლენიანი სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლების განადგურებასაც ცდილობდნენ.

სკოლის მოსწავლეები მოგიყვებიან გიორგი მაზნიაშვილისა და მისი ვაჟის ისტორიასაც. გენერალი მაზნიაშვილი პირველ მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტსაც იცავდა და როცა საჭირო გახდა, დამარცხებულ არმიასთან ერთად აჭარაც გაათავისუფლა ქემალისტური შეიარაღებული ფორმირებებისგან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პროფესიონალ სამხედროს საბჭოთა ხელისუფლება საიმედო პირად ვერ აღიქვამდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე, შინსახკომის წარმომადგენლებმა შესანიშნავ გენერალსა და მის ვაჟს, სხვა უამრავი გამოცდილი სამხედროს მსგავსად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ბოლშევიკები არ ინდობდნენ პროფესიონალებს, განსაკუთრებით კი სამხედრო საქმის უბადლო მცოდნეებს.

ჩემთვის სრულიად შემზარავი იყო ორსული ქალის ბარბარე კევლიშვილის ამბის მოსმენა. ბარბარე კევლიშვილი კასპის რაიკომის მდივანი და პარტიული ლიდერი გახლდათ. რაიონი დღემდე სარგებლობს მეურნე ქალის მონდომების წყალობით გაყვანილი წყლის სისტემით. წყლის სისტემა აშენებისთანავე არ ამუშავდა, წყალი პირველივე დღეს ვერ ამოიტუმბა გრუნტიდან. „ამხანაგებმა“ ვარო დივერსიაში დაადანაშაულეს და ხუთი თვის ფეხმძიმეს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე საათში ქალაქში წყალი წამოვიდა. ბოლშევიკები რკინის დისციპლინის დამყარების მიზნით თავისიანებსაც კი არ ინდობდნენ.

დღემდე მოქმედი საოკუპაციო ხაზიდან 3-4 კილომეტრში გახსნილ მუზეუმში მრავალი სხვა ისტორიის ამსახველი დოკუმენტიცაა გამოფენილი. ამ დოკუმენტებიდან შეიტყობთ  ნაკლები შაქრის ჭარხლის მოყვანისთვის, შვიდ რიგად სიმინდის ყანის გაშენებისა და ტრაქტორის შეკეთებისთვის დასჯილი ადამიანების ტრაგედიის შესახებ.

ვოცნებობ სკოლებზე, რომლებსაც თავიანთი თეატრალური დასები, ლაბორატორიები, ორკესტრები, მუსიკალური თუ სპორტული გუნდები, მუზეუმები და მრავალფუნქციური დარბაზები ექნებათ. მოსწავლეები საკლასო ოთახის გარეთაც უნდა ახერხებდნენ მათთვის მნიშვნელოვანი სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტაზე ზრუნვას. კასპის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს ცოდნის გამდიდრების სურვილის დასაკმაყოფილებლად კიდევ ერთი დამატებითი სივრცე- მუზეუმი უკვე აქვთ. იმედია, ოდესმე ყველა ქართული სკოლა იქნება მდიდარი ამგვარი მნიშვნელობის დაწესებულებებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი