პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ამბავი კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც ,,ავტობუსზე აგვიანდება”

ამ საკითხზე რომ დავფიქრდი, ორი ფრაზა გამახსენდა, უცებ ვერ ვიხსენებ, რომელი ნაწარმოებებიდან. პირველი _ ,,საკუთარი თავით უზომოდ აღტაცებული ქალიშვილები” და მეორე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა, ახალგაზრდა ქალებს საკუთარი თავები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჰგონიათ, თუმცა ბევრს არაფერს წარმოადგენენოანი

მე კი ახალგაზრდა ქალები, გოგონები სამყაროს ცენტრად მიმაჩნია; ასე მგონია, დედამიწა მათ ირგვლივ ბრუნავს და სწორედ მათი გადასაწყვეტია, როგორი იქნება მომავალი, ამიტომაც მოწიწებითა და შეძლებისდაგვარად დაფარული მღელვარებით შევცქერი ხოლმე უნივერსიტეტის აუდიტორიაში ჩემ პირისპირ სამრიგად ჩამწკრივებულ გოგონებს და ვცდილობ წარმოვიდგინო, სად იქნებიან ხუთი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ.

და მერე ეს ხუთი წელიც თვალსა და ხელს შუა გარბის და ვხედავ მათ, სრულიად არაისეთებს, როგორსაც მოველოდი. ახალგაზრდა ქალები ფრიად არაპროგნოზირებადი ხალხია.

foto 2

აი, თუნდაც თამარ ჩანქსელიანი. ის ერთი კადრით შემორჩა ჩემს მეხსიერებას _ საბოლოო პრეზენტაციაში ათი ქულა რომ მიიღო და აელვარდა. ახალგაზრდა ქალები, ზოგადად, ელვარე ხალხიც არის. ახლახან კი მისი სურათი ვნახე _ საკლასო ოთახში, რომელიც მეორე-მესამეკლასელებითაა გადავსებული, მერხებს შორის ფეხაკრეფით დადის; ჰოდა, მომინდა მეც გამეგო და თქვენთვისაც მომეთხრო ამბავი კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც ,,ავტობუსზე აგვიანდება”; კიდევ ერთი მასწავლებლისა, რომელიც გარდაბნის მთლიანად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ნაწილში ასწავლის ქართულ ენას პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” ფარგლებში:

,,ბევრს უკვირს, როგორ შეიძლება 23 წლის გოგო და მასწავლებელი, ბევრი არც იჯერებს (მძღოლი არ მიშვებს ხოლმე პედაგოგების ავტობუსში, მოსწავლე ვგონივარ), ზოგი დამცინის კიდევაც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მასწავლებლობა ასეთი რთული იქნებოდა. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, თუ შენ თვითონ არ გამოცდი, ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს იყო მასწავლებელიო.”

გარდაბნის მეექვსე საშუალო სკოლა აზერბაიჯანულია, მთლიანად აზერბაიჯანელებითაა დასახლებული სოფელი თბილწყაროც, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელი ცხოვრობს. როდესაც ასეთ განსხვავებულ გარემოში ხვდება ადამიანი, მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნება თითქმის გამორიცხულია, რიყავენ ან გულით იყვარებენ. თამუნას გაუმართლა და მხოლოდ სიყვარული ხვდა წილად:

,,როცა კარგი ამინდია, სოფელში ვსეირნობ. აი, მაშინ უნდა ნახო, ანი, როგორ გამოცვივდებიან, რომ დამინახონ და ,,გამარჯობა” მითხრან. ყველა თავისთან მეპატიჟება. დედოფალივით მექცევიან.

მხოლოდ ძაღლები ვერ შევიჩვიე, ყოველდღე გზაში მხვდებიან და მეც ველოდები, როდის გამოივლის ვინმე და დამეხმარება.

მაგრამ დღეს ძაღლმა ჩვეულებრივად ჩამიარა, ანუ გაიგეს ძაღლებმაც უკვე, რომ მასწავლებელი ვარ (მხოლოდ იმ მძღოლს ვერ დავაჯერე).”

გულთბილად მიიღეს სკოლაშიც, ორივე მასწავლებელი, რომელთა დამხმარედაც თამარი მუშაობს, ცდილობს საკუთარი კეთილგანწყობა და მზრუნველობა გამოავლინოს უმცროსი კოლეგის მიმართ. ამბობს, რომ ამ პერიოდში იმაზე მეტი ისწავლა, ვიდრე სტუდენტობის ოთხი წლის განმავლობაში. და სწავლობს არა მხოლოდ კოლეგებისა და საგაკვეთილო პროცესისგან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებისაგან, რომლებისთვისაც ასეთი ახალგაზრდა და თანაც, განსხვავებული ეროვნების მასწავლებელი გამოცანაა: ის ძალიან საყვარელია, მაგრამ ჯოჯოხეთში მოხვდება, რადგან ღორის ხორცს ჭამს; ის ლამის მათსავით ახალგაზრდულად გამოიყურება, მასწავლებელზე უფრო მეგობარია, მათი მესაიდუმლეა, მაგრამ ამავე დროს, უკვე თითქმის ბებერი ყოფილა, მთელი 23 წლისა;  ნეტავ შეყვარებული მაინც თუ ჰყავს?

და ნებისმიერ შეყვარებულზე მეტ ბარათს უგზავნიან და ყვავილს სჩუქნიან.

სკოლის შემდეგ ოჯახში ბრუნდება. ხანდახან საოჯახო საქმეებშიც ეხმარება დიასახლისს, მერე კი მათ  შვილებს, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ამეცადინებს ქართულში. თუ სცალიათ, ოჯახის უფროსებსაც, ხოლო საღამოს მეზობლებიც მოდიან ქართული ენის შესასწავლად. თამარი ოჯახის წევრია, მათთან ერთად დადის სტუმრად და ქორწილებში, სადაც სპეციალურად მისთვის ჟღერს ქართული მუსიკა.

ვფიქრობ, საქართველო თავის ეროვნულ უმცირესობებს საუკეთესო ელჩებს უგზავნის ამ შრომისმოყვარე, მონდომებული და კეთილგანწყობილი ახალგაზრდა მასწავლებლების სახით.

foto 1

და მასწავლებლებიც მხოლოდ საუკეთესოს იღებენ, პროფესიულ კვალიფიკაციას, უზარმაზარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იმ უპირობო სიყვარულსა და პატივისცემას, რომელიც ნამდვილად არ არის ყველა დამწყები სპეციალისტის ხვედრი. არის რაღაცები, რაც მხოლოდ ძალიან მიზანდასახულების უპირატესობაა:

,,ჰო, კიდევ შარშან რამდენიმე თვე თბილისიდან დავდიოდი, რადგან სტაჟირებას გავდიოდი პარლამენტში და ჟურნალისტადაც ვმუშაობდი. მაშინ დილით ვდგებოდი ექვს საათზე, მივდიოდი რკინიგზის სადგურზე, საიდანაც გარდაბანში მიმავალი სამარშრუტო ტაქსები დგებიან, მერე გაჩერებიდან სკოლამდე 25 წუთი ფეხით გავდიოდი გზას. ორზე იქიდან თბილისში ვბრუნდებოდი და საღამოს მეორე და მესამე სამსახურსაც ვასწრებდი. მოკლედ, თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია.”

შესაძლებელია ისიც, რომ ჯერ ,,ახლადგამოჩეკილმა” პედაგოგმა საგნის გამოცდა 80 ქულით ჩააბარო.

წინ კი მთელი მშვენიერი ცხოვრებაა და მომავლის გეგმები; აი, ამგვარი თანმიმდევრობით:

1) ახლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდაც ჩავაბარო;

2) მერე სვანეთში წავიდე მასწავლებლად პროგრამით ,,ასწავლე საქართველოსთვის”;

3) ვიდრე ახალგაზრდა ვარ, ბევრი რამ მოვასწრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი