პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ლანდებთან ლაციცი შემოდგომისას

იმ ძველ 90-იანებში, როდესაც ქალაქებში უშუქოდ დარჩენილ მოსახლეობას პურის რიგები და გაყინული სახლები ერგოთ, ზოგიერთმა ოჯახმა, მათ შორის ჩემმაც, სოფელს მიაშურა. სოფელშიც ციოდა, იქაც არ იყო შუქი, მაგრამ გადარჩენის ინსტიქტით ავსებულმა მშობლების თაობამ იფიქრა, რომ აქ უფრო შეიძლებოდა საკუთარი თავის და შვილების გადარჩენა, აქ შეიძლებოდა ქათმების მოშენება, საკუთარი პირუტყვის ყოლა და ბავშვების სუფთა ჰაერზე გაზრდა.

საღამოს ჭრაქის ალზე ბუხარს შემოვუსხდებოდით. მერე გამოზოგილ სანთლებსაც ავანთებდით. ბევრ-ბევრ ამბავს მოჰყვებოდა ბებია. მამაც გაიხსენებდა ჯარის ამბებს. ჯარიდან დაბრუნებული როგორ წავიდა სოფლის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, შემდეგ კი ყოფილმა მოსწავლემ გამოუგზავნა ლექსების კრებული, რომელსაც  მერე ბიძაშვილებთან ერთად ვკითხულობდი.

ამ სოფელზე ბევრი დამიწერია, ოღონდ დანაწევრებულად, ფრაგმენტებით და ამოგლეჯილად. ალბათ ახლაც იგივე გამოვა, რადგან ძნელია ყველაფრის ერთად მოყოლა ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს. ეს იმერეთის ერთი პატარა სოფელია, რომელსაც ბზვანი ქვია. აქ ერთიმეორეზე თეატრალური ხალხი ცხოვრობს და ყოველდღიურობის ჭაპანს მიათრევს. აქ არის ბზების და დაფნის გორები, სიმინდის ჭალები. აქ ზაფხულობით სულგატრუნული შუადღეები იცის, როცა ყველა და ყველაფერი თბილ მყუდროებაში ჩაეფლობა, მშრომელი ხალხი სადმე გრილ ადგილას მოკალათდება და ცოტას „ამოიფოფინებს”, რაც ამოსუნთქვას ნიშნავს იქაურ კილოკავზე. სადაც ხალხი დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობს, მერე კი როგორც კი დროს მოიხელთებენ, სვამენ და ერთი ჟრიამული აქვთ. სადაც ჭირის თუ ლხინის სუფრა – ორივე კონცერტია და თავისებური სანახაობა, რომელსაც რეჟისორი „თავქალი” და „თავკაცი” დგამენ და ისინი ამ სანახობის შემოქმედი არიან. სწორედ, მათ კისერზეა, რომ წარმოდგენამ ეფექტურად და შედეგიანად ჩაიაროს, მომსვლელი ხალხი უკმაყოფილოდ და უყურადღებოდ არ დარჩეს, სუფრაზე სადმე რამე არ „მიაკლდეთ”. ამ ორომტრიალში ყველა თავის გამოჩენას ცდილობს – ახალგაზრდა გოგონებმა ყველას თანდასწრებით უნდა იტრიალონ, რომ სხვებმა შეამჩნიონ, მერე მეზობლებს მოუყვნენ ამ გოგოების შესახებ და მერე იქნებ, ვინმე კარგი ბიჭი გამოუძებნონ. თუ ლხინის სუფრაა, იუმორით და მხიარულობით უნდა გააჯერონ იქაურობა, „დამსწრე საზოგადოება” გულიანად აცინონ, იოხუნჯონ და ანეკდოტები მოჰყვნენ. ამ წარმოდგენების მთელი მენეჯმენტის დაგეგმვა და ფინანსური ხარჯის შედგენა თავქალის და თავკაცის კისერზეა. მანამდე, ხომ ისიც უნდა დაიანგარიშონ, ვის რა ჰქონდა მოტანილი ოჯახში, რომ დაახლოებით გამოთვალონ ბიუჯეტი. როცა ამ ყველაფერს ვუყურებდი, ყოველთვის მაოცებდა მათი ასეთი გულითადი მიდგომა საქმისადმი, ბოლომდე გაეზიარებინათ სხვისი ჭირი და ლხინი, მიეტოვებინათ თავიანთი საქმეები და გვერდით დადგომოდნენ მეზობელს, რომელსაც იმ დროს მათი დახმარება სჭირდებოდა და მათი ეს თვისება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნაკლონი იყვნენ და საერთოდ არ სცოდავდნენ. პირიქით, სიცოცხლეში არაერთ მწარე სიტყვას ეტყოდნენ ერთმანეთს და გულს მოუკლავდნენ, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მაინც დავიწყებას მიეცემოდა.

ეს სოფელი გადასარევი სოფელი იყო მანამდე, სანამ ბებია, მამა და ბიძა ცოცხლები იყვნენ და იქაურობას აცოცხლებდნენ. გაზაფხულობით იქ სიცოცხლით გაჯერებული სურნელი ტრიალებდა. ეზოები საგულდაგულოდ იყო მოვლილი, ყვავილები ჩაწიკწიკებული, ფანჯრები და მინები გაკრიალებული, თეთრეული გამოხარშული და თოკზე აფრიალებული. ისმოდა მეზობლების გადაძახილი, ,,ნარგიზა, უუუუუ”, ,,ციალა უუუუუ”, ,,ბაბუცა უუუ“, ,,შურაააა უუუუუ”. საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობის გამო სხვადასხვა უბანში  მცხოვრები ადამიანებიც კი ამ პირველყოფილი “უუუს” წყალობით ერთმანეთს გადასცემდნენ ინფორმაციას – დაკარგული ძროხის ამბავი იქნებოდა ეს თუ გარდაცვლილი თანასოფლელის პანაშვიდის.

გარემოებები შეიცვალა.  ის ადამიანები,  რომლებიც იქაურობაზე ზრუნავდნენ, “წავიდნენ”, თუმცა ის ლანდები მაინც ცოცხლდება, როგორც მათ სიცოცხლეში, როცა ბიძაჩემი გადაიკიდებდა მონადირის თოფს და წავიდოდა თავის ძაღლებთან ერთად სანადიროდ, როცა ბებია გაგვიყოლებდა ბაზარში, იქ მოხერხებულად ვაჭრობდა და გამყიდველებს ეხუმრებოდა. ან კიდევ, შემოდგომისას ყურძენს ვჭყლეტდით საწნახელში, შემდეგ დიდ თუჯის ქვაბში ფელამუშში ჩურჩხელებს ვავლებდით და მთელ სოფელს ყურძნის მომჟავო სუნი ასდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ შემაღლებულ გორაკებზე გაფანტული სახლები, ერთმანეთისგან შორს იდგნენ, ყველამ მაინც შესანიშნავად იცოდა ერთმანეთის ცხოვრების ავან-ჩავანი. დილაადრიან, ბებია ჩუმად იტყოდა, რომ ხარაბაძეების უბანში ასთმით იხრჩობოდა კაცი, რომელიც მამაჩემის ნათლია უნდა ყოფილიყო – ასე მახსოვს. შემდეგ, მეც ვაყურადებდი გავიგონებდი თუ არა ასთმიანი კაცის ხველებას, სადღაც შორს, მაღალი გორაკების თავზე მდგარი სახლიდან, მაგრამ არასდროს არ მესმოდა. როგორც ჩანს, ბებიას უკეთესი სმენა ჰქონდა.

მე ჩვენი სახლი მიყვარდა ყველაზე მეტად, რომელიც ბებიამ და ბაბუამ მას შემდეგ ააშენეს, რაც ბებია ჩვენს სოფელში თავისი სოფლიდან – გადიდან – მოიყვანეს, რომელიც მაღალ მთებშია. სულ მეგონა, რომ იქ დევები სახლობდნენ, გრძელნაწნავიან გოგონებს იტაცებდნენ და მაღალ კოშკებში ჰყავდათ გამოკეტილი. ბებიაც ხომ დაახლოებით ასეთ ამბებს მიყვებოდა თავის თანასოფლელ, გრძელნაწნავიან გოგოზე, რომელიც ბიჭებმა ხეზე თმებით მიაბეს. ბებია მოვიდა ჩემს სოფელში, დახვდა ერთი „გაკერილი თეფში” და ,,გადახურული”; დახვდა დედამთილი – ლამაზი ქალი ვენერა და ამის მერე ბებიამ და ბაბუამ დაიწყეს შრომა და სიკვდილამდე აღარ გაჩერებულან. ააშენეს ისეთი სახლი, სადაც  ყველაზე ბედნიერი წლები გავატარე და მერე ბებიამ აგვიშენა საკუთარი სახლი, რომ გვქონოდა საკუთარი „ყურე” და როგორც ყოველთვის არ შემცდარა. ბრძენი და ძლიერი ქალი იყო, რომელსაც შეეძლო თხილით სავსე ტომრები ზურგზე მოეკიდებინა და წასულიყო ბაზარში და იქიდანაც დატვირთული და „ჩაჭუჭკული” ამოსულიყო, ეზრუნა ყველაზე და ეკეთებინა კაცის და ქალის საქმე შეთავსებით. ბებია იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებსაც “მამა-მარჩენალ” ქალებს ეძახიან და რომ არა ბებიას არსებობა, მთელი ოჯახი ჩამოიშლებოდა და იყანყალებდა.

ბებიამ წერა-კითხვა კარგად არ იცოდა. როგორც თვითონ გვიყვებოდა სკოლას თავი ,,50 კაპიკის” არქონის გამო დაანება და საკუთარ ხელმოწერას ჯვრის სახით წერდა. დაწერდა „შრას” შურას მაგივრად, დაუსვამდა ჯვარს და ეს იყო ხელმოწერაც. თუმცა ჯარში მყოფ შვილს დიდ წერილებსაც უგზავნიდა უშეცდომოდ. სამაგიეროდ, ბებიამ უამრავი სიმღერა, შაირი, შელოცვა, ზეპირი ამბავი იცოდა და სხვადასხვა წამლების დამზადება ნაღრძობი და მოტეხილი ფეხისთვის და ცაში ყურება, რომ გამოეცნო შესაფერისი ამინდი და სხვა ზეციური ნიშნები, რომლის გათვალისწინებით უფრო კარგ მოსავალს მიიღებდა.

ყოველ წელს, შემოდგომით ასეთია ჩემი დანაწევრებული, დაგლეჯილი შემოდგომა, რომელსაც ფრაგმენტ-ფრაგმენტ, ფაზლივით ვკინძავ და ვუზიარებ ადამიანებს და ალბათ ესაა  მონატრებისგან და სევდისგან გათავისუფლების კარგი საშუალება – ილაპარაკო მათ შესახებ, რომლებიც უკვე ლანდად ქცეულ შემოდგომას შერევიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი