შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სახელის მოხვეჭა სირცხვილი არ არის            

„გურული დღიურების“ პოპულარობის შესახებაც გეტყვით.

ამას წინ რამდენიმე გადაცემა მოვისმინე ბოლო პერიოდის ქართულ ბესტსელერებზე და ჩემთვის პატივსაცემ სტუმრებს, მჯერა ,უნებლიეთ დაავიწყდათ ასეთი წიგნის არსებობა, რომლის ტირაჟი ცხადია, რბილად რომ ვთქვათ, არ უნდა ჩამოუვარდებოდეს სხვა დანარჩენი ავტორების ტირაჟს. ძალიან რბილად და თავმდაბლურად რომ ვთქვათ. სტუმრებს დაავიწყდათ, მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ეს შეგნებულად ავიწყდებათ. მათ ვერაფერს ვეტყვი. უბრალოდ მოკლედ მოვყვები სხვებისთვის ამბავს. ტექნიკურ ამბავს. არათვისობრივს.

თუ არ ვცდები, პირველად „გურული დღიურები“ გამოვიდა სადღაც ათას ცალამდე. მანამდე სოციალურ ქსელში ამონარიდების დადებით გამოწვეული ინტერესი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ამ ტირაჟის გასაყიდად. როდესაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები უბრალოდ დაინტერესდნენ წიგნით და წიგნი აღარ იყო მაღაზიებში, ამას გარკვეული ტიპის სიუჟეტები მიეძღვნა. მათ შორის იყო ერთ-ერთი დიდი ტელესიუჟეტი, რომელმაც ამ წიგნის ზეპოპულარობა განაპირობა. ამის შემდეგ მეორე ტირაჟი, რომელიც ძალიან დიდი იყო, მგონი მეორე დღეს საერთოდ აღარ იშოვებოდა.
წერის საკითხი აუცილებლად ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველ რიგში, ბუნებრივია, საკუთრივ წერასთან დაკავშირებით ადამიანი უნდა მუშაობდეს ძალიან ბევრს. თანამედროვე მწერალი უნდა იყოს მკითხველი და ძალიან აქტიური მკითხველი. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა. ბუნებრივია, უნდა ეცნობოდეს ყველა ტიპის ლიტერატურას, განსაკუთრებით თანამედროვეს. კარგია, თუ მას აქვს წვდომა უცხოელ ავტორებზე, მათ შორის თუ ორიგინალ ენაზე შეუძლია კითხვა. ასევე, ბუნებრივია, საჭიროა საკუთარი ნიჭის მიზანმიმართული ვარჯიში. ნიჭი, ეს არ არის რაღაც შედეგის განმსაზღვრელი მოცემულობა, მას სჭირდება მუდმივი ვარჯიში.

აი, მეორე ნაწილს რაც შეეხება, აქ უკვე ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიტყვების – პიარი, პრომოუშენი და ასე შემდეგ. ძალიან კარგად აქვს დაწერილი აკაკი ბაქრაძეს, რომ მან, ვინც აიღო კალამი, აუცილებლად იგულისხმა მკითხველი. ანუ წარმოუდგენელია, რომ ადამიანი წერდეს და არ გულისხმობდეს მკითხველს. რაც უფრო მეტი იქნება მკითხველი, ბუნებრივია, მას უფრო გაუხარდება. ეს არის ფსევდომანერულობა, თითქოს ვიღაცას არ აინტერესებდეს სხვისი აზრი და მთავარია 5-6 კაცის მოსაზრება, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს. ამიტომაც ჩვენ უნდა გადავლახოთ სტერეოტიპი, რომ ავტორი არ უნდა იყოს აქტიური საკუთარი შემოქმედების პიარში. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა. გამომცემელთან მისვლამდე ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელიც ძველ ავტორებს არ ჰქონდათ, ეს არის სოციალური ქსელი. სოციალურ ქსელს შეუძლია ბევრი რაღაცის განპირობება, მათ შორის იმისაც, რომ შენი ნაწერი, თუ ხარ ახალგაზრდა და დამწყები, მოხვდეს სხვადასხვა ადამიანებს თვალში და, შესაბამისად, უკვე გაადვილდეს ამ ყველაფრის ბეჭდური სახით პუბლიკაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი