შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი მეგობარი ანა

ოქტომბრის ერთ ცივ საღამოს გადაბარგება დაიწყო.

ოქტომბრის იმ ცივ საღამოს მე უკვე ვიცოდი, რომ ამჯერად გული აღარ დამწყდებოდა. ამ კედლებს, ამ ნივთებს, ამ ამბებს მარტივად დავთმობდი, რადგან სახლი უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ მქონდა. დიდი ხანია საკუთარ სხეულში გადავბარგდი და საკუთარი თავი თუ გყავს, ეს ნიშნავს, შინ ხარ.

ამიტომაც ჩემი ყოველი ახალი სახლი, უბრალოდ, ახალი მისამართია.

ძველი მისამართიდან გადაბარგება ცივ, წვიმიან საღამოს დაიწყო. ამ დროს ბერლინი მშვენიერია, მის ბეტონის სხეულს ძალიან უხდება წვიმა.

მარტო ვიყავი ჩემოდნებითა და ჩანთებით. ვფიქრობდი, რომ ხვალიდან წიგნების ყიდვას შევეშვებოდი, რადგან ყოველი ახალი ნაყიდი წიგნი უკვე ბარგია, გადაბარგება კი- რთული, როცა მარტო ხარ. ნივთები პრობლემაა. თუ კითხვა გიყვარს, სჯობს, ესტუმრო წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, ან სულაც ელ. რიდერი იყიდო,- დავასკვენი და ტანი ამტკივდა. წინასწარ.

უარაფრო უნდა იყო, სადა. დაატარებდე შენს თავს ასე მშვენიერს, ასე ჭკვიანს, ასე კეთილს. დაატარებდე საგანგებოდ, ამაზე მეტი ვინ გაგაჩნია, რა გაგაჩნია. ვიჯექი ჩემოდნებზე და ამეებზე ვფიქრობდი.

მერე ანა მოვიდა. მოვკიდეთ ჩემოდნებს ხელი და წავედით.

ანა ჩემი მეგობარია, ბერლინიდან მოშორებით ცხოვრობს. მაინც ჩამოვიდა, იცოდა, მარტო ვიყავი, რა გააჩერებდა. ისე დავმეგობრდით, რომ არც გვიცდია, დავმეგობრებულიყავით. ერთმანეთისთვის თავი არ მოგვიწონებია, ერთმანეთი საგანგებოდ ყავაზე არ დაგვიპატიჟებია, ისეთი უბრალოა ჩვენი მეგობრობა, თითქოს სახლში პიჟამოებით დადიოდე, გაწეწილი.

უჟმური ვარ მე. ის დრო, როცა ამის გამოსწორება შემეძლო, სხვა უსარგებლო თვისებების შეძენას მივუძღვენი. დავრჩი უიმედოდ უჟმური და როგორც ყველა ნამდვილ, სრულფასოვან უჟმურს, მეც მიყვარს წუნკლიანი ამინდები, ბნელი ოთახები, პატარა სივრცეები და ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანების გაცნობას მხოლოდ იმიტომ არ ცდილობენ, რომ ჰქონდეთ„კონტაქტები“. ის, ვინც ამბობს, რომ „კონტაქტები საჭიროა“, ცოტა ხნით მძულდება. მერე კი ვივიწყებ.

ანას კი მზე უყვარს და საერთოდაც, ეს გოგო ერთი დიდი დღესასწაულია.

დიდი გული აქვს ანას და ფართო ღიმილი.

რუსული ქუდი ახურავს, ყურებიანი. საშინლად არ უხდება. მაგრამ ძალიან ცივა ბერლინში.

ცოტათი ბიჭური სიარულით კილომეტრიდან შენიშნავთ, ანა მოდის. ანა, რომელიც მყარად დგას მიწაზე. რომელსაც მართლა სჯერა, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად მთავრდება. ანა, რომელიც არასდროს ამბობს, როგორი კეთილია, როგორი კარგია და როგორ უყვარს ადამიანები. ანა,  რომელიც ძალიან შეუმჩნევლად მოდის ზუსტად მაშინ, როცა გიჭირს. როცა მარტო ხარ და გადაბარგება დაწყებულია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი