ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ტექსტის გააზრება და აკადემიური წერა

ჰუმანიტარული საგნების პროგრამები მოსწავლეებისაგან სხვადასხვა ტიპის წერილობითი დავალებების შესრულებას მოითხოვს. მოსწავლეთა კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ტექსტის შინაარსის დაწერა. ეს სავარჯიშო იდეალურია მეტყველების კულტურის განვითარებისა და საგნობრივი ტერმინოლოგიის ათვისებისთვის.

შინაარსის დაწერა – წაკითხულისა და მოსმენილის წერილობითი ფორმით გადმოცემა – შემოქმედებითი საქმიანობაა. ის  არ გულისხმობს მოსმენილი ტექსტის სიტყვასიტყვით ჩაწერას. საჭიროა მხოლოდ ძირითადის, საინტერესოს, მნიშვნელოვნის გადმოცემა და ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რატომ მიაქცია ავტორმა ყურადღება ამ საკითხებს.

ბავშვები შინაარსის წერას 5-6 კლასში სწავლობენ.  ეს მნიშვნელოვანია, რადგან  ამის გარეშე სწავლის ზედა საფეხურებზე წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. საბაზისო უნარების განვითარებაზე ზრუნვა ნებისმიერ გაკვეთილზე შეიძლება (განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საგნებში), სადაც მრავალფეროვან  დავალებებს ასრულებენ მოსწავლეები: კითხულობენ, აღწერენ სურათებს, ავსებენ სქემებს, პასუხობენ კითხვებს, განმარტავენ ცნებებს, მსჯელობენ, აკეთებენ დასკვნებს, იღებენ შეფასებებს და ა. შ. მასწავლებელს შეუძლია ამ უნარების გააქტიურებისთვის მოსწავლეებს მარტივი დავალებები მისცეს, თუნდაც სთხოვოს   მიმდინარე გაკვეთილის შინაარსის გადმოცემა ჯერ ზეპირად, შემდეგ – წერილობით, ან   დაავალოს, აღწერონ  სასკოლო ცხოვრების  ერთი  დღე და ა. შ.

არსებობს ზოგადი მეთოდური მითითებები, თუ როგორ უნდა შევასწავლოთ მოსწავლეებს  შინაარსის დაწერა.

  1. ვთხოვოთ მოსწავლეს, მოსმენილიდან (წაკითხულიდან) გამოყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. დავალების  შესრულების გაადვილებისთვის ყურადღება გავამახვილებინოთ   ექვს ძირითად მომენტზე,   ანუ პასუხი გავაცემინოთ  ექვს შეკითხვაზე: ვინ? რა?  როდის? სად? რისთვის? რატომ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით მოსწავლე  ავტომატურად ფოკუსირდება ძირითად საკითხზე. როგორც წესი, ეს შეკითხვები საკმარისია მთავარი ინფორმაციის მიღებისთვის. ეს არ იქნება  რთულად შესასრულებელი დავალება, რადგან სასკოლო სახელმძღვანელოების  ინფორმაცია  ხშირად  ვერც  პასუხობს  ექვსივე  შეკითხვას.
  2. ტექსტი წავიკითხოთ   ნელა, შესვენებებით,  რათა მოსწავლემ მოასწროს  გააზრება და აღქმა, ან  მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად გაეცნოს  ინფორმაციას  მისთვის სასურველი დროის განმავლობაში; შესაძლებელია  ტექსტის  განმეორებითი  წაკითხვაც.
  3. დროდადრო შევახსენოთ მოსწავლეს, რა არის დავალების მიზანი და რას მოითხოვენ მისგან.
  1. ყურადღებით განვუმარტოთ, რისგან შედგება შინაარსი; მის ნაწერში  უნდა ჩანდეს:
  • ძირითადი იდეა – მთავარი თემა ანდა ტექსტის ცენტრალური იდეა;
  • მნიშვნელოვანი დეტალები – ტექსტის ის ნაწილები, რომლებიც ამყარებენ მთავარ იდეას;
  • შინაარსის  დასაწყისი  მსგავსი უნდა იყოს  ტექსტის შესავალი  ნაწილის;
  • მომდევნო ეტაპი  –  მინიშნება იმაზე, რაც  (და რატომაც)  მოხდა შემდეგში;
  • კულმინაცია – იმ ვითარების აღწერა, როდესაც ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა  ხდება;
  • დაბოლოება – ტექსტის დასკვნითი ნაწილის მიხედვით;
  • პერსონაჟების სახელები, ხასიათი, როლი, ფუნქცია;
  • გარემოების დეტალები –  სად და როდის მოხდა მოქმედება.
  1. განვუმარტოთ  მოსწავლეებს,  რომელია ყველაზე  მნიშვნელოვანი  დეტალი – წავიკითხოთ ტექსტი მოსწავლეებთან ერთად და დავწეროთ შინაარსი; ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი  ესა თუ ის დეტალი, რა კავშირი აქვს ძირითად იდეასთან, რისთვის და რატომ უნდა მიაქციონ მას ყურადღება. ერთად დაწერილი  შინაარსი  ყველაზე ნათელია მაგალითი იქნება იმისა, თუ რას მოითხოვენ  მათგან;
  2. განვუმარტოთ დეტალების მნიშვნელობა (მაგალითად, თუ ტექსტი ისტორიულ მოვლენას ეხება, მოსწავლემ უნდა იპოვოს  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  სად და როდის მოხდა ეს მოვლენა);
  3. ვასწავლოთ, როგორ იპოვონ ძირითადი იდეა. როდესაც მას იპოვიან, მოსწავლეები გაიგებენ, რაზეა ტექსტი;
  4. თემის შეჯამებისთვის ვასწავლოთ თემის დასათაურება: მოვთხოვოთ, გაარკვიონ,  სად და როდის  ხდება ტექსტის მნიშვნელოვანი მოვლენა,  ვთხოვოთ დაასახელონ, განსაზღვრონ, რა მოვლენა იყო ეს. ამით დაასათაურებენ  კიდეც შინაარსს, რადგან სათაურში გამოჩნდება ძირითადი იდეაც და მიზანიც (მაგალითად, ამგვარი  სათაური შეიძლება იყოს „1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლა“, რომელშიც მოსწავლე გადმოგვცემს, აჯამებს დიდგორის ბრძოლის შესახებ არსებულ ინფორმაციას).
  5. ვასწავლოთ გრაფიკული სქემების გამოყენება ძირითადი დეტალების ჩაწერისთვის.

შინაარსის დაწერა მოსწავლისთვის სასიამოვნო საქმიანობად უნდა გადავაქციოთ. შეიძლება დროდადრო  კლასში  აღვნიშნოთ, ვინ უფრო საინტერესოდ და უფრო ზუსტად  დაწერა, რისთვის და რატომ გამოარჩია ზოგიერთი მომენტი, ან  წავიკითხოთ რომელიმე მოსწავლის მიერ დაწერილი შინაარსი და დანარჩენებმა თვალი ადევნონ საკუთარ ნამუშევრებს და დამოუკიდებლად შეაფასონ გაწეული საქმიანობა. მთავარია, რომ მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, ნათლად დაინახონ  საკუთარი შესაძლებლობები.   თუ მოსწავლე შედეგს ვერ აღწევს და  ვერ ასრულებს დავალებას, ეს ნიშნავს, რომ მას მახსოვრობის და ყურადღების პრობლემა აქვს. მასწავლებელს მისთვის დამატებითი სავარჯიშოების მიცემა მოუწევს (განსაკუთრებით გამეორებაზე ორიენტირებული დავალებების).

შინაარსის დაწერა, ერთი შეხედვით, თხზულების დაწერას ჰგავს, მაგრამ ფაქტობრივად ძალიან განსხვავდება მისგან. თხზულების დაწერისთვის აუცილებელია  ინტერპრეტაცია,  შეთხზვა, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გადმოცემა, შინაარსის დაწერა კი გულისხმობს ტექსტის ყურადღებით მოსმენას, გეგმის შედგენას და ამ გეგმის მიხედვით მოსმენილის ან წაკითხულის  გადმოცემას.  ამავე დროს შინაარსის სტრუქტურა, ფორმა და სტილი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამოსავალ, ანუ ძირითად  ტექსტს.

არსებობს  ტექსტის  შინაარსის გადმოცემის  რამდენიმე მეთოდი:

  • ინდუქციური – როდესაც მასალის შინაარსი მიმართულია კერძოდან ზოგადისკენ, საერთო დასკვნებისკენ;
  • დედუქციური – შინაარსში ზოგადის მაგივრად  ყურადღება  გამახვილებულია   კერძო ნაწილზე, კონკრეტულ ფაქტებზე, მაგალითებზე;
  • ანალოგიის მეთოდი – პარალელების, შედარებების გამოყენება მოვლენების, ფაქტების გადმოცემისას;
  • კონცენტრაციის მეთოდი – როდესაც მასალა დალაგებულია მთავარი პრობლემის გარშემო, ავტორი ზოგადი დახასიათებიდან გადადის და აქცენტს აკეთებს მთავარ, ძირითად პრობლემაზე, ღრმა ანალიზზე;
  • საფეხურებრივი/სტადიური მეთოდი – საკითხების თანმიმდევრობითი გადმოცემა;
  • ისტორიული მეთოდი – მასალის დალაგება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დროდადრო მომხდარი ცვლილებების აღწერა და ანალიზი.

განვიხილოთ მოსწავლეთა სავარჯიშოები დაწყებითი განათლების კურსიდან, რომელ საფეხურზეც ბაზისური უნარების ათვისებას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის შემდგომი წარმატებისთვის.

1) განსაზღვრეთ,  რომელი  ხერხი  უნდა გამოვიყენოთ ამ ინფორმაციის  შინაარსის დასაწერად „საზღვრების როლს ხშირად ბუნებრივი ზღუდეები ასრულებს: მდინარე, ქედის თხემი, მთა, უღელტეხილი და სხვა. ადრე სამფლობელოს საზღვრად ბუნებრივად შექმნილ ვიწრო ხეობებს ან კლდეკარებს იყენებდნენ, რადგან მტრის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში მათი ჩაკეტვა ადვილი იყო. ისტორიულად საქართველოს საზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი დარიალის ხეობა იყო; როგორც წესი, საზღვრის იმ მონაკვეთზე, სადაც მეზობელ ქვეყნებს გზა აერთებს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი და საბაჟოა მოწყობილი. აქ მგზავრებისა და ტვირთების გატარებაზე მომიჯნავე სახელმწიფოების კონტროლია დაწესებული. საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო ესაზღვრება. ყველაზე გრძელი საზღვარი ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან აქვს – 800 კმ-ზე მეტი“  (ჩვენი საქართველო, V კლ.):

  • ინდუქციური;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • საფეხურებრივი/სტადიური.

პასუხი: მოცემული მასალა კონცენტირებულია გარკვეულ საკითხზე, ამიტომ შინაარსის წერისას შენარჩუნებული უნდა იყოს იგივე ხერხი –  კონცენტრაციის  (ამ შემთხვევაში შინაარსი კონცენტრირებული იქნება  „საქართველოს საზღვრებზე“).

2) ანსაზღვრეთ,  რომელი  ხერხით უნდა დაიწეროს შემდეგი ინფორმაციის    შინაარსი „კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არსებობდა ისეთი განვითარებული სახელმწიფოები, როგორებიც იყო ძველი ეგვიპტე, ძველი შუამდინარეთი, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი; ისტორიის ამ მონაკვეთში ცხოვრობდნენ მცირე აზიის ძველი ხალხები: ხეთები, ხურიტები; კავკასიის რეგიონში არსებობდა ურარტუს სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კი – ქართული სახელმწიფოები – კოლხეთი და იბერია. შუა საუკუნეებში  ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში მსოფლიო რელიგიები გაბატონდა, ასეთი იყო ქრისტიანობა და ისლამი. ამ რელიგიებმა ადამიანთა აზროვნებაზე, ცხოვრების წესზე, მათი საქმიანობის ძალიან ბევრ  სფეროზე  მოახდინა  გავლენა“ (ჩვენი საქართველო, VI კლ.):

  • ინდუქციური;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • ისტორიული.

პასუხი –  ისტორიული, რადგან  მასალა ისტორიულ-ქრონოლოგიურ პრინციპზეა აგებული და შინაარსის დაწერასაც ასეთივე ფორმით მოითხოვს.

3) განსაზღვრეთ,  რომელ  ხერხს მოითხოვს  ამ ინფორმაციის შინაარსის  დაწერა –  „ვახუშტი ბაგრატიონი დაახლოებით 300 წლის წინ მოღვაწეობდა. იგი იყო გეოგრაფი, ისტორიკოსი და გეოგრაფიული რუკების შემდგენელი. მან დაწერა თხზულება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს თითოეული კუთხის ბუნება, მოსახლეობა, მეურნეობა, ზნე-ჩვეულებები და ა. შ. ერთ-ერთ რუკაზე დახატულია  სამეფო-სამთავროების გერბები, რომლებშიც სიმბოლურადაა ასახული თითოეული სამეფოსთვის თუ სამთავროსთვის დამახასიათებელი ნიშან­-თვისებები…“(ჩვენი საქართველო, კლ.):

  • ინდუქციური;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • ანალოგიის.

პასუხი –  დედუქციური, რადგან  მასალა დედუქციურადაა დალაგებული და შინაარსიც  ამ ხერხით უნდა აიგოს.

4) რომელი  ხერხი უნდა გამოვიყენოთ  შემდეგი ინფორმაციის შინაარსის  დასაწერად – „მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მდინარეების – მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა მასალამ მეცნიერებს წარმოდგენა შეუქმნა მცხეთის საქალაქო ცხოვრებაზე. მოსახლეობის რაოდენობით (რვა ათასამდე მცხოვრებით) დღევანდელი მცხეთა პატარა ქალაქია. მცხეთაზე გადის თბილისი­სამტრედიის რკინიგზის ხაზი და საავტომობილო მაგისტრალები გორისა და სტეფანწმინდის მიმართულებებით. ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შორის მნიშვნელოვანია სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების დროს აიგო. სვეტიცხოველი საკათალიკოსო ტაძარია და ქართველ მეფეთა საძვალე. მცხეთობას, ანუ სვეტიცხოვლობას 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. 50 წლის წინ მცხეთა ქალაქ­მუზეუმად გამოცხადდა. დღეს ქალაქს უამრავი ტურისტი სტუმრობს“.

  • ინდუქციური;
  • ისტორიული;
  • დედუქციური;
  • საფეხურებრივი/სტადიური.

პასუხი –  ინდუქციური, რადგან  მასალა კერძოდან  (მცხეთის კერძო გაგებიდან) ზოგადისკენ (რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის) არის მიმართული და შინაარსშიც ეს პრინციპი უნდა ჩანდეს.

5) რომელი  ხერხით გადმოსცემთ მოცემული მასალის შინაარსს – „ძველ საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული მეთუნეობა, ანუ კერამიკული ჭურჭლის დამზადების ხელოვნება. სხვადასხვა ეპოქაში საბერძნეთში კერამიკული ნაწარმის მოხატვის სხვადასხვა ხერხი იყო პოპულარული: ძვ. წ. VI ს-ში გავრცელდა მოხატულობის შავფიგურიანი  სტილი, მოგვიანებით კი, ძვ. წ. V ს-დან – ე. წ. წითელფიგურიანი სტილი. შავ და წითელფიგურიან კერამიკაზე მხატვრები გამოსახავდნენ ანტიკური მითების გმირებს, სცენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს და სხვ.“ (ხელოვნება, VI):

  • ინდუქციური;
  • ისტორიული;
  • ანალოგიის;
  • საფეხურებრივი/ სტადიური.

პასუხი – საფეხურებრივი/სტადიური, რადგან ინფორმაციაში საფეხურებრივადაა გადმოცემული ძველ საბერძნეთში კერამიკის განვითარების ხელოვნება და შინაარსში ეს დინამიკა უნდა ჩანდეს.

  • აირჩიეთ შინაარსის  გადმოცემის  ხერხი – „ცნობილი ფაქტია, რომ თუ სასწორის პინაზე ერთნაირი წონის მქონე საგნები დევს, მაშინ სასწორი წონასწორობაშია. ასევეა სურათზეც  – თუ სიმეტრიის ღერძის ორივე მხარეს თანაბარი მოცულობის მქონე გამოსახულებებია განაწილებული, მაშინ კომპოზიციაში წონასწორობაა დაცული, ანუ კომპოზიცია გაწონასწორებულია“ (ხელოვნება, V):
  • ისტორიული;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • ანალოგიის.

პასუხი –  ანალოგიის, რადგან  ინფორმაციაში აქცენტი გაკეთებულია ანალოგიაზე და შინაარსიც შესაბამისი უნდა იყოს.

თუ მოსწავლეს  ავათვისებინებთ  მასალის დალაგებისა  და შინაარსის დაწერის ამ ექვს ფორმულას, მაშინ ნებისმიერი  ტექსტის  შინაარსის  დაწერისას ის მაქსიმალურად ზუსტად  შეასრულებს დავალებას. ცხადია, რა სტრუქტურულ-სტილისტური ფორმითაც იქნება მასალა მოწოდებული, დაწერილი შინაარიც მას გაიმეორებს. ამ შემთხვევაში  შინაარსი  შეიძენს  მეორადი  ტექსტის მნიშვნელობას, მაგრამ მასში შენარჩუნებული იქნება ამოსავალი ტექსტის ყველა ღირებულება.

შინაარსის დაწერა ავითარებს მოსწავლის წარმოსახვას, ტექსტის ანალიზის უნარს და,  ზოგადად, კოგნიტურ უნარებს, იწვევს  და ზრდის შემოქმედებით ინტერესს, საგნის ათვისების ხარისხს. ის  შედეგის ეფექტიანობის  მნიშვნელოვანი  მაჩვენებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი