წრის გახსნა (I ნაწილი)

 

კვარტა-კვინტური წრე ის თემაა, რომლის ათვისება მოსწავლეებს, წესისამებრ, უჭირთ. ტონალობებში ცუდი ორიენტირების გამო მოსწავლემ ხშირად არც კი იცის, რომელ ტონალობაში უკრავს და ეს მუსიკალური ნაწარმოების უშეცდომოდ გარჩევას ართულებს. ბუნებრივია, კვარტა-კვინტური წრის ათვისებამდე ჯერ საგასაღებო ნიშნებს უნდა გავეცნოთ. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ერთ-ერთ ჩემს ადრინდელ წერილში „თეთრისა და შავის საიდუმლო“ (II ნაწილი) ვილაპარაკე.

უნდა ვიცოდეთ, რომ საგასაღებო ნიშნების გამოჩენას განსაზღვრული კანონზომიერება და თანმიმდევრობა ახასიათებს. ამ კანონზომიერების გამოსავლენად ყველა ტონალობა მწკრივად უნდა განვალაგოთ საგასაღებო ნიშნების მატების მიხედვით.

მუსიკის თეორიის შესწავლისას გვხვდება ისეთი საკითხებიც, რომლებშიც კარგად უნდა გავერკვიოთ და ისეთებიც, ლექსივით რომ უნდა დავიზეპიროთ (არ იღელვოთ, ტონალობის საკითხი ადრე თუ გვიან, სურვილიდა მიუხედავად, მექანიკურად მაინც დაგვამახსოვრდება).

მაგალითად, ქვემოთ მოცემული ნიშნების თანმიმდევრობა დასაზეპირებელია:

დიეზების თანმიმდევრობა: ფა, დო, სოლ, რე, ლა, მი, სი.

ბემოლების თანმიმდევრობა: სი, მი, ლა, რე, სოლ, დო, ფა.

go1

შეამჩნევდით, რომ დიეზებისა და ბემოლების ერთი და იგივე თანმიმდევრობა ორმხრივად (წაღმა და უკუღმა) იკითხება: ერთ მხარეს – მარჯვნივ – დიეზებია, ხოლო საპირისპირო მხარეს – მარცხნივ – ბემოლები. სანოტო სისტემაზე ისინი ასე გამოიყურება:

go2

საგასაღებო ნიშნების თანმიმდევრობის გამოჩენის წესი ეფუძნება წმინდა კვინტებით ანუ 3,5 ტონით ზევით გადათვლის პრინციპს. მაგალითად, დიეზებიან ტონალობაში პირველი ნიშანია ფა (დიეზი). მეორე – დო (დიეზი), მესამე – სოლ, შემდეგ – რე, ლა, მი და სი – ერთმანეთისგან წმინდა კვინტით დაშორებული. შედეგად, თუ ტონალობაში ერთი დიეზი გვხვდება, ის აუცილებლად ფა დიეზი იქნება. თუ ორი – ფა და დო. თუ სამი – ფა-დო-სოლ დიეზები და ა.შ.

რაც შეეხება ბემოლიან ტონალობებს, წესი იგივეა, მხოლოდ გადათვლას ვახდენთ წმ. კვინტებით ქვევით (ან წმ. კვარტებით ზევით). პირველი ნიშანია სი (ბემოლი). მეორე – მი (ბემოლი), მესამე – ლა, შემდეგ – რე, სოლ, დო და ფა – ერთმანეთისგან წმინდა კვინტებით დაშორებული. ტონალობაში თუ ერთი ბემოლი შეგვხვდა, ეს აუცილებლად სი ბემოლი იქნება, თუ ორი – სი და მი, თუ სამი – სი-მი-ლა ბემოლები და ა.შ.

ახლა საინტერესოა ტონალობაში ალტერაციის ნიშნების რაოდენობის დადგენა. მეთოდი ასეთია: დიეზიანი მაჟორული ტონალობის უკანასკნელი დიეზი ტონიკაზე ერთი ნოტით ანუ ნახევარი (0,5) ტონით დაბლა უნდა მოვიაზროთ. მაგ., სოლ მაჟორში ასეთი დიეზი ერთია – ფა. მაგრამ როგორ დავადგინოთ დიეზები მრავალნიშნიან ტონალობაში? მაგალითად, სი მაჟორში ნიშნების განსაზღვრისთვის დიეზები თანმიმდევრული წესით, რიგრიგობით უნდა გადავთვალოთ: ფა – დო – სოლ – რე, – ვიდრე არ მივაღწევთ ტონიკაზე ნახევარი ტონით დაბალ ნოტს. ეს ნოტი იქნება ლა დიეზი ანუ მეხუთე საგასაღებო ნიშანი. დავადგინეთ, რომ სი მაჟორში სულ ხუთი ნიშანია (ფა, დო, სოლ, რე და ლა დიეზები).

იმედია, დაგვამახსოვრდა წესი, რომ უკანასკნელი დიეზი ყოველთვის ტონიკაზე ნახევარი ტონით ქვევით მდებარეობს.

ახლა უშუალოდ ტონალობებზე

შეგახსენებთ, რომ ტონალობ არის ტონიკისა (I საფეხური) და კილოს ურთიერთკავშირია. ყველა ტონალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ ორ უმთავრეს კომპონენტს – ტონიკასა და კილოს. ანუ კილოს განსაზღვრულ სიმაღლეს ტონალობა ეწოდება.

ბგერათა რიგის ნებისმიერი საფეხური შეიძლება აღებულ იქნეს კილოს ტონიკიდან. ამის კვალობაზე, მივიღებთ ამა თუ იმ მაჟორულ ან მინორულ ტონალობას, ხოლო მისი სახელწოდება ტონიკისა და კილოს საფეხურების შეერთებით მიიღება. მაგ., დო მაჟორი, რე მინორი, ლა მაჟორი და ა.შ.

უნდა ვიცოდეთ, რომ მუსიკაში გამოიყენება 30 ტონალობა: 15 მაჟორული და 15 (მაჟორულის პარალელური) მინორული.

ამ 30 ტონალობიდან ორი – დო მაჟორი და ლა მინორი – უნიშნოა, 14 – დიეზიანი (7 მაჟორული და მათი პარალელური 7 მინორული) და 14 – ბემოლიანი (ასევე 7 მაჟორული და 7 მინორული). ასე რომ, ტონალობების აღნიშვნისთვის შეიძლება დაგვჭირდეს დიეზებისა და ბემოლების 0-დან 7-მდე საგასაღებო ნიშანი.

ადვილი დასამახსოვრებელია, რომ დო მაჟორს და ლა მინორს ნიშნები არ გააჩნია. დო დიეზ მაჟორსა (პარალელურ ლა დიეზ მინორში) და დო ბემოლ მაჟორში (პარალელურ ლა ბემოლ მინორში) კი მაქსიმალური რაოდენობის, შვიდ-შვიდი დიეზი და ბემოლია.

რა არის კვარტა-კვინტური წრე, რისთვის არის საჭირო და როგორ გამოვიყენოთ? ეს ტონალობათა ორმხრივი თანმიმდევრობაა, რომელიც მათ ნათესაურ კავშირთა ხარისხს ასახავს. გამოისახება წრეწირით, რის გამოც მიიღო კიდეც სახელწოდება.

მაჟორული ტონალობები და მათი პარალელური მინორები კვინტურ წრეზე თანმიმდევრობით არის განლაგებული. წრეზე საათის ისრის მიმართულებით მოძრაობისას ყოველი მომდევნო მაჟორული ტონალობის ტონიკა წინამავლისგან წმინდა კვინტით ზევით მდებარეობს (სოლ, რე, ლა და ა.შ.) გასაღებთან თითო დიეზის დამატებით. საათის ისრის საპირისპიროდ ანუ ქვევით მოძრაობისას ინტერვალი წმინდა კვინტას შეადგენს (ფა, სი ბემოლ, მი ბემოლ და ა.შ.) გასაღებთან თითო ბემოლის დამატებით. ანუ წმინდა კვინტით ზევით მოძრაობის გაგრძელებით წარმოიქმნება ახალ-ახალი ტონალობები დიეზების რაოდენობის თანდათანობითი ზრდით, ხოლო ქვევით მოძრაობის გაგრძელებით – ახალი ტონალობები ბემოლების რიცხვის ზრდით.

რაც შეეხება კვარტულ წრეს, ბემოლიანი ტონალობები ერთმანეთს სწორედ კვარტული წრით უკავშირდება მხოლოდ აღმავალი მიმართულებით ანუ წმ. კვარტით ზევით. დო-დან კვარტა არის ფა (ფა მაჟორი) ერთი საგასაღებო სი ბემოლ ნიშნით. კვარტული ინტერვალით ზევით სვლას თუ გავაგრძელებთ, კვარტული წრის სქემას მივიღებთ.

კომენტარები

comments