სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გეოგრაფიული ამბები

ჩვენს პლანეტაზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ კუთხეში ყოველდღიურად უამრავი ახალი ამბავი ( ნიუსი) ხდება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბევრი გეოგრაფიული შინაარსისაა. ბევრი მოვლენა სწრაფადვე ვრცელდება (მაგ; მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა და ა.შ.), ბევრი კი – შედარებით ნელა. განვიხლოთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული სიახლე, რომელიც მსოფლიოში ამ ბოლო დროს მოხდა.
ყველაზე ძველი გლობუსი რომელზეც ამერიკაა გამოსახული
ბელგიელი კოლექციონერი შტეფან მოსონე ამტკიცებს, რომ მას მსოფლიოში უძველესი გლობუსი აქვს, რომელზეც ამერიკაა გამოსახული. იგი მე–16 საუკუნეში (1504წ.) ფლორენციაში შეიქმნა და სირაქლემას კვერცხის ორი ნაწილისგანაა დამზადებული. გლობუსზე გამოსახულია ევროპა და ასევე ძალიან ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა. გლობუსის ზედაპირი სხვადასხვა ცხოველის, ტალღების, გემებისა და თვით მეზღვაურების სურათებითაა მოხატული.

აღნიშნული გლობუსის მიმართ მეცნიერები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები. „ახალი” გლობუსის შექმნის თარიღი მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით დაადგინეს. ასევე გამოიკვლიეს საღებავები და მელანი. ამ გზით მათ შეძლეს გლობუსის შექმნის თარიღის დადგენა. მეცნიერებმა ასევე გეოგრაფიული, კარტოგრაფიული და ისტორიული ანალიზი ჩაატარეს.

გლობუსზე აზია სამხრეთისკენ წაგრძელებული ნახევარკუნძულის სახითაა გამოსახული, რაც იმ დროისათვის ფლორენციაში მოღვაწე ცნობილი გერმანელი კარტოგრაფის ჰენრიხ მერტელუსის გავლენაა. გლობუსის ავტორი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ეს მოდელი გარკვეულწილად ლეონარდო და ვინჩის სახელოსნოსთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველი კი ისაა, რომ გლობუსზე დახატულ გემსა და მხატვრის ილუსტრაციებს შორის, რომელიც კარგად იცნობდა ლეონარდოს, ბევრი მსგავსებაა.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დეპრესიის მსოფლიო რუკა შექმნეს

საინტერესო კვლევა ჩაატარეს ავსტრალიის ქალაქ კვისლენდის მეცნიერებმა. დეპრესიით დაავადებული პაციენტების რაოდენობის ანალიზის შედეგად სპეციალისტებმა მსოფლიო რუკა შექმნეს, რომელზეც აღნიშნულია მსოფლიოს ქვეყნებში ამ ფსიქიური უწონასწორობის გავრცელება. ავსტრალიელი მეცნიერების დაკვირვებით, კლინიკური დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი მთელ მოსახლეობაში რუსეთსა და უკრაინაში 6%–დან 7%–მდეა გაზრდილი. ყველზე მძიმე სიტუაცია ჩრდილოეთ აფრიკასა და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშია, სადაც ამ დაავადებით მთელი მოსახლეობის 8% იტანჯება. ყველაზე კარგად საქმე ავსტრალიასა და ჩინეთშია – ამ ქვეყნებში დეპრესიის დიაგნოზი მთელი მოსახლეობის მხოლოდ 4%–ს აღენიშნება.

სამეცნიერო ჯგუფის უფროსმა ქეითლინ დიურიმ აღნიშნა, რომ მათ კვლევას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დეპრესია ადამიანის არაშრომისუნარიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია და ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 5%–ს აწუხებს.
მეცნიერებმა „სიკვდილის რუკა” შეადგინეს
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა, ეგრეთ წოდებული, „სიკვდილის რუკა” შეადგინეს. რუკაზე აღნიშნულია ის რეგიონები, სადაც საცხოვრებლად ყველაზე არახელსაყრელი პირობებია. მაგ: ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მომაკვდინებელ ბუნებრივ მოვლენად სიცხე იქნა მიჩნეული. გვალვასა და სიცხეს ბევრად მეტი ამერიკელი ეწირება, ვიდრე სიცივეს, ტორნადოებსა და ქარიშხლებს, მიწისძვრებს, თოვლის ნამქერებს და სხვა სტიქიურ მოვლენებს.

სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივ კატაკლიზმებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევების 20% სწორედ სიცხის შედეგია. დაახლოებით 19% გამოწვეულია ზაფხულის ჭექა–ქუხილით, თითქმის ამდენივე – ყინვით. ქარიშხლების, ხანძრებისა და მიწისძვრების შედეგად მოსახლეობის მხოლოდ 5% იღუპება.

როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ყველაზე მაღალი რისკის ზონაშია სამხრეთი შტატები, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინიდან ნიუ–მეხიკომდეა გადაჭიმული. ამ რეგიონებში ძალიან ცხელა. „შავ სიაშია” შეტანილი ისეთი შტატები, როგორიცაა მონტანა, კოლორადო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთი დაკოტა, ვაიომინგი. აქ ხშირადაა ცუდი ამინდი და მაღალი ტემპერატურა.

მეცნიერთა აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება სიტუაცია გააუმჯობესოს. ასე მაგალითად, კალიფორნიაში სეისმომედეგი შენობების მშენებლობის შედეგად შესაძლებელი გახდა მიწისძვრების დროს მსხვერპლის შემცირება. მეცნიერებმა ასევე ისწავლეს ქარიშხლების წარმოქმნის დროის დადგენა, მოსალოდნელი ტროპიკული შტორმების პროგნოზირება. ადამიანების დროული ევაკუაციის შედეგად კი მუდმივად მცირდება სტიქიის გამო დაზარებულთა თუ მსხვერპლთა რიცხვი. ექსპერტები, რომლებმაც აღნიშნული რუკა შეადგინეს, იმედოვნებენ, რომ იგი სამუშაოების ორგანიზაციაში სამაშველო სამსახურებს დიდ დახმარებას გაუწევს.

Microsoft რუკაზე ბრაზილიის ფაველებს აღნიშნავს

ფაველა (პორტ. favela) ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონებია (უბნები). ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია და მაღალია კრიმინალის დონე. ფაველები შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან, აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. ფაველებში სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ისინი ხშირად ერთმანეთზეა ნაგები.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ყველაზე ცნობილი ფაველა რიო–დე–ჟანეროს და სან– პაულოს ირგვლივაა, ისინი თითქმის ყველა დიდი თუ საშუალო ზომის ბრაზილიურ ქალაქში არსებობს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რიოში ყოველი მეოთხე კარიოკა (რიოს მცხოვრები) ფაველაში ცხოვრობს.

კომპანია Microsoft–მა განაცხადა, რომ რუკებზე ბრაზილიის ფაველების დატანას გეგმავს, რათა მომხმარებელმა შეძლოს მისთვის უცნობი თანასაზოგადოების შესწავლა. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები დაწყებულია და ეს რუკები ძირითადად ტურისტებისთვის კეთდება. კომპანიის განცხადებით, მისი გუნდი იმ ადამიანების დახმარებას ცდილობს, რომლებიც ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობენ.
ატმოსფეროში აღმოჩენილია 4 ახალი ანთროპოგენული აირი
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (University of East Anglia) მეცნიერებმა ატმოსფეროში 4 ახალი ანთროპოგენული აირი აღმოაჩინეს. სწორედ მათი მოქმედების შედეგია ოზონის შრის რღვევა. ახალი კვლევები ჟურნალ “Nature Geoscience”–ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ამჟამინდელი ატმოსფერული ჰაერისა და პოლარული რეგიონების ჰაერის შედგენილობა, რომელიც, შეიძლება ითქვას, თავის მხრივ ატმოსფეროს მრავალსაუკუნოვან ბუნებრივ არქივს წარმოადგენს. ისინი 1978–2013 წლებში ასევე აკვირდებოდნენ ჰაერის შედგენილობას კუნძულ ტასმანიის მიდამოებში, სადაც ჰაერი დაბინძურებული არაა.

გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ 4 ახალი აირი არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხვდა ატმოსფეროში, ხოლო 2 მათგანი უკვე საკმაო რაოდენობითაა დაგროვილი. უნივერსიტეტის დოქტორის იოჰანეს ლაუბეს განცხადებით, ეს 4 აირი ატმოსფეროში 1960 წლამდე არ შეინიშნებოდა. მისი ვარაუდით მათი წარმოქმნა ადამიანის საქმიანობის შედეგია. დოქტორის განცხადებით, მართალია მოქმედებს მთელი რიგი კანონები ატმოსფეროს დაცვის შესახებ, მაგრამ საჭიროა მკაცრი ზომების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული სავალალო შედეგები.

ატმოსფერული ჰაერის ამ კვლევებს აფინანსებდა გარემოს კვლევის საბჭო (NERC), ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრი (NCAS), ევროსაბჭო და სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების თანამეგობრობა (CSIRO).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი