ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ოცნება

ოცნებაზე ვწერ. არა, პოლიტიკაზე წერა აზრადაც არ მომსვლია. მე და პოლიტიკა ერთმანეთთან დათვი და რაჭველივით ვართ. გახსოვთ ხომ? რაჭველი ტყეში არ მიდიოდა, დათვი კი სახლში არ აკითხავდა. ჩვეულებრივ ადამიანურ ოცნებაზე ვწერ. გვახასიათებს ადამიანებს რაღაცების წარმოდგენა და შემდეგ მუდმივად ჩვენივე წარმოდგენილ მოვლენებსა თუ ობიექტებზე ფიქრი. ოცნებას შესრულება უნდა, ამიტომ ფუჭი კი არა, ასრულებადი უნდა იყოს.

მაგალითად, თუ მე კოსმოსში გასეირნებაზე ვიოცნებებ, ეს ასრულებადი იქნება. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, უბრალოდ ბევრი ფულია საჭირო, რომ კოსმოტურიზმის ტურისტი გავხდე. ნახეთ, ოცნებამ უცბად მიმართულება იცვალა, ამაღლებულ კოსმოსზე ვოცნებობდი, საქმე კი  ფულის გამომუშავებაზე მიდგა. უკაცრავად, ბეეევრი ფულის გამომუშავებაზე. ჰოდა, კოსმოსში სასეირნოდ თუ საკმარის ფულს დავაგროვებ, უკვე ისეთი დაღლილი ვიქნები, რომ კოსმოსის გახსენებაც არ მომინდება. ანუ, მაინც არარეალური ოცნება გამოდის. თუმცა ყველაფერი შედარებითია და ახლა კიდევ უფრო არარეალურს დავწერ. შორს კი არ წავალ, იქვე კოსმოსში ვიტრიალებ.  პლანეტა სატურნის ერთ-ერთი რგოლი ყინულის ნაწილაკებისგან ფორმირდება. ეს ნაწილაკები კი მისივე თანამგზავრ  პლანეტაზე, იგივე ერთ-ერთ მის მთვარეზე, ენცელადუსზე, ყინულის შადრევნებიდან იფრქვევა. ჰოდა, ჩემი არარეალური ოცნება ასეთია, ენცელადუსზე მინდა ყინულის შადრევანთან გავლა-გამოვლა. ამის გაკეთება უზარმაზარი ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია.

ამას წინათ ოცნებაზე თურქულის გაკვეთილზეც ვსაუბრობდით. ჩვეულებრივ ოცნებაზე, პოლიტიკაზე არა.  მასწავლებელმა შეკითხვა დაგვისვა, აბა, თქვით, ვის რა ოცნება გაქვთო. ჰო, უნდა ისაუბრო, თქვა, დაასაბუთო, დაამტკიცო, ახალი გრამატიკა და ლექსიკა გამოიყენო, შეცდომებიც დაუშვა და მხოლოდ ასე გაიტეხავ ენას. თორემ, სინამდვილეში, შენ რა ოცნება გაქვს,  სულაც არ არის საინტერესო. აუდიტორია ჩაფიქრდა. თუ ოცნებას გააჟღერებ, უეჭველი ლამაზი უნდა იყოს, აბა ისე რა ოცნებაა.

ჩვენმა ჰოჯამ (მასწავლებელმა) გაგვამხნევა და თქვა, მე ბრაზილიაში წასვლაზე ვოცნებობო. ამაზე მაშინვე უთხარი, რომ ეს ცუდი ოცნება იყო. ცუდი იმიტომ იყო, რომ იქ  კრიმინალური სიტუაცია ძალიან სახიფათოა და წასვლა კი შეიძლება, მაგრამ,  როგორც იტყვიან, ასი თვალი და ასი ყურია საჭირო. სინამდვილეში „ცუდის“ თქმა არ მინდოდა, მსურდა მეთქვა, სახიფათოა-მეთქი, მაგრამ უცებ ეს სიტყვა ვერ გავიხსენე და „ცუდით“ დავკმაყოფილდი. ერთმა გოგონამ ისურვა, ყველა თურქ მსახიობს პირადად გავიცნობდიო. მეც მაშინვე კომენტარი გავაკეთე: დიდი და ლამაზი თეთრი ოცნებაა-მეთქი. თუმცა სხვების ოცნებებზე ხმა აღარ ამომიღია, რადგან გამოდიოდა, რომ კომენტატორის როლი მოვირგე და არა მეოცნების. თუმცა ესეც საქმე იყო, კომენტარებსაც ხომ თურქულად ვაკეთებდი. შესაბამისად, ვიყენებდი ლექსიკას, გრამატიკულ დროებს, შეცდომებსაც უშვებდი და ენის გატეხვას ვცდილობდი.

მერე, დავფიქრდი, ნეტავ ჩემი ოცნება რა არის-მეთქი (კოსმოსი არ ითვლება) და აღმოვაჩინე, რომ ოცნება არ მქონია. არაფერზეც არ ვოცნებობ. ერთმა ბიჭმა თქვა, ჩემი ოცნება თურქულის სწავლააო. თუ მეც მასთან ერთად გაკვეთილზე ვზივარ, გამოდის, რომ ჩემი ოცნებაც არის? არა, არ არის. უფრო სურვილია, ვისწავლო ახალი ენა და ბარემ აგერ მეზობლის ენა იყოს, რაღა სხვა ენებში ვარჩიო. ამისთვის სახლში არ ვზივარ და არ ვოცნებობ, კურსებზე ჩავეწერე და სწავლას ვცდილობ.

კიდევ მრავალი რამ მინდა და ვცდილობ რაიმე გავაკეთო, რომ მიზანს მივუახლოვდე. ნახეთ, მიზანს-მეთქი წამომცდა. გამოდის, რომ ოცნებები კი არა, პატარ-პატარა მიზნები მქონია, რომელთა მიღწევას ოცნება კი არა, მოძრაობა  სჭირდება. ისიც დიდი ხანია შევამჩნიე, რომ მავანს ოცნება დიდი ძალისხმევით უხდება, მეორეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ერთი რამეც სახეზეა, ადრე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი ოცნებები სხვებს უსრულდებოდათ. ალბათ  დამთხვევაა, მაგრამ ასე იყო და მომკალით.

თუმცა ოცნებას  კაცი არ მოუკლავსო და წავიოცნებოთ, თუ გნებავთ. ოცნებას შესაბამისი პირობები უნდა, ან მთვარის შუქზეა აუცილებელი ან სანთლის მკრთალ სინათლეზე.

ჰოდა, ამ სტატიასაც სანთლის შუქზე დავწერ. თუმცა… რამდენიმენაირი სანთელი მაქვს და რომელი ავანთო?

სანთლის დამზადების პრინციპი ერთნაირია, ნივთიერებებია განსხვავებული.  სანთელი შეიძლება იყოს ცვილის, სტეარინის, პარაფინის, გელისაც კი. ცვილის სანთელს ფუტკრის ცვილისგან ამზადებენ. თაფლის ფიჭა ხომ ყველას გაგისინჯავთ, საოცრად გემრიელია. ჰოდა, თაფლი სწორედ ცვილშია მოთავსებული. თუ ცვილს გავალღობთ, შეგვიძლია სანთელი ჩვენი ხელით დავამზადოთ. რა თქმა უნდა, ცვილი სუფთა უნდა იყოს, თაფლს აღარ უნდა შეიცავდეს. გამლღვარი  ცვილი შეგვიძლია სანთლის პატარა მრგვალ ფორმაში ჩავასხათ, ოღონდ შიგნით წინასწარ ფითილის ჩადგმა არ დავივიწყოთ. ცვილი გამყარდება და სანთელიც მზად არის.

თავად ცვილი, იგივე ცერიდი, უმაღლესი ცხიმოვანმჟავების და უმაღლესი ერთატომიანი სპირტების რთული ეთერებია. ბუნებრივი ცვილები, გარდა ამ რთული ეთერებისა, შეიცავს უმაღლეს სპირტებს, თავისუფალ კარბონმჟავებს და უმთავრესად ნახშირბადის ატომების კენტი რიცხვის შემცველ ნახშირწყალბადებს.

ფუტკრის ცვილის აგებულებაში მონაწილეობს მირიცილის სპირტი (C30H61OH) და პალმიტინმჟავა. მედიცინაში ცვილები მალამოების დასამზადებლად გამოიყენება.

ცვილის სანთლები შეიძლება სპერმაცეტისგანაც დამზადდეს, ოღონდ ასეთი ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ ცერიდს შეიცავს ვეშაპის, კაშალოტის და დელფინის თავის ქალა. ის ცეტილის სპირტის (C16H33OH) და პალმიტინის მჟავას რთული ეთერია.

სტეარინის სანთელი როგორღა მზადდება? დამზადების პრინციპი იგივეა. სტეარინი ცვილის მაგვარი ნივთიერებაა, ხელის შეხებისას საპონივით სლიპინა. ეს ისე, მარტივად, რომ ვთქვათ. ქიმიურად თუ ვიტყვით, ის თვრამეტი ნახშირბად ატომისგან შემდგარი ცხიმოვანი მჟავაა (C18). შესაბამისად, მისი ფუნქციონალური ჯგუფი კარბოქსილის არის.

ცხიმოვანმჟავები ნახშირბადის ოთხი ან მეტი ატომის შემცველი მონოკარბონმჟავებია. პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: 1) მოკლე ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) და 2) გრძელი ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) შემცველ ცხიმოვანმჟავებად. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს უმაღლეს ცხიმოვანმჟავებს უწოდებენ. ისინი შეიძლება იყოს ნაჯერი ან უჯერი. სტეარინის მჟავა ნაჯერია.

სტეარინის შესახებ ცნობილი მეცხრამეტე საუკუნეში გახდა. საფრანგეთში ქიმიკოსებმა დავალება მიიღეს, შეესწავლათ საპონი, რომელსაც ფრანგი მკერავები ქსოვილების შესაღებად იყენებდნენ. საქმეში მიშელ შევრელი ჩაერთო. საპნის ხარისხზე რა დაადგინა, ვერ გეტყვით, მაგრამ  უცნობი ნივთიერება, რომ გამოყო, ეგ ვიცი. სახელი ასეთი უწოდა – მარგარინის მსგავსი ცხიმოვანი მჟავა. შევრელზე ნაკლები რითი ვართ? ავიღოთ, ე.წ. სარეცხის საპონი, ლანცეტით ან დანით ჩამოვფხიკოთ და  პატარა ჭურჭელში ჩავყაროთ, თუნდაც  რაიმე ჯამში. დავამატოთ წყალი და გასახსნელად ქურაზე დავდგათ. მღვრიე ხსნარს მივიღებთ, რომელსაც ძმარი უნდა დავამატოთ. წარმოიქმნება თეთრი ფერის ნალექი. თუ ხსნარს გავფილტრავთ და ნალექს გავაშრობთ, მივიღებთ სტეარინს.

ისიც უნდა ითქვას, რომ დღეისათვის სტეარინისგან სანთლებს უკვე იშვიათად ამზადებენ. თანამედროვე სანთლები უფრო პარაფინისგან მზადდება. პარაფინები ნახშირწყალბადებია (ალკანები). მათ ჰომოლოგიურ რიგში ნახშირბადატომთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება დნობის, დუღილის ტემპერატურა და სიმკვრივე. ჩვეულებრივ პირობებში ამ რიგის პირველი ოთხი წევრი აირია – სითხეები C15H32ის ჩათვლით, უმაღლესი წევრები კი მყარი ნივთიერებებია. სხვათა შორის, თუ ცხიმოვან მჟავას კარბოქსილის ჯგუფს ჩამოვაცილებთ, ერთ-ერთი პარაფინი შეგვრჩება ხელში.

ზემოთ გელის სანთელიც ვახსენე, ძირითადად დეკორატიულია. ლამაზ ჭურჭელში გელთან ერთად ათასნაირი ნიჟარები და სამშვენისებია მოთავსებული. გელის კონსისტენციის შემქმნელი  მთავარი ქიმიური  ნივთიერებებია ჟელატინი, გლიცერინი და ტანინი.

ვწერ… სანთელი ანთია და ცეცხლის ალი სასაცილოდ თამაშობს.

ალი ნათებაა, რომელიც წვას ახლავს თან. ალი გავარვარებული აირები ან ორთქლია. თუ დააკვირდებით, ალი სამი ნაწილისგან შედგება. ქვედა, მუქი მოლურჯო, ნაკლებად მხურვალე ნაწილია (700 გრადუსამდეა ტემპერატურა), შუაში კაშკაშა მხურვალე ნაწილი გახლავთ (1100 გრადუსამდეა ტემპერატურა), ზედა ნაწილი კი ყველაზე მხურვალეა  (1400 გრადუსამდეა ტემპერატურა).

როდესაც სანთელს ვანთებთ, მასალა, რომლისგანაც დამზადებულია, სრულად არ იწვის. დაუწვავი ნახშირბადის ნაწილაკები ვარვარდებიან და ანათებენ. აუცილებელია ჟანგბადი და აალების ტემპერატურა.

მაღალ ტემპერატურაზე სანთლის შემადგენელი მასალის ორთქლი იშლება ნახშირად და წყალბადად. ალის შუა ნაწილში ნახშირის ნაწილაკები ვარვარდებიან და ალი კაშკაშა ხდება. წვის პროდუქტები ნახშირორჟანგი და წყალია.

სანთელი დაიწვა და წერაც უნდა დავასრულო.

მხოლოდ ერთს დავწერ… ოცნების ასრულებას წინაღობები ახლავს ხოლმე თან.

„- ახლა ხომ წვიმს, პეპი, – გაუკვირდა ტომის, – წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?

– მე ვრწყავ, – უპასუხა პეპიმ, – მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?“

ოცნებისას  წვიმას  ყურადღებას ნუ მიაქცევთ. უბრალოდ, იმუშავეთ, იმუშავეთ… რომ აგიხდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი