„მას, თქვენი გაკვეთილები აღარ მომწონს!“

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. სხვა ქვეყნებში როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან მოგვწონს ან არ მოგვწონს, ვემხრობით ან არ ვემხრობით იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვეხება.

მინდა, თავიდანვე აღვნიშნო, რომ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება სკოლის გამოსაშვები გამოცდების მიმართ ჩემი მოსწავლეების შედეგებით არ არის განპირობებული – ნამდვილად არ ვემდური შედეგებს.

როგორც მასწავლებელი, თითქოს არ უნდა ვიყო უკმაყოფილო: სკოლაში საგნის სწავლის მოტივაციამ მოიმატა, არც შედეგებია ურიგო, გაიზარდა გეოგრაფიის როგორც არჩევითი საგნის ჩაბარების მსურველთა რაოდენობაც, მაგრამ… მაგრამ ეს CAT-ის გამოცდა მაინც არ მომწონს. თავიდანვე ვგრძნობდი წინააღმდეგობას, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მკაფიოდ მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მეთერთმეტეკლასელმა ლუკამ უკმაყოფილოდ მითხრა: „მას, წელს თქვენი გაკვეთილები აღარ მომწონს, საინტერესო აღარ არისო”.

გამიხარდა, ძალიან გამიხარდა… წელს ერთიანად CAT-ის გამოცდებზე ვიყავი გადართული, მთელი რესურსი იქით მქონდა მიმართული, რომ მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებაში დავხმარებოდი, რათა მათ არ დასჭირვებოდათ კერძოდ მომზადება.

შარშან მე-10 კლასში გეოგრაფიაზე ვსაუბრობდით, ვკამათობდით, კვლევებსა და პროექტებს ვატარებდით, წელს კი… „კარგი, რააა!” – არ ცხრებოდა ჩემი საყვარელი მოსწავლე (ასე შეარქვეს თანაკლასელებმა). მართლა ძალიან მიყვარს ეს „ინტრიგანი”… ეს ის კლასია, რომელთან ერთადაც არაერთი საინტერესო კვლევა ჩამიტარებია (ნაწილი გაგაცანით კიდეც ადრინდელ სტატიებში); თითოეული მათგანი ინდივიდია საკუთარი პოზიციით, საკუთარი არგუმენტებით… გავუღიმე და დიდი მადლობა გადავუხადე. ვერ მიხვდნენ, რატომ. ახლა ალბათ მიხვდებიან. CAT-ის გამოცდამ შემოქმედებითობა დამაკარგვინა. ალბათ, პირველი არ ვიქნები, ვინც ამბობს, რომ ორიენტაცია გამოცდებზეა აღებული, რომ სკოლა და მასწავლებელი ტესტების შემსრულებელი თაობის აღზრდით არიან დაკავებული…

ლუკა მიმიხვდა: „ყველა ჩავაბარებთ, ხომ იცით, არა?”
ჩააბარეს, მაგრამ როგორ და რა?

ეს ისე, შესავლის ნაცვლად. ახლა ვეცდები, უფრო დაწვრილებით და არგუმენტირებულად ავხსნა, რატომ არ მიყვარს CAT-ის გამოცდა, რატომ მიმაჩნია, რომ მან, როგორც მასწავლებელს, შემოქმედებითობა და თავისუფლება შემიზღუდა.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცოდნის სამი კატეგორიაა გამოყოფილი:

„საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულ, ანუ სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულ გამოყენებას; დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, მაგრამ ვერ იყენებს მას; ბ) პროცედურულ ანუ დინამიკურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას; პროცედურული ცოდნის ათვისება მრავალჯერადი გავარჯიშების გზით ხდება და გ) პირობისეულ, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურ გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია” (11.10.2011 N224/ნ).
პროფესიონალებმა მომიტევონ ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამ ამონარიდის მოხმობა – ეს ურწმუნო თომებისთვის მჭირდება და კიდევ – საზოგადოების იმ ნაწილისთვის, თავგამოდებით რომ იცავს გამოსაშვები გამოცდების ამ ფორმით ჩატარებას.

ჩვენი, მასწავლებლების, ამოსავალი პრინციპია, აღვზარდოთ მოსწავლე, რომელსაც მარტო ცოდნა კი არ ექნება, არამედ უნარ-ჩვევას, ეს ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს, ანუ ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება… ყოველივე ეს კი ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატარებას, მასწავლებლისგან შემოქმედებით მიდგომასა და სიახლეების ძიებას, კვლევებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას მოითხოვს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი სკოლის მიზანიც არის: „საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის”.

ახლა თვალი გადავავლოთ CAT-ის გამოცდის საკითხებს (ისინი მოყვანილია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული პრეტესტზე გამოყენებული ტესტური დავალებებიდან; სხვა ტესტებზე ჩვენ, პედაგოგებს, ხელი არ მიგვიწვდება – http://www.naec.ge/gamosashvebi-gamocdebi):
გეოგრაფია:

1. ჩრდილოეთ კავკასიის რომელი პოლიტიკური სუბიექტი ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ერთეულს?

ა) ინგუშეთი
ბ) ჩრდილოეთ ოსეთი
გ) ჩეჩნეთი
დ) ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სწორი პასუხია: ბ)
2. საქართველოს რომელ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს ესაზღვრება ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკა?

ა) ფშავს და ხევსურეთს
ბ) ხევსურეთს და თუშეთს
გ) ხევს და ფშავს
დ) მთიულეთს და თუშეთს
სწორი პასუხია: ბ)
3. რომელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი?

ა) ონი
ბ) ამბროლაური
გ) ცაგერი
დ) მესტია
სწორი პასუხია: ბ
დამეთანხმებით, ეს ტესტები მხოლოდ მასალის დამახსოვრებას მოითხოვს. სად არის აქ თუნდაც ცოდნის მეორე, დინამიკური კატეგორია, რომელიც ცოდნის გამოყენებას გულისხმობს? მით უმეტეს, ის არ არის მაღალი სააზროვნო დონე, სადაც უკვე ანალიზი, სინთეზი და შეფასებაც იგულისხმება. ახლა ხომ გესმით, რატომ გამიხარდა ჩემი საყვარელი მოსწავლის პროტესტი? ლუკაც მიხვდა.

გავაგრძელებ ტესტების განხილვას. არის ტესტური დავალებები, რომელიც დინამიკურ ცოდნას ამოწმებს. აი ისინიც:
1. რომელი უღელტეხილია აღნიშნული საქართველოს კონტურულ რუკაზე კითხვის ნიშნით?

2. რომელი ლათინური ასოთია აღნიშნული საქართველოს კონტურულ რუკაზე სუფსის ნავთობის საბადო?

ეს არის ის უნარ-ჩვევა, რომლის განვითარება ხდება მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში, ანუ საბაზო საფეხურზე – რუკის კითხვა, რუკიდან ინფორმაციის ამოღება.
მეორე ტიპის დავალებები, რომლებსაც, სავარაუდოდ, მაღალ სააზროვნო დონედ მიიჩნევენ, არის დიაგრამების კითხვა და ანალიზი. თუმცა დიაგრამის კითხვის დონეს ვერც აქ ვცდებით:
1. რომელი დიაგრამა ასახავს კლიმატს, სადაც ტემპერატურა მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაშია დადებითი?
2. სქესობრივ-ასაკობრივი (დემოგრაფიული) პირამიდის მიხედვით, ჩამოთვლილი ასაკობრივი ჯგუფებიდან რომელია უფრო მრავალრიცხოვანი?
აქვე უნდა ითქვას, რომ, წესისამებრ, დიაგრამების წაკითხვა მოსწავლეებს უჭირთ, რადგან ხშირად ფერების გარჩევა და რიცხვების ამოკითხვა შეუძლებელია.

მითხარით ახლა, მე, მასწავლებელმა, რა და როგორ ვასწავლო მოსწავლეს? მაშინ, როდესაც მსოფლიოში ამდენი საინტერესო რამ ხდება, გლობალური პრობლემები განვიხილო მათთან ერთად თუ CAT-ის გამოცდებისთვის მოვამზადო? ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნისა და ზოგადი განათლების მიზნების მიხედვით აღვზარდო სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოაზროვნე მოქალაქე თუ CAT-ის გამოცდაზე გასასვლელად გავწვრთნა?

იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ არც მასწავლებელმა და მოსწავლემ არ იციან, რაში მიიღო ქულა ამ უკანასკნელმა (დარღვეულია ტესტების სანდოობა), რომ 2014 წლის CAT-ის გამოცდებზე დაბალი მოსწრების და კარგად მომზადებულ-გაწვრთნილმა მოსწავლეებმა ერთნაირი ქულები მიიღეს (დარღვეულია ტესტების გამჭვირვალობა). სოციალურ ქსელში მოსწავლეები წერენ, რომ სწავლას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ შედეგი არ არის ადეკვატური, რომ ის, ვინც ყოველთვის სწავლობდა და ის, ვისაც წლების განმავლობაში არაფერი უკეთებია, ერთნაირი ქულებით შეაფასეს…

აღარ გავაგრძელებ.

საჭიროა კი ამ ფორმით გამოსაშვები გამოცდების ჩატარება?

და კიდევ – რა და როგორ ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს? დავუჯერო ლუკას?

კომენტარები

comments