ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რას ნიშნავს იყო კარგი მსმენელი

ერთხელ დედა-შვილის საინტერესო დიალოგის მოწმე გავხდი. პატარა ბიჭუნა გატაცებით უყვებოდა დედას სკოლაში იმ დღეს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ. განსაკუთრებით მათემატიკის გაკვეთილით ვერ მალავდა აღფრთოვნებას – ეტყობოდა, წარმატებით გაერთმია თავი დავალებისთვის და მასწავლებლის ქებაც დაემსახურებინა. უცებ დედამ საუბარი შეაწყვეტინა: „ინგლისურში თუ მოამზადე საშინაო დავალება? ხომ იცი, დღეს შენთან მასწავლებელი მოდის!“ ბიჭუნამ გაოცებული და უკმაყოფილო სახით შეხედა დედას და გულისტკივილი ვერ დამალა: „როგორ, არ მისმენდი?! მე კი მეგონა, გაინტერესებდა, რასაც ვყვებოდი“. ამის შემდეგ მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. მომავალში, როცა დედა თავად დაინტერესდება შვილის სასკოლო ან სკოლისგარე ცხოვრებით, საეჭვოა, ბავშვს კვლავ გაუჩნდეს რამის მოყოლის სურვილი. რასაკვირველია, მძიმე სამუშაოთი და ათასგვარი საზრუნავით გადაღლილი დედა ყოველთვის ვერ იქნება კარგი მსმენელი შვილისთვის, რომელიც თავის პრობლემებზე ან წარმატებებზე ესაუბრება. ასეთ დროს ალბათ უკეთესი იქნება, ბავშვს გულწრფელად ვუთხრათ, რომ დაღლილობის გამო გვიჭირს მისი მოსმენა, ვიდრე კარგი მსმენელის როლი „ვითამაშოთ“ და მისი ყოველი სიტყვა ცალი ყურიდან შევუშვათ, მეორიდან კი გავუშვათ. ბავშვები აფასებენ გულწრფელობას და, ამასთან, თანაგანცდის უნარიც უკეთესი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს.

მოსმენისუუნარობას ზრდასრული ადამიანები ხშირად არა მხოლოდ ბავშვთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობის დროსაც ვამჟღავნებთ. მოსმენის უნარი ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის აუმჯობესებს კომუნიკაციის პროცესს, გვეხმარება, უკეთ გავუგოთ არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც, ხელს უწყობს პოზიტიური თვითგანცდის, ფსიქოლოგიური კომფორტისა და ემოციური სტაბილურობის გრძნობის ჩამოყალიბებას. დიდი როლის შესრულება შეუძლია სტრესისა და დაძაბულობისაგან გათავისუფლებაშიც. ის მნიშვნელოვანი შენაძენია პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვის გზაზე და ადამიანის კულტურის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, კარგი მსმენელი ცოტაა და კონფლიქტური სიტუაციების მიზეზიც ყველაზე ხშირად სწორედ მოსმენისუუნარობაა. არცთუ იშვიათად ორი ადამიანის საუბარი კონფლიქტსა და უთანხმოებაში მხოლოდ იმიტომ გადაიზრდება, რომ მათ უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ შესაძლოა, ერთსა და იმავეს ამტკიცებდნენ, ერთი აზრი ჰქონდეთ კონკრეტული საკითხის შესახებ, მაგრამ მოსმენისუუნარობის გამო ვერ უგებდნენ ერთმანეთს და თითოეულ მათგანს ეგონოს, რომ თანამოსაუბრეს განსხვავებული პოზიცია აქვს.

ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო იქნება კარგი მსმენელისთვის დამახასიათებელი ნიშნების გაცნობა და იმაზე საუბარი, რა დაგვეხმარება მოსმენის უნარის გამომუშავებაში.

 

რეკომენდაციები მათთვის, ვისაც სურს, კარგი მსმენელი გახდეს

  • მოსმენა რთული პროცესია. კარგი მსმენელი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებიანი და მომთმენი უნდა იყოს.
  • ნაკლები ლაპარაკი და მეტი მოსმენა კომუნიკაციის პროცესში კარგი მსმენელისთვის საჭირო უნარის გამომუშავების საუკეთესო საშუალებაა. ადამიანურ მოთხოვნილებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუგოს სხვას და სხვებსაც ესმოდეთ მისი. მოსმენა ადამიანის გაგების ძალიან კარგი საშუალებაა.
  • ხშირად მოსმენის პროცესს აფერხებს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი განსახილველ საკითხზე და განწყობა თანამოსაუბრის მიმართ. ვეცადოთ, ბოლომდე ვათქმევინოთ თანამოსაუბრეს სათქმელი, ისე მოვუსმინოთ, რომ არ შევაწყვეტინოთ, მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით ან თავად გვაკრიტიკებს; ვეცადოთ, ვაღიაროთ განსხვავებული აზრის არსებობა. აღიარება დათანხმებას არ ნიშნავს.
  • ვეცადოთ, ვიყოთ კონცენტრირებული თანამოსაუბრეზე; ყურადღებას სხვა რამეზე ნუ გადავიტანთ. მოსმენას შესაძლოა ხელი შეუშალოს როგორც გარეგანმა (ტელევიზორი, მობილური, სხვა ადამიანები), ასევე შინაგანმა (შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა) ფაქტორებმა. კარგი იქნება, თუ ამას საუბრის დაწყებამდე გავითვალისწინებთ.
  • ნუ მოვუსმენთ ზერელედ. ნუ გადავუხვევთ ძირითად იდეას. მოვუსმინოთ იმისთვის, რომ გავუგოთ და არა იმისთვის, რომ გაგვიგონ. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს სურს, მოუყვეს თანამოსაუბრეს საკუთარი პრობლემის შესახებ და მასთან ერთად განიხილოს ის, მაგრამ როგორც კი ამის შანსი მიეცემა, თანამოსაუბრე აწყვეტინებს საუბარს და საკუთარ თავზე იწყებს ლაპარაკს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ არავინ არავის უსმენს. ნაცვლად იმისა, რომ ნათქვამი გაიაზრონ, თანამოსაუბრეები უბრალოდ ელოდებიან თავიანთ რიგს საკუთარი აზრის გამოსათქმელად. კარგი მსმენელი ბოლომდე უსმენს თანამოსაუბრეს და არ ელოდება, როდის ამოისუნთქავს ის, როდის შეისვენებს, რათა საუბრის ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს. კარგი მსმენელი არც იმაზეა ორიენტირებული, რომ ბოლო სიტყვა აუცილებლად მან თქვას და „გამარჯვებული“ გამოვიდეს. ის უბრალოდ ყურადღებით უსმენს თანამოსაუბრეს და საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას აძლევს მას.
  • საუბრის პროცესში მნიშვნელოვანია სხეულის ენის ფლობა. ჩვენი სხეულის ენამ შესაძლოა თანამოსაუბრეს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ყურადღებით ვუსმენთ. გულხელდაკრეფილი ჯდომა და სადღაც შორს მიმართული მზერა თანამოსაუბრეს იმაზე მიანიშნებს, რომ მასთან საუბარი ჩვენთვის მოსაწყენია, ეს კი აუცილებლად შეაფერხებს კომუნიკაციის პროცესს. კარგი მსმენელი მუდმივად ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს და გაურბის ზედმეტ მოძრაობებს (თმის, ტანსაცმლის გასწორებას, მობილურის ან კალმის ხელში ტრიალს), რადგან იცის, რომ თანამოსაუბრე უხერხულად იგრძნობს თავს და, დიდი ალბათობით, შეწყვეტს საუბარს.
  • კარგ მსმენელს თანაგანცდის კარგი უნარი აქვს, მოსმენილს ის უყურებს არა საკუთარი, არამედ მთხრობელის თვალით. ჩვენ არ ვართ ვალდებული, ყველაფერში დავეთანხმოთ თანამოსაუბრეს; უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, როგორ გრძნობს ის თავს. რასაკვირველია, ვერასოდეს შევძლებთ მისი ნამდვილი გრძნობების გაგებას, მაგრამ ცდა ძალიან მნიშვნელოვანია.
  • კარგი მსმენელი თავს არიდებს მზამზარეული რჩევების მიცემას. გავითვალისწინოთ: ხშირად ადამიანი იმისთვის კი არ გვესაუბრება საკუთარ პრობლემებზე, რომ ჩვენგან დაუყონებლივ მიიღოს რჩევა – შესაძლოა, მას უბრალოდ უარყოფითი ემოციებისგან დაცლა სურდეს და გრძნობს, რომ ჩვენთან საუბარი ამაში ეხმარება.
  • თუ მზად არ ვართ საუბრისთვის, სავსე ვართ ემოციებით, განცდებით და ვღელავთ, ჯობს, საერთოდ არ დავიწყოთ საუბარი, რადგან ამ დროს კარგი მსმენელი ვერ ვიქნებით.

ამრიგად, ყოველთვის კარგი მსმენელის როლში ყოფნა ძნელია, მაგრამ თუ გვინდა, სხვები გვისმენდნენ, ჩვენც უნდა მოვუსმინოთ მათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცუდ მსმენელთან ურთიერთობა ბავშვებისთვის არის ყველაზე მტკივნეული. ალბათ, ამიტომაა, რომ წარმატებული პედაგოგის უნარ-ჩვევებს შორის მოსმენის უნარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი