ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გადაკვეთის წერტილები

ამაზე ადრეც ვწერდი – ერთგვარი აზარტია, დროით და მანძილით ერთმანეთისგან დაშორებულ წიგნებში საერთო შტრიხების, ამბების, ხასიათების პოვნა.

უნამუნო-ჯავახიშვილის, მარკეს-ჭილაძისა https://mastsavlebeli.ge/?p=10879 და შოთა ჩანტლაძე-ვუდი ალენის https://mastsavlebeli.ge/index1.php?action=page&p_id=12&id=378 გადაკვეთის წერტილებზე დაწერილი სტატიები შეიძლება გახსოვდეთ კიდეც. ხომ თითქოს გადავსებულია პრესა, ტელევიზია და ელექტრონული სივრცე ყოველდღიური აღმოჩენებით, მაგრამ მაინც გიხარია, რაღაცას შენც რომ მიამატებ. გონებას გიხსნის, თავმოყვარეობას გიკმაყოფილებს, ზოგჯერ აღტაცებულიც ხარ, – მერე რა, რომ ტექნიკურ საგნებში ვერ ბრწყინავდი, ტექნიკას („ტეხნარობას“, როგორც რენე კალანდია იტყოდა) ხომ არსად ისეთი ეფექტი არა აქვს, როგორც ლიტერატურაში.

ერთხელ, წლების წინ, საღამოხანს ჭავჭავაძის გამზირზე უაზროდ მოყიალეს გოგი ანთელავა შემხვდა შვილიშვილთან ერთად. აუზზე დამყავს და შენც თუ ზევითკენ გაქვს გზა, წამოდიო. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ ანატოლ ფრანსის ნოველებს მოგვიტანდა ჟურნალისთვის და ისიც მითხრა, მარტენ პაჟის წიგნს ვთარგმნი, თითქმის ბოლოში გავედი და ერთი ძალიან საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეო.

მარტენ პაჟი თავის რომანში „წვიმის შესახებ“ ჩინეთის ერთი იმპერატორის ამბავს გვიყვება, რომელსაც ჭამა ძალიან უყვარდა და ერთხელაც შეჯიბრება გამართა ახალი მზარეულის შესარჩევად. იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ქვაბებით, ხორცით, ხილითა და მწვანილით დახუნძლული მზარეულები. ყველა ცდილობდა იმპერატორის გულის მოგებას, მაგრამ იმას, ბავშობიდანვე საუკეთესო კერძებს დაჩვეულს, უკვე აღარაფერი მოსწონდა, ყველა საჭმელი მობეზრებული ჰქონდა. უცებ მის წინაშე ღარიბულად ჩაცმული მზარეული წარსდგა, ხელში შუშის პატარა ჭურჭელი ეჭირა. „რა გაქვთ ამ შუშაში?“ – ჰკითხა იმპერატორმა. „წვიმის წყალი, თქვენო ბრწყინვალებავ“ – მიუგო მზარეულმა და სახტად დარჩენილ დამსწრეთა თვალწინ თავისი გაწაფული ხელებით მოამზადა ომლეტები, ორცხობილას საფენში შემწვარი წვიმის ნაჭრები, დესერტად კი წვიმის კრემ-ბრიულე.

იმპერატორმა არნახულად მოილხინა, მადლობა გადაუხადა მზარეულს ახალი, უჩვეულო კერძისთვის და… რადგან სურდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მის გარდა ვერავინ ვერასდროს იგემებდა ამ კერძებს, მზარეულის სიკვდილით დასჯა ბრძანა.

აბა, თუ მიხვდები, ვის გავს, ვინ გახსენდებაო, – გამომცდელად, ღიმილით მკითხა ბატონმა გოგიმ.

მეთქი როგორ არა, მეთქი რა მაგარია!

– ხო გავს გამსახურდიას?

ჰო, რაღაცით ნამდვილად ჰგავს იმ მთავარ სიუჟეტს, კონცეფციას, რაზეც „დიდოსტატის მარჯვენაა“ აგებული და ეს ეპიგრაფშივე ჩანს: „ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“. ოღონდ რომანში მკლავის მოჭრის ლეგენდარულ ამბავს ხელისუფალის მარტივი ეგოცენტრული მიზეზი კი არ უდევს საფუძვლად, არამედ მძაფრი ადამიანური ვნებები. სასიყვარულო სამკუთხედი, გადაყენებული ხუროთმოძღვრის ინტრიგები, და ყველაფერი ის, რაც თან სდევს თავისუფალი ხელოვანის წარმატებას: შური, სიძულვილი, მარტოობა.

ამასთან ერთად, მარტენ პაჟის „იმპერატორი“ უზენაესი ხელისუფალია და მწერალს მისი ადამიანური ბუნების ჩვენება არც უნდა და არც სჭირდება; კონსტანტინე გამსახურდიას მეფე გიორგი კი ვაჟკაციც არის და მშიშარაც, კეისარს ებრძვის და ეშინია ხვიარის ფესვებისა, და თავის აღსარებაში არც იმას მალავს, მრავალი ცოდვა რომ მიუძღვის ამქვეყნად როგორც მეფეს, ისე კაცს, მაგრამ ისიც დაეფიცება, რომ თავისი ქვეყნისთვის არასოდეს უღალატია.

კიდევ ერთი დეტალია: იმპერატორი კლავს მზარეულს და მასთან ერთად კვდება წვიმისგან დამზადებული საუცხოო კერძების საიდუმლო; კონსტანტინე გამსახურდიას მეფე გიორგი გასცემს ხუროთმოძღვრისთვის მკლავის მოკვეთის ბრძანებას, მაგრამ არსაკიძის მიერ აგებული სვეტიცხოველი რჩება მარადიული ხელოვნების სიმბოლოდ (სამაგიეროდ, არსაკიძის სიკვდილის შემდეგ კვლავაც აღზევებულ ფარსმან სპარსს მიაქვს საფლავში რკინისმკვნეტელი ხმლების საიდუმლო).

კონსტანტინე გამსახურდია და მარტენ პაჟი – ესეც კიდევ ერთი გადაკვეთის წერტილი. მსგავსებები და ის განსხვავებები, რომლის პოვნის სურვილიც მსგავსების აღმოჩენისთანავე გიჩნდება. ისე, ხომ გახსოვთ, ორი თითქმის იდენტური ნახატი რომ ქვეყნდებოდა გაზეთებში მინაწერით, იპოვეთ ამდენი და ამდენი და ამდენი განსხვავებაო, ვინმემ მართლა უნდა მოიცალოს, ჩამოუაროს ამ ლიტერატურას და ეგ მსგავსებები და გადაკვეთები ამობოჭოს სათითაოდ. შთამომავლობა არ დაუვიწყებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი