პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეფექტიანი სწავლება –  როგორ შევმატოთ დავალებას ინტერესი

საუკეთესოდ მომზადებულ მასწავლებელსაც შეიძლება ჰყავდეს წარუმატებელი მოსწავლეები. მასწავლებელს  შეიძლება ჰქონდეს მთელ სკოლაში ყველაზე კარგი და დეტალური გაკვეთილის გეგმა, მაგრამ თუ იგი ვერ შეძლებს მასალის  ეფექტიანად მიწოდებას კლასისათვის, მოსწავლეები უბრალოდ ვერ შეძლებენ სწავლას. როდესაც გაკვეთილი სწორი გზითაა მიწოდებული, იწყება წარმატების ციკლი.

  კვლევები ადასტურებს, რომ თავდაჯერებული მასწავლებელი შთააგონებს თავის მოსწავლეებს. წარმატებული მოსწავლეები კი ქმნიან თავდაჯერებულ მასწავლებლებს. ეს ციკლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  საყრდენია ეფექტიანი სწავლებისთვის.

    ბევრ მასწავლებელს ჰგონია, რომ გაკვეთილის ეფექტიანად მიწოდება კლასის წინაშე  საკითხის კარგად გაშუქებას ნიშნავს. მასწავლებლებისათვის ნამდვილად საჭიროა შესანიშნავი სამეტყველო უნარები, ეს ინსტრუქციების მიწოდების მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. კარგი გაკვეთილის სხვა კომპონენტები შეიძლება იყოს:

  • საკლასო დისკუსიები,
  • კითხვებზე პასუხის გაცემა,
  • განხილვები,
  • ინფორმაციული აქტივობები
  • და ა. შ.

  საუკეთესო გამოსავალია ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა; როდესაც მასწავლებელმა იცის, რომ კლასმა აითვისა გაკვეთილის მასალა, იგი გრძნობს, რომ მისი შრომა კარგად აისახა მოსწავლეების წარმატებაზე.

  პედაგოგიკის სპეციალისტები ხშირად ურჩევენ მასწავლებლებს „ თუ გსურთ, რომ თქვენი მოსწავლეები დაინტერესდნენ გაკვეთილით, თქვენ თვითონ უნდა იყოთ დაინტერესებული ამ გაკვეთილის წარმატებით. თუ თქვენ გეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა გაკვეთილისთვის ენთუზიაზმის გამოჩენა, თუ თქვენი მოსწავლეები დაინახავენ თქვენს ენთუზიაზმს და ინტერესს, გაკვეთილი მათაც მოეწონებათ და დაინტერესდებიან. მეორეს მხრივ, თუ თქვენთვის გაკვეთილი მოსაწყენი და უინტერესოა, მოსწავლეებიც აუცილებლად მოიწყენენ“.

ყველა მასწავლებლის საფიქრალია, როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი ისე, რომ სხვადასხვა სტილით მსწავლელი მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო?

 წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი – ენთუზიასტი მასწავლებელი გაკვეთილის მასალას უხსნის ყურადღებიან მოსწავლეებს. როდესაც მოსწავლე სვამს კითხვას, მასწავლებელი კიდევ ერთხელ ხსნის მასალას. როცა ტესტის დაწერის დრო მოდის, ზოგიერთი მოსწავლე კარგად წერს მას, ზოგი _ საშუალოდ, ზოგიც _ ცუდად. მათი იმედგაცრუებული მასწავლებელი ეუბნება კოლეგას: `მე მათ რამდენჯერმე ავუხსენი, როგორ უნდა შეესრულებინათ სამუშაო. რატომ ვერ ისწავლეს?~

სამწუხაროდ, საუკეთესო მასწავლებელსაც კი შეიძლება ჩაუვარდეს გაკვეთილი, თუ ის ყურადღებას არ მიაქცევს მოსწავლეების სასწავლო საჭიროებებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ საკითხზე კონცენტრირებული მეცნიერების ყურადღების წყალობით, პედაგოგები საკმაო ინფორმაციას ფლობენ, თუ როგორ სწავლობს სხვადასხვა მოსწავლე და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა თითოეულ ბავშვთან მისასვლელად.

  არსებობს უამრავი ონლაინინფორმაცია სწავლების სტილის შესახებ; ქვემოთ მოცემული ორი ვებგვერდი დაგვეხმარება, ადვილად მოვიპოვოთ უკანასკნელი ინფორმაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • www.learning-styles-online.com – ამ გვერდზე თქვენ იპოვით სწავლების სტილის უფასო კატალოგს, სხვადასხვა სტილის შესანიშნავ მიმოხილვებს და საჭირო ინფორმაციებს მათ შესახებ.
  • www.ldpride.com – ეს გვერდი გვათავაზობს სწავლების სტილის უფასო კატალოგებს, ინფორმაციას მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და პრაქტიკულ მითითებებს, თუ როგორ ვიმუშაოთ განსხვავებული სწავლების მეთოდებით.

როდესაც ვეცნობით დიდი რაოდენობით ინფორმაციას სწავლების სტილის შესახებ, შეიძლება ზოგიერთი ერთმანეთის საპირისპიროც კი  აღმოჩნდეს. რთულია გადაწყვეტა, რომელი სასწავლო მოთხოვნილება უნდა დაკმაყოფილდეს პირველად.

სწავლის მოდალობების მიხედვით  გამოყოფენ:

1.ვიზუალური შემსწავლელები ასეთ მოსწავლეებს ურჩევნიათ ისწავლონ აქტივობებით, რომლებიც დაფუძნებული იქნება კითხვის, წერისა და სასწავლო მასალის ვიზუალურად ათვისებაზე.

  1. სმენითი შემსწავლელებიასეთი მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ აქტივობებს, რომლებიც მოიცავს მოსმენას, ლაპარაკსა და მასალის ორგანიზებას ვერბალურად.
  2. კინესთეტიკური და ხელშესახები შემსწავლელებიასეთი მოსწავლეებისთვის უფრო მისაღებია აქტივობები, რომლებიც მათ მასალასთან ფიზიკური ურთიერთობისა და შეხების ნებას აძლევს. მართლაც რომ მაცდური აზრია ყველა ადამიანის ამ სამ ჯგუფში გაერთიანება, თუმცა ეს მარტივი მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინდივიდს აქვს მისთვის დამახასიათებელი სწავლის სტილი, უმეტესობა რამდენიმე სტილის კომბინაციას ანიჭებს უპირატესობას. ამის გათვალისწინებით მართებულია სწავლების სამი კატეგორიის გაერთიანება, რაც შეიძლება მეტი ოდენობის დავალებების სახით.

გთავაზობთ ერთი და იგივე დავალების  ორ სხვადასხვა ვარიანტს. თავდაპირველი დავალება დაამთავრეთ პირველი თავის მე-17-21-ე გვერდების კითხვა და უპასუხეთ ბოლოში მოცემულ კითხვებს.  თქვენ მოგიწევთ ტესტის დაწერა მე-13-21-ე გვერდებზე მოცემული მასალის შესახებ.

იგივე დავალება  – მორგებული სხვადასხვა  სწავლის სტილის მოსწავლეებისთვის:

  • …შეხედეთ მე-14 და მე-16 გვერდებზე მოცემულ ილუსტრაციებს, ჩაიწერეთ ორი უცნაური თვისება, რომელსაც თითოეულ მათგანზე შენიშნავთ (ვიზუალური).
  • …წაიკითხეთ ქვეთავის სათაური და ძირითადი ცნებები. ჩამოთვალეთ ისინი თქვენი შენიშვნების სიაში (ვიზუალური).
  • …თქვენ და თქვენმა პარტნიორმა რიგრიგობით ხმამაღლა წაიკითხეთ გვერდები 17-20. ამოიწერეთ ძირითადი სიტყვები თითოეული ქვეთავიდან (სმენითი, ვიზუალური).
  • შექმენით იდეათა რუკა იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მე-19 გვერდზეა მოცემული (კინესთეტიკური/ხელშესახები).
  • გაუზიარეთ თქვენი რუკა მეწყვილეს და გააერთიანეთ თქვენი იდეები (სმენითი, ვიზუალური).
  • როდესაც თქვენ და თქვენი მეწყვილე მუშაობას დაამთავრებთ, კომპიუტერთან დასხედით და 21-ე გვერდზე მოცემული კითხვების პასუხები ჩაიწერეთ. ერთმა თქვენგანმა ხმამაღლა უნდა წაიკითხოს პასუხები, მეორემ კი დაბეჭდოს (სმენითი, კინესთეტიკური/ხელშესახები).
  • შეასწორეთ პასუხები მონიტორზე გაშვებული ვიზუალური მასალის მეშვეობით (ვიზუალური).

 

როგორ შევმატოთ დავალებას ინტერესი?

 

  ბევრი მასწავლებელი წუხს, რომ მათთვის ძნელია, მეტოქეობა გაუწიოს სწრაფად განვითარებად გასართობ ინდუსტრიას, რომელსაც მოსწავლეები დიდ დროს უთმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანი მოსწავლეების გართობა არ არის, მაინც უნდა შევეცადოთ, გაკვეთილი მაქსიმალურად მხიარული, საინტერესო და გასართობი იყოს. თუ დავალება მოსწავლეებისთვის სასიამოვნოა, ისინი მას უფრო სერიოზულად მიიღებენ. რამდენიმე საათის განმავლობაში მასწავლებლის მოსმენა არც ისე საინტერესოა მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის.

პრობლემის გადასაჭრელად ჯგუფებში მუშაობა ან სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობის მიღება ბევრად უფრო საინტერესოა ბავშვებისთვის, ეს სწავლის ეფექტიანობას ზრდის. მასწავლებლის მოვალეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დავალება უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ აქციოს მოსწავლეთათვის. ასევე მნიშვნელოვანია კრეატიული აქტივობები.

გთავაზობთ  მაგალითს, თუ როგორ შეგიძლიათ დავალების გაუმჯობესება სწავლისთვის საჭირო მოტივაციის ასამაღლებლად.

თემა: 1920-იანი წლების ისტორია მეშვიდეკლასელთათვის

 

 დავალება:  ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები წაიკითხავენ მასალას, გააკეთებენ ჩანაწერებს, მოუსმენენ საკლასო დისკუსიებს და უპასუხებენ მოცემული თავის ბოლოს დასმულ კითხვებს .

შეცვლილი დავალება:  კვირის განმავლობაში მოსწავლეები წაიკითხავენ მასალას 1920-იანი წლების ისტორიის შესახებ და მოამზადებენ პროექტს, რომელიც შედგება ოთხწუთიანი მოხსენებისაგან, რომლის დროსაც წარმოადგენენ გამოკვლევის შედეგებს. ყველა მოსწავლე ვალდებულია, გააკეთოს ჩანაწერები თანაკლასელების პროექტების შესახებ, რათა უკეთ გაერკვეს მასალაში.

შეცვლილი დავალების ვადები:

 

ორშაბათი: მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ მასალას კლასში. ისინი  პროექტის თემების სიას იღებენ პარასკევს. ყოველი მოსწავლე ირჩევს პროექტის თემას გამოკვლევისთვის. ისინი იმეორებენ მასალას საშინაო დავალების შესრულებით.

სამშაბათი: მოსწავლეები ამოწმებენ საშინაო დავალებას და იწყებენ პროექტსა და მოხსენებებზე მუშაობას.

 

ოთხშაბათი: მოსწავლეები მუშაობენ პროექტებსა და მოხსენებებზე.

ხუთშაბათი: მოსწავლეები აგრძელებენ მუშაობას პროექტებსა და მოხსენებებზე.

პარასკევი: მოსწავლეები წარმოუდგენენ კლასს საკუთარ მოხსენებებს.

მოხსენების თემები მოსწავლეების დამუკიდებელი გამოკვლევებისათვის:

 

  • ამ ეპოქის ერთ-ერთი პრეზიდენტის მოღვაწეობის აღწერა;
  • ამ ეპოქის ერთ-ერთი პირველი ლედის მოღვაწეობის აღწერა;
  • საფონდო ბაზრის კრახის გამომწვევი მიზეზები;
  • სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებში;
  • სპორტული ამბები;
  • სამედიცინო აღმოჩენები;
  • იმ ქალაქის მნიშვნელოვანი ამბები, სადაც სკოლა მდებარეობს;
  • პოპულარული მუსიკა;
  • როგორი იყო სკოლა 1920-იან წლებში;
  • რას აკეთებდნენ ბავშვები თავისუფალ დროს;
  • მოდა და გატაცებები 1920-იან წლებში;
  • ნობელის პრემიის ლაურეატები;
  • ტრანსპორტი;
  • დიდი დანაშაულები.

რჩევები პროექტებისთვის.

 

მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ერთ-ერთი პროექტი ოთხწუთიანი მოხსენებისთვის:

  • საფოსტო მარკა;
  • ესკიზი;
  • პოსტერი;
  • რუკა;
  • ფოტოკოლაჟი;
  • პროექტორი;
  • კომპიუტერული პრეზენტაცია;
  • ქაღალდის დაფა;
  • კომიქსები;
  • ბანერები;
  • დიორამები.

გასათვალისწინებელია –  თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაიაზროს მასალის ძირითადი ცნებები; მოსწავლეებს შეუძლიათ თავისუფლად ამოირჩიონ პროექტები;  თითოეული მოხსენება ძალიან მოკლეა;  მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ ჩანაწერები თანაკლასელების პროექტების შესახებ;  პროექტები დიდ დროს არ მოითხოვს; ორივე შეფასების ვადა ერთნაირია;  გაუმჯობესებული შეფასება მთლიანად ჩართავს მოსწავლეებს სასწავლო პროცესში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი