ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლება და ტრანსფერი

თუ ჩვენს ამჟამინდელ სწავლაზე გავლენას ახდენს ჩვენი ადრინდელი ცოდნა, ან  წარსულში გადაჭრილი პრობლემა ახალი პრობლემის  გადაჭრაზე მოქმედებს,  შეიძლება  ითქვას,  რომ  ადგილი აქვს ტრანსფერს – გადატანას. ერიკ დე კორტის განმარტებით, ტრანსფერი არის “კოგნიტური საშუალებებისა და მოტივაციის ეფექტიანი გამოყენება“. ტრანსფერის აღნიშნული განმარტებიდან ჩანს,  რომ  აქცენტი  კეთდება  ახლის კეთებაზე (პროდუქტის შექმნაზე) და არა მარტო წარსულში ნასწავლი  ინსტრუმენტების  გამოყენების გზების გახსენებაზე. თუ მოსწავლეები ერთ გაკვეთილზე ნასწავლ მათემატიკურ ფორმულებს რამდენიმე დღისა თუ კვირის შემდეგ ფიზიკის გაკვეთილზე ამოცანის  ამოხსნისას იყენებენ,  ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მოხდა ტრანსფერი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში მიღებული სწავლის გამოცდილება ყოველთვის დადებით გავლენას როდი ახდენს მიმდინარე სწავლის პროცესზე. ფუნქციონალური ფიქსაცია და პასუხთა სისტემა უარყოფითი  ტრანსფერის  ნათელი  მაგალითია,  რადგან ამ  შემთხვევაში  მოსწავლეები ცნობილ, თუმცა იმავდროულად შეუსაბამო სტრატეგიებს იყენებენ ახალ  სიტუაციაში.

ბოლო 100 წლის მანძილზე ტრანსფერის ფენომენი განათლების ფსიქოლოგიის  მკვლევართა ყურადღების საგანი იყო. რასაკვირველია, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და  მოტივაციის ეფექტიანი გამოყენება განათლების ფუნდამენტური მიზანია. ადრეულ კვლევებში ყურადღება გამახვილებული იყო უნარ-ჩვევების  სპეციფიკურ ტრანსფერზე  და  ლათინური  ენის  ან  მათემატიკის  სწავლის  შედეგად  მიღებული გონებრივი წვრთნის ზოგად ტრანსფერზე. მაგრამ 1924 წელს, ედუარდ ლი თორნდაიკმა დაასკვნა, რომ ლათინურის სწავლას შედეგად გონების წვრთნა  არ  მოაქვს. ლათინურის  სწავლა  ადამიანს  ლათინურის  უფრო კარგად  სწავლაში  ეხმარება.  ამრიგად,  თორნდაიკის  წყალობით,  იმ  პერიოდში ლათინურის  სწავლა  უფროსკლასელებისთვის  აღარ  იყო  სავალდებულო. მკვლევართა  მეორე  ჯგუფი  განასხვავებს  დადებით  და  უარყოფით  ტრანსფერს, მაგალითად, პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ევრისტიკის სწორ და არასწორ გამოყენებას.

ბოლო პერიოდის  კვლევებში  მეცნიერებმა  დაადგინეს,  როგორ  ხდება  ყოველდღიური სწავლის  პროცესში  ისეთი  უნარ-ჩვევების  ავტომატური,  პირდაპირი გამოყენება, როგორიცაა კითხვა ან წერა და ჩამოაყალიბეს ის განსხვავებანი, რაც პრობლემის კრეატიული გადაწყვეტისთვის ახასიათებს ცოდნისა და სტრატეგიების  არაორდინარულ  ტრანსფერს.  გაბრიელ  სალომონისა  და  დევიდ პერკინსის კვლევაში  აღწერილია  ორი  დონის  ტრანსფერი:  მაღალი  და დაბალი.  დაბალი  დონის  ტრანსფერი  “მოიცავს  კარგად  გავარჯიშებული  უნარ-ჩვევების  სპონტანურ,  ავტომატურ  ტრანსფერს  და  რეფლექსური  აზროვნების  მცირე  მონაწილეობას”.  მთავარი  ამოსავალი  წერტილი  დაბალი დონის  ტრანსფერთან  მიმართებაში არის უნარ-ჩვევების ხშირი ვარჯიში სხვადასხვა სიტუაციაში მანამ, სანამ შესრულება ავტომატური არ გახდება. მაგალითად, თუ ერთი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდით ოფისში და  სხვადასხვა  სახის  კომპიუტერებზე  გიწევდათ მუშაობა,  ზაფხულის  ბოლოს უკვე ნებისმიერ კომპიუტერზე შეძლებთ მუშაობას. ამრიგად, ასეთი სახის  პრაქტიკის  საფუძველზე მოხდება უნარ-ჩვევის ავტომატური ტრანსფერი ახალ გარემოში. ბრანსფორდი და შვარცი ასეთი სახის ტრანსფერს პირდაპირი გამოყენების ტრანსფერს უწოდებენ.

მეორე მხრივ, მაღალი დონის ტრანსფერი გულისხმობს ერთ სიტუაციაში შესწავლილი  აბსტრაქტული ცოდნისა თუ სტრატეგიების გაცნობიერებულ გამოყენებას სხვა სიტუაციაში. ეს ორი გზით შეიძლება მოხდეს. პირველი, შესაძლოა  ისწავლოთ  პრინციპი  ან  სტრატეგია  მომავალში  გამოყენების მიზნით – წინ ხედვის ტრანსფერი. მაგალითად, თუ ანატომიის  გაკვეთილებზე პირველ  სემესტრში  გადიხართ  მეორე  სემესტრის  წინმსწრებ  კურსს, თქვენ მოიძიებთ  ინფორმაციას  ადამიანის  სხეულის  პროპორციების,  კუნთების  აგებულებისა და სხვათა შესახებ. მეორე შემთხვევაში, კი როდესაც პრობლემას წააწყდებით, შესაძლოა  გაიხსენოთ  წარსულის  გამოცდილება  და  ცოდნა  იმისათვის, რომ  გამოიყენოთ  ის  ამ  ახალი  პრობლემის  გადასაჭრელად.  ე.ი. მიმართავთ, ე.წ. უკან  ხედვის  ტრანსფერს.  ასეთი  სახის ტრანსფერის ნათელ მაგალითს ანალოგიური აზროვნება წარმოადგენს. თქვენ იკვლევთ სხვა, ამ საკითხის მსგავს სიტუაციას, რომელმაც შესაძლოა არსებული პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო გასაღები მოგცეთ.  ბრანსფორდისა და შვარცის აზრით, ასეთი სახის მაღალი დონის ტრანსფერი მომავალი  სწავლისათვის მზადებაა.

მაღალი დონის ტრანსფერის ძირითადი მახასიათებელია დაკვირვებული აბსტრაქცია, ანუ პრინციპის, საკვანძო იდეის, სტრატეგიის ან პროცედურის გაცნობიერებული  იდენტიფიკაცია,  რომელიც  ერთ  სპეციფიკურ  პრობლემასა თუ  სიტუაციაზე  კი  არ  არის  მორგებული,  არამედ  მრავალს  მიესადაგება. ამგვარი  აბსტრაქცია  მეტაკოგნიტური  ცოდნის  ნაწილი  ხდება,  რაც,  თავის  მხრივ,  აუცილებელია  მომავალში  სწავლისა  და  პრობლემების  გადაჭრისათვის. ბრანსფორდი და შვარცი ამატებენ კიდევ ერთ ძირითად ასპექტს –  რესურსებით  მდიდარ  გარემოს,  რომელიც  ხელს  უწყობს  პროდუქტიულ  და ეფექტიან  ტრანსფერს.

მრავალწლიანი  კვლევებისა  და  ექსპერიმენტების  საფუძველზე  დადასტურდა, რომ  მართალია,  მოსწავლეები  ითვისებენ  ახალ  ცოდნას,  პრობლემის გადაჭრის  პროცედურებსა  და  სწავლის  სტრატეგიებს,  მაგრამ,  როგორც  წესი, არ  იყენებენ  მათ ამა  თუ  იმ სიტუაციაში შესაბამისი მითითებისა და რჩევის გარეშე. მაგალითად,  კვლევაში, რომლის  მიზანი  იყო,  დაედგინა,  რამდენად სწორად  იყენებს  და,  საერთოდ,  იყენებს  თუ  არა  ადამიანი  რეალურ  ცხოვრებაში მათემატიკის ცოდნას, დადგინდა, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისას, მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას და ა.შ. ადამიანები არ იყენებენ სკოლაში ნასწავლ წესებს. ამის მიზეზი ის არის, რომ სწავლის პროცესი გარკვეულ პირობებზეა  დამოკიდებული – სწავლა სპეციფიკურ სიტუაციაში ხორციელდება. ჩვენ ვსწავლობთ არა ზოგადი, ყოველმხრივი გადაჭრის გზას, რომელიც  ნებისმიერ  პრობლემას  წაადგება, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზას. რაკი სწავლა ჩვენთვის კონკრეტული  პრობლემის  გადაჭრის  ინსტრუმენტია,  თუ  ისეთ  პრობლემას გადავაწყდებით,  რომელიც  ზედაპირულად მაინც განსხვავებულად გვეჩვენება, შესაძლოა ვერ გავაცნობიეროთ ცოდნის  რელევანტურობა. როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლეები გამოიყენებენ ნასწავლს განსხვავებულ სიტუაციაში?

რის სწავლა ღირს? უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: “რის სწავლა  ღირს?”  ისეთი  ძირითადი  უნარ-ჩვევები,  როგორიცაა  კითხვა,  წერა, კომპიუტერის  ცოდნა,  თანამშრომლობა და ლაპარაკი, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გადატანილ იქნეს სხვა სიტუაციებშიც, რადგან ეს უნარ-ჩვევები აუცილებელია შემდგომი მუშაობისათვის  როგორც  სკოლაში,  ისე  მის  გარეთ. ისინი  საჭიროა,  მაგალითად,  სამუშაოს  დასაწყებად,  განაცხადის დასაწერად, მოთხრობების  წასაკითხად,  გადასახადების  გადახდისა  თუ  გუნდური  მუშაობისას, ჯანდაცვის დაწესებულებების შესაფასებლად და ა.შ. მომდევნო სწავლა  დამოკიდებულია  ახალ სიტუაციებში  ძირითადი უნარ-ჩვევების დადებით ტრანსფერზე.

მასწავლებელმა ასევე უნდა იცოდეს,  სავარაუდოდ, როგორი მომავალი ელის მის  მოსწავლეებს, როგორც ჯგუფს, ისე თითოეულ მათგანს. უკვე ზრდასრულებს, რა  მოთხოვნებს  წაუყენებს  მათ  საზოგადოება? უდავოა, რომ თქვენს  მოსწავლეებს  უკიდურესი  და არაპროგნოზირებადი ცვლილებები ელით. სწორედ ამიტომ პრინციპების,  დამოკიდებულებების,  სწავლის სტრატეგიების,  მოტივაციისა  და  პრობლემის  გადაჭრის  ზოგადი  ტრანსფერი ისეთივე  აუცილებელი  იქნება  მათთვის,  როგორც  ძირითადი  უნარ-ჩვევების სპეციფიკური  ტრანსფერი.

რა დახმარება შეუძლია მასწავლებელს?  ძირითადი  უნარ-ჩვევების  ტრანსფერს უზრუნველყოფს  ზესწავლა  –  ვარჯიში  ოსტატობის  მიღწევამდე.  დაწყებით კლასებში  ისეთი  ძირითადი  ფაქტების  უმრავლესობას,  როგორიცაა, მაგალითად,  გამრავლების  ტაბულა,  მოსწავლეები  ზესწავლის  საშუალებით ეუფლებიან.  ზესწავლა  მოსწავლეს  საჭიროების  შემთხვევაში  მეხსიერებაში დალექილი  ინფორმაციის  სწრაფ  და  ავტომატურ  გახსენებაში  ეხმარება.

უფრო  მაღალი  დონის  ტრანსფერის  დროს  მოსწავლე,  პირველ  ყოვლისა, სწავლობს  და  იგებს.  მოსწავლეები  უფრო  კარგად  ახდენენ  ცოდნის  ტრანსფერს ახალ სიტუაციაში, თუ აქტიურად არიან ჩართულნი სწავლის პროცესში. მოსწავლეებს უნდა ვურჩიოთ, რომ აუცილებელია ისეთი აბსტრაქციების შექმნა, რომელსაც მომავალში გამოიყენებენ. ერიკ დე კორტეს აზრით, მასწავლებელი ხელს უწყობს ტრანსფერს, კოგნიტური ინსტრუმენტებისა  და  მოტივაციის  პროდუქტიულ  გამოყენებას,  თუ  სწავლება-სწავლის ქმედით გარემოს შემდეგი პრინციპების მიხედვით ქმნის:

  • გარემომ ხელი უნდა შეუწყოს კონსტრუქციული სწავლის პროცესს ყველა მოსწავლისათვის;
  • გარემომ უნდა წაახალისოს მოსწავლის თვითრეგულაციის განვითარება, რათა  მასწავლებელმა თანდათან მეტი და მეტი პასუხისმგებლობა დააკისროს მოსწავლეებს. სწავლაში ჩართული უნდა იყოს ინტერაქცია და თანამშრომლობა.
  • მოსწავლეები ისეთ პრობლემებს უნდა ჭრიდნენ, რომელთაც მათთვის პიროვნული მნიშვნელობა  აქვს, და  რომელთა  წინაშეც  ისინი  მომავალში  აღმოჩნდებიან.
  • კლასის  კულტურამ  ხელი  უნდა  შეუწყოს  მოსწავლეებს,  რომ  მათ გააცნობიერონ და  განავითარონ კოგნიტური და მოტივაციური ჩვევები. იმისთვის, რომ  მოსწავლეები  ამ  ინსტრუმენტების პროდუქტიული მომხმარებლები გახდნენ, უნდა იცოდნენ მათი არსი და ფასი.

არსებობს ტრანსფერის კიდევ ერთი სახე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მოსწავლეებისათვის – სწავლის  სტრატეგიების  ტრანსფერი.

სტრატეგიების ტრანსფერის ეტაპები. ზოგჯერ  მოსწავლეები  ვერ  აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია კონკრეტული სტრატეგიის ახალ სიტუაციაში გამოყენება, მათ არ იციან,  როგორ მოახდინონ ამ სტრატეგიის ადაპტირება და მორგება კონკრეტულ ახალ სიტუაციაზე.  შესაძლოა ეს განპირობებული იყოს იმ შეხედულებით, რომ სტრატეგიის  გამოყენებას  დიდი  დრო  სჭირდება.

გარი  ფაის აზრით, ადამიანი თვლის, რომ სწავლის სტრატეგიების ტრანსფერი ის  ინსტრუმენტია, რომელიც აზრიანად უნდა გამოვიყენოთ აკადემიური პრობლემების  გადასაჭრელად. ის  სტრატეგიული  ტრანსფერის  ჩამოყალიბების  სამ  საფეხურს  გამოყოფს.  დაუფლების ფაზაში მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია არა მხოლოდ სტრატეგიის არსისა და მისი გამოყენების შესახებ, არამედ უნდა მივცეთ ერთგვარი რეპეტიციის  საშუალებაც,  რათა  დაინახონ,  როდის და როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება.  მეორე – ინფორმაციის შენახვის ფაზაში – მოსწავლეებს დიდ დახმარებას უწევს  სტრატეგიების  პრაქტიკული გამოყენება  და  უკუკავშირების  ანალიზი. ტრანსფერის  ფაზაში  მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს ახალ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა, მიუხედავად მათი ზედაპირული განსხვავებისა, ნასწავლი სტრატეგიის გამოყენებით შეიძლება.  მოტივაციის ასამაღლებლად,  მოსწავლეებს  უნდა  ავუხსნათ,  რომ სტრატეგიების  გამოყენება  მრავალი პრობლემის გადაჭრისა და დავალების შესრულების საწინდარია. აღნიშნული ეტაპები ეხმარება მოსწავლეს პროცედურული და პირობითი ცოდნის დაუფლებაში, რაც  იმას  ნიშნავს, რომ მოსწავლეს ეცოდინება, როგორ, როდის და რატომ გამოიყენოს ესა თუ ის სტრატეგია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი