ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

  ყოფითი გრამატიკა, არსებითი სახელი

( დიალექტური კორპუსის ამბები)

გული რა, ჩვეულებრივი არსებითი სახელია. კონკრეტული, სავსებით კონკრეტული, თანაც საზოგადო. ენაში მისი არსებობა მარტივია, არც იკუმშება, არც განსაკუთრებულად იბრუნვის, მრავლობითიც ჩვეულებრივი აქვს, დიდი არაფერი.

„გული არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანო, რომელიც განაპირობებს ორგანიზმში სისხლის უწყვეტ ცირკულაციას“-დაახლოებით ასე განმარტავს მას სამედიცინო ენციკლოპედია.

სიტყვების ყველაზე დიდი მცველის, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ამბობს:

„არს გული კაცისა, ვითარცა იტყვის (50, 12 ფსალ.). გ უ ლ ა დ ითქმის საშუალი ქვეყ(ა)ნისა (12, 40 მათე). გ უ ლ ა დ ითქმის პელაგონი ზღვისა (45, 3 ფსალ.). გ უ ლ ად ითქმის ხეთა და ხილთა საშუალი.“ და აქვე, ამ სემანტიკური წრის სხვა წარმომადგენლებსაც ჩამოთვლის:

: გულვაგანიგულეგულანიგულგულიგულითადიგულისობადიდგულავგულობდიიგულეთიგულვაიგულისწყრომაიგულმეთქუებენორგული,საგულეუგულებელსყოფა5უგულისყუროქუეყნისგულიშეგულისიტყუა“.

თითქოს  ორგანოა, განა საჰაერო ბუშტი,  უცვლელი უნდა იყოს,  თუმცა პირიქით –

გული ხან სწყდება, ხან  ერევა, ხან უმძიმდება, ამოუჯდება, მოუვა , წაუვა, იმაგრებენ, უწყალდება, უცივდება, სკდება…

ხოდა, ჩვენც დავიწყოთ:

ამბავი პირველი:

დაწყვეტილი გული

საფრთხილო ორგანო და საფრთხილო სიტყვაა ეს თქვენი გული :

„ახლა გურჯისტანისკენ მივალთ და გული დიდი გუაქ, ჩუენ მემლექეთში მივალთ. ჰამა მე ახლავენ წამოსლას ვჩივი. აქეთ რომ შამოვბრუნდებით და წამუალთ, მაშინ მოგვიჭირეფს გულზე, სარფის კარსა რომე გამევძრავთ, მაშინ ვიქნებით ცოდვა.
რა ვქნათ, ღმერთსა ასე დუუწერია ჩუენთვინ. ღმერთმა გააყოლავოს წასლა-მოსლა და მოგვაყაჟირებიოს ერთმანები, მალ-მალე გედევდეთ, გადმოვდეთ“ – ეს  თურქეთში გადასახლებული ქართველის გულისტკივილია.

„მარენწკი ბულვარი სამსე იყო მუჰაჯირებით. ერთი ვინცხაი მოზიკას უკრევდა და ჰემაც ამღერიდა. ჰალა მახსოვს ის ლექსი:

“ავდგეთ, წევდეთ მუჰაჯირათ, რა ლამაზი დარიაო;
ჩუენ რომ გემში ჩავჟდებით, ჩუენი გული კდარიაო”…

„„საშინელ სურათს წარმოადგენს თურმე ეს ხალხის გადასახლება. მნახველთ უამბიათ და მოუწერიათ ჩვენთვის, რომ ესენი დედამიწას ჰკოცნიან, ხეებს, სახლებს, ყველაფერს სულიერსა და უსულოს, რასაც კი სტოვებენ. ცხარე ცრემლების ღვრით გულდამწვავ ტირილით ეთხოვებიან და ასე მიდიანო. ბევრი, ძალიან ბევრი იხოცება შიმშილისაგან და ვინც კი ადგილამდის მიაღწევს, დიდი სიკეთე არც იმას ეყრებაო. იქაც უკეთესი ბედი არ მოელის, იქაც შიმშილი ხვდება, უპატრონობა… და ამნაირად რამდენიმე თვის განმავლობაში უკან ბრუნდებიანო. მაგრამ ბრუნდება ორში ერთი. დანარჩენი კი გაჭირვებისა და შიმშილის გამო იხოცება.“ (სერგი მესხი, დროება).მუჰაჯირობის, ამ ნებსითი თუ ძალდატანებითი ემიგრანტობის მთელი სირთულე ჩანს ამ ტექსტებში. როდესაც არასწორი პროპაგანდის თუ მუქარის ძალით, დაბნეული და შეშინებული ადამიანები მიდიოდნენ უკეთესი, დაცული მომავლის საძებნელად, მიდიოდნენ და ბევრი მათგანი  დანიშნულების ადგილს ცოცხალი ვერ აღწევდა:

„”ჩემ ნენესა ისე დაპაწავებული ქონდა გული, რომ იმათან საქართუელოსა ვერ გავახსენებდით, იტირებდა და იტირებდა.“- ესეც ჩვენებურების ქართულია, თურქეთიდან.

აი, რას ჰქვია დაწყვეტილი გული.

ამბავი მეორე

 აჩუმპული გული

„ერთი გოგოი მიყვარდა. დედაჩემა არ მათხოვინა ის ქალი. ნათლიები ვართ. ღამბაშიძის ნათლული იყო ის გოგოი. სხვა ღამბაშიძე იყო, მარა არ ქნა, იმიტომა რო -ნათესავები ვართო. მის შემდექ ერთი ქალი ვნახე და დავნიშნე, არც დედა იყო იქა და არც მამაი, ხოლოთ თავის ოჯახის წევრები იყვენ. მერე რაძახა ფიქრმა გადამიარა, იმ ღამეს ცოტა შემთვრალივით ვიყაი. სად მქონდა საქმეი და სად ჩავარდი! მაინც ის გოგოი მიყვარდა და მაინცა. რას მიქმოდენ! ნიშანი მივართვი, ოცდახუთი მანეთი მიუტანე. ვტყუვდები-მეთქი. თვალში აღარ მამეწონა. საქმე იყო იმაზედა, რო გული იყო აჩუმპული -წამხთარი სიყვარულისაგანა. იმ ღამეს იქ დავრჩი. პირველათ რო იყივლა მამალმა, გამოვიპარე.
იმასაც სხვა ყვარებოდა, მესამე დღეს წეეყვანა იმასა. მოვედი სახში. დედაჩემა მითხრა, რომეო – რა ქენიო.
-დავნიშნე-თქო. იმასაც ეჯავრა, ნახული ყოლებოდა.
ახლა რომელიც მყამს ცოლათა, მგზავრათ შემხვთა. ეკალას კრეფამდენ და დაუწყე ხუმრობაი. – შენა უნდობი კაცი ყოფილხარო, ქალები დაგიტოვნიაო, – გადიკისკისა. რაძახა შევიდა გულშიდა. მე ვთქვი: გამამადგება ესი, იმნაირათ მოიქცა.
მაშვალი გოუგზანე და დავნიშნე. უარი არ უთქვამს.
გამამადგა, როგორ არ გამამადგა. კაი არი, დაბერდა ახლა თორე… ორჯელ ვნახე მას უკანა. ცოლის მერეც მქონდა გულში ი გოგოი ცოტ-ცოტარა“. ( მთქმელი-ნიკოლოზ ღამბაშიძე, ზემო იმერეთი).

ამბავი მესამე

 გული, განსაზღვრების გარეშე

ამ ტექსტებსა და ისტორიებში ბევრი რამაა ისეთი, რაც გულს არამხოლოდ აგიჩუყებს, არამედ გაგიჩერებს კიდეც, მაგრამ საინგილოში მცხოვრები ქალის, გüლავარის ამბავი ყველაზე, ყველაზე  გულში ჩამწვდომია.

გüლავარი უკვე კარგა ხნის გათხოვილი იყო, როცა მისი სოფლის კოლმეურნეობის აგრონომს, აზერბაიჯანელ ახალგაზრდა კაცს, სულეიმანს შეუყვარდა. სიყვარული თავიდანვე ცალმხრივი იყო, რა არ სცადა სულეიმანმა, რა არ შესთავაზა. ( მდიდარი კაცი იყო, მარმარილოს თუ ქვანახშირის ბიზნესი ჰქონდა ირანში), მაგრამ თავისი უღარიბესი კერა მაინც არ დათმო ქალმა.

სულეიმანმა ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით ცოლი მოიყვანა.

გüლავარს ქმარი მოუკვდა და სხვაგან დასახლებულმა შვილებმაც მიატოვეს.

ხოდა, ხვდებიან ერთმანეთს ღარიბი გüლავარი და უმდიდრესი სულეიმანი, დიდი ხნის მერე, ისეთი მასშტაბის დიალოგია, ყველაზე დიდ ბელეტრისტსაც რომ შეშურდება:

„-დილაარავ!-ერცხო ქნა.
-ჰაა- მეთქ, _ ჰაავ! -ჴმა მევეც. მოვწივა აქრამდინ.
-ყორხმა, თქო, – ნუ გეშნიან, მე ვარავ.
-სულეჲმან შენ… მე სულეჲმანა არ ვებნებოდი, სოლომონ ვებნებოდი., -სოლომონავ, შენ ხარავ-მეთქი?
-ჰოვ, -თქო – მე ვარ – თქო. …“

უპატრონო ვარო-შესჩივლა კაცმა, ზეთისხილის ტყეების, მარმარილოს მადნის, დიდი სიმდიდრის პატრონმა, ცოლიც მომიკვდაო, შვილიც აღარ მყავსო, ყველაფერი შენთვის მინდა, შენზე უკეთესი არავინ მინახავსო…

„მე ვარ უპატრონოჲ,-თქო. არც შüლ მაქ, თქო, არც ქალ მაქ, -თქო, არც კაც მაქ, არც დედაჲ მაქ, -თქო, აღარც დაჲ მაქ,-თქო..“ (მგონი, ამ ფრაზებს განმარტება არ სჭირდება).

და მაინც,  მერამდენე უარი მიიღო.

ქალის საცოდავი და ღარიბული ქოხის წინკარში იჯდა შეყვარებული კაცი, შესცივდა და ქალმა თავისი ხალათი მოაფარა:

„უგექ აჲ ჰიგე სკამ გოჲტან, ოოვგექ დაჟდა. შაჰცივდა, ცივ ეყო. ზöლ ხალათ ეყო აჲქ დაკიდებულ, წოჲღ შავაგდ ზედ. ჩემ ხალათ ეყო. ერთ მე ზედ მაქონდა, ერთი თავიზე ზედ შავაგდ, ჰეემაგ დაჟდა. დაჟდა, კაჲ-ფინთ ილაპარიკა“.

ოპერაცია უნდა გავიკეთოო, თუ გადავრჩი, ისევ მოვალო-ბოლოს ასე დაუბარა და წავიდა.

მართლაც, ისევ დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად ისეთი მისუსტებული, რომ დაცვას მოჰყავდა:

„- დილაარავ! -ჴმაჲ ქნა.

-ჰაა-მეთქ,-გავაღ კარ, ნოხომ, ჰაა, უჟე კდöბ.
-წყალ მამ, თქო. წყალ მევეც, წყალ დალივა, თქო: კდöბ, – თქო -ამ კაცმა.
-არ მააკდომეხარ, ნუ გეშნიანყ.
-მაკოც, -თქო. მეთქი: -მე შენბე არც მიკოცები ამთოხან, არც ჰედიუხუნშ მოსუვარ-მეთქი. არ მინ-მეთქი.

თავი ჴელ აჰწივა, თურმე მე ექ შინ დიდ საათ, სურათ მაქონდა, აჲმხელაჲ, ქალის. აჲმხელაც საათ მაქონდა. თავი მამამ ლამააზა, ჰალა იმ დროზე ყმაწüლ ეყო ქალ, ომოჰჭრა, უგე საათშ ჩააგდა. ოგე საათ ყარაშოღლა… თურმენი საათ ყარაშოღლა მოûპარი, წოûღი ოგე მამაზაღს.“ (ჩემი სურათი მოუპარავს და თავის საათში შეუნახავსო, ყვება ქალი).

შემდეგ თავი  ქალს ჩააბარა-თქვენებურად გამაპატიოსნეო და მოკვდა. საყვარელი ქალის სახლში დალია სული ან გული გაუსკდა, არ ვიცი.

„ჰოოვ, ჰოვ, ჩემ ჴელში. აჲქ მოûდა, მოკდო.
-თუთანაც მალე თავ ჩამაბარა: თუ მოჰვკივ, შენე[ბურა] თქöნöბურა გამასწორივ. მე ტამსმუზ ჩააცმუარავ. აგე ლამაზა ჩეეცო, იგრევ მაღალ კაც ეყოო, …
გალისტუკი, ცილინდრი, აბრაზორნი კაც ეყო. ნოხომ, აგე ლამაზა ჩოვცომ-დოვხური, იმათმა თქöს, თქუავ: ჰევაშა, გალალ! ჩემთავ გამაწივ, მაჲც ნუ მოჰკდე. დოჲჭირ, ჴელებ გავაჰწორ ჩონებურა, პირიც დავბან, მითამ გამიბანი.“-ყვება უბრალო ჰერელი ქალი, რომელმაც არ კი იცის, რომ გენიალური რომანის გმირია.

 

აი ასე.

 

პს. ერთგან  გüლავარი ამბობს, გულო მქვიაო სხვანაირად,

გულოაო ჩემი სახელი.

გული რა, ჩვეულებრივი არსებითი სახელია. კონკრეტული, სავსებით კონკრეტული, თანაც საზოგადო. ენაში მისი არსებობა მარტივია, არც იკუმშება, არც განსაკუთრებულად იბრუნვის, მრავლობითიც ჩვეულებრივი აქვს, დიდი არაფერი.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი