ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სემიოტიკა, სინერგეტიკა და განათლება

„პეპლის ეფექტი“

 

„პეპელა, რომელიც ფრთებს აიქნევს აიოვაში,

შეიძლება გამოიწვიოს ეფექტების ზვავი ინდონეზიაში, წვიმების სეზონზე…“

 

„ჩვენ ისე მივეჩვიეთ სტრუქტურებს, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ,

რა სასწაულია მათი არსებობა…“

ჰაკენი

ქაოსი და კოსმოსი – როგორც ორი ურთიერთსაპირისპირო კატეგორია, წარმოადგენს ყოველგვარი არსებობის ორგანიზაციულ საფუძველს. ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკურ ჭრილში განხილვა – ეს არის თანამედროვე მეცნიერებების ერთგვარი სინერგეტიკა – სხვადასხვა ბუნების მქონე ქვესისტემებისაგან შემდგარ სისტემებში დაადგინოს კანონზომიერებები და შექმნას თვითორგანიზაციის თეორიული მოდელები სხვადასხვა სისტემისთვის.

სინერგეტიკა – ეს არის ქაოსიდან კოსმოსის (წესრიგის) დაბადება. ეს ძალიან ჰგავს კვანტურ ფიზიკას, როდესაც სისტემის შიგნით არსებობს განსხვავებულ შესაძლებლობათა ერთობლიობა, განსხვავებული სტრუქტურები.

კერძო მეცნიერებების საზღვრები ირღვევა, ისინი ერწყმიან ერთმანეთს, ირევიან… წარმოიქმნება ერთგვარი ქაოსი, რომლიდანაც ახალი წესრიგი უნდა დაიბადოს. სწორედ ეს არის სინერგეტიკა.

ზოგჯერ კი მეცნიერებისთვის ქაოსი სულაც არ არის ქაოსი…. ის არის რთულად ორგანიზებული წესრიგი…

სინერგეტიკის არსი კარგად იხსნება რეი ბრედბერის 1952 წელს დაწერილი მოთხრობით – „ჭექა-ქუხილის ხმა“, რომელშიც შორეულ წარსულში პეპლის სიკვდილი ცვლის მომავლის სამყაროს.

კომპანია შექმნის დროის მანქანას, რომლის მეშვეობით  უზრუნველყოფს კლიენტთა გადაყვანას ძველ სამყაროში და დინოზავრებზე ნადირობას. იმისათვის, რომ ყველაფერმა მშიდობიანად ჩაიაროს, აუცილებელია 3 წესის დაცვა:

  • არასდორს არ უნდა გადახვიდე ბილიკიდან;
  • არაფერი არ უნდა დატოვო იმ ძველ სამყაროში;
  • და არაფერი არ უნდა წამოიღო  თან იმ ძველი სამყაროდან.

მაგრამ ერთხელ, წარუმატებელი ნადირობის დროს, ერთი კლიენტი შემთხვევით გზიდან გადავა და ოქროსფერ პეპელას მოკლავს… სწორედ ეს ფაქტი გახდება მომავალში დიდი და საშინელი ცვლილებების მიზეზი.

საქმე ის არის, რომ დეტერმინურ-ქაოსური სისტემები მგრძნობიარეა უმნიშვნელო ზემოქმედებაზეც კი. ქაოსურ სამყაროში ძნელია წინასწარ განსაზღვრო, თუ რა ვარიაციები შეიქმნება კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას… ედუარდ ნორტონ ლორენცმა ამ მოვლენას „პეპლის ეფექტი“ უწოდა.

სტრუქტურები

ჩვენი სამყარო შეგდება განსახვავებული საგნებისაგან, მათგან ზოგიერთი რამ ადამიანმა შექმნა – სახლი, მანქანა, ინსტრუმენტები… დანარჩენი შექმნილია ბუნების მიერ.

სწავლულთათვის ეს სამყარო არის სტრუქტურათა სამყარო, რომელსაც აწესრიგებს მკაცრი კანონზომიერება. მოწესრიგებული სტრუქტურები მხოლოდ კოსმოსში არ შეინიშნება, მიმოვიხედოთ ჩვენ ირგვლივ და უამრავ ასეთ სტრუქტურას აღმოვაჩენთ. მაგალითად, ფიფქები… თვალის აგებულება… ცხოველთა და მცენარეთა ჰარმონიას ხშირად მოვყავართ აღტაცებაში, არანაკლებ აღგვაფრთოვანებს ცეკვები, ცხენთა ჯირითი და სხვა.

ადამიანთა საზოგადოებაც ქმნის არანაკლებ განსხვავებულ სტრუქტურებს, როგორც სოციალურ-პოლიტიკურ, ასევე – სულიერ სფეროში (ენა, მუსიკა, მეცნიერება).

„ჩვენ ისე მივეჩვიეთ სტრუქტურებს, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რა სასწაულია მათი არსებობა…“ –  წერს  ჰაკენი წიგნში: „ბუნების საიდუმლო, სინერგეტიკა…“

ფორმათა სამყარო სტრუქტურათა გარეშე არ არსებობს… განსხვავებული პარამეტრების სტრუქტურები კვეთენ და თანაარსებობენ. თუ დავაკვირდებით, ადამიანთა ურთიერთობებიც სტრუქტურირდება (მეგობრობა, ოჯახი, ჯგუფი, კოლექტივი) და რაც არ სტრუქტურირდება, უბრალოდ, წყვეტს არსებობას.

50-იან წლებში საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარა ამერიკელმა ფსიქოლოგმა სოლომონ ეშმა, თუ როგორ სტრუქტურირდება საზოგადოებაში ჯგუფები. ნოლენ-ნეიმანი ამ ექსპერიმენტს შემდეგნაიარად აღწერს თავის წიგნში:

ცდისპირთა ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მოცემული მონაკვეთის ნიმუში სიგრძით უნდა შეედარებინათ 3 მონაკვეთისათვის და აერჩიათ ერთი შესაბამისი (1-ლი, მე-2 ან მე-3). დავალება არ იყო რთული. პირველ ცდაზე ყველა ცდისპირმა ზუსტად ამოიცნო შესაბამისი სიგძის მონაკვეთი. ამის შემდეგ ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა ასისტენტებთან შეთანხმებით, შეცვალა პირობები. ასისტენტებმა დაიწყეს მიყოლებით არასწორი პასუხების გაცემა. ამის შემდეგ საინტერესო იყო, რა მოხდებოდა: საცდელი ჯგუფიდან  რამდენი გაიმეორებდა შეცდომას, რამდენი იყოყმანებდა და რამდენი დაიცავდა საკუთარ პოზიციას ყოყმანის გარეშე.

ექსპერიმრნტის შედეგი იყო ძალიან საინტერესო: აღმოჩნდა, რომ ყოველი 10 ცდისპირიდან 2 მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას, 2 ყოყმანობდა და 6 იმეორებდა უმრავლესობის მცდარ აზრს.

სინერგეტიკის საფუძველში არსებული უნივერსალური კანონზომიერების მიხედვით, მსგავს სიტუაციებში წარმოიქმნება განსხვავებულ მსჯელობათა კონკურენცია, ერთ-ერთი მსჯელობა, რომელიც აღმოჩნდება დომინანტური (არა აქვს მნიშვნელობა, როგორ იქნა მიღწეული) ქმნის უმრავლესობას. უმრავლესობაში ადამიანები თავს „დაცულად“ გრძნობენ და ამითაა განპირობებული მათი დაუფიქრებელი არჩევანი.

ასე რომ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობს სინერგეტიკული ეფექტი…

განათლება

სემიოტიკური და სინერგეტიკული თეორიების აქტუალიზება თანამედროვე სამყაროში იმაზე მიანიშნებს, რომ იცვლება ადამიანის ცნობიერება, რაც ვლინდება ყველა მიმართულებით  ქაოსურ პროცესებში; ეს არ არის უბრალოდ ცვლილებების მოთხოვნილება, ესაა – ჩვენი ცნობიერების გადაწყობა და აღქმისა და შემეცნების პარამეტრების სრული შეცვლა, აზროვნების ახალი პარადიგმის ჩამოყალიბება. ამის ნიშნები შეგვიძლია ყველგან ვიპოვოთ: პირადი და ინტიმური ურთიერთობებიდან დაწყებული სოციალური მოვლენებით დამთავრებული. ყველგან გაცვდა ძველი სტრუქტურები, არსებული განათლების სისტემა ჩამორჩება ეპოქის მოთხოვნებს, ის ცოდნა, რომელსაც სკოლა და უნივერსიტეტი იძლევა, არასაკმარისია. განათლების სისტემამ შეაჩვია ადამიანი ნიშნების, ფაქტების, მოვლენების ცალსახა გაგებას: ანუ რომელიმე ერთი ახსნა უფრო პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული და ყველა ეძებს, ჩასწვდეს, „რისი თქმა უნდოდა მწერალს“.  აღქმის ამ პარადიგმიდან უნდა გადავიდეთ სხვა ფოკუსზე: როგორ გავიგე ის, რაც მწერალმა თქვა…? ამას მოჰყვება კითხვა: ის, როგორც მე გავიგე, ნამდვილად ის არის ნეტავ, რაც მწერალმა ჩაიფიქრა? და ვინ იცის, „ნამდვილად რისი თქმა უნდოდა მწერალს“, ან რა არის სინამდვილე?

თუ ტექსტმა ფიქრისთვის განგვაწყო და რეფლექსია გამოიწვია, – ამაზე დიდი გაგება არ არსებობს. სულ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ როგორ გაიგო „კომბლე“ ან „ვეფხისტყაოსანი“, მნიშვნელოვანია, შენ როგორ გაიგე? ისიც ფაქტია, რომ სხვა კონტექსტში და სხვა დროს ჩვენი აღქმა აუცილებლად შეიცვლება იმავე ტექსტის ან პერსონაჟის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ კარგი ტექსტები არასდროს არ სრულდებიან და ცოცხლდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მას… სამყარო კი „გვაქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მშვენიერია. კოლექტიურ აზროვნებაზე ორიენტიებული სისტემები უნდა შეიცვალოს ინდივიდუალურ აზროვნებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნით.

მოკლედ, ადამიანსაც და ტექსტებსაც აქვთ კვანტური შესაძლებლობები. სინერგეტიკული გააზრება კი გვაძლევს საშუალებას „გავხსნათ საზღვრები“ და ჯერ დავინახოთ ეს შესაძლებლობები, ხოლო შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი. სისტემის ღიაობა აუცილებელია ახალი პარადიგმის ჩამოყალიბებისთვის, რადგან ჩაკეტილ სისტემაში ცვლილებები ისეთივე შეუძლებელია, როგორც დახურულ ჭურჭელში მაჭრის დადუღება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი