პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სუეცის არხი – ფარაონების იდეა

სუეცის არხი ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს. არხის ერთ ბოლოში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ქალაქი პორტ-საიდია, ხოლო მეორე ბოლოს წითელ ზღვაზე – სუეცი (ალ-სუვაისი). სუეცის არხი ევროპასა და აზიას, აფრიკის გვერდის ავლით აკავშირებს და იგი ორმხრივი – ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. არხი ორი ნაწილისგან შედგება – დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილებისგან, რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.

სუეცის არხის ტექნიკური პარამეტრებია: სიგრძე 163 კმ, სიგანე – 190-265 მ, სიღრმე -20 მ, არა აქვს რაბები, ტონაჟი – 150 ათასი ტონა, ტვირთბრუნვა – 260 მლნ ტ, გემთბრუნვა – 50 გემი დღე-ღამეში, არხში გასვლის დრო – 15 სთ.

მეტად საინტერესოა არხის მშენებლობის ისტორიაც. არხი 1869 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა მის მშენებლობაზე თურმე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ფიქრობდნენ და აიგო ე.წ. ფარაონების არხი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა წითელ ზღვასა და მდინარე ნილოსს. მე-7 საუკუნეში მსგავსი გეგმა ეგვიპტის მაშინდელ მეფე ნეხოსაც ჰქონია და მისი განხორციელება უცდია კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა ამ საწყლოსნო გზის გაყვანას 120 000 მონა შეეწირა, ამ იდეაზე ხელი აიღო. შემდგომში არხის გასაყვანად მუშაობა განახლდა და მეფე დარიუს პირველმა საქმე ბოლომდე მიიყვანა, რაც ნილოსის სანაპიროზე გრანიტის სტელების აღმართვითა და მასზე სათანადო წარწერებიანი ფილებითაც აღნიშნა. ამ არხის თაობაზე მოგვითხრობს იმ დროის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს არხი ხმელთაშუა ზღვას წითელთან აერთებდა და მის გავლას ხომალდები ოთხ დღეს ანდომებდნენ.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში არხი ქვიშით ამოივსო, მომდევნო თაობებმა კი არხის ხელახლა გაჭრა ვეღარ გაბედეს, თუმცა გეგმები კი ჰქონდათ. ამ არხის გაჭრის გეგმაზე ვენეციური სახელმწიფოს ხანაში, ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს და ნაპოლეონ ბონაპარტეს ბატონობისას მუშაობდნენ, თუმცა არხის გაჭრა ვერავინ გაბედა.

მე-19 საუკუნეში ფრანგმა ინჟინერმა ფერდინანდ დე ლესეპსმა, რომელიც 1831-დან 1838 წლებში კაიროში საფრანგეთის კონსულად მუშაობდა, სუეცის არხის გაჭრის იდეა კვლავ წამოჭრა. ლესეპსმა ეგვიპტის ვიცემეფე საიდ-ფაშა შეაგულიანა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1854 წელს მისგან არხის მშენებლობის ნებართვა მიიღო. იმავე წელს ლესეპსმა ამ საქმისთვის თურქეთის სულთნისგან ფირმანის რატიფიკაცია მიიღო. მან პარიზში კომპანია დაარსა, ფრანგ აქციონერთა გუნდიც მიიზიდა და ბოლოს ავსტრიელ ინჟინერ ალოის ნეგრელის გეგმით არხის გაჭრაც დაიწყო, თუმცა ამ საქმეს ბრიტანელები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ და ხელს უშლიდნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ეს საქმე უდიდესი ავანტიურა იყო, ამ პროექტის განხორციელება კი – ფიზიკურად შეუძლებელი, მეტისმეტად ძვირი და არარენტაბელური. ამიტომაც არც ერთი აქცია არ უყიდიათ. ბრიტანელები შიშობდნენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეგვიპტე თურქეთის ძალაუფლებისგან გათავისუფლდებოდა, მათ კი ინდოეთზე ბატონობა შეუსუსტდებოდათ ან სულაც დაკარგავდნენ. არადა, სუეცის არხის გაჭრით ყველაზე მეტად მოგებულნი სწორედ ისინი რჩებოდნენ, რადგან ინდოეთისკენ გზას მნიშვნელოვნად იმოკლებდნენ.


არხის მშენებლობა თერთმეტ წელიწადს გაგრძელდა, ხარჯები კი უზომოდ გაიზარდა. საბოლოოდ ლესეპსის იდეა, რომელიც ამავე დროს კარგი მენეჯერიც აღმოჩნდა და სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, განხორციელდა და 1869 წლის 17 ნოემბერს არხი გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის აღებულმა საგარეო ვალებმა ისმაილ ფაშა, რომელმაც საიდ ფაშა შეცვალა, იძულებული გახადა არხის თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ გაეყიდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არხის გახსნის დღისთვის იტალიელ კომპოზიტორს ჯუზეპე ვერდის ახალი ოპერის შექმნა დაუკვეთეს. ასე შეიქმნა “აიდა”, რომლის პრემიერაც ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში 1871 წელს გაიმართა.

არხმა უდიდესი როლი შეასრულა და კვალავაც ასრულებს მსოფლიო ვაჭრობასა და მოგზაურობაში, რომელიც მანამდე მხოლოდ მთელი აფრიკის შემოვლით იყო შესაძლებელი. არხის გაჭრას მოჰყვა საპორტო ქალაქ პორტ-საიდის წარმოშობა. აღსანიშნავია, რომ არხის მშენებლობის გამო, ჯერ კიდევ მისი სამუშაოების დასრულებამდე ექვსი თვით ადრე, პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზა იქნა გაყვანილი.

1980 წელს სუეცის არხის ფსკერის ქვეშ საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რომელმაც სინა კონტინენტურ აფრიკასთან დააკავშირა. ტექნიკურად სრულყოფილ ამ გვირაბს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და იგი ეგვიპტის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობადაც ითვლება.

სუეცის არხს უკავშირდება კიდევ ერთი საინჟინრო ქმნილების ”დაბადება” – მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი (70 მეტრი) 4 კმ სიგრძის დაკიდებული ხიდის ”მუბარაქის” მშენებლობა, რომელმაც 2001 წელს ორი ქალაქი – პორტ-საიდი და ისმაილი ერთმანეთთან დააკავშირა.

ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად სუეცის არხმა არაერთი უბედურებაც მოიტანა. ამ არხმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფრიკის შემდგომი კოლონიზაციის საქმეში. სუეცის არხს ახსოვს ომებიც. პირველად ეს ეგვიპტის საბჭოთა კავშირისგან იარაღის შეძენის სურვილმა განაპირობა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასუანის კაშხლის მშენებლობისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰამალ აბდელ ნასერმა არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ამის პასუხად იქ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ჯარები შეიჭრნენ, რაც ერთკვირიანი ომით, არხის ნაწილობრივი დანგრევით, გემების ჩაძირვით, სხვა ზარალით, მსხვერპლით და ხომალდების ერთწლიანი მიმოსვლის შეწყვეტით დასრულდა.

1967 წელს ისრაელისა და არაბული ქვეყნების ერთკვირიანი ომის გამო სუეცის არხზე ნაოსნობა კვლავ შეწყდა. 1973 წელს ამ ქვეყნებს შორის მომხდარმა ომმა კვლავ ორი წლით შეაჩერა ნაოსნობა, არხის განაღმვის შემდეგ კი მას რეკონსტრუქციაც ჩაუტარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი