სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

იმედი ილინოისიდან

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის არჩევით მსოფლიოში ახალი ეპოქა იწყება. გლობალური წესრიგის დამყარებისათვის ერთმანეთს ორი ძალა ეცილება. პირველ ბანაკში გაერთიანებული არიან ჯერ კიდევ მოქმედი სისტემის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ ის სტრუქტურები, რომლებიც უთანასწორობას, საშუალო კლასის გაღარიბებას, ხალხისგან დამოუკიდებლად მოქმედი ბიუროკრატიის განვითარებას უწყობენ ხელს. მეორე ბანაკში კი პოპულისტებისა და ავტორიტარების მიერ მოტყუებული და დამორჩილებული ძალები ირიცხებიან. აღნიშნული პოლუსის ლიდერები ყველაფერს აკეთებენ სხვადასხვა ჯგუფს შორის შუღლისა და ურთიერთზიზღის გაღვივებისთვის. მათი მტკიცებით, მთელ პლანეტაზე უსამართლობისა და ქაოსის გავრცელების პასუხისმგებლობა აფროამერიკელებს, ქალებს, მიგრანტებს, მუსლიმებსა და გარემოსდამცველებს ეკისრებათ.

სასიხარულოდ, სამყაროს ბედი ამ ორი საერთაშორისო ტენდენციის ამარა არ არის დარჩენილი. მობილიზებას პროგრესული ძალებიც ცდილობენ. შეიძლება ამჟამად ისინი განსაკუთრებით წარმატებულები არ არიან, მაგრამ მოსალოდნელი შედეგიანი წინააღმდეგობის იმედის დაკარგვის საფუძველი არ არსებობს. ჩვენს მოსაზრებას ილინოისში ჩატარებული სენატის არჩევნებიც ამყარებს. ყველა ტრამპზე საუბრობს. უმრავლესობა შეშინებულია არაორდინარული, არაეთიკური, აგრესიული და არაპროგნოზირებადი პირის გაპრეზიდენტებით. ბუნებრივია, რომ ეიფორიის გამო  თითქოს უმნიშვნელო არაერთი დეტალი ჩვენი ყურადღების მიღმაც აღმოჩნდა.

ილინოისი აშშ-ის  უმნიშვნელოვანესი  ნაწილია. შტატი მდიდარია სატრანსპორტო ქსელებით, ბუნებრივი რესურსებითა და ეკონომიკური სიმძლავრეებით. ილინოისის ტერიტორიაზე მდებარეობს ხანგრძლივი და აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეული ქალაქები – ჩიკაგო და სპრინგფილდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ შტატის სენატორობა აღმოჩნდა ტრამპლინი პრეზიდენტ ობამას პოლიტიკური კარიერისთვის.

ილინოისის სენატორი თამი დაკვორტი გახდა. მან ამომრჩეველთა 65%-ის ნდობა დაიმსახურა. ახლადარჩეული კანონმდებლის ბიოგრაფია და პოლიტიკური პოზიციები მოწმობს, რომ იგი დონალდ ტრამპის რადიკალურ ალტერნატივას წარმოადგენს.

ტრამპი ვერ იტანს პოლიტიკურად აქტიურ ქალებს. მას ხშირად ადანაშაულებენ ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ხელშეწყობაში. მომავალი პრეზიდენტი მრავალჯერ არის მხილებული ქალების შეურაცხყოფასა და შევიწროებაში. ნებისმიერს შეუძლია ნახოს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები, სადაც გამარჯვებული პრეტენდენტი ქალ ოპონენტ კარლი ფიორინას ერთი წინადადების წარმოთქმის საშუალებასაც არ აძლევს. თუ მოინდომებთ, ვირტუალურ სივრცეში მრავალი სხვა ამგავრი ან უარესი შინაარსის ჩანაწერის აღმოჩენასაც მოახერხებთ. სენატორი დაკვორტი კი აქტიური და წარმატებული ქალია, რომელიც უკვე წლებია ახერხებს არაერთი დრომოჭმული სტერეოტიპის დანგრევას. მისი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი გენდერული დემოკრატიის ხელშეწყობა და ქალთა ემანსიპაციის, სტრუქტურული დაქვემდებარებისგან გათავისუფლებაა.

ტრამპი ვერ იტანს მიგრანტებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის ყურადღებას ძირითადად მხოლოდ ანგლოსაქსური წარმოშობის მოქალაქეები იმსახურებდნენ. მომავალი პრეზიდენტი უპირისპირდებოდა ახლო აღმოსავლეთის ქაოსს გამოქცეულ მუსლიმ მიგრანტებს და აშშ-ში მათი შესვლის აკრძალვას მოითხოვდა. მილიარდერი მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის აშენებით აპირებს ლათინოსი მოსახლეობის მოგერიებას. მის გეგმებში 11 მილიონი ადამიანის დეპორტაციაც შედის. სენატორი დაკვორტი კი ტაილანდში, ამერიკელი მეზღვაურისა და ჩინელი მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ის პირველი აზიელი ამერიკელია, რომელიც ილინოისიდან კონგრესში აირჩიეს. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სენატორი მონდომებით იცავს მიუსაფარი, ხიფათს გამოქცეული და დაბალანაზღაურებადი მოქალაქეების უფლებებს, ებრძვის ადამიანების რელიგიური და რასობრივი ნიშნით ჩაგვრას.

ტრამპის გაპრეზიდენტებას პესიმისტური განცხადებებით შეეგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სათემო გაერთიანებების ნაწილი. მათი აზრით, ავტორიტარული ხედვების მქონე ლიდერის მმართველობის პირობებში, თემის პრობლემების გადაწყვეტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. თამი დაკვორტი ყოფილი სამხედროა. იგი ერაყის ომის მონაწილეა. ომის დროს სენატორი ვერტმფრენის პილოტი გახლდათ. ერთ-ერთი ოპერაციის დროს მისი ვერტმფრენი მოწინააღმდეგეებმა ჩამოაგდეს. დემოკრატიული პარტიის წევრს  ქვედა კიდურები არ აქვს. დაკვორტს დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელიც. სწორედ ამ ტრავმის შემდეგ გახდა აზიური წარმოშობის ქალი ჯერ კონგრესის, ახლა კი უკვე სენატის წევრი. 2014 წელს სენატორს შვილიც შეეძინა. ცხადია, ბევრი შშმ პირისთვის მამაცი პოლიტიკოსის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი, სამაგალითო და სიმბოლურია.

მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ ილინოისელი დემოკრატი ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლების, საშუალო კლასის ოჯახებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისა და საფინანსო ბაზრების რეგულირების მომხრეა. ასე  რომ,  ნუ გეშინიათ!  ილინოისის შტატის სენატორი სრულიად განსაკუთრებული ადამიანი – თამი დაკვორტი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი