პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წელიწადის დრო და საკლასო ცხოვრება

სკოლის ცხოვრება, როგორც წელიწადი, სეზონებად იყოფა. მოსწავლეებს ცვლილებებთან შეგუებას მათზე დაკვირვება უადვილებს. აციებას ოთახში შეკეტვა მოჰყვება და თუ კედლებში მყუდროდ არ იგრძნეს თავი, ფიქრით მაინც გაგექცევიან. ამიტომ, ხანდახან საკლასო ოთახში  ფანჯრებს მიღმა დარჩენილი ამინდები უნდა შემოუშვათ.

ამჯერად  შემოდგომას ვმასპინძლობთ. დავალება ასეთია – ყველა აქტივობის შემოდგომის თემატიკაზე მორგება. მაგალითად, კალიგრაფიის საკლასო კონკურსს მართავ?  საკმარისია, საუკეთესო ნამუშევრების ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილ ფოთლებზე მოთავსება და საკლასო ოთახის ერთ–ერთ კედელზე ფოთოლცვენის კადრიც მზადაა. სახელმძღვანელოებიც საკმაოდ გვანებივრებენ შემოსაყუჟი წვიმისფერი ამბებით, მონდომების შემთხვევაში არც დამატებითი საკითხავის მოძიებაა ძნელი.

ისე როგორ უნდა ჩაიაროს შემოდგომამ, ერთხელ მაინც  არ ვესტუმროთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილები, რომლის მთავარ რესურსსაც თავად გარემო წარმოადგენს.

თუ გარეთ მზიანი შემოდგომაა, ღია ცის ქვეშ გაკვეთილის ჩატარებისთვის საჭირო ფოთლოვანი ტყის შერჩევაც არ გაგიჭირდებათ. ფოთლების ხალიჩა ბუნებისმეტყველების მასწავლებლისთვის მშვენიერ თვალსაჩინოებად იქცევა, თუ ის მოსწავლეების დაკვირვებულ თვალს მცენარეული საფარის ფერიცვალებისა და ფოთოლცვენის გამომწვევ მიზეზებზე შეაჩერებს. ტყის შუაგულში ფოთლების ხალიჩაზე წამოგორებას და  შემოდგომისფერი მოთხრობების კითხვასაც სულ სხვა გემო აქვს. ბუნებრივი რესურსის გამოყენებითა და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით საინტერესო აპლიკაციებისა თუ პეიზაჟების შექმნა დღეს უფრო მეტად სახალისოს და მრავალფეროვანს გახდის. ჩემი აზრით, ერთი დღით სკოლის შემოდგომაში გადატანა ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თითოეულ მოსწავლეზე. მსგავსი გასვლითი ღონისძიებების კიდევ ერთ ხიბლს ისიც წარმოადგენს, რომ ბავშვებს ბუნებაში პიკნიკის მოწყობისა და განსხვავებულ გარემოში ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ეძლევათ.

საკითხავ მასალას რაც შეეხება, შემოდგომის ხმა ყველაზე კარგად მაინც იმ მწერლებთან ისმის, ვისი შემოქმედებაც გაჟღენთილია ცხელი პურის სურნელითა და დაბინავებული ჭირნახულის მადლით. თან შემოდგომა ხომ უბრალოდ ერთ–ერთი სეზონი არაა. სწორედ ამ დროს ვუბრუნდებით ხელდამშვენებულები მთელი წლით მიტოვებულ საკუთარ თავს ,,დიდი დაძინების ქარაფზე“ დასადგურებული სიმშვიდით სავსე გიორგობისთვეში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეების უმრავლესობისთვის რთველი და მოსავლის აღება ჯერ კიდევ აბსტრაქტულ ცნებებს წარმოადგენს, მწერლის წარმოსახვა მაინც ახერხებს შემოდგომის ფერხულში მათ ჩაბმას.  არც თანაავტორობაზე  ამბობენ უარს და მოსავალდაბინავებული სახლ–კარის აღწერას  სამზადისში გართული პერსონაჟებით ავსებენ (თ. ბიბილური – ,,შემოდგომა“ ).   ზოგიერთი მათგანი სახლს კრამიტით ხურავს, ზოგი – ხახვისა და ნივრის გალას წნავს, ბებოები ჩურჩხელებს ავლებენ და ჩირის ასხმულებს მზეზე გადაშრობად ჰკიდებენ, სიმინდისა და პური პატრონობა ოჯახის უფროსზეა მინდობილი, საწნახელში კი ახალგაზრდები ფერხულს მართავენ…

ტ

 ,,ვენახის ანგელოზებით“  დასახლებულ სამყაროში შემოდგომის გატარებას მართლაც არაფერი სჯობს. ვისაც თოხი ხელში არასდროს აუღია, არც ის იცის, რომ თუ ,,ცოტას მოთოხნის, ცოტას მოხოხნის“. სწორედ ამგვარი ,,ერთი მანეთის შოვნით“ დაღვრილი ოფლის სიტკბო გასდევს ნუგზარ შატაიძის შემოდგომისპირა მოთხრობებს. მოსავლის უსტუმროდ დაბინავება არ გამოდის, გაგიგონიათ ალბათ, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. ნანატრი სტუმრის ძებნა კი ხანდახან ოჯახის ერთადერთ მამაკაცს ჩალეწილ ნეკნებად უჯდება (,,გიორგობისთვე“).

,,იშრომე, ივაგლახე, ჯერ გასხალი, მერე დაბარე, ჩაიწყვიტე წელი აპარატის თრევით. ახლა შეფურჩვნა? შესარვა? მორწყვა? მოკრეფა? დაწურვა? გადაღებ-გადმოღება? ეგ კიდევ არაფერი – კერძსაც ხო გაკეთება უნდა, ცომს – მოზელვა, ხინკალს მოხვევა, სუფრას – გაშლა. სტუმრის შოვნაც, ხო ნახე, როგორ გაჭირდა.“ ასეთია გლეხკაცური, შემოდგომანარევი სევდა. სტიქიასთან ნაომარ, ეს მერამდენედ წამოყენებული ნასეტყვარი ვენახის ,,ანგელოზებს“ კი მხოლოდ ის სურთ, ვინმემ ჭიქაზე ჭიქა მიუჭახუნოს და უთხრას: – დაილოცოს, გლეხკაცო, შენი მარჯვენა!“

მიწის სამსახურზე, ანუ სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაზე დაუფასებელი საქმე ალბათ არც არსებობს. აგე, გოგიასაც (,,ვენახის ანგელოზები“) შეუწამლავს ვენახი, ძალ–ღონე არ დაუშურებია, მაგრამ მოულოდნელი სეტყვა ყველაფერს წყალში უყრის. წყალს კი მშრომელი კაცი ნებით არაფერს გაატანს. წყალწაღებული იმედის წამოყენება, თუნდაც წყლის ნაყვა მხოლოდ გოგიასნაირ ,,ანგელოზებს“ შეუძლიათ.

,,დაღლილობისაგან გასავათებული გოგია ცემენტის ავზის ძირში ზის, ზურგით მის კედელს მიყრდნობია და სძინავს.იქვე გდია დაცლილი, გადაბრუნებული აპარატიც. შაბიამნისფრად შეღებილ, სამერმისოდ გასხლულ ვენახს სავსე მთვარე დანათის. მთვარის ოქროსფერი შარავანდი ადგას თავზე მძინარე გოგიასაც და უეცრად იმ ნათელში, როგორც ფოტოქაღალდზე, ისე თანდათანობით ისახება ჯერ ნაბდისქუდიანი, ულვაშაპრეხილი, მოღიმარი ბერიკაცი, მერე კი ჩიხტიკოპიანი დედაბერიც.“

შემოდგომის ერთგვარ ვიზუალურ სიმბოლოს ფოთოლცვენა წარმოადგენს, ამ სეზონის ხიბლი ფერადი ფოთლების წვიმაში განსაკუთრებით იგრძნობა. ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ ცოტა ხნით სოფლის აქტიურ შემოდგომას გავერიდებით და აღუდღუდებულ მოთხრობებში გავისეირნებთ.

,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ რევაზ ინანიშვილის შემოდგომის კადრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მგონია. თან, მარტოსულობის განცდა, რაც წვიმების სეზონზე განსაკუთრებით მძაფრდება, არც მოზარდებისთვის გახლავთ უცხო მოვლენა. მოთხრობა, მარტოობასთან ერთად, თანაგანცდისა და ზრუნვის თვალსაჩინო მაგალითადაც გამოგვადგება. თემის უკეთ გასააზრებლად და მსუყე დისკუსიის გასამართად კიდევ ერთი თხზულება დაგვჭირდება. ზემოხსენებულ მოთხრობასთან თემატურად ახლოს მდგომი მხატვრული ტექსტებიდან ალბათ თქვენც  ,,უკანასკნელი ფოთოლი“ (ო. ჰენრი) გაგახსენდებათ. საინტერესოა, თუ შეძლებენ ნეკერჩხლის ფოთლის უჩვეულო მოლოდინსა და უსურვაზს შეყინულ უკანასკნელ იმედს მიღმა ნაგულისხმევი ამბების ამოკითხვას. მელანქოლიური ბუნების მოსწავლეებისთვის მსგავსი გაკვეთილები შესაძლოა ერთგვარ ფსიქოთერაპიადაც იქცეს.

,,ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში. მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმა მაჩვმაც და დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა… ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეაჩერდა. მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე – წითელი, უსასოო. ირემმა, დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა, ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი, მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე – სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში – ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა, რამდენჯერმე შედგა, მოიხედა, რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა. ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა. აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი!“

ან ბერმანის შედევრი რად ღირს, უკანასკნელი იმედივით რომ ბრჭყვიალებს ჯონსის მინავლებულ თვალებში. უსურვაზს შეყინული შემოდგომის სიმბოლო და ჩანაცვლებული სიკვდილი სეზონური კადრების მწკრივში დაუვიწყარ სანახაობად იბეჭდებიან.

,, მისტერ ბერმანი საავადმყოფოში გარდაიცვალა პნევმონიით. ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, სად იყო მოხუცი იმ საშინელ ღამეს. შემდეგ კი – უპოვიათ ჯერ კიდევ ანთებული სანათი, ადგილიდან გადაგმული კიბე, აქეთ–იქეთ გაფანტული რამდენიმე ფუნჯი და პალიტრა, ერთმანეთში შერეული მწვანე და ყვითელი საღებავებით. აბა გაიხედე სარკმლიდან, ძვირფასო, შეხედე უსურვაზის უკანასკნელ ფოთოლს! არ გიკვირს, რად არ შრიალებს, არ ირხევა იგი, როდესაც ქარი უბერავს?!  ეს ბერმანის შედევრია. იმ ღამეს დახატა, როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი