პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვიფიქროთ ერთად – ინკლუზია, შემეცნება და საგაკვეთილო რესურსლაბები

ინკლუზია, ანუ სასწავლო პროცესში ჩართულობა და თანამონაწილეობა მოსწავლის კოგნიტური ფუნქციების მომწიფება-განვითარების საწინდარია, რასაც, თავის მხრივ, შედეგად მოსწავლის აკადემიური ფუნქციების ჩამოყალიბება და განვითარება მოჰყვება. ეს სამივე საფეხური, მართალია, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად ძალიან რთულად გასავლელია, მაგრამ –შესაძლებელი და გამართლებულია არაერთი წარმატებული შედეგით.

თეორიულად უკვე თითქმის ყველამ დავიზეპირეთ, რომ ინკლუზია ჩართულობის განათლებაა და ინკლუზიური მოსწავლე საგანმანათლებლო სოციუმსა თუ პროცესში ჩართული ინდივიდია, რომ ჩართულობისთვის მასწავლებელი აცნობიერებს სწავლის ყველა თანამონაწილესთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარების მნიშვნელობას, პატივისცემას გამოხატავს ბავშვებისა და მათი მშობლებისადმი და ითვალისწინებს მათეულ ხედვას; რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სკოლაში შემოსვლის ფაქტი თავად განაპირობებს სკოლის ადაპტაციას, მაგრამ ეს მშვენიერი აქსიომა მხოლოდ ფურცელზე რომ არ დაგვრჩეს, დირექციის, პედაგოგების თუ  სპეცმასწავლებლის მხრიდან დიდი ძალისხმევაა საჭირო.

საქართველოში არსებული საჯარო სკოლების პედაგოგთა დამოკიდებულება სსსმ მოსწავლეებისადმი რომ არაერთგვაროვანია, რომ რესურსოთახები სათანადოდ არ არის აღჭურვილი, რომ სპეცმასწავლებლები ტვინს იჭყლეტენ ცალკე ურთულესი მოსწავლეების დასაინტერესებლად, ცალკე კი საგნის პედაგოგებთან შეუმდგარი ურთიერთობის მოსაგვარებლად, ამის შესახებაც უკვე გვითქვამს. ახლა კი პრობლემის გადაწყვეტის გზებია საძიებელი. როგორ მოგვარდეს ჩართულობის განათლებასთან არსებული პრობლემა ჩვენს პირობებში? როგორ შევქმნათ გაკვეთილზე შემეცნებითი გარემო ისე, რომ არავინ დაზარალდეს, უფრო მეტიც,  ყველამ ისიამოვნოს?  – ეს და მსგავსი საკითხები ითხოვს დიდ დაფიქრებას, ნაფიქრის თავმოყრას და პრაქტიკულ განხორციელებას.

შესაძლოა, ბევრმა პედაგოგმა იფიქროს, რომ მის გაკვეთილზე ყველაფერი კარგადაა. კი ჰყავს სსსმ მოსწავლე კლასში, მაგრამ პრობლემა არ შეჰქმნია. პირადად მე ბევრი „კარგი“ პედაგოგი მინახავს ამგვარი მოცემულობით. ბავშვები წლების მანძილზე მერხებთან სხედან. მათ იციან, რომ მათი მასწავლებელი სხვებზე აღმატებულია – ფასილიტატორია, ტრენერია. წესრიგს არავინ არღვევს და დინებასაც მიჰყვებიან, მაგრამ ყველასთვის „კარგი“ იმ კონკრეტული ერთისთვის ვერაფერი ნუგეშია, რადგან წლების მანძილზე მასწავლებელს მისთვის ერთხელაც არ გაუმარტივებია ტექსტი; არ უცდია, წინსვლაში დახმარებოდა მას; ინდივიდუალური გეგმაც კი არასდროს შეუდგენია. და ასე უფსკრული თანდათან იზრდება. მერხების ბოლო რიგში მჯდარი სმენადაქვეითებული გოგონა ან აუტისტური სპექტრის ბიჭი წლების შემდეგაც ვერ განვითარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეს“ სტატუსიც აქვთ, რათა მეტი შედეგის მისაღწევად მათზე სამინისტრომ, დირექციამ და მასწავლებლებმა იზრუნონ.

არადა, როგორ? როცა საქართველოში სსსმ მოსწავლეებზე მორგებული მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო არსებობს (ქ.-ნ ცირა ნარმანიას ავტორობით) და ისიც, იმ მცირერიცხოვანი სკოლების გარდა, რომლებსაც 2014 წელს დაურიგდათ, ყველა სხვა სკოლისა თუ სპეცმასწავლებლისთვის მიუწვდომელია. თან წიგნი მხოლოდ დაწყებითი საფეხურისთვისაა განკუთვნილი და უფროსკლასელ სსსმ მოსწავლეებზე ზრუნვა ისევ და ისევ სპეცმასწავლებლის ორბიტაში მოიაზრება.

განათლების ფსიქოლოგიაში კარგად ნაცნობი სახელმძღვანელოა Toni 4 – The Test of Nonverbal Intelligence (ავერბალური ინტელექტის ტესტი). ჩვენში მას სსსმ ბავშვების შეფასებისას უმთავრესად ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის წევრები იყენებენ. გაზიარების თხოვნას აზრი არ აქვს, რადგან წიგნზე უფლება მხოლოდ მათ მფლობელებს აქვთ. ჩვენს პირობებში ერთ წიგნს სპეცმასწავლებლის 4 თვის ხელფასი დასჭირდება, სრულ კომპლექტს კი მთელი წლის შრომაც არ ეყოფა, რადგან მისი ერთი დონის ღირებულება 400$-ს აღწევს. არადა, ტესტები, რომლებიც მასშია მოცემული, არა მხოლოდ შეფასების, არამედ შემეცნებითი უნარების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა. ჰოდა იდეა დამებადა,  შეიქმნას მსგავსი და სხვა ტიპის, ე. წ. IQ სავარჯიშოები, რომ ჩვენს რესურსოთახებში ბავშვებმაც და სპეცმასწავლებლებმაც უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი.

ტ

გუგლიდან ამ ტიპის სავარჯიშოების შექმნის იდეა ჩემს 12 წლის შვილს, იოს გავანდე. მან კი 20-იოდე წუთში რამდენიმე მათგანის აგება თავისუფლად შეძლო. აი, ისინიც:

 ტქ

ამათ გარდა, იომ კიდევ რამდენიმე ტესტი გადმოიტანა გუგლიდან, რაღაც მიამატა, რაღაც გამოაკლო. მისმა დამოკიდებულებამ და ამ, ერთი შეხედვით, არაავთენტურმა სავარჯიშოებმა კი უფრო ავთენტურ იდეაზე დაგვაფიქრა.

რა იქნება, თუკი ისტ-ის გაკვეთილებზე ბავშვები შექმნიან მსგავს პროდუქტებს, შეინახავენ. შემდეგ ან რესურსოთახებს მიაწვდიან, ან განათლების სამინისტროში შექმნილ ბაზას, რა თქმა უნდა, საავტორო უფლებების დაცვით, რომ მათი თანატოლებისთვის შექმნილი პროდუქტი უკეთესი სახით დაუბრუნდეს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა სკოლის თანატოლებსაც, რომლებსაც სხვადასხვა უნარების განვითარება სხვებზე მეტად სჭირდებათ?

შეიძლება ჩამოყალიბდეს საგაკვეთილო ლაბორატორიებიც, მაგ., ყველა საგანში კვირის ბოლოს ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიქმნას ახალი პროდუქტი იმის მიხედვით, თუ რა ისწავლეს, ისტ-ის გაკვეთილებზე კი მოხდეს სხვა გაკვეთილებზე შექმნილი მასალის დიგიტალიზაცია. თუკი სკოლებში ამგვარი – შექმნაზე, პროდუქტიულობაზე, დროის ეკონომიურ ხარჯვაზე გათვლილი – მიდგომები აუცილებლად დაინერგება, ეს სასწავლო პროცესში მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს და, ამავდროულად, მივიღებთ თაობას, რომელსაც ემპათიის უნარი გამოუმუშავდებათ, ერთმანეთზე ზრუნვა, დროის ეკონომია და პროდუქტზე ორიენტირება ეცოდინებათ. გარდა ამისა, შეიქმნება რესურსების დიდი და მრავალფეროვანი ბანკი და ის ნაკლებობა, რომელიც თანამედროვე სასწავლო სივრცეში ასე იგრძნობა, საბოლოოდ დაიძლევა.

ნამდვილად ასე აჯობებს. ჰოდა, ვიფიქროთ ერთად უკეთესი აწმყოსა და მომავლის შექმნაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი